"დღეს თეატრში სიარული მოდურია. მაყურებლის უმრავლესობამ წინასწარ არ იცის თეატრში რა დახვდება, მაგრამ ბილეთის ყიდვის ინტერესი მაინც აქვს"
ლუკა ინწკირველი: "მშობლებმა ჩემი სპექტაკლი პირველად შარშან ნახეს"
კინოსამყარო იზიდავდა, განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმები, მაგრამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტი რომ გახდა, სწავლის პროცესი ბოლომდე მიიყვანა - თეატრმა ჩაითრია. დღესდღეობით ლუკა ინწკირველი ბორჯომის სახალხო თეატრის მთავარი რეჟისორია. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"დავიბადე და გავიზარდე ქობულეთში, სადაც თეატრი არ იყო და არც დღეს არსებობს. ფაქტობრივად, სანამ ჩავაბარებდი, თეატრისადმი ინტერესი არც მქონდა. ვფიქრობდი სახელოვნებო სფეროზე, მაგრამ კინოს მიმართულებით..."
"სწავლის მომენტში ჩვენი პედაგოგები ბევრ შეცდომაზე მიგვითითებდნენ, რომლის გამოსწორებაზეც ფიქრსა და სურვილში, პატარ-პატარა შედეგები დგებოდა. შენი სათქმელი მაყურებლამდე რომ მიდის იმ გზით, როგორც შენ გქონდა ჩაფიქრებული, ეს ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. მთელი ეს პროცესი ჩემთვის ერთიანად მომნუსხველი გახდა და საბოლოოდ ამ სფეროში დამტოვა..."
"ვფიქრობ, მაყურებლის უმრავლესობამ წინასწარ არ იცის თეატრში რა დახვდება, მაგრამ ბილეთის ყიდვის ინტერესი მაინც აქვს, რადგან ითვლება, რომ თეატრში სიარული მოდურია. ეს სულაც არ არის ცუდი, მთავარია, მაყურებელი მოდის და უკვე შენი პასუხისმგებლობაა, რას დაახვედრებ და როგორ „გაზრდი“ სპექტაკლის მსვლელობის განმავლობაში..."
"ჩემი მშობლები ქობულეთში ცხოვრობენ. მათ ჩემი არც ერთი სპექტაკლი ნანახი არ ჰქონდათ და პირველად შარშან ნახეს. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მინდოდა ჩემს სპექტაკლს დედ-მამა, მეზობლები, სკოლის მასწავლებლები, მეგობრები დასწრებოდნენ და თავად ენახათ ის, რაზეც იქამდე შორიდან ესმოდათ. იმ ხალხის წინაშე ჩემი სპექტაკლის წარმოდგენა, ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 6 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე