რუსეთმა ინგუშეთის სოფელში საკუთარი "მინი-ომი" მიიღო... - კვირის პალიტრა

რუსეთმა ინგუშეთის სოფელში საკუთარი "მინი-ომი" მიიღო...

საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრიდან სულ რაღაც 80-იოდე კმ-ში რუსეთის არმიას და როსგვარდიას 6 აპრილის დილიდან ნამდვილი "მინი-ომი" აქვთ გაჩაღებული - ისინი ინგუშეთის რესპუბლიკის მალგობეკის რაიონში სოფელ ზიაზიკოვ-იურტს მთელი ძალებით უტევენ და უკვე 11 მებრძოლი დაეღუპათ და დაეჭრათ, მაგრამ ვის ებრძვიან რუსი ძალოვნები ჩრდილო კავკასიაში? ნუთუ უკრაინული სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა ასე ღრმად შეაღწია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე?

რუსეთის არმიას, რომელსაც 9-თვიანი ბრძოლების შედეგად ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუპყრია ერთი პატარა უკრაინული ქალაქი - ბახმუტი, ახლა თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაუნდობლად ესვრის და ანადგურებს ერთ კიდევ უფრო პატარა ინგუშურ სოფელს, იქ გამაგრებული შეიარაღებული პირების სალიკვიდაციოდ...

რუსი პროპაგანდისტების განცხადებით, ამ ინგუშურ სოფელში ბლოკირებულია "ბოევიკთა" იგივე ჯგუფი, რომელმაც ჯერ კიდევ 27 მარტის ღამეს შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებულ საგზაო-საპატრულო პოსტზე, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიჭრა.

რუსეთის ძალოვნებმა ინგუშეთის მალგობეკის რაიონი კონტრტერორისტული ოპერაციის ზონად გამოაცხადეს და გადაკეტეს საავტომობილო გზები.

ის ფაქტი, რომ ორმხრივი ინტენსიური სროლა ინგუშეთის ამ სოფელში უკვე საათობით მიმდინარეობს, იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის სახლებში გამაგრებულები გამოცდილი მებრძოლები უნდა იყვნენ, რომლებიც მედგარ წინააღმდეგობას უწევენ და უკვე 11 რუსი ძალოვანი გამოიყვანეს მწყობრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ როსგვარდია ჯავშანტექნიკასაც კი იყენებს.

ეს ყველაფერი კი იმას მიუთითებს, რომ მეზობელ უკრაინაზე თავდასხმის ფონზე, რუსეთს ბოლომდე არ აქვს მოგვარებული მრავალწლიანი პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში.

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ერთგულება პუტინის მიმართ მხოლოდ ჩეჩნეთის საზღვრებში რჩება (თუმცა თავად ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც არცთუ იშვიათად ხდება თავდასხმები რუს სამხედროებსა და პოლიციელებზე) და კადიროვის გავლენა ნაკლებად ან საერთოდ არ ვრცელდება მეზობელ ინგუშეთსა და დაღესტანზე.

2-kont-1680773066.png
კადიროვი თავისი „მინი-არმიით“ დღეს კი ერთგულებას უმტკიცებს პუტინს, მაგრამ ხვალ ის კრემლის პირველი მტერი შეიძლება გახდეს ჩეჩნეთის და შეიძლება, მთელი ჩრდილოეთ კავკასიიის მასშტაბით...

რუსეთს ერთი სერიოზული "წაფორთხიალებაც" ეყოფა უკრაინის ფრონტზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გააქტიურდნენ ადგილობრივი არაფორმალური შეიარაღებული რაზმები, რომელთათვისაც მათ მშობლიურ მიწაზე ავტომატიანი რუსი ისეთივე ოკუპანტია, როგორც უკრაინელებისთვის თუ ქართველებისთვის...

უფრო მეტიც, თვით რამზან კადიროვის ოციათასკაციანი, კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი "მინი-არმიაც" კრემლისთვის უდიდეს თავსატეხად შეიძლება გადაიქცეს, თუკი მოსკოვი კადიროვს ყოველწლიური 300 მლრდ რუბლის "დოტაციას" შეუწყვეტს...

ინგუშურ სოფელ ზიაზიკოვ-იურტს რუსი ძალოვნები ყუმბარსატყორცნებითა და ნაღმსატყორცნებით გადაბუგავენ და იქ გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის წევრების ლიკვიდაციასაც ეტყობა მოახერხებენ, მაგრამ ხვალ, ზეგ უკვე ათობით ასეთი ახალი ჯგუფი ამოთხრის გადამალულ ავტომატებს და მორიგ თავდასხმებს მოაწყობს რუსი სამხედროებისა და პოლიციელების პოსტებზე, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით...

პუტინმა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცის, რა დონის "კატა გამოთხარა", ამ "თხრა-თხრაში" - უკრაინა პატარა საქართველო არ არის, რომლის ორი ნაწილის "ჩაყლაპვა" მას "ყელზე არ დაადგა", უკრაინის ფრონტზე რუსეთის არმიის დიდად სავარაუდო მომავალი წარუმატებლობები ავტომატურად გაამწვავებს სიტუაციას თავად რუსეთის შიგნით, მათ შორის - იმ მობილიზებულების ხარჯზე, რომლებიც მასობრივად დაიწყებენ დეზერტირობას ბრძოლის ველიდან და "კალაშნიკოვებით" ხელში უკვე უშუალოდ რუსეთის ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში გამოჩნდებიან, მით უმეტეს, რომ ასეთი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება უკრაინის საზღვრის მიმდებარე რუსულ დასახლებულ პუნქტებში...