"ქალთა საპატიმრო დაწესებულებიდან წერილი მივიღე...მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი" - კვირის პალიტრა

"ქალთა საპატიმრო დაწესებულებიდან წერილი მივიღე...მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ ქალთა საპატიმრო დაწესებულებიდან წერილი მიიღო.

"ამ დღეებში ქალთა საპატიმრო დაწესებულებიდან წერილი მივიღე. ციხიდან წერილებს ხშირად მიგზავნიან, მაგრამ ქალთა საპყრობილედან პირველი იყო. ბოლო ხუთი დღეა ვკითხულობ და უცნაურ ძალას მაძლევს, კარგად ვერც ვხვდები, რატომ და რა გვარს. ახლა ავკრიფე ეს ხელნაწერი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ:,,გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? ,,...... ......." გწერ, შენი გვერდის ერთ-ერთი გამომწერი. რამდენჯერმე გვქონდა მიმოწერა სასკოლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით. (ეს მოკლე მიმოხილვა, მინიმუმ იმისთვის, რომ ჩატში მომძებნო და გამიხსენო).ციხიდან გწერ... ისე მრცხვენია აქ ყოფნა და მერე ამის უპრობლემოდ თქმა, რომ ვერ აღვწერ. (მოკლედ რომ გითხრა დამნაშავე ვარ! მეტის ღირსი ვარ, ბევრი რომ მოვინდომე. მოსაკლავიც კი ვარ : D ). მე გაკლივარ ახლა გულის გადასაშლელად, ალბათ ფიქრობ, ვერ არის ეს გოგო კარგად, რამ გადარია და მე საერთოდ რა შუაში ვარო, მაგრამ არაა!!! მთავარზე გადავალ : D .ციხეში ბიბლიოთეკა როდესაც ვნახე და წიგნებს გავეცანი (დიდი მოყვარული გარეთ არ ვყოფილვარ), პირველი ეს ვიკითხე: ,,უკაცრავად გიორგი კეკელიძე მოდის ხოლმე?" ,,არაო!" - მიპასუხეს. ,,მოიცა, არც წიგნებს გვიგზავნის?". ისევ არაო და მეწყინა ძალიან, თან ,,გურული დღიურები" ვერსად ვნახე. ხმამაღლა წამოვიძახე - ,,მე მივწერ გიორგის და ვეტყვი!" ეს უბრალოდ წამომცდა, მაგრამ შინაგანად მაინც ვფიქრობდი, როგორც ჩანს ვერ მოიცალა ციხისთვის-თქო, თუმცა მოწერა მომერიდა. ნოესთან როცა იყავი, მაშინ გახსენეს უამრავი დადებითი ემოციით. ამიტომ გადავწყვიტე მოწერა და თხოვნა, იქნებ გვესტუმრო. იქნებ შეძლო და მოიცალო. იქნებ წიგნებიც მოგვიტანო და კიდევ ბევრი იქნებ. იცი, აქ ძალიან დეპრესიულები არიან, ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული, უმრავლესობა აბებს იღებს, ვფიქრობ შენ დიდი გამონათება იქნები მათთვის (მე კი ძალიან გამიხარდება შენი ნახვა). რაღაც კარგი მეგობარივით კი გწერ, მაგრამ რადგანაც თქვენობით არ ვწერ, უზრდელად არ ჩამთვალო. ,,აი ნაჩნიკის" შუქზე ვწერ, ღამის 04.27 წუთია. . მოკლედ იქნებ დრო გამონახო. გვესტუმრო. შეძლებისდაგვარად გული გადაგვიშალო. ან გადაგიშალონ. არ ვიცი. არეულად ვწერ. ეს კი ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს მიხვდენი რა გულით გწერ. მე მაინც იმედი მაქვს, გადაწყვეტ და გვესტუმრები.P.S. ბოდიში შეწუხებისთვის, არეული ტექსტისთვის, მაგრამ რაღაცნაირი იმედით ვწერ, ძალიან მინდა ეს წერილი ნახო (ღმერთო, წერილებს ციხიდან ვაგზავნი), აი, იმდენად ჩაკეტილები და დათრგუნულები არიან, ვცდილობ ხოლმე გავახარო, ხშირად ვწერ ცნობილ ყოფილ ნაცნობებს, მეგობრებს, იქნებ ვინმეს გავახსენდეთ, დრო გამონახონ-თქო, აქ იმდენად უხარიათ უცხო ნაცნობი სახის დანახვა, რომ რა ვიცი... ბოდიში, რომ დროს გაკარგვინებ.. მაგრამ ამ წერილთან ერთად გულს და სულს გიგზავნი. მთელი ემოციით და ადამიანობით გწერ. ბოლოს "ფეისბუკზე" მოგწერე, რომ მე, როგორც გამომწერი, შენს გვერდით ვარ-თქო. თუ ვერ მოახერხებ მოსვლას, ის მონაწერი ისევ ისე დარჩება და არც გონებაში არაფერი შეიცვლება. უფრო მეტსაც დავამატებდი, ახლა, ამ გადმოსახედიდან, შემიძლია უბრალოდ ვიყო ის, ვინც უბრალოდ მოგისმენს და დაგჭირდება (რატომღაც მგონია არ გყავს, ვინც უხმოდ გისმენს). ეს არის, ის რაც შემიძლია, უბრალო ადამიანმა შემოგთავაზო, შეიძლება არც გჭირდება, მაგრამ როცა დაფიქრდები და მარტო დარჩები, შენი თავთან იმის გააზრებაც კარგია, რომ ვიღაც არის, რომელსაც უბრალოდ გიორგი აინტერესებს და არა მისი წარმატება.(მოკლედ თუ შეძლებ და მოხვალ, აუცილებლად მიკითხე ან თუ შეძლებ, პასუხი გამაგებინე. ვიმეორებ - თუ შეძლებ:D ),,...... ........."გარდაბანი. სოფელი მთისძირი. # 5 პენიტენციური დაწესებულება.ჩვენ ძალიან მალე ჩავალთ ამ ციხეში და ბიბლიოთეკას ბევრი საუკეთესო წიგნით ავავსებთ, მაგრამ ვერცერთი იქნება იმ წონის, როგორიც ჩემთვის ეს წერილი იყო. აქვეყნებს გიორგი კეკელიძე და იქვე კომენტარებში დასძენს:"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი. ალბათ ამიტომაც არ ვარ პრეზიდენტი".