"აღარ ვიცი, საიდუმლო მაქვს თუ არა... მარტო ძალიან ბედნიერი ვარ!"
სახელი, გვარი: სალომე კაპანაძე.
ასაკი: 24 წლის.
ამჟამინდელი საქმიანობა: ბლოგერი.
ჰობი: სიმღერა, ხატვა, წერა...
ცხოვრების დევიზი: "ისე მოექეცი სხვას, როგორც გინდა, რომ თავად მოგექცნენ".
- სალომე, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?
- ძლიერ ქალს, რომელიც უამრავი პრობლემის მიუხედავად, უკან არასდროს იხევს.
- დღის რომელი მონაკვეთი გიყვარს განსაკუთრებულად?
- დღის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით - ღამე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ღამით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- როგორ სიზმრებს ხედავ?
- სიზმრებს იშვიათად ვხედავ. ძირითადად მაშინ, როცა სხვაგან ვრჩები, მაგალითად - მეგობართან ან სადმე ქალაქგარეთ, სასტუმროში... კოშმარები მესიზმრება: თითქოს საიდანღაც ვვარდები, რაღაც მომდევს, ვერ გავრბივარ (იცინის)...
- დაასახელე ყველაზე უცნაური პროდუქტი, რომლის რეკლამირებაც შემოუთავაზებიათ...
- ყველაზე უცნაური, რისი რეკლამაც რამდენიმე წლის წინ გავაკეთე და დღეს ვეღარ წარმომიდგენია, რომ ასე მოვიქცე, მამაკაცის წვერის საპარსი იყო. არ ვიცი, ჩემთან რა შუაში გახლდათ, მაგრამ რაღაცნაირად, ისე მოხდა, რომ რეკლამა გავაკეთე (იცინის).
- ბოლოს ვისგან და რის გამო მიიღე შენიშვნა?
- პატრულისგან. როგორც ყოველთვის, ყველგან მეჩქარება, ვაგვიანებ და ხანდახან ავტომობილს ისეთ ადგილას ვაჩერებ, სადაც ზუსტად ვიცი, აუცილებლად გაფრთხილებას მივიღებ ან ჯარიმას დამიწერენ. ბოლოს სწორედ ეს მოხდა: პარკირების გამო, პატრულისგან გაფრთხილება მივიღე.
- თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?
- "ბორშჩს". ძალიან მიყვარს. ჩემ გარშემო ეს ყველამ იცის...
- თავადაც ამზადებ?
- რამდენჯერმე ვცადე კიდეც, მაგრამ დედაზე უკეთესი არ გამომდის.
- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილის ახდენას სთხოვდი?
- ალბათ, უკვდავებას ავირჩევდი და ამით დავასრულებდი (იღიმის). დანარჩენი, რაც თავში მომდის, ყველაფერი მატერიალურ სურვილებს უკავშირდება...
- უკვდავება როგორ წარმოგიდგენია? ბევრ გულისტკენასთანაც იქნება დაკავშირებული...
- ცოტა ზედაპირულად გიპასუხე. უბრალოდ, პირველად ეგ მომივიდა თავში აზრად, თორემ სიკვდილზე მეტად, დაბერების მეშინია...
- დაბერების რატომ გეშინია? ესთეტიკური მედიცინა და პლასტიკური ქირურგია ხომ განვითარებულია...
- იმ პერიოდის მეშინია, როცა უკვე ფიზიკურად აღარ შემეძლება იმის გაკეთება, რაც ძალიან მიყვარს და რასაც ფიზიკურად კარგად ყოფნა სჭირდება.
- რას აკეთებ იმისთვის, რომ დიდხანს ჯანმრთელი და ახალგაზრდა იყო?
- ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ფიზიკურზე მეტად მნიშვნელოვანი მენტალური ჯანმრთელობაა. ამიტომ განსაკუთრებულად ვცდილობ, მენტალურად ყოველთვის კარგად ვიყო. ამისთვის ხშირად განვმარტოვდები ხოლმე - ქალაქგარეთ მივდივარ, რისