"ლენინის ქალაქში" "ვლადიმერ ლენინი (ვლადლენი)" ააფეთქეს!
ორ აპრილს საღამოს, რუსეთის იმპერიის ყოფილ დედაქალაქში, შემდეგ ლენიგრადად წოდებულ, ხოლო პუტინის დიქტატურის დროს კვლავ სანქტ-პეტერბურგად აღზევებულ რუსეთის "არაფორმალურ დედაქალაქში", აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქება იდენად ძლიერი იყო, რომ პროსპექტი ვიტრინის რკინის კონსტრუქციებითა და მინის ნამსხვრევებით იყო მიმოფენილი. ეს კაფე-ბარი ადრე თურმე "პუტინის მზარეულად" წოდებულ, დღეს კი ყველასთვის კარგად ცნობილ, რუსი "ბოევიკების" სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" შემქნელ და ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. იმ დღესაც "ვაგნერის" შესაფერისი შეხვედრა იმართებოდა, რომელიც ორგანიზებული იყო რუსი ნაციონალისტების კლუბის "Cyber Front Z" მიერ. აფეთქების შედეგად დაიღუპა პუტინის ერთ-ერთ "სამხედრო პროპაგანდისტი" ვლადლენ ტატარსკი (ნამდვილი გვარი მაქსიმ ფომინი), ხოლო 32 ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.
"სამხედრო ბლოგერ" ვლადლენ ტატარსკის სამხედრო კორესპონდენტის პროფესიის შესახებ ლექცია უნდა წაეკითხა და არ დასცალდაო - გულდათუთქული მოსთქვამს რუსეთის ოფიციოზი. მაინც ვინ იყო "ვლადლენი"?
მაქსიმ ფომინი დაიბადა 1982 წლის 25 აპრილს უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მაღაროში მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ბიზნესმენობა მოინდომა, თუმცა გაკოტრდა და 2011 წლის დეკემბერში ფინანსური რესურსების შესავსებად ... ბანკის გაძარცვა სცადა, თუმცა დააკავეს და გაასამართლეს. სასჯელს იხდიდა დონეცკის ოლქის ერთ-ერთ კოლონიაში. 2014 წლის ზაფხულში კოლონიასთან ახლოს ბრძოლები გაიმართა და მაქსიმ ფომინმაც გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ ის ხუთი წლის მანძილზე რუსი სეპარატისტების მხარდამხარ აქტიურად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში.
2019 წელს მაქსიმ ფომინმა თავის თავში "ჟურნალისტის ნიჭი" აღმოაჩინა (ხანდახან როგორ არ უმართლებთ ზოგიერთებს!) და "ბლოგერობა" დაიწყო. ამ საქმისთვის კი ისეთი მჭექარე-ჟღერადი ფსევდონიმი სჭირდებოდა, რომელიც რუსთა ყველა თაობისთვის უძვირფასესი იქნებოდა. ამგვარად შეარჩია მან სახელი "ვლადლენი", რაც ასე იშიფრება: "ვლადიმერ ლენინი" , ხოლო გვარად - "ტატარსკი" აირჩია, ალბათ თავისი ისტორიული წინაპრების პატივსაცემად. ორი "გოლიათის", ლენინისა და პუტინის, "ფანი" სოციალურ ქსელებში მალევე იქცა რუსეთის "სამხედრო პროპაგანდისტად" და პრიგოჟინის "თავლაშიც" ამოჰყო თავი. პარალელურად ის საბრძოლო მოქმდებებშიც იღებდა მონაწილეობასო - გვაუწყებს რუსული მედია. ვინ იყო "ვლადლენი": სამხედრო ჟურნალისტი, თუ "ბოევიკი"? ამ ფაქტს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს: ჟურნალისტი, თუ იარაღს მოჰკიდებს ხელს მაშინ მასზე აღარ ვრცელდება მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციები.
ჩემი აზრით, "ტატარსკი" იყო დაუნდობელი რუსი "ბოევიკი", რომელსაც არაერთი დანაშაული ექნებოდა ჩადენილი უკრაინაში, ხოლო "ბლოგერ-ჟურნალისტობა" ერთგვარი საფარი იყო. რუსეთის მედია აღნიშნავს: "ვლადლენი" ინფორმირებული იყო მასზე თავდასხმა რომ მზადდებოდა და მაქსიმალურ სიფრთხილეს იცავდაო. საინტერსოა, მაშ, როგორ მოახერხეს მისი აფეთქება? ერთ-ერთი ვერსია ასეთია. "ვლადლენს", სანამ ის დარბაზს სიტყვით მიმართავდა, მომხიბლავი ახალგაზარდა გოგონა მიუახლოვდა და მცირე ზომის ქანდაკება - ბიუსტი გადასცა. . . . . თავად "ვლადლენის" ქანდაკება! აბა ამაზე უარს ვინ იტყოდა: პატივმოყვარებამ სძლია სიფრთხილეს და მადლიერმა "ბოევიკ-ბლოგერმაც" საჩუქარი მაგიდაზე წინ დაიდო. სწორედ ამან იმსხვერპლა კიდეც: რამდენიმე წუთის შემდეგ აფეთქების ხმა გაისმა და "ვლადლენი" ადგილზე გარდაიცვალა.
