"გურული ვარ, ფიცხი ხასიათით, ფეთქებადი და ტემპერამენტიანი" - კვირის პალიტრა

"გურული ვარ, ფიცხი ხასიათით, ფეთქებადი და ტემპერამენტიანი"

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსახიობი მიშა კალანდაძე ეკრანს ლადოს როლით დაუბრუნდა (სერიალი "სიყვარულს მიღმა"). მიშა გვიამბობს, რამდენად რთულია შეასრულო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის როლი და მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, პერსონაჟის განცდები მაყურებლამდე მიიტანო, როგორია მისი რეალური ცხოვრება გადასაღები მოედნის მიღმა?

- მიშა, მსახიობის პროფესიამ რით დაგაინტერესათ?

- ჩემზე დიდი გავლენა იქონია ბაბუამ, გივი ბოჟაძემ - თვითნასწავლი მუსიკოსი გახლდათ, ბევრნაირ ინსტრუმენტზე უკრავდა (ფორტეპიანო, გიტარა, ბალალაიკა, ფანდური, აკორდეონი, სალამური...), დებ იშხნელებთან მღეროდა. სამწუხაროდ, ხელშეწყობა არ ჰქონდა, მამა გადაუსახლეს და მუსიკალურ სფეროს ჩამოშორდა, თუმცა იშხნელებთან შეძენილმა ცოდნამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ბაბუამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პროფესიული არჩევანი შემოქმედებით საქმიანობაზე შემეჩერებინა, მუსიკალური ან სამსახიობო მიმართულებით წავსულიყავი. სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, დიდი გზა გავიარე, დრამწრეზე სიარულის პარალელურად, საოპერო განხრითაც ვიყავი დაინტერესებული, თენგიზ მუშკუდიანთან დავდიოდი. ერთ დღეს ბატონმა თენგიზმა მითხრა, - ან მუსიკა აირჩიე, ან მსახიობობაო. თეატრი ვარჩიე, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი პედაგოგი გახლდათ დავით ანდღულაძე და მასთან ერთად უნდა გავიხსენო მანანა კვირკველია, რომელიც დავით ანდღულაძის ასისტენტი და ჩემი პედაგოგი იყო.

- ეს პროფესია ისეთივე მიმზიდველი აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინათ?

- რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს პროფესია ძალიან მიმზიდველი იყო და დღესაც ასეა. დავით ანდღულაძემ პირველივე კურსიდან ახმეტელის თეატრში წამიყვანა, სადაც 10 წელი გავატარე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, იქ უკვე შემდგარ მსახიობებთან ერთად ვთამაშობდი. ის პერიოდი კარგად მახსენდება, მაგრამ მატერიალურმა მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ დამეტოვებინა თეატრი და საზღვარგარეთ წავსულიყავი. ბოლო წლებია, საქართველოში არ ვცხოვრობ. ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია, მსახიობებზე განსაკუთრებით აისახება. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე საზღვარგარეთ წავსულიყავი და პერიოდულად იქ მეცხოვრა.

- ოჯახთან ერთად წახვედით?

- არა, ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. მეუღლეს დაშორებული ვარ, ჩემი შვილები საქართველოში დედასთან ერთად ცხოვრობენ, მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, ამიტომ ახლაც პერიოდულად მივდივარ.

- იქ რას საქმიანობთ?

- მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ. ენა კარგად ვიცი, ბოლოს ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობდი. რა აკომპენსირებს მსახიობის პროფესიას საქართველოში? ის, რომ ცნობილი ხდები, მაყურებელი ქუჩაში გცნობს და მისგან სითბოს გრძნობ, ეს გიკომპენსირებს ყველაფერს, თან შენს ჭიას ახარებ. თავს გრძნობ ძალიან კარგად, როდესაც კარგი პარტნიორი გყავს. ქუჩაში, მაღაზიაში, საცობში - მაყურებელი შთაბეჭდილებას ყველგან მიზიარებს, ჩემი გმირისადმი დამოკიდებულება დადებითია.

- ლადოს როლზე როგორ აღმოჩნდით?

- ერთ დღეს პროდიუსერმა სალომე ღლონტმა დამირეკა და მკითხა, - მიშა, საქართველოში ხარ? 3-4-სერიიანი, პატარა როლი მაქვს და შეძლებ ითამაშოო? ჩემი საქმიდან გამომდინარე, სულ ჩემოდანზე ვზივარ, შეიძლება უეცრად ისეთი საქმე გამომიჩნდეს, წასასვლელი გავხდე. რადგან სალომემ მითხრა, რომ 3-4 ეპიზოდს გადაიღებდნენ, დავთანხმდი. ბევრი მიზეზის გამო, ამ პერსონაჟმა ხალხის მოწონება დაიმსახურა და ასე შემორჩა სერიალს.

- თქვენგან აღქმული ლადო როგორია?

- როგორც მამაკაცი, მას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა მესმის, ეს რეალობიდან აღებული გმირია. ის ვერ გაურბის რეალობას და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უწევს, რასაც მაყურებელი მალე იხილავს.

- როგორც მამაკაცი, მას რაში არ ეთანხმებით?

- ძალიან გულგრილად უყურებს ფაქტს, მისი მეუღლე ვიღაც ბიჭთან როგორ აბამს ურთიერთობას, რაღაც ეტაპზე თითქოს ამ მდგომარეობას შეეგუა კიდეც, ამაში არ ვეთანხმები. მამაკაცები ძალიან ეგოისტები და მესაკუთრეები ვართ, შენი მეუღლე მხოლოდ შენი უნდა იყოს.

- ლადოსთან საერთო თვისებებს თუ პოულობთ?

- ამ პერსონაჟს საკუთარ თავთან საერთოდ ვერ ვაიგივებ. გურული კალანდაძე ვარ, ფიცხი ხასიათით, ფეთქებადი და ტემპერამენტიანი. ლადო ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია.

- ამ გმირის შექმნაზე როგორ იმუშავეთ? ლადო ჯანმრთელობის პრობლემის გამო საწოლიდან ვერ დგება, ამ შეზღუდვამ ალბათ სამუშაო გაგირთულათ, არა?

- მართლა ძალიან გამიჭირდა, შეიძლება გადამღები ჯგუფი შეწუხებულიც მყავს. როდესაც მსახიობი მოძრაობ, რაღაცას აკეთებ ფიზიკურად, უფრო გიადვილდება, შენი მდგომარეობა გამოხატო. რთულია, მაყურებელზე ზემოქმედება მოახდინო, როცა რეჟისორი გეუბნება, შენი სათქმელი ისე უნდა გამოხატო, კისერიც არ გაამოძრაოო. ეს სირთულე ერთობლივად გადავლახეთ.

- ხმით, ინტონაციით, თვალებით თამაშით, მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილება იმ განცდებზე, რაც იმ წუთში შეიძლება პერსონაჟს ჰქონდეს...

- ამაში ძალიან მეხმარებიან ჩემი სასცენო პარტნიორები. ნათია მელაძესთან სცენა განსაკუთრებით დამამახსოვრდა, როდესაც ხდება გამხელა, - ყველაფერი ვიცი შენი ურთიერთობის შესახებ.

- გადაღების დასაწყისში რამდენად ელოდით, რომ თქვენი პერსონაჟის ხაზს ასეთი განვითარება ექნებოდა?

- საერთოდ არ ველოდებოდი, სალომეს გადაღებაზე ამიტომაც დავთანხმდი. თან ამ შემოქმედებით ჯგუფთან მანამდეც მქონდა თანამშრომლობის გამოცდილება, ეპიზოდურ როლებს ვთამაშობდი სერიალებში - "გოგონა გარეუბნიდან" და "შუა ქალაქში".

- თქვენს შვილებზე მიამბეთ.

- 2 შვილი მყავს: 11 წლის ელისაბედი და 6 წლის გაბრიელი. მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მეგობრები მეუბნებიან, გიჟი მამა ხარო. ჰო, ალბათ გიჟი მამა ვარ.

- ეს გიჟობა რაში გამოიხატება?

- ჩემი ყოფილი მეუღლე ნატალია ჩიკვაიძე არაჩვეულებრივი დედაა, მაგრამ დედა უფრო ნაკლებად არის ჩართული რიგ საკითხებში, ვიდრე - მე. ყველა დეტალში ჩახედული ვარ. ბავშვების წაყვანა, მოყვანა, კვება, ექიმი, წამლის დოზა... მშობლებს როლები განაწილებული გვაქვს. ჩემს შვილებს კარგი ბებია ჰყავთ, რომელიც პედაგოგია და ასევე ჩართულია აღზრდის პროცესში.

- ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვენი ურთიერთობა ძალიან ჯანსაღი და ცივილიზებულია. დაშორება სულაც არ გვიშლის ხელს, რომ შვილებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. თუ ვერ აღმოვჩნდით კარგი მეუღლეები, აუცილებლად უნდა ვიყოთ კარგი მშობლები და მგონი, ეს გამოგვდის.

