"ღმერთი გრგვინავდა" - როგორი იყო დემეტრე თავდადებული უცხოელთა წარმოდგენებში - კვირის პალიტრა

"ღმერთი გრგვინავდა" - როგორი იყო დემეტრე თავდადებული უცხოელთა წარმოდგენებში

ძველ ფრანგულ მატიანეში ("l’histoire Generale") დემეტრე თავდადებულზე ერთ საოცარ ამბავს გადავაწყდი, მეტად ამაღელვებელს…

1281 წელს ჯვაროსნები, მონღოლები და ქართველები ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ დაიძრნენ... ქართულ ლაშქარს ახალგაზრდა დემეტრე თავდადებული სარდლობდა.

ოქტომბერში მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაპირისპირება მოხდა. მონღოლურ-ქართულ-ჯვაროსნული კოალიცია ეგვიპტელ მამლუქებს დაუპირისპირდა. დემეტრემ მოწინავეობა მონღოლთა ლაშქრის სარდალს - მონქეს სთხოვა. ტრადიციულად, ქართველები მონღოლთა არმიაში მოწინავეები იყვნენ, "ქართლის ცხოვრება" ამასთან დაკავშირებით შენიშნავს კიდეც: "წესადამცა არს წინამბრძოლობა ქართველთა".

კოალიციური ლაშქრის სარდალმა დემეტრეს თხოვნა შეასრულა.

ცნობილია, რომ ეგვიპტელი მამლუქები მთელ აღმოსავლეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. ხსენებულ ფრანგულ მატიანეში აღნიშნულია, რომ მამლუქებმა მონქეს კოალიციური არმიის ის ნაწილები, რომლებიც მონღოლთა და ჯვაროსანთაგან შედგებოდა, უკუაქციეს, დაჭრეს კოალიციური ლაშქრის მეთაური მონქეც, მაგრამ იმ ფლანგზე, სადაც ქართველები იბრძოდნენ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, აქ მტერი უკუიქცა (le même changement n’arriva pas dans l’aîle droite, où combattoit cinq mille Georgiens - იგივე ცვლილებები არ მომხდარა მარჯვენა ფრთაზე, სადაც ხუთი ათასი ქართველი იბრძოდა - "l’histoire Generale"- ფრანგ. მატიანე).

როცა ქართველთა მეფემ გაიგო, რომ მთავარი ლაშქარი დამარცხდა, მან უკანდახეულ ძირითად ლაშქართან შეერთება გადაწყვიტა. წყარო აგრძელებს, რომ სწორედ ამ დროს, უკვე გამარჯვებული და დაღლილი ქართველების წინააღმდეგ, თადარიგიანმა სულთანმა ქალავუნმა გამოიყვანა საუკეთესოთა შორის საუკეთესო მებრძოლები. დაიწყო კიდევ ერთი ბრძოლა, რომელიც იმაზე სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე - პირველი, მაგრამ ბრძოლის ველზე მხოლოდ ქართველთა რაზმი იყო დარჩენილი. სამხედრო ისტორიის არა ერთი მაგალითი გვაჩვენებს, რომ როდესაც უკვე ნაომარი, დაღლილი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება ახალი, დასვენებული შენაერთები, (თანაც, ელიტური, ყველაზე მაღალბრძოლისუნარიანი), მათ წინააღმდეგ უკვე ნაომარ და დაღლილ ლაშქარს თითქმის არანაირი შანსი არ აქვს. გაუგონარი სისასტიკის ბრძოლა შუა ღამემდე გაგრძელდა. მიუხედავად ქართველების გადაღლილობისა და მიუხედავად მამლუქთა ამ შენაერთის ელიტურობისა, ქართველთა მეფემ, რომელიც, ტრადიციულად, წყაროში სომეხთა მეფედაც იწოდება, მტერი ამჯერადაც მოიგერია.

(mais il fut arrêté par les Arabes, auſquels s’étoient joints les plus braves d’entre les Mamelus, ce qui l’obligea à recommencer un combat beaucoup plus ſanglant que hier, & qui dura juſqu’à la nuit , par laquelle ils furent ſeparez ſans avantag - იგი იქნა შეჩერებული არაბთაგან, რომლებიც მამლუქებს შორის ყველაზე მამაცები იყვნენ, რამაც იგი აიძულა ისევ დაეწყო ბრძოლა, კიდევ უფრო სასტიკი, ვიდრე წინა, რომელიც შუა ღამემდე გაგრძელდა, [ღამემ] ისინი გაყარა უპირატესობის გარეშე - "l’histoire Generale"- ფრანგ. მატიანე).

ქართული წყარო ამ შეტაკებაზე წერს, რომ ეს იყო "სასტიკი და ძლიერი ოდესმე ყოფილთა და გარდასულთა უდიდესი". ქართველთა მეფეს რამდენიმეჯერ მოუკლეს ცხენი, მაგრამ იგი წინა ხაზზე ბრძოლას მაინც არ წყვეტდა.

დემეტრეს სიმამაცით შეძრწუნებულმა ქალავუნმა ვერ გაბედა გაქცეულ მონღოლებზე და ჯვაროსნებზე დადევნება, ამგვარად, დემეტრემ მათი უსაფრთხო უკანდახევა უზრუნველყო.

...

შიკრიკმა მონღოლთა ყაენს, მსოფლიოს ისტორიის ამ ერთ-ერთი, ყველაზე სისხლიანი ბრძოლის ამბავი ასე გადასცა:

ალიყანი იბრძოდა, როგორც შევარდენი, მონქე, როგორც ვერძი, ებაგანი ვეფხვს ჰგავდა, იასბუღა კამეჩს, ქართველთა მეფეზე კი მონღოლურად თქვა: თენგრი მეთუ ქაურ ქურბაჳ - ღმერთი გრგვინავდა.

დემეტრეს სამხედრო სასწაულების თვითმხილველები გაკვირვებულები იყვნენ. მოხდენილი აღნაგობით და უმაგალითო სიმამაცით გამორჩეული ახალგაზრდა მეფე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა თანამედროვეებზე.

ძველი სამყაროს საუკეთესო მებრძოლებად მონღოლები, მამლუქები და ჯვაროსნები მიიჩნეოდნენ, ნიშნეულია, რომ ამ ბრძოლაში ქართული ლაშქარი სამივეზე მაღლა დადგა.

ამ ლომგული სიმამაცის გამო საქართველოს მეფეები უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ. ჯვაროსნებმა თავიანთი თვალით იხილეს ქართველთა ბრძოლით მოხდენილი სამხედრო სასწაული. ჩანს, სწორედ ამიტომ დაუკავშირდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ვალუა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოსაწყობად სწორედ დემეტრეს ვაჟს, გიორგი ბრწყინვალეს, ამავე მიზეზით ეგვიპტის სულთნები ქართველთა მეფეებს უდიდეს პატივს მიაგებდნენ, გიორგი ბრწყინვალეს სულთანმა ქრისტეს საფლავის კლიტეც კი უბოძა, (ამას გერმანელი პილიგრიმი ლიუდოლფ ზუდჰეიმიც ადასტურებს), შეუფასებელი სიმდიდრე, რომელიც ევროპელმა მონარქებმა ჯვაროსნული ლაშქრობებითაც კი ვერ დაიბრუნეს.