"მირჩევნია, ახალგაზრდას ტატუ ჰქონდეს, ვიდრე "ჩაცუცქული" და უსაქმური იყოს..." - კვირის პალიტრა

"მირჩევნია, ახალგაზრდას ტატუ ჰქონდეს, ვიდრე "ჩაცუცქული" და უსაქმური იყოს..."

როგორია ფოტოჟურნალისტის თვალით დანახული საქართველო

"არ შეიძლება ერთი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორე ხელით მოყვასს სამარეს უთხრიდე!"

"ფოტოგრაფია ჭეშმარიტებაა", - წერდა ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი. ფოტოგრაფიას მართლაც შეუძლია, ზედმიწევნით ასახოს არა მხოლოდ ადამიანის განწყობა და ხასიათი, არამედ იმ ეპოქის სული, რომელშიც ვცხოვრობთ. როგორია ფოტოჟურნალისტის თვალით დანახული თანამედროვე საქართველო? - ამ საკითხზე სასაუბროდ გოგა ჩანადირს მივმართეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ახალგაზრდებმა სულითა და გულით დაიცვეს ის, რაც მათთვის ძვირფასია - ადამიანის უფლებები და საქართველოს თავისუფლება. მე მართლა მახარებს, რომ ძალიან ნიჭიერი, ლაღი ახალგაზრდობა მოდის, რომელსაც ვერ მოატყუებ. ისინი თავისუფლები არიან საბჭოური მენტალიტეტისგან. თანამედროვე ინფორმაციის ეპოქაში ცხოვრობენ, ბევრი რამ იციან, მათთვის ბევრი რამ ხელმისაწვდომია. კარგად ხედავენ, ვინ არის გულწრფელი..."

"ჩემთვის საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანს საყურე უკეთია თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, როგორი ადამიანია, რას ფიქრობს და რას აკეთებს. ეს ახალგაზრდები არავისზე დამოკიდებულნი არ არიან. როცა ვინმეს მხოლოდ სამოსითა და გარეგნული იერით აფასებენ, ე.ი. მეტი სათქმელი აღარ აქვთ და მხოლოდ მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას. რეალურად, ამ ახალგაზრდებს არაფერი აკლდებათ იმით, რომ საყურე უკეთიათ ან გრძელ თმას ატარებენ..."

"მარტო თინეიჯერებს კი არა, თითქმის ყველა ცნობილ ფეხბურთელს, ცნობილ მომღერალსა და ტელევარსკვლავს აქვს ტატუც, საყურეც, მაგრამ ამით რამე უშავდებათ? როცა ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, მიკვირს, რადგან ამგვარი მიდგომა არასერიოზულია. დიახ, თინეიჯერები ხშირად ჰბაძავენ საყვარელ მსახიობებს, მომღერლებს თუ ფეხბურთელებს. ამიტომ, მათ გარეგნულ იერს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ: მირჩევნია, ახალგაზრდას ტატუ ჰქონდეს, ვიდრე "ჩაცუცქული" და უსაქმური იყოს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 6 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე