"მკაფიო სიგნალია მათთვის, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული - სხვები კი, ვინც დღეს ნახსენები არაა, ამას ყურადღებით უნდა დააკვირდნენ"
ესაა მკაფიო სიგნალი მათთვის, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები კი, ვინც დღეს აქ ნახსენები არაა, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი ამერიკის დიპლომატიური უწყების მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აცხადებს.
როგორც კრამერი ამბობს, ეს ნაბიჯი ამერიკის მხრიდან საჭირო გახდა და ხალხს უნდა ესმოდეს: "ეს არაა ქვეყნის, ან ქართველების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი".
„ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იგივეს გააკეთებს“, - ამბობს დევიდ კრამერი.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.