"უკრაინის კონტრშეტევა მომავალ ერთ თვეში დაიწყება და ამას როგორც დასავლეთში, ისე რუსეთშიც ელიან"
პრიგოჟინს ჰგონია, რომ რომელიმე ადმინისტრაციულ შენობას თუ აიღებს, ეს ნიშნავს, რომ იურიდიულად მისია. რომელიმე ადმინისტრაციული შენობის აღება არ ნიშნავს, რომ ოფიციალურად ის ქალაქი მისია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა ბახმუტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ქალაქი, რომელშიც ბრძოლები გრძელდება თვეების განმავლობაში. ბატიაშვილის განცხადებითვე, ბახმუტს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს და ეს უბრალოდ უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
ამასთან, ანალიტიკოსის ვარაუდით, უკრაინის კონტრშეტევა მომავალ ერთ თვეში დაიწყება და ამას როგორც დასავლეთში, ისე რუსეთშიც ელიან.
„აქ [ბახმუტში] ყველაზე კარგად გაწვრთნილი რუსული ნაწილები იბრძვიან და მათი განადგურება ხდება. მოგეხსენებათ, კარგი სამხედროს გამოწვრთნას, მომზადებას დიდი დრო სჭირდება. რუსებს ეს დროც არა აქვთ, აღარც უკვე ენერგია დარჩათ და მათ შორის შეიარაღებაც აღარ დარჩათ. ბოლო კვირების განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსებს საწყობებიდან გამოაქვთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წარმოებული სამხედრო ტექნიკა. ყველა ხვდება, რითი დასრულდება იმ ტექნიკის დაპირისპირება თანამედროვე ლეოპარდებთან“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.
როგორც ანალიტიკოსმა განაცხადა, იმისთვის, რომ ომის მიმდინარეობა შეიცვალოს, რუსეთს იმ ზომის ქვეყნის დახმარება სჭირდება, როგორიც ჩინეთია, მაგრამ ჩინეთი, ჯერჯერობით, საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, რადგან „ძალიან კარგად იცის რეალური სამხედრო დახმარების შემთხვევაში მას ძალიან სერიოზული სანქციები ელოდება“.
„ჩინეთის მთლიანი ეკონომიკა და მისი ეკონომიკური წარმატება დამოკიდებულია იქ წარმოებული პროდუქციის დასავლეთის ბაზარზე გატანაში... ჩინეთი თავის თამაშს თამაშობს, რომლის ინტერესში არის ის, რომ რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდეს, დასუსტდეს იმგვარად, რომ მთლიანად ჩინეთზე გახდეს დამოკიდებული“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ბატიაშვილის განცხადებით, ჩინეთს სურს, რომ ბუნებრივი რესურსები, რომელიც რუსეთში მოიპოვება, რაც შეიძლება იაფად ხელში ჩაიგდოს. ანალიტიკოსის თქმითვე, ჩინეთი ცდილობს ერთგვარი ალიანსი, კავშირი შეკრას, რომელშიც მიზიდულობის ცენტრი თავად ჩინეთი იქნება, ერთგვარი სატელიტები კი რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი იქნებიან.
„აი, ამის [კავშირის] შეკოწიწებას ცდილობს ჩინეთი, მაგრამ დასავლეთი ახლა გამოფხიზლებულია, როგორც არასდროს და არა მგონია, რომ მათ ასეთი კავშირის შექმნა დაუშვან, იმიტომ, რომ რეალურად ცივი ომის დაბრუნებას ნიშნავს, ოღონდ ამ შემთხვევაში ცივი ომი ჩინეთსა და დასავლეთს შორის, რომელსაც ალბათ, არ დაუშვებენ, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩინეთის ეკონომიკა დიდწილად დასავლეთზეა დამოკიდებული და ამ ბერკეტს დასავლეთი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.
გარდა ამისა, ანალიტიკოსმა თურქეთში 14 მაისს დაგეგმილ როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის რიგითი არჩევნები.
„ეს არის არჩევნები, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავზე იმართება და ერთგვარი რეფერენდუმია, თუ როგორი იქნება თურქეთი მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ამასთან, ანალიტიკოსმა დასძინა, რომ თუ თურექთში არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, მათ წერილობითი პირობა აქვთ დადებული, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის ფორმას დაუბრუნდება.
IPN