"ჯამლეტი საუკეთესო და ოპერატიული ჟურნალისტი იყო, ნებისმიერი სიუჟეტი შეეძლო მოეპოვებინა სხვადასხვა ქვეყნიდან"- როგორ ემშვიდობებიან მეგობრები გამორჩეულ კომენტატორს
"ხუმრობით დასძინა, მილიონი შევწირე ბიუჯეტს, სხვა რა პატივი გცეთო" - ჯამლეტ ხუხაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან...
13 აპრილს დაბადების დღე უნდა აღენიშნათ, 79 წლის ხდებოდა... დღეს, 5 აპრილს კი სამწუხარო ამბავი გავრცელდა -
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა (1944-2023), ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014), საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი,
ღირსების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ოლიმპიური ორდენების კავალერი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე.
ჯამლეტ ხუხაშვილი დაიბადა 1944 წლის 13 აპრილს თბილისში, დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდეგ - მწვრთნელთა აკადემია.
1963 წლიდან იგი იყო სპორტული კომენტატორი და წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიო „ჯაკოში“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი, 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი, 1990 წლიდან საკალათბურთო კლუბ „მაქაბის“ პრეზიდენტი, ავტორი საიუბილეო წიგნისა - „ყურადღება“ (2004). ჯამლეტ ხუხაშვილი დასახელებულია საუკეთესო მწვრთნელად - 1986 წელს და საუკეთესო სპორტულ კომენტატორად - 2004 წელს. იგი იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი...
ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი მისმა მეგობრებმა გაგვიზიარეს...
გრიგოლ ჩიგოგიძე, "პიონერფილმის" ხელმძღვანელი:
- 1970-იანი წლები იყო, როდესაც ტელევიზიაში სიმპათიური, სრულიად ახალგაზრდა, სპორტული აღნაგობის ვაჟი მოვიდა. ეს გახლდათ ჯამლეტ ხუხაშვილი... ტელევიზიაში ჩვენი - „მოამბის“ რედაქცია მეოთხე სართულზე იყო განლაგებული და იქ ერთი პატარა ოთახი იყო, სადაც ჩვენი დირექტორი - თენგიზ კეკელაშვილი იჯდა. მას შავი ტელეფონი ედგა, რომელიც საქალაქთაშორისო ფუნქციის იყო და არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ამ ახალგაზრდა ყმაწვილმა - ჯამლეტმა სრულიად სატელეფონო სადგურის ხალხი გაიცნო... ნებისმიერ ქვეყანას, ქალაქს ორ-სამ წუთში უკავშირდებოდა, იყო ხუმრობა, როხროხი და ხალისი...
სპორტული განხრით ნებისმიერი სიუჟეტი შეეძლო, მოეპოვებინა სხვადასხვა ქვეყნიდან... იმდენად ბევრ სიუჟეტს, ინფორმაციას პოულობდა, მალე ძალიან პოპულარული გახდა. სულ კამათობდა, ხუთი წუთი რა არის, ამდენი ინფორმაცია მაქვსო. ძალიან მობილიზებული, საუკეთესო და ოპერატიული ჟურნალისტი იყო და მისი წაყვანილი რეპორტაჟებიც ყველას განსაკუთრებულად გვახსოვს და იყო სუფთა ქართული, კარგი მოგონებებით დახუნძლული... საინტერესოდ ჰყვებოდა, მხოლოდ ის არა, რომ ვიღაცამ ბურთს დაარტყა, მიიღო და ასე შემდეგ...
ჩვენი ბოლო შეხვედრა თვალწინ მიდგას... შარშან ტელევიზიას საიუბილეო წელი ჰქონდა, 66 წელი შეუსრულდა და ძალიან მინდოდა, ჯამლეტის ინტერვიუ გვქონოდა, როგორც ყველასათვის საყვარელი და პოპულარული ჟურნალისტის... ჯამლეტის მეუღლემ, ქალბატონმა ევამ ხელი შეგვიწყო, მოლოცვა ჩაგვეწერა. ბოლოს ჯამლეტს ვუთხარი, დღეს რაღაც არ მომწონს, ისე ვერ დაალაგე, როგორც გჩვევია-მეთქი და მიპასუხა, არა უშავს გრიშა-ჯან, ხვალაც შევხვდეთო... მეორე დღესაც მივედი, შოკოლადები მივართვი, ახალი წლის წინა დღეები იყო და დავსხედით, ვისაუბრეთ... საოცარი მისალმება ჰქონდა, მახსოვს, თქვა, ძალიან მიყვარს ტელევიზია, აქ გავიზარდე და დამდეგ ახალ წელს ტელევიზიის იუბილეს ყველას დიდი სიყვარულით გილოცავთო...
ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა და მე მინდა, რომ მას ასე დავემშვიდობო:
ჩვენო ჯამლეტ, იცოდე, რომ ყოველთვის მემახსოვრები და მეყვარები, იმიტომ, რომ კარგი კაცი იყავი... „პიონერფილმიც“, სასახლეც გიყვარდა და როდესაც საჭირო იყო, ყოველთვის ჩვენთან იყავი...
მშვიდობით, უფალმა დაგლოცოს...
ნონა გაფრინდაშვილი, მოჭადრაკე:
- ძალიან სამწუხაროა ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალება... ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენდა იგი, არა მხოლოდ სპორტული სამყაროსთვის, არამედ, რა ბევრს აკეთებდა ორი ქვეყნის - საქართველოსა და ისრაელის დამეგობრების კუთხით. ასოციაცია ჰქონდათ, რომლის ფარგლებშიც უდიდეს სასიკეთო პროექტებს ახორციელებდა.
მას ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა კოტე მახარაძესთან, როგორც პედაგოგს, ისე უყურებდა და შემდეგ არც ერთ თარიღს არ ტოვებდა, სათანადოდ რომ არ აღენიშნა... ეს იყო ადამიანი, რომელსაც ქვეყანა უყვარდა, მოღვაწეობდა და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. ვიზიარებ ქვეყნის მწუხარებას... სამწუხაროდ, ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მის დაკრძალვას ვერ დავესწრები და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს წუხილს.
მაკა მახარაძე, ქორეოგრაფი, მსახიობი, პედაგოგი:
- ახლახან გავიგე ეს ამბავი და შეძრული ვარ, საუბარიც არ შემიძლია... ჯამლეტ ხუხაშვილი მამას მოწაფე არ ყოფილა, მისი ისეთი მეგობარი იყო, რომლის მსგავსი მეგობრობაც იშვიათად თუ ყოფილა. კოტეს ძალიან დიდი მეგობრობა გაუწია. საოცარი ადამიანი იყო და მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ოჯახისთვის, მთლიანად საქართველოსთვის... ძალიან, ძალიან მტკივა გული.
ბესიკ გამყრელიძე, სამართალმცოდნე, რელიგიათმცოდნე, საეკლესიო სამართლის ძეგლების მკვლევარი და მოყვარული კინოდოკუმენტალისტი, პროდიუსერი:
- ბატონ ჯამლეტს წლების განმავლობაში ვიცნობდი, მეტად ხალასი და გულღია პიროვნება გახლდათ… მის გამოზრდილ სპორტსმენებზე ხშირად საუბრობდა და მათი მიღწევებით ამაყობდა. თუ რომელიმე სპორტულ ჩემპიონატზე ან ტურნირზე ვინმე რამეს მოიგებდა, ჯამლეტის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ყველას ცალ-ცალკე გვიზიარებდა.

გულიანი რჩევების მოცემა იცოდა, მოსალმებისას შორიდან ხელის აწევით შეგხვდებოდა, შეძახილით - "სპორტული სალამი"... რომ ვკითხავდით, - როგორ ბრძანდებით, ბატონო ჯამლეტ, გვპასუხობდა, - "ოლიმპიურად, სპორტულად, ფიზკულტურულად"… იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად გრძნობდა თავს...
ერთხელ, ერთმა პოლიტიკოსმა 8 იანვარს დიდებული ვახშამი მოაწყო და ბატონმა ჯამლეტმა ოდეკოლონი (მამაკაცის სუნამო) - "ერთი მილიონი" აჩუქა, თან იუმორით დასძინა, პარტიულ ბიუჯეტს მილიონი შევწირე, სხვა რა პატივი გცეთო"...
ჩვენ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდით, მე კულტურის განყოფილების მთავარი პროდიუსერი ვიყავი, ბატონი ჯამლეტი - სტუდიური გადაცემების განყოფილებაში იყო და სპორტული გადაცემა მიჰყავდა. უამრავი საინტერესო სტუმარი მოჰყავდა და გვაცნობდა. გულიანად უყვარდა მათთან ჩემი შექება. თვითონ ხომ ძალიან კარგი და გულიანი პიროვნება ბრძანდებოდა, უზომოდ უყვარდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მუდამ დიდი სიყვარულით ჰყვებოდა მასზე ისტორიებს.
ბატონი ჯამლეტი ძალიან დააკლდება არა მარტო თბილისს, არამედ - მთელ ქვეყანას და სპორტულ სამყაროს.
(სპეციალურად საიტისთვის)