მალევე რუსეთის სპეცსამსახურებმა სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა, როგორც ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი, დააკავეს და უცბად ორი კურდღლის მონადირება გადაწყვიტეს: უკვე უკრაინის კვალი "იპოვეს" და თანაც პოლიტიკური ოპოზიციასაც შეუტიეს. ტრეპოვა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა (ამ ბრალდებას ყველა ველოდით) და ის ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული დაჯგუფების აქტიური წევრიაო! მალე კი ეს გოგონა იმასაც "აღიარებს" პუტინზეც ვამზადებდით თავდასხმასო!
პოლიტიკური მკვლელობები უკვე სამწუხარო რეალობაა და არასასურველი პიროვნების ლიკვიდაციის სხვადასხვა მეთოდს საკმაოდ ხშირად იყენებენ სპეცსამსახურები. ლიკვიდაციის ოპერაციების დელიკატურობიდან გამომდინარე შესრულების იარაღიც განსაკუთრებული და უჩვეულო უნდა იყოს. ამიტომ სპეციალურად რომელიმე კონკრეტული ოპერაციის შესასრულელად სპეცსამსახურების საიდუმლო ლაბორატორიებში მზადდება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის გარეგნული სახე არავითარ დაეჭვებას არ იწვევს.
ეს შეიძლება იყოს: მობილური ტელეფონი, ავტოკალამი, სიგარეტის კოლოფი, ქალის ხელჩანთა და ა.შ. "ავღანეთის ომის" დროს ხშირად გამოიყენებოდა ბავშვის სათამაშოების სახით შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობები. ამ საკითხმა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა რუსეთ-უკრაინის ომის დროს. "ვლადლენ ტატარსკის" აფეთქების ინფორმაციის შეტყობისთანავე ერთი ძველი, თითქმის ასი წლის წინანდელი სპეცოპერაცია გამახსენდა...
იოსებ სტალინი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება რომ იყო საყოველთაოდ ცნობილია. პროლეტარიატის რევოლუციისათვის, "კამოსთან" ერთად, მას ახალგაზრდობაში მრავალი "ექსი” (ანუ მარტივად- ყაჩაღობა) ჰქონდა დიდი წარმატებით ჩატარებული. მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ სტალინი არანაკლები წარმატებით ხელმძღვანელობდა ტერორისტული, დივერსიული და უბრალოდ "ხელისშემშლელი” პიროვნებების ლიკვიდაციის ოპერაციების დაგეგმვას და შესრულებას.
"დიდ ბელადს" თავსატეხს რა გამოულევდა. ბუნებით ეჭვიანი არავის ენდობოდა - ყველაფერს თვითონ უნდა გასცნობოდა და გაეკონტროლებინა. სპეცსამსახურების მნიშვნელოვანი ოპერაციების ოპერატიულ საკითხებს აუცილებლად მასთან ათნხმებდნენ. სტალინს მნიშვნელოვანი შესწორებები და შენიშვნები შეჰქონდა წარმოდგენილ გეგმებში. ხშირად კი თვითონ სთავაზობდა ორიგინალურ იდეებს. ასე იყო უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერის, ევგენი კონოვალეცის ლიკვიდაციის დროს. მოახსენეს რა, რომ კონოვალეცს ძალზე უყვარდა შოკოლადი, სტალინმა პავლე სუდოპლატოვს, საბჭოთა სპეცოპერაციების მომავალ "დიდოსტატს" და "ლიკვიდატორების" ხელმძღვანელს, მაშინვე ურჩია ამ სისუსტის გამოყენება. დანარჩენი უკვე საბჭოთა შინსახკომის ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების "ჯადოქრებზე” იყო დამოკიდებული. მართლაც სულ მალე შოკოლადის ყუთის ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ავტომატურად მოდიოდა მოქმედებაში, მზად იყო. სუდოპლატოვმა 1938 წლის 23 მაისს როტერდამში რესტორან "ატლანტაში” კონოვალეცს დამშვიდობებისას მაგიდაზე დაუტოვა "სტალინის საჩუქარი”, რამდენიმე წუთში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა და კონოვალეცი ადგილზე დაიღუპა. ასეთი იყო "სტალინის შოკოლადის" საბედისწერო გემო.