ფინეთის ნატოში შესვლაზე კრემლი არც კი რეაგირებს, საქართველოსა და უკრაინისკენ კი ტანკები დაძრა, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსში მიღებას არც კი გვიპირებდნენ... - კვირის პალიტრა

ფინეთის ნატოში შესვლაზე კრემლი არც კი რეაგირებს, საქართველოსა და უკრაინისკენ კი ტანკები დაძრა, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსში მიღებას არც კი გვიპირებდნენ...

თურქეთი ნატოს წევრი ბოლო, 30-ე ქვეყანა გახლდათ, რომელმაც დასტური გასცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის მიღებას ანუ უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან ნატოს წევრი კიდევ ერთი ქვეყანა გაჩნდება...

თანაც გაჩნდება რუსეთის "ჩრდილოეთ დედაქალაქიდან", სანკტ-პეტერბურგიდან სულ რაღაც 130 კმ-ში, არადა 1939 წელს სტალინის წითელი არმია სწორედ იმიტომ დაესხა თავს ფინეთს, რომ ლენინგრადიდან რაც შეიძლება შორს გადაეტანა სახელმწიფო საზღვარი.

და ასეთ მომენტში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რუსეთის ხელისუფლების რეაქცია ძალზე თავშეკავებულია, ყოველგვარი ისტერიული გამოხტომების გარეშე, არადა მხოლოდ იმისთვის, რომ ნატო სიტყვიერად და ისიც - "ცალი ყბით" დაგვპირდა "ოდესმე" მის რიგებში მიღებას, რუსეთმა თავისი ტანკები ჯერ საქართველოში "შემოაგრიალა", შემდეგ კი - უკრაინაში...

ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ბირთვული სახელმწიფო, სახელად რუსეთის ფედერაცია, მხოლოდ მასთან შედარებით სუსტების დაჩაგვრას ცდილობს და ვერაფერს უბედავს იმ ქვეყნებს, რომელთა უკანაც ნატოს რეალურ ძალას ხედავს?

დიახ, საქართველოს მიმართ სამხედრო აგრესია და ჩვენი ქვეყნის ორი ნაწილის ოკუპაცია კრემლს, სამწუხაროდ, დღემდე შერჩა, მაგრამ იმავეს და უფრო მეტის გამეორების მცდელობისას უკრაინაში უკვე კბილს იტეხს და რა მოხდება, თუკი პუტინი სტალინის მიბაძვას იმაშიც შეეეცდება, რომ ფინეთს ძალის გამოყენებით ხელი შეუშალოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრებლად?

2022 წელს, უკრაინაზე თავდასხმამდე, არც ფინეთს და არც შვედეთს ბოლომდე არ ჰქონდათ გადაწყვეტილი ალიანსში გაწევრება, მაგრამ რუსეთის უკრაინაზე ღიად თავდასხმამ ჰელსინკსა და სტოქჰოლმს ამ ისტორიული ნაბიჯის გადადგმა აიძულა, რაზეც ფინელები და შვედები 70 წელზე მეტხანს თავს იკავებდნენ...

კრემლი ფინეთს და მით უმეტეს - შვედეთს ვერ გაუბედავს იმას, რაც ჯერ საქართველოს და შემდეგ - უკრაინას გაუკეთა, მით უმეტეს, უკრაინასათან ომის მეორე წლის შედეგებიდან გამომდინარე, რომელმაც ვითომდა "მსოფლიოს მეორე არმიის" სიძლიერის რეალური და სავალალო მდგომარეობა ყველას დაანახა.

რუსეთის გენშტაბშიც ძალიან კარგად იციან, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრება მათთვის ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე საქართველო რომ გამხდარიყო ალიანსის წევრი, რადგან საქმე მართლაც რომ მივიდეს დიდ ომამდე, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება ბევრად სახიფათო გახდება, არა მარტო სანკტ-პეტერბურგისთვის, არამედ თავად მოსკოვისთვისაც, ვიდრე სამხრეთის მიმართულება, რომელსაც კავკასიის ქედი კეტავს და იმავე როკის გვირაბისა თუ ლარსის გადასვლელის ბლოკირება რუსეთის არმიას არ გაუჭირდება...

მაგრამ ყველაზე საწყენი ის გახლავთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის შეპირებისა, არც საქართველოს და არც უკრაინას ნატოს რიგებში რეალურად მიღებას არც არავინ უპირებდა, მაგრამ სწორედ ეს "შეუსრულებელი" დაპირება გამოიყენა კრემლმა საბაბად თუ მიზეზად ჩვენს ქვეყნებზე სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად, ხოლო უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთი უმტკივნეულად ხდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი, შვედეთი კი...

ხოლო შვედეთი მხოლოდ თავის თავს უნდა აბრალებდეს იმას,რომ ფინეთის ფეხდაფეხ ისიც ვერ შედის ალიანსის რიგებში,რადგან თურქეთი ამ პროცესს ბლოკავს - არცერთ ქვეყანას არ მოეწონება, როდესაც შენს მთავარ სალოცავ წიგნს სახალხოდ წვამენ, ხოლო ქვეყნის ლიდერის ფიტულს ფეხებით კიდებენ,ეს უკვე აღარ არის დემოკრატია და თავისუფლების გამოხატვის უფლება, ეს სხვა ქვეყნის შეურაცხყოფისკენ მიმართული ნაბიჯებია და შვედებმა უნდა აირჩიონ, რა ურჩევნიათ - ნატოს უსაფრთხოების „ქოლგის“ ქვეშ თავის შეყოფა და შესაბამისად აგრესორი მეზობლისგან-რუსეთისგან დაცვის გარანტიების მიღება თუ დემოკრატიის პრინციპების დაცვის მომიმიზებით,ყველა პროვოკატორისთვის (რომლებიც სავარაუდოდ,სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართებიან) უფლების მიცემა სტოქჰოლმის ცენტრში ნატოს წევრი ქვეყნის-თურქეთის სახალხოდ დაცინვა...