"ვლადიმერ პუტინის ხრუშჩოვისეული გზა"
გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ვლადიმერ პუტინის ხრუშჩოვისეული გზა" (ავტორი - ალექსანდრე ფრიდმანი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
"ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში რუსეთის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის სავარაუდო განლაგების შესახებ სენსაციად არ აღუქვამთ იმიტომ, რომ კრემლის ასეთმა მოქმედებამ დაადასტურა აშშ-ში და ევროპაში ვლადიმერ პუტინზე უამისოდაც ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ იგი რუსეთის პოლიტიკას ნიკიტა ხრუშჩოვისეული აგრესიული ტაქტიკით ახორციელებს. გავიხსენოთ, რომ ყოფილი საბჭოთა ლიდერის ბრძანებით ბირთვული იარაღი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ პირველად გაიტანეს ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო 1962 წელს - კუნძულ კუბაზე.
კრემლს ხრუშჩოვთან შედარება აღიზიანებს
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მალავს თავის სიყვარულს ისტორიის მიმართ და რეგულარულად აჟღერებს თავის შეფასებებს და ხედვებს წარსულში მომხდარ მოვლენებსა და მათ ფიგურანტებზე, ხშირად - ნეგატიური კონტექსტით. განსაკუთრებით ყველაზე მეტი "ხვდება" ვლადიმერ ლენინს (რომელმაც უკრაინა "ხელოვნურად შექმნა"), ნიკიტა ხრუშჩოვს (რომელმაც გადასცა ყირიმი უკრაინას), აგრეთვე, მიხეილ გორბაჩოვს (რომელმაც დათმო საერთაშორისო პოზიციები, დაკარგა გავლენის ზონები საზღვარგარეთ, დაშალა საბჭოთა კავშირი და ხელი შეუწყო უკრაინის დამოუკიდებლად გამოცხადებას).
რუსეთის პრეზიდენტი თავის ისტორიულ მისიას წინა საბჭოთა ლიდერების მიერ ჩადენილი შეცდომების გამოსწორებაში ხედავს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმართული თავდაპირველი ჰიბრიდული, ახლა კი - სრულმასშტაბიანი ომი ამ გზის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს.
დასავლეთში 2022 წლიდან პოპულარული გახდა ვლადიმერ პუტინის შედარება ნიკიტა ხრუშჩოვთან, რაზედაც კრემლი ხაზგასმულად გაღიზიანებულად და ხშირად - აგრესიულად რეაგირებს. თუმცა ეს ხელს არ უშლის რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას, ნიკიტა ხრუშჩოვისეულ გზას გაჰყვეს და "ბირთვული ხელკეტით" აქტიურად იჟონგლიოროს.
მსგავსი საეჭვო მანიპულაციების მიზეზები განვლილი ათწლეულების განმავლობაში პრინციპული სახით არ შეცვლილა - ისინი გამოიხატება:
ა) მოსკოვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სისუსტეებში. რუსეთი ძველებურად ბევრად ჩამორჩება მთავარ მოწინააღმდეგეს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბ) მოსკოვი ხსენებული ნაკლოვანებისა და შეცდომების კომპენსირებას მოულოდნელი, გამომწვევი და სარისკო სვლებით ცდილობს.
პუტინის სიტუაცია ხრუშჩოვის მდგომარეობაზე უფრო უარესია
ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში (იგი იყო სსრკ-ის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი და სსრკ-ის მთავრობის თავმჯდომარე) საბჭოთა კავშირი იყო აღიარებული ზესახელმწიფო, რომელიც ევროპის დიდ ნაწილს აკონტროლებდა, ატარებდა გლობალურ პოლიტიკას და მანევრირებისათვის მნიშვნელოვან სივრცეს ფლობდა. თვითონ საბჭოთა ლიდერი, მართალია, განთქმული იყო თავისი მოულოდნელი გამოხტომებით და პოლიტიკური თამაშების წესების ზღვარზე ბალანსირებდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც საღი აზრის გამომხატველი იყო და კომპრომისებზე მიდიოდა.
ახსოვდა რა მეორე მსოფლიო ომის საშინელებები, ნიკიტა ხრუშჩოვისდროინდელი კრემლი შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა დაუფიქრებელი მუქარებისაგან და აგრესიისაგან. თვითონ ნიკიტა ხრუშჩოვიც ცდილობდა, ევროპისათვის ომი აერიდებინა. რაც შეეხება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბირთვული იარაღის განლაგებას, ეს მეტწილად განაპირობა ბერლინის კრიზისმა. ფაქტობრივად, ხრუშჩოვის გადაწყვეტილება იყო რეაგირება აშშ-ის მოქმედებაზე, რომელმაც პირველმა განალაგა თავისი ანალოგიური ატომური იარაღი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. კუბის შემთხვევაში მოსკოვი ცდილობდა, საგრძნობი დარტყმა მიეყენებინა ვაშინგტონის პრესტიჟისათვის.
ნიკიტა ხრუშჩოვთან შედარებით, ვლადიმერ პუტინი ბევრად უფრო უარეს და რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. გააჩაღა რა ომი ევროპაში და სამხედრო დანაშაულების გზას დაადგა, მან რუსეთი დიდწილად იზოლირებულ ქვეყნად გადააქცია. დღეს პრეზიდენტს შეზღუდული პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს, არ შეუძლია დაიკვეხნოს, რომ ბევრი მოკავშირე ქვეყანა და სატელიტი ჰყავს. ამიტომაც ვლადიმერ პუტინი იძულებულია, ფსონი "მოძმე დიქტატორულ რეჟიმებზე დადოს" - ისეთებზე, როგორიც, მაგალითად, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსია, რომელსაც განსაკუთრებული როლის შესრულება ევალება კრემლის "ბირთვული პროექტის" რეალიზების გეგმებში. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