"ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია" - რას ამბობს ელისაშვილი მისი დისშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მისი დისშვილის სახალხო დამცველის მოადგილედ დანიშვნის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
მისი თქმით, ნათია ჯულაყიძე პროფესიონალია და სწორედ ამის გამო დაინიშნა თანამდებობაზე და არა იმის გამო, რომ მისი ნათესავია.
"ნათია დამოუკიდებელი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალია. ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა და რა ვქნა. იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, რადგან ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს რამე ევალებოდა და ებარა, იყო ნათია. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია? მილიონი ნათესავი მყავს, არასოდეს არვინ არსად დამინიშნავს, არც არავისთვის რეკომენდაცია არ გამიწევია.
მე ერთი თხოვნა მექნება მერაბ შენთან, დაუძახე ჩემს დისშვილს შენთან გადაცემაში და ნახავთ, რა კვალიფიკაცია აქვს და რა ცოდნა აქვს. ნათია მე რამდენიმე დღის წინ მელაპარაკა და ვუთხარი, რომ არ მინდა წახვიდეთქო, რადგან ძალიან შრომისმოყვარეა, ასევე ვუთხარი, რომ ეს იყო მისი გადასაწყვეტი" - აღნიშნა ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ ახალი მოადგილეები წარადგინა. ერთ-ერთ მოადგილედ კი პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის დისშვილი, ნათია ჯულაყიძე დანიშნა.