"თითქოს განგებას უნდოდა, ერთმანეთი გვეპოვა და ჩვენი ტანდემი შემდგარიყო"
"დავიბადე ბედნიერი სულის მატარებელ შემსრულებლად და მაქვს საშუალება გაგინაწილოთ ეს დროსტარება და წარმატება!!! სიმღერა არის სიყვარული, სითბო, ღიმილი, უკიდეგანო ეროტიკის ენერგია, რომლითაც იბადება მომღერალი; ეს არ არის ბრძოლა, მუსიკა სიამოვნების მწვერვალია!.. გელოდებათ ქართულ-ამერიკული შოუ! უნიკალური მუსიკოსები და მე! ბევრი სიურპრიზი... არ გამოტოვოთ არც ერთი წუთი, ცხოვრება მიქრის! გელოდებით ყველას სიყვარულის ზეიმზე!!!" - ეს პოსტი მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა თავის "ფეისბუკ"-გვერდზე კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.
როგორც ხელოვნის თაყვანისმცემლები ამბობენ, ნუცას რეკლამა არ სჭირდება, მთავარია, "დაიძახოს" და მის მოსასმენად უამრავი ადამიანი მივა. მართლებიც აღმოჩნდნენ - კონცერტმა, სახელწოდებით NEW ERA , რომელიც ნიუ-იორკში, Oceana theater–ში გაიმართა, სრული ანშლაგით ჩაიარა.
სიმღერების გარდა, სცენაზე წარმოდგენილი იყო ნუცა შანშიაშვილის ახალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
- ამ კონცერტისთვის, დაახლოებით, 1 წელი ვემზადებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა...
- კონცერტს "ახალი ერა" რატომ დაარქვით?
- კოვიდ-პანდემიის მერე, ვფიქრობ, სამყარო ახალი განვითარების ეტაპზე გადავიდა. მოგეხსენებათ, კონცერტში სხვადასხვა ეროვნების ვარსკვლავი მონაწილეობდა - ეს ერთგვარი მინიშნებაცაა იმის, რომ მომავალში მთელი სამყარო სიყვარულით გავერთიანდებით და ეს გარდაუვალია! ახლა კაცობრიობა ძალიან რთულ გზას გადის, მაგრამ მოვა დრო, როცა მივალთ სწორ გლობალიზაციამდე და არა ისეთამდე, რისიც ხალხს ეშინია, თითქოს, რაღაც კონკრეტულმა ჯგუფმა უნდა გაგვაერთიანოს და დაგვიმონოს. ასეთს - არა, მაგრამ სწორ გლობალიზაციას ვემხრობი, როცა ერთმანეთის სიყვარულში გაერთიანდება მთელი კაცობრიობა და, პირველი რიგში, ამას ეძღვნებოდა ჩემი პერფორმანსი.
- კონცერტის დასაწყისში მაყურებელს უჩვენეთ ნახატებით აწყობილი ფილმი...
- დიახ, ეს არის ფილმი, აწყობილი ჩემი ნახატებით, რომელიც ახლო მომავალში ბერლინის კინოფესტივალზე გაიგზავნება, როგორც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ვფიქრობ, ძალიან ლამაზადაა გაკეთებული, ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის და, საერთოდაც, ყველაფერში ძალიან მეხმარება ჩემი ბიზნესპარტნიორი, ასაკით პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ალექსანდრე ზაზარაშვილი. ჩვენ ეს ფილმი ერთად ავაწყვეთ...
- ის ადამიანები, რომლებიც კონცერტს დაესწრნენ და საკუთარი ემოციები გამიზიარეს, აღნიშნავდნენ, რომ როგორც ყოველთვის, საოცარი დღესასწაული მოაწყვეთ...
- ჩემთვის ყველაზე საინტერესო, შთამბეჭდავი იყო ახლებურად შესრულებული "ჰავა ნაგილა", სადაც მინდოდა ბიბლიური თემის - როცა მოსემ ებრაელი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა - ტრაგიზმი და ფილოსოფია გადმომეცა და მგონი, გამოვიდა... კონცერტი ვერ იქნებოდა ასეთი კარგი, რომ არა ის ადამიანები, რომლებიც მხარში მედგნენ: ალექსანდრე ზაზარაშვილი, ჯაზ ვარსკვლავები - Yaacov Mayman jazz band. იცით, როგორ ვარსკვლავებზეა ლაპარაკი? ფორტეპიანო - რუსლან აგაბაბაევი, უნიკალური დრამერი - ალექსანდრა მეიმანი (მოგილევიჩი), ბასი - ოლეგ ოსენკოვი, საყვირი - გილ ექსელი, საქსოფონი - იაკოვ მეიმანი, გიტარა - ჩვენი ქართველი ლეგენდა გია ფეიქრიშვილი; ასევე, მონაწილეობდა ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მევიოლინე და კარგი ადამიანი - სალომე ლომიძე; კოსტიუმებზე იმუშავა ცნობილმა დიზაინერმა იამამოტომ. სამოსი იყო ზუსტად მორგებული და მმუხტავდა იმ ემოციით, რაც მჭირდებოდა. კონცერტში, ასევე, მონაწილეობდა ბალეტის დივა მანო მიქაძე, რომელმაც დაამშვენა სიმღერა "ტანგო". მიქსი გავაკეთე არგენტინული ტანგოსა და ქართული ემოციური თემატიკის დახმარებით. როცა ამ სიმღერას ვასრულებდი, წითელი სამოსი მეცვა, მანოს - ყვითელი. ჩვენი ნომერი უკრაინისა და რუსეთის ბრძოლას ჰგავდა, საბოლოოდ მანო "მაგდებს" და ფეხს მადებს, მერე კი ისეთ პოზას იღებს, როგორსაც გამარჯვებული არწივი. აი, ასეთი, სანახაობებით დახუნძლული, ძალიან ემოციური კონცერტი გაიმართა...
- ამ კონცერტის მსმენელი და მაყურებელი, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები იყვნენ?
- არა მარტო ქართველები. ძალიან ბევრი ებრაელი დადის ჩემს ყველა კონცერტზე, ასევე, სხვა ეროვნების ხალხიც, ვინც ჩემი მუსიკის მსმენელია და მათ შორის - ამერიკელიც ბლომად შევნიშნე. ძალიან გამახარა ჩემმა პედაგოგმა, რომელიც კუნ-ფუს მასწავლის - პეგი ჩუ ჩემს კონცერტს დაესწრო და თანაც, ძალიან ძვირფასი ნეფრიტის დრაკონით დამასაჩუქრა, თან მითხრა: ასეთივე დრაკონი ხარ სცენაზეო (იღიმის).
- ამ საბრძოლო ხელოვნების შესწავლა რამ გადაგაწყვეტინათ?
- ძალიან მიყვარს იაპონური, ჩინური, ინდური კულტურა და, საერთოდაც, რაც ამ დედამიწაზე საინტერესო და მისტიკური არსებობს, ვცდილობ, ყველაფერი შევისწავლო. სხვათა შორის, სპორტის ამ სახეობაზე ჩემი შვილიც დადის და მხოლოდ წელს უკვე 4-ჯერ აიღო ოქროს მედალი. ვფიქრობ, ამ სფეროში კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევს.
- სიყვარულით მიღწეული გლობალიზაცია ახსენეთ. ნამდვილად გჯერათ, რომ საბოლოოდ მსოფლიოს ხალხები ერთმანეთს შეიყვარებენ და ეს გაგვაერთიანებს?
- რა თქმა უნდა, თავად განგება, სამყაროს შემქმნელი მიგვიყვანს აქამდე. ჩანაფიქრი გარდაუვალია: პატარა სამყარომ უნდა გაანათოს კოსმოსის დიდი ტერიტორია, ამიტომ, როგორც ყველა ბრძნულ ტრაქტატში წერია: ბიბლიაში, თორაში, ყურანში, ვედებში... საბოლოოდ, კაცობრიობა ან მივა ამ გაცისკროვნებულ წერტილამდე, ან შეწყვეტს არსებობას. მე მჯერა მხოლოდ ნათელი მომავლის.
- მინდა, ალექსანდრე ზაზარაშვილზეც გკითხოთ. როგორ დამეგობრდით?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ კონცერტზე წარმოვადგინეთ ალექსანდრეს სიმღერა ახალი ალბომიდან. მერწმუნეთ, ძალიან მაგარ ალბომს ამზადებს და შემოდგომაზე კონცერტიც ექნება. სერიოზული, ექსტრაორდინარული ბავშვია და ისეთი, რომელსაც დიდი მომავალი ელის... ერთმანეთი დავით ღვინიანიძემ გაგვაცნო მარგარიტა კაგანის დაბადების დღეზე. თითქოს განგებას უნდოდა, ერთმანეთი გვეპოვა და ჩვენი ტანდემი შემდგარიყო. შემდეგ ერთად დავიწყეთ "ნუცარტის" პროდუქციის კეთება; ჩემი ნახატებით, ფაქტობრივად, ლექსომ შექმნა ყველაფერი და მერე გავხსენით ონლაინმაღაზიაც, სადაც წარმოდგენილია ძალიან ლამაზი ნამუშევრები - ჩემი ნახატებით დაპრინტული ტანსაცმელი, აქსესუარები... ლექსო ხელოვნებას ემსახურება, მეც - ასევე და ერთურთს ვუნაწილებთ ემოციებს. ეს ურთიერთობა ჩემთვის ძვირფასია.
- იშვიათია, როცა უკვე ცნობილი, ძალიან წარმატებული მომღერალი ნიჭიერ, მაგრამ მაინც ახალგაზრდა შემსრულებელს მხარში ამოიყენებს.
- პრინციპში, მე უფრო მიდგას ალექსანდრე მხარში. ერთად დიდ საქმეს ვაკეთებთ. კიდევ ვიმეორებ, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასეთი ადამიანი მაჩუქა, რომელიც ერთგულია და ყველაფერში დაუზარლად მეხმარება. ცხადია, მეც შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ვეხმარები და მჯერა, ძალიან კარგი მომავალი ექნება... საერთოდ, მიმაჩნია, რომ ხელოვნება ის სფეროა, სადაც არ შეიძლება, არსებობდეს შური, ბოროტება. ჯანსაღი კონკურენცია - რა თქმა უნდა, ამის გარეშე არაფერი გამოვა. იცი, რას ვგულისხმობ? აი, მუსიკას რომ მოისმენ და გაიფიქრებ: ვა, რა მაგარია, მაგრამ მოიცა, მე უფრო მაგარს გავაკეთებო! სხვანაირი შური კი ჩემთვის წარმოუდგენელია. ყველა ნიჭიერი ხელოვანი ერთმანეთს უნდა უწყობდეს ხელს.
- კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ცდილობს ამერიკაში წარმატების მიღწევას, ნუცა ბუზალაძეს ვგულისხმობ...
- ძალიან ვგულშემატკივრობ ჯერ მარტო იმიტომ, რომ ნუცა ჰქვია, ერთი სახელი გვაქვს (იცინის). ღმერთმა ხელი მოუმართოს. პატარა გოგოა და ამდენი რაღაც "მოიკიდა მხრებზე", გამუდმებით იბრძვის. ბევრი წლის წინ მეც ვმონაწილეობდი კონკურსებში, ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და ვიცი, რამდენად რთულია, იყო კონკურსანტი, რამხელა შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. კონკურსებში მონაწილეობა ემსგავსება გაუთავებელ ბრძოლას და რაღაცის დამტკიცების მცდელობას. ღმერთს ვთხოვ, ნუცას მისცეს გაძლება, ენერგია და ყველაზე მთავარი, იმის აღქმა, რომ ცხოვრებაში ხელოვნისთვის მთავარი მაინც ხელოვნებაა და სიმღერა - საკუთარი სიამოვნებისთვის. მთელი გულით ვუსურვებ, მალე შეექმნას თავისი სოლო ისტორია, სოლო პერფორმანსი. რასაც ახლა გადის, ეს მომღერლისთვის გარდაუვალი გასავლელი გზაა და ცხადია, ძალიან ვგულშემატკივრობ.
- დაბოლოს, თქვენი მსმენელი ახალ კონცერტს როდისთვის უნდა ელოდოს?
- მალე დავიწყებთ მზადებას ახალი შოუსთვის, რომელიც სულ სხვა თემატიკის იქნება, მანამდე კი "ახალი ერით" გასტროლებზე მოგვიწევს წასვლა.
- კონცერტის საქართველოში მოწყობა თუ არის თქვენს გეგმებში?
- ნამდვილად არის და იმედია, ამასაც მოვახერხებთ...
ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)