"ერთად უნდა გავიჭირვოთ" - როდის დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, ასევე მოწყობა სანიაღვრე ქსელი.
„მინდა გაცნობით, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლება. ასევე, შალიკაშვილის ხიდის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოწყობა სანიაღვრე ქსელი“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში არის.
„შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. არის ადგილები, სადაც გზა ჩავარდნილია. ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების გამორეცხვა, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანებულია. ეს გზის ჩავარდნას იწვევს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად დიდი პრობლემაა აღნიშნული გამზირის გადაკეტვა, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით. თუმცა, მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოების წარმოება, თუ აღნიშნული გამზირის დროებით გადაკეტვა არ მოხდება. მთლიანად მიწის ქვემოთ არსებული მდგომარეობა და კომუნიკაციები ათეული წლებია არ შეცვლილა და რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შეიძლება იყვნენ ადამიანები ვინც ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება აუცილებელი არ არის, მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, თუმცა, გეტყვით. ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, მაგრამ ეს უბრალოდ წყალში გადაყრილი თანხა იქნება. თუ ჩვენ დღეს აღნიშნულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს არ შევცვლით, ხვალ ახალ გაკეთებულ საგზაო ინფრასტრუქტურაზე იგივე პრობლემები გვექნება“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებამდე შეიძლება საზოგადოებამ დისკომფორტი იგრძნოს, მაგრამ ყველამ „უნდა გავიჭირვოთ“.
„ერთად უნდა გავიჭირვოთ და გავაკეთოთ, რაც აუცილებელია და გასაკეთებელი. შეიცვალოს აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვლება პროექტის ფარგლებში.
„დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი სანათებით, ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც დღეს ჰაერში არის, რომელიც ვიზუალურადაც პრობლემას წარმოადგენს, ეს ყველაფერი მიწის ქვემოთ განთავსდება. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადადგილების მიზნით გაკეთდება საფეხმავლო კუნძულები, დაიხაზება „ზებრა“ გადასავლელები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ავტობუსის ზოლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ავტობუსმა და მიკროავტობუსმა, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირთათვის“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე ისაუბრა დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაზეც. მისი თქმით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მოაჯირები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ა.შ.
IPN