გერმანული "ლეოპარდების" ჯავშანს უკრაინელები დინამიკური დაცვით აძლიერებენ, დიდ კონტრშეტევაზე გადასვლის წინ... - კვირის პალიტრა

გერმანული "ლეოპარდების" ჯავშანს უკრაინელები დინამიკური დაცვით აძლიერებენ, დიდ კონტრშეტევაზე გადასვლის წინ...

ვარშავის პაქტისა და ნატოს რამდენიმე ათწლეულიანმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პირველი ცივი ომის დროს, საბედნიეროდ, ისე ჩაიარა, რომ საქმე სამხედრო შეტაკებებამდე არ მისულა და, შესაბამისად, იმ პერიოდში შექმნილმა საბრძოლო ტექნიკამ, პირველ რიგში კი - ტანკებმა, ერთმანეთს კბილი ვერ მოუსინჯეს...

და, აი, პირველი ცივი ომის დამთავრებიდან სამი ათეული წლის შემდეგ, უკვე დაწყებულ მეორე ცივ ომში, სულ შეიძლება რამდენიმე კვირაღაა დარჩენილი, რომ ფრონტის ხაზზე ერთმანეთს "შეასკდნენ" საბჭოთადროინდელი და ნატოს არსენალში არსებული ტანკები, რომლებითაც რუსი აგრესორები და უკრაინის დამცველები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს გამართავენ...

ბრძოლა კი მარტო დონბასის ფრონტზე როდი მიმდინარეობს, არანაკლები ორთაბრძოლები იმართება საინფორმაციო ველზე, პროპაგანდისტების "არმიებს" შორის და წარმოიდგინეთ რამხელა "რეკლამას" გაუკეთებს პირველსავე აფეთქებულ გერმანულ "ლეოპარდს" კრემლის პროპაგანდისტული მანქანა, ისევე, როგორც უკრაინის სახელმწიფოებრივმა პროპაგანდამ კარგი "მოგება" ნახა 15 ერთეული ახალი რუსული ტანკის - T-90M-ების აფეთქებებისა და ალაფად აღების შემდეგ...

და ამიტომაც უკრაინელი სამხედროები სასწრაფო სამუშაობს ახორცილებენ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ მათთვის გადაცემული "ლეოპარდ-2" ტანკების ჯავშანმდგრადობა.

საქმე ის არის, რომ უკრაინამ ბოლო თვის განმავლობაში, საერთო ჯამში, არანაკლებ 31 ერთეული "ლეოპარდ-2" ტიპის ტანკი მიიღო, რაც საკმარისია ერთი სატანკო ბატალიონის დასაკომპლექტებლად, საერთო ჯამში კი, მათმა რიცხვმა შეიძლება, 60 ერთეულს მიაღწიოს ანუ ეს ორი სატანკო ბატალიონი იქნება.

მაგრამ, თუკი თავად გერმანელებმა უკრაინას ამ ტანკის შედარებით თანამედროვე მოდიფიკაცია Leopard 2A6 გადასცეს, პოლონეთი, ესპანეთი, პორტუგალია და დანია კი კიევს უფრო მოძველებულ ვარიანტს - Leopard 2A4 -ს უგზავნის.

პირველი ცივი ომის მოთხოვნებით შექმნილი Leopard 2A4-ს კი დღევანდელ საფრთხეებთან გამკლავება შეიძლება გაუჭირდეს, რადგან განვლილ სამ ათეულ წელში რუსეთმა შეიარაღებაში მიიღო ბევრად უფრო ჯავშანგამტანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო საშუალებები, მათ შორის, თუნდაც, "კორნეტი"...

საბჭოთა და შემდგომი რუსული ძირითადი საბრძოლო ტანკები დასავლურისგან ვიზუალურად, ძირითადად, იმით გამოირჩევიან, რომ მათი კორპუსი და კოშკურა გარედან დაფარულია მართკუთხა ფორმის მეტალის ყუთებით, რომლებიც დინამიკური დაცვის ელემენტებს წარმოადგენენ.

2-leo-1680688212.png
ასე გამოიყურება საბჭოთადროინდელი დინამიკური დაცის ელემენტი „კონტაქტ-1“-ი

მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის პასიური დაცვის საშუალება - ამ ყუთებში მოთავსებულია ასაფეთქებელი ნივთიერება და ლითონის ორი ფირფიტა და როდესაც რაკეტის თუ ჭურვის კუმულაციური ქობინი მოხვდება ამ ყუთს, ხდება მასში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია და ორი ფირფიტის წინ გასროლა, რომლებიც შლიან მიმართულ კუმულაციურ ჭავლს და ტანკის მრავალშრიანი ჯავშანი ნაკლებად ზიანდება.

დინამიკური დაცვის პასიური საშუალება "ბლეიზერი" მსოფლიოში პირველად ძალზე ეფექტიანად გამოიყენა ისრაელმა 1982 წლის ლიბანის ომში და თითქოს ლოგიკური იქნებოდა, რომ ნატოსაც გაეზიარებინა ეს წარმატებული საბრძოლო გამოცდილება და ამერიკულ "აბრამსებსა" თუ გერმანულ "ლეოპარდებზეც" დაეყენებინა მისი მსგავსი დამატებითი დაცვის საშუალებები, მაგრამ ასე არ მოხდა...

პირიქით, ამ ომში სირიელებმა "ბლეიზერის" დაცვით აღჭურვილი ისრაელის ერთი ტანკი ჩაიგდეს ხელში, რომელიც შემდგომ მოსკოვის სიახლოვეს, სატანკო პოლიგონზე აღმოჩნდა და მისი დეტალურად შესწავლის შემდეგ საბჭოთა ტანკებზე მასიურად გამოჩნდა "კონტაქტის" ტიპის დინამიკური დაცვის ელემენტები, ხოლო ამერიკული და გერმანული ტანკები ისევ "შიშვლები" დარჩნენ...

3-leo-1680688247.png
ქურთების მიერ აფეთქებული თურქების „შიშველი“ Leopard 2A4 -ი...

გასაგებია, რომ ამერიკელებმა თავიანთ "აბრამსზე" ძირითადი აქცენტი გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ ჯავშანელემენტებზე გადაიტანეს, თუმცა ერაყისა და ავღანეთის კამპანიების შემდეგ მათი "აბრამსების" ბოლო მოდიფიკაციებზეც გამოჩნდა დინამიკური დაცვის ელემენტები, ისევე, როგორც აქტიური დაცვის ანტისარაკეტო სისტემები.

მაგრამ გერმანული "ლეოპარდ-2"-ები ამ მხრივ ერთგვარად მივიწყებულნი აღმოჩნდნენ, რადგან ახლომხედველმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვერ განსაზღვრეს ან უბრალოდ ვერ, ან სულაც არ დაინახეს (ეს ყველაზე მეტად ფრაუ მერკელს ეხება) პუტინის რუსეთის სწრაფი ტემპებით მზარდი მილიტარიზაცია და აგრესიული ქმედებები, მიმართული ჯერ ჩეჩნეთის, შემდეგ კი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ...

ამიტომაც, გერმანული "ლეოპარდ-2"-ები, განსაკუთრებით კი ის მოდიფიკაციები, რომლებიც გერმანიისგან თავის დროზე ნატოს წევრმა სხვა ევროპულმა ქვეყნებმა შეიძინეს და წლების განმავლობაში უმოძრაოდ იჟანგებოდა, აუცილებლად მოითხოვს ჯავშანმდგრადობის გაზრდას.

ამისთვის კი შედარებით ადვილი და სწრაფი მეთოდი "ლეოპარდებზე" ისეთივე დინამიკური დაცვის ელემენტების ყუთების დამაგრებაა, როგორიც საბჭოთადროინდელ ტანკებზე აყენია.

სხვათა შორის, უკრაინა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აწარმოებდა საკუთარი დინამიკური დაცვის ელემენტებს, სახელწოდებით "ნოჟ", რომლებსაც ტანკის დაცვის ამაღლება ორჯერ და მეტად შეუძლიათ კუმულაციურქობინიანი რაკეტის მოხვედრისას, თუმცა ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვის ვოლფრამიანი და მით უმეტეს გაღარიბებული ურანიგან დამზადებული ღეროს მოხვედრისას, დაცვის ხარისხი ეცემა...