არ დაუთმოთ ადგილი ტრანსპორტში, რადგან ბილეთი გაქვთ აღებული...  ეს არის ევროპული ღირებულებები? - კვირის პალიტრა

არ დაუთმოთ ადგილი ტრანსპორტში, რადგან ბილეთი გაქვთ აღებული...  ეს არის ევროპული ღირებულებები?

გახსოვთ ის პერიოდი, სულ რამდენიმე წლის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, (ჩემთვის) უაზრო ქცევა რომ იყო გაბატონებული? ხშირად, ადამიანებს არ ჰქონდათ თანხა ნაცნობებისთვის გადაეხადათ და უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ. ვალდებულება იყო და მორჩა! თუ რატომ, ვერასოდეს ვხვდებოდი. რამდენი ნაცნობი ან მეზობელი ერთმანეთს თავს არიდებდა ან ტრანსპორტში სულ უკან ცდილობდა მოხვედრას, რომ სხვისთვის გადახდა არ შეეძლო. რამდენჯერ გამიგია, მხოლოდ წასვლა-მოსვლის თანხა ჰქონდა და ერთი გზის ბილეთის ამარა დარჩაო...

არა, ხომ იყო შემთხვევა, ფული ჰქონდა ადამიანს, მაგრამ რა ვალდებულება იყო 10 კაცი დაეპატიჟებინა ტრანსპორტში? მაგრამ წესი იყო, მაგარი უნდა გამოჩენილიყავი. ეს ეგრეთ წოდებული პატივისცემაც ხომ ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო? ჩანს, არ იყო ასე... გამოელაპარაკებოდი და არ გადაუხდიდი, იწყებოდა წნეხი - აი, ჩავიდა და არ გადაგვიხადა... საერთოდ ვერ ვიგებდი და ვერც ახლა ვიგებ ამ იძულებითი „პატივისცემის“ ამბავს.

ჰოდა, ერთიანმა საბარათე სისტემამ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა. საზოგადოებაში ჩაციკლული ეს ჩვევა მოიშალა, ეგ „მაგრობის“ კომპლექსებიც მოეხსნათ ადამიანებს. ზოგადადაც, შედარებაც არ შეიძლება, რაც წლების წინ იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით.

დღეს კიდევ ერთ, ასეთ, არასახარბიელო ქცევაზე დავწერ. ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით ვიდეო გავრცელდა - იაპონიაში, საბავშვო ბაღში, ბავშვებს ასწავლიან, ავტობუსში როგორ უნდა დაუთმო ადგილი მაინცდამაინც ქალს და ასე შემდეგ. ქართულ სოც. ქსელშიც გახდა განხილვის საგანი და იერიში კაცებზე მიიტანეს. „აი, თვალს, რომ მილულავს, გეგონება სძინავსო...“ „ბოლო დროს ახალგაზრდა ბიჭებიც გატუტუცდნენ, არ გიმჩნევენ...“ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც ერთ მამაკაცს საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჯდომის უფლება არ აქვს, გინდაც ქალზე მეტად დაღლილი ან - შეუძლოდ იყოს. ეს უაზრო ვალდებულების ქცევა უნდა მოიშალოს!

ვამბობ იმას, რომ არაფერია ცუდი, თუ გსურთ, ვინმესთვის შეწუხდეთ, ამას არავინ გიკრძალავთ, მაგრამ ეს თქვენი თავისუფალი ნება უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთანაბრდებოდეს სტრესს. არ უნდა ხდებოდეთ ვიღაცის ლანძღვის ობიექტი. და, ყველაზე მთავარი, რაც დღეს მინდა გითხრათ, ეს არის ინფორმაცია, რომელიც მსგავს ამბავს ყოველთვის თან ახლავს: „არ დაუთმოთო, დღეს ევროპელობას ასწავლიან, ბილეთი გაქვთ აღებული და ადგილი თქვენიაო...“

მეგობრებო, არც ისე შორს არის ევროპა და აღარც ისე ჩაკეტილი, რომ მართებული ინფორმაცია ჩვენამდე ვერ მოდიოდეს. სიცრუეა, თითქოს ევროპაში ვინმე ასწავლის ახალ თაობას, რომ ადამიანი შენ გვერდით რომ კვდებოდეს, არ შეწუხდე, რადგან ბილეთი გაქვს აღებული!

რომ იცოდეთ, როგორ მშურდა ინგლისში იმ ახალგაზრდების თუ მამაკაცების, რომლებიც მშვიდად მგზავრობდნენ. ზოგი გაზეთს კითხულობდა, ზოგი - წიგნს, ზოგიც - მუსიკას უსმენდა... რამდენჯერ ჩავმჯდარვარ მეტროს ვაგონში დილას, ლუდის ან ყავის ქილით ხელში და წყნარად ვაწყობდი დღის გეგმებს ფიქრებში. ევროპელი არავის აკვირდება დაჟინებით, არ არის დაძაბული, იქნებ, ვინმე „ისეთი“ შემოვიდა, - დროულად თუ არ წამოხტი, უზრდელად ჩაგთვლის, დილაადრიან გამოგლანძღავს. იციან, რომ კაციც შეიძლება იყოს უკიდურესად დაღლილი ან მოზარდსაც სურდეს მშვიდად მგზავრობა. ეს მე მომწონს. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება ზრუნავს ყველა მოქალაქეზე.

ავტობუსში პირველი ოთხი ადგილი ორივე მხარეს შშმ პირებისთვის, ორსულებისთვის და პენსიონერებისთვის არის განკუთვნილი. სულ რომ არავინ იყოს ტრანსპორტში, წინ ვერ დაჯდები. წესს არღვევ. მაგრამ თუ იმაზე მეტი მოხუცებული ამოვიდა ტრანსპორტში (რაც იშვიათად ხდება, ეტყობა, ესეც გათვლილია), აქ უკვე ნებაყოფლობითია, დაუთმობ თუ არა. ვისაც ქუჩაში გასვლა ან ტრანსპორტში დგომა უჭირს, მაგათზეც ხელისუფლება ზრუნავს. დიახ, ბატონო, მე - არა, სახელმწიფოა ვალდებული, იზრუნოს თქვენზე, მე ჩემი საფიქრალი და პრობლემებიც მეყოფა. გაგლანძღავს უცნობი მგზავრი? მეტროპოლიტენის პოლიცია პასუხს აგებინებს...

კარგად მახსოვს, როცა ადგილი დავუთმე ასაკოვან ადამიანს, არ დაჯდა. მიმანიშნა ერთ-ერთი სკამის თავზე გაკეთებულ ნიშანზე და მითხრა, ეს არის ჩემი ადგილიო. ასევე, კარგად მახსოვს, ჩემ უკან რიგში მდგომ ბავშვიან კაცს ჩემზე წინ წასვლა რომ შევთავაზე, მითხრა - როგორ გეკადრებათ, იმისთვის კი არ ვარ ბავშვთან ერთად, რომ წინ გამიშვათ, ჩვენთან ბავშვობიდან ეჩვევიან რიგში დგომას და თანაბარუფლებიანობასო...

დღევანდელ, პრობლემებით სავსე სამყაროში შენ არ ხარ ვალდებული იფიქრო, ვიღაც შენზე მეტად დაღლილია, სახლში ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს, თუ რაღაც სჭირს, ან წაუკითხო შენი დღის წესრიგი, ან შენი დაზიანებული ფეხი აჩვენო, რომ შეგარგონ მშვიდად მგზავრობა.

მე არ ვამბობ, ვიყოთ გულგრილები, მაგრამ როგორც თვლით საჭიროდ, ისე უნდა იცხოვროთ. მე ვამბობ, აუცილებელია, განიტვირთოს უარყოფითი განწყობა ტრანსპორტში და აქვე ვასახელებ გამოსავალს. ეს უაზრო, ჩაციკლული ჩვევები უნდა მოვიცილოთ და ამით ვცეთ პატივი ერთმანეთს. პატივისცემა არ არის, როდესაც ქალი ლამის კალთაში უჯდება კაცს და იძულებით მოპოვებულ ადგილზე მადლობასაც არ ამბობს.

მე მინდა, სწორედ აღიქვამდეს ხელისუფლება, რას ნიშნავს სახელმწიფო და ეს სახელმწიფო მიცავდეს მე, როგორც ახალგაზრდას თუ როგორც - მოხუცებულს. დიდი სურვილი მაქვს, ახალგაზრდა ვარ თუ მამაკაცი, მშვიდად ვიჯდე ტრანსპორტში, ჩვენს ფიქრებთან ერთად და არავინ მიკითხავდეს მორალს.

სწორედ სახელმწიფო აგვარებს ამგვარ "წვრილმან" პრობლემებს, რომელზეც დგას გარდატეხა, ჩავეწეროთ ცივილური ქვეყნების სიაში, ასეთი "წვრილმანი" პრობლემების მოწესრიგებით ხდები ნამდვილი სახელმწიფო და არა - მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხით ევროინტეგრაციის შესახებ.