"ქართულ ოცნებას" გუშინ მეხი დაეცა, ზუსტად იმ წერტილში მოხვდა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ სამარეში მიდის" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" გუშინ მეხი დაეცა, ზუსტად იმ წერტილში მოხვდა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ სამარეში მიდის"

მეხი დაეცა გუშინ „ქართულ ოცნებას", ზუსტად იმ წერტილში მოხვდა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - პოლიტიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" მიდის პოლიტიკურ სამარეში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ ფლანგზე კოორდინირებული მუშაობაა საჭირო და დღეიდან უნდა გადავიდნენ ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიულ გეგმაზე.

"ძალიან ბევრჯერ გვითქვამს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების თავზე შავი ღრუბლები ჩამოწვა. ასეთ დროს მერე ეს დაგეცემა წვიმის, სეტყვის ან მეხის სახით და მეხი დაეცა გუშინ "ქართულ ოცნებას", ჯერჯერობით პატარა მეხი დაეცა, რომელიც ზუსტად იმ წერტილში მოხვდა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. დღეიდან დაწყებული, ეს პროცესი უკვე შეუქცევადია. სადაც არ უნდა გაიხედო ხელისუფლების საქმიანობის სფეროში, ყველგან არის დასასანქცირებელთა სია, იქნება ეს სამთავრობო პროპაგანდისტული არხები, ხელმძღვანელობა, დამფუძნებლები თუ წამყვანი პირები, პროკურორები თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, უკრაინის სანქციების სიაში მოყოლილი ადამიანები, პროპუტინისტური კლანი "ხალხის ძალად" რომ იწოდება, რომლებმაც ორი რუსული პროექტი წარადგინეს, საპარლამენტო ხელმძღვანელობაც, რა თქმა უნდა, მოიაზრება.

პირველად ამ 11 წლის მანძილზე სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა სიტყვა პერსონალური პასუხისმგებლობა, რომელიც ეხებოდა ყველა იმ დეპუტატს, რომელიც მისცემდა ხმას აგენტების კანონს, შემთხვევით არც ერთი სიტყვა დიპლომატიაში არ არსებობს. მისი წარმომადგენელი იყო შუაღამით ღარიბაშვილს რომ დაურეკა, გააღვიძა და უთხრა, რომ სანქციები ელოდებათ, თუ ამ კანონს არ ჩააგდებენ. მაშინ ალბათ უთხრეს, რომ ივანიშვილის სანქცირების დრო მოახლოვდა და ახლა ცოტა შორიდან დაიწყეს.

სანქციები ბევრ რამეს შეცვლის, პოლიტიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" მიდის პოლიტიკურ სამარეში, დროისა და ტექნიკის საქმეა, მაგრამ ოპოზიცია ილუზიას არ უნდა მიეცეს, რომ ყველაფერი თავისით მოხდება, გვჭირდება გაათმაგებული მუშაობა ოპოზიციურ ფლანგზე ყველა მიმართულებით პარლამენტში იქნება, საგარეო ფრონტზე, თუ ქუჩაში. ჩვენ დღეიდან უნდა გადავიდეთ ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიულ გეგმაზე, ეს იქნება 2024 წლის არჩევნები თუ იქნება რიგგარეშეც მოხდეს, საღი, პრაგმატული გონებით უნდა ვიაროთ წინ,"- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, კობახიძის განცხადება სატელეფონო ზარებზე ივანიშვილის ნაკარნახევი იყო.

"იმდენად აბსურდი, არასერიოზული, არადიპლომატიური, ანტისახელმწიფოებრივია, რომ კობახიძეს, რომელსაც იურიდიული განათლება აქვს, ეს სისულელეები არ მოუვიდოდა თავში, ივანიშვილმა დაურეკა და უკარნახა, რომ დააშანტაჟებს ამერიკას და ევროპას. როცა ამბობ, რომ ჩანაწერი გაქვს, ეს ჩანაწერები ყველა არის უკანონო, ამის გაკეთების რესურსი აქვს რუსეთს, თორემ სუს-ს ერთი აგენტი ვერ დაუჭერია და თუ სუს- მა გააკეთა, სახელმწიფოებრივი დანაშაულია და არათუ სანქციები, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუწესდება ყველა იმ ადამიანს, როცა ხელისუფლება შეიცვლება,"- აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე თქმით, კობახიძის განცხადებას, რომ ბლინკენი "გასვარეს" და დასანქცირების უკან კორუფცია დგას, არავინ დაიჯერებს და მსგავსი განცხადებები საკუთარი მოსახლეობის შეურაცხყოფაა.

"ეს განცხადება მიმართულია მოქალაქეებისადმი, ჰგონია, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან ბრიყვები. არავინ ამას არ იჯერებს, რომელმა შეიძლება დაიჯეროს თუ ერთეული ზომბირებული "ქოცი" არაა, რომელსაც იშვიათად ვხედავთ. როცა ადამიანი ამას ამბობ, უკიდურესად ამცირებ შენს ხალხს, რომელიც გგონია ბრიყვი, გაუნათლებელი და გგონია კენკავს ნებისმიერ საკვებს.

სისულელეა, როცა ახსენებ კორუფციას და ბლინკენს, გამოდის, რომ მისი აპარატი და გარემოცვა არის კორუმპირებული და ისიც არის წილში, ამ თემაზე საუბარი არასერიოზულია, ორღობის პოლიტიკოსიც კი არ საუბრობს ამ სიტყვებით. ეს არის ანტიამერიკული გზავნილები, რომლის ერთადერთი ადრესატი ხალხის გაბრიყვების გარფა შეიძლება იყოს რუსეთი. ივანიშვილი ეუბნება რუსეთს, ხომ ხედავ როგორ ავუხტი ამერიკას და რა სიტყვები ვაკადრე,"- განაცხადა გოცირიძემ.

IPN