"ლაზარეს არ უნდოდა თმის გადაპარსვა და გადაპარსეს" - რას ამბობს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის ადვოკატი?
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, სამართალდამცველები დაკავების დროს აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ.
როგორც ადვოკატმა გრიგორიადისის გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ აღნიშნა, დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა.
"ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოველივე. ადვოკატის ნაწილში ცალსახად მისი უფლებები დაირღვა. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას კი ადვოკატი არ მიუყვანეს. დაკავებისას მას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის. მან, როცა მისი ტელეფონის კოდი აკრიფა, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს და ადვოკატთან არ დაარეკინეს.
მისი თქმით, სავარაუდოდ მასთან ვინმე დეპარტამენტის უფროსი შევიდა, რომლის სახელი და გვარი არ იცის, უფროსს ჰგავდაო. ის შევიდა მასთან და უთხრა, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო. ამავე დროს, თუ ის ჩვენებას არ მისცემდა, ეს უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, ამ შემთხვევაში მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ.
ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ უარყოფს. პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებას რა იყო რეალურადო“, - განაცხადა ბითაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს.
"ციხის, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა. უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდაო თმის გადაპარსვაო და თმა გადამპარსესო“, - აღნიშნა ბითაძემ.
"ინტერპრესნიუსი"