- არის შემთხვევები, როდესაც ყოფილი მეუღლეები დაშორების შემდეგ ჯანსაღ ურთიერთობას, მეგობრობას ვეღარ ახერხებენ, თქვენ ეს როგორ შეძელით?

- გეთანხმებით, ეს იოლი არ არის, ძალიან დიდი ძალისხმევა და საკუთარ თავზე მუშაობა გჭირდება. გარკვეულ დათმობებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. შვილები ყველაზე დიდი მიზეზია. ისინი ბედნიერები და წარმატებულები უნდა იყვნენ. შვილები მშობლების ურთიერთობის მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ. ჩვენს რეალობაში ეს ძალიან ხშირია, მე კი ამის პირველი მტერი ვარ, ბავშვებმა მშობლების შეცდომებისთვის პასუხი არ უნდა აგონ.

მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ერთმანეთს მეორეჯერ დავშორდით. პირველი დაშორებისას ორივეს გადაწყვეტილება იყო, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. როცა ურთიერთობაში ვნება ქრება, ვფიქრობ, არ უნდა გაჩერდე, ის ადამიანი არ უნდა დატანჯო და თავიც არ უნდა დაიტანჯო (აი, ჩემსა და ლადოს შორის ყველაზე დიდი განსხვავება რა არის). მერე ამ ტანჯვაში, უკმაყოფილებაში, არაბედნიერ მშობლებთან ბავშვები ითრგუნებიან. შენ თუ ბედნიერი ვერ ხარ, შვილებს ვერ გააბედნიერებ. მჯერა, ადამიანები რაღაც მისიით მოდიან შენს ცხოვრებაში და რაღაც მისიით მიდიან. პირველი განშორების შემდეგ შევრიგდით და ბედნიერები ვართ, რომ ამ შერიგების შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში გაბრიელი გაჩნდა. დღეს მე და ნატალიას ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. მგონი, ეს ურთიერთობა უფრო ნათელია, ვიდრე ჩვენი მეუღლეობა.

- შეგიძლიათ ერთმანეთს პირად ცხოვრებაზე, თაყვანისმცემლებზეც ესაუბროთ?

- არა, ჩვენს ურთიერთობას თავიდან ბოლომდე ჩვენი შვილების თემა ავსებს.

- დღეს თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- დღეს ჩემი გული და გონება სერიოზული ურთიერთობით არ არის დაკავებული.

- მსახიობებს ხშირად პერსონაჟთან აიგივებენ. თქვენს ცხოვრებაშიც არის ასეთი ფაქტი? შეიძლება ვიღაცას ისიც კი უკვირს, ქუჩაში მოსიარულეს რომ გხედავთ.

- (იცინის) ძალიან ბევრი მეუბნება, - როგორ მიხარია, ფეხზე გავლილს რომ გხედავო!.. ზოგი მეუბნება, - ეს ანგელოზივით ბიჭი საწოლში რატომ ჩაგაწვინესო?!. ადამიანებთან ურთიერთობა მაბედნიერებს. აქედან გამომდინარე ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს. არ არსებობს, ვინმე დამავიწყდეს, არ მოვიკითხო, არ დავურეკო... მერე ეს ენერგია უკან მიბრუნდება, მეც არ ვავიწყდები ადამიანებს. მეგობარი მეუბნება, შენი ქმედებები უკან ყოველთვის რა მალე გიბრუნდება, მე მიგვიანდებაო. სამყაროში ბუმერანგის პრინციპი მუშაობს. რასაც გასცემ, ის გიბრუნდება. აქ დღეს ბევრ რამეს ვერ ვეგუები, ალბათ საზღვარგარეთ ცხოვრებას რომ შევეჩვიე, ამიტომ.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ?

- ადამიანები არ გასცემენ ერთმანეთის მიმართ დადებით ენერგიებს, რათა მერე უკან მიიღონ და ამით გაბედნიერდნენ. ეს ძალიან მტკივნეული თემაა.

- გეთანხმებით, ეს ცალკე ინტერვიუს თემაა. დაბოლოს, რა გითხრათ ბაბუამ, როდესაც თეატრალურში ჩააბარეთ?

- თეატრალურში რომ ჩავაბარე, ბაბუა 3 წლის გარდაცვლილი იყო. ვისურვებდი, ჩემი ერთი პატარა როლი მაინც ენახა. მან ჩემზე დიდი კვალი დატოვა, უკეთილშობილესი პიროვნება იყო. ალბათ ახლა ესმის ჩემი განცდების იქ, სადაც არის...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"