პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლისა - გაიგეთ რა სიახლეები იგეგმება - კვირის პალიტრა

პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლისა - გაიგეთ რა სიახლეები იგეგმება

პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს გახლავთ ლიტერატურული პროექტი, რომელმაც წიგნის პოპულარობა საქართველოში ახალ დონეზე აიყვანა, წიგნის თაროები ახალი გამოცემებით შეავსო. მკითხველი კვირიდან კვირამდე ელოდა, როდის გამოიცემოდა სერიის ახალი წიგნი და როდის წაიკითხავდა მას.

პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, ჩატარებული მასშტაბური მუშაობის შედეგად კი პირველი წიგნი 2010 წელს გამოიცა. მიმდინარე წელს პროექტი დაწყებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამასთან დაკავშირებით იგეგმება ახალი წიგნების გამოცემაც.

„50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ რამდენიმე მიმართულებით ინოვაციური და საინტერესო პროექტია. ამ დეტალებსა და პროექტის გაგრძელებაზე მისი იდეის ავტორი მარიკა დარჩია გვესაუბრება.

338003993-497453525769973-5985117679406682694-n-1680590724.jpg

როგორ გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა?

2007 წელი იყო. ეს გახლავთ პერიოდი, როდესაც საქართველოში ახალი წიგნები ინტენსიურად არ გამოიცემოდა და მათი პოპულარობა რაც ისე დიდი იყო. ამ დროს მივლინებით ვიყავი წასული ედინბურგში, სადაც წიგნების ფესტივალიც იმართებოდა. რა თქმა უნდა, ფესტივალს ვესტუმრე და იქ ერთი საინტერესო სტენდი აღმოვაჩინე წარწერით „50 books to read before you die”. იქვე მოვიძიე ინფორმაცია და გავარკვიე, რომ პროექტი 20 წლის წინ დაწყებულა და რამდენიმე ქვეყანაში უკვე განხორციელებული იყო. მისი მიზანი მოსახლეობის ლიტერატურული გემოვნების გარკვევა და შესაბამისი წიგნების გამოცემა იყო.

ძალიან მომეწონა იდეა და საქართველოში რომ დავბრუნდი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენლებსა და ბატონ ირაკლი თევდორაშვილს გავაცანი.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს იდეას, როდესაც ის კოლეგებს გაუზიარეთ?

იდეა ყველას ძალიან მოეწონა და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ პროექტი ჩვენც უნდა გაგვეხორციელებინა. მისი პირობები კი შემდეგნაირი გახლდათ: წიგნები უნდა შერჩეულიყო გამოკითხვაზე დაფუძნებით და ისინი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მუშაობა დავიწყეთ, თუმცა გზად უამრავი გამოწვევა შეგვხვდა.

337889101-776202570765311-621841626471421310-n-1680590723.jpg

მოგვიყევით პროექტზე მუშაობის პროცესზე და ამ დროს გამოჩენილ გამოწვევებზე.

მუშაობის პროცესში თავდაპირველად დავფიქრდით მის სახელწოდებაზე და მცირე ცვლილება შევიტანეთ. ნაცვლად სახელისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ მოკვდები“ ჩვენ დავარქვით „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“. გვინდოდა მკითხველს თავიდანვე პოზიტიური განწყობა ჰქონოდა.

პირველი სტატია გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა და მას სრულიად წარმოუდგენელი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტი პირველივე ანონსიდან პოპულარული გახდა. გვიწვევდნენ ტელევიზიები და რადიოები. ყველგან ჩვენზე საუბრობდნენ. შევქმენით პროექტის გვერდი „ფეისბუქზე“, რომელიც იმ პერიოდში თავადაც ახალი იყო. ბევრი ვიმუშავეთ ლოგოზე, რომელიც აუცილებლად დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. და რა თქმა უნდა, გავუშვით გამოკითხვის ფურცელი. ჩამონათვალი ღია გრაფით მთავრდებოდა, სადაც მკითხველს თავად შეეძლო მისთვის საყვარელი ავტორის დაწერა.

გამოკითხვის ფურცლებს „სიტყვა და საქმის“ საფოსტო ყუთებით ვაგროვებდით. ტომრები ივსებოდა ფურცლებით, იმდენმა ადამიანმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა. ვცდილობდით, შერჩეული წიგნებით მაქსიმალურად ფართო საზოგადოების გემოვნება დაგვეკმაყოფილებინა.

ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი იყო წიგნების გამოსაცემად მომზადების პროცესი. რიგ შემთხვევაში ჯერ გამოცემის უფლების მოპოვება და შემდეგ თარგმნა გვიწევდა. წიგნების ნაწილი კი უკვე მზად გვქონდა გამოსაცემად.

საბოლოოდ, პირველი წიგნი 2010 წელს გამოიცა.

337909659-1333377010564784-3452499737954479927-n-1680590723.jpg

როგორ გაჩნდა წიგნების გაზეთებთან ერთად გაყიდვის იდეა?

იმ პერიოდში წიგნების ტომეულებად შეგროვება კვლავ პოპულარული იყო. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ 50 წიგნი გამოგვეცა 50-ტომეულად და რადგან ის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, გაგვეყიდა პრესასთან ერთად. თუმცა ესეც უნდა გვეცადა, რამდენად გაამართლებდა. პირველად ჟურნალ „გზასთან“ ერთად გავყიდეთ ქართული პროზის საგანძურის ტომები. ამ იდეამ მკითხველის დაინტერესება გამოიწვია და გადავწყვიტეთ, რომ 50 წიგნიც პრესასთან ერთად გამოგვეცა. ამისთვის გაზეთი „კვირის პალიტრა“ შეირჩა.

მაკულატურის ჩაბარების იდეაც აღნიშნულ პროექტზე მუშაობის დროს გაჩნდა. ეს რა მიზანს ემსახურებოდა?

პროექტის ფარგლებში უნდა გამოცემულიყო 50 წიგნი. ამ დროს გაჩნდა კითხვა სად წავიღოთ ძველი წიგნები, რომლებსაც ოჯახებში თაროებზე 50 წიგნი ჩაანაცვლებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მაკულატურის ჩაბარება. პროექტს „მაკულიტერატურა“ დავარქვით და ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მომხმარებლებს ვაძლევდით „ნერგ ქულებს“, რომელთა გადაცვლაც კვლავ წიგნებში შეეძლოთ.

ძალიან დიდი რაოდენობით მაკულატურა მოგვიტანეს ჩასაბარებლად და ამ დროს შემეშინდა, რამე მნიშვნელოვანი არ განადგურებულიყო ქაღალდთან ერთად. დახმარება გიორგი კეკელიძეს ვთხოვე, რომელმაც ორი ქალბატონი გამოგვიგზავნა და ისინი ახარისხებდნენ შემოსულ მაკულატურას. მათი დახმარებით 1200-ზე მეტი უნიკალური გამოცემა გადავარჩინეთ და ახლო მომავალში მათი გამოფენაც იგეგმება.

337919908-943758850114442-7418623492781500878-n-1680590789.jpg

პროექტმა თავისი სათქმელი თქვა და ისტორიაში შევიდა. მისი გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ?

ეს მართლაც გახდა პროექტი, რომელიც ყველამ შეიყვარა. წელს 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და ვაპირებთ გამოვცეთ დამატებით 15 წიგნი. კვლავ ჩავატარებთ გამოკითხვას და ვნახავთ, როგორ შეიცვალა მკითხველი 15 წლის განმავლობაში, ამჯერად რა წიგნებია აქტუალური საზოგადოებაში. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა ქართულ ენაზე თარგმნილმა ლიტერატურამ. სწორედ ამიტომ არის პროექტის გაგრძელება საინტერესო.

კვლავ დაიწყება გამოკითხვა და გამოვცემთ ხალხის რჩეულ 15 წიგნს.

პროექტის პერიოდული განახლება თავად მისი ავტორების ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო. ეს ემსახურება იმ ფაქტს, რომ პროექტმა მისი მთავარი აზრი არ დაკარგოს, მოსახლეობის ლიტერატურული გემოვნება დააფიქსიროს და შემოინახოს.