"ამერიკელებმა ჩვენი დასჯა ძალიან რბილი ქმედებებით დაიწყეს, უფრო მკაცრი სანქციების გატარებაც შეუძლიათ"
საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. სახელმწიფო მდივნის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად", - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
რაზე მეტყველებს ეს პრეცედენტი? სანქციები მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების პრობლემად დარჩება თუ ქვეყნის იმიჯსაც დააზიანებს? უნდა ველოდოთ სანქცირებულთა სიის გაზრდას თუ არა? ამ კითხვებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს თენგიზ ფხალაძეს მივმართეთ:
- ეს ფაქტი ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენაა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან დღემდე. მე არ მახსოვს, რომ არა მარტო ამერიკას, საქართველოს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას სანქციები გამოეყენებინოს. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ოთხი ქართველი მოსამართლე ამერიკაში ჩასვლას ვეღარ შეძლებს, ეს არის პოლიტიკური განაცხადი, მინიშნება იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან სერიოზული პრობლემები. სხვათა შორის, ამ პრობლემების არსებობის შესახებ ჩვენი პარტნიორები საკამაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიგვითითებდნენ. ჩვენ არაფერი შევისმინეთ და არაფრისგან არ გამოვიტანეთ შესაბამისი დასკვნები. როდესაც პარტნიორებისგან ვიღებთ უზარმაზარ თანხებს დემოკრატიის განვითარების, სასამართლოსა თუ სხვა ინსტიტუტიციებში რეფორმების ჩასატარებლად და არ ვითვალისწინებთ მათ მითითებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვატყუებთ. ამის გამო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვაძლევდნენ შენიშვნებს, მაგრამ ჩვენ ძველებურად ვიღებდით ფულს და არ ვატარებდით რეფორმებს, ფაქტობრივად, პარტნიორებს ვაიგნორებთ. საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ, რომ კონკრეტულ ქმედებაზე გადასულიყვნენ. საქართველოსთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან ცუდი შედეგის მომტანია. ქვეყანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავს იწონებდა, როგორც ლიდერი რეგიონში - რეფორმების გატარებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, დღეს ძალიან ცუდი ფაქტის წინაშე აღმოჩდა. ჩვენ ამერიკისგან მივიღეთ გაფრთხილება - დამთავრდა რიტორიკის დრო, დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებები აღარ დარჩება დაუსჯელი. მთელ ამ ამბავში ერთი რამ არის გასათვალისიწენებელი - ამერიკელებმა ჩვენი დასჯა ძალიან რბილი ქმედებებით დაიწყეს. მათ, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრი სანქციების გატარებაც შეუძლიათ, მაგრამ ითვალისწინებენ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს, ასევე, იმ ფაქტს, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ.
- ჩვენ მოვისმინეთ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის - ჯიმ რიშის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა. თუმცა ამის პასუხად საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბევრი თემა აქვთ, მათ შორის - სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან და ამერიკელ პარტნიორებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს. თანაც აფრთხილებს, წესებით დაგველაპარაკეთ, ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებითო. პროცესების როგორ განვითარდებას უნდა ველოდოთ, როგორი იქნება "ქართული ოცნების“ შემხვედრი ნაბიჯი?
- ირაკლი კობახიძის ეს განცხადება რომ არაადეკვატურია, ამის მტკიცებას აღარ დავიწყებ. ცალკე საკითხია, თუ რატომ დაიჩემა "ქართულმა ოცნებამ“ ცალ ფეხზე დგომა. ნახეთ, რამდენი საშიში რამ არის ამ ერთ განცხადებაში. რას გულისხმობს კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ სატელეფონო საუბრები აქვს. პარტნიორებს ეუბნება, ქვეყანაში ტოტალური მოსმენები და თვალთვალი გვაქვსო?! ირაკლი კობახიძის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების კომენტარები სრულიად აცდენილია კონტექსტს. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ცხელ გულზე თქვეს და ამ რიტორიკას მალე შეცვლიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება დასავლეთიდან და ეს კიდევ უფრო მეტად მტკივნეული იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.
- შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის განცხადებები რიგ შემთხვევებში არაადეკვატურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ არ დაასანქცირეს ამერიკელმა პარტნიორებმა ეს მოსამართლეები მაშინ, როდესაც ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა?
- ზუსტად იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ძალიან ცდილობდა, საქმე აქამდე არ მისულიყო. ალბათ, გახსოვთ ვაშინგტონის როლი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების საქმეში. ამერეკელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ისე, როგორც ჩატარდა და "ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლება გადაებარებინა "ქართული ოცნებისთვის“. ეს მაშინ სანქციების გარეშე მოხერხდა. ახლაც ძალიან ბევრი მცდელობა იყო, რომ სანქციებამდე არ მისულიყო საქმე. უბრალოდ, ამჯერად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაქციები არ იყო, შედეგიც შესაბამისი დადგა.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე