"პირდაპირ სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი "გასვარეს“ - რას ამბობს კობახიძე ქართველ მოსამართლეთა დასანქცირებაზე?
განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე.
„მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი, კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება, მოგეხსენებათ. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
"ინტერპრესნიუსი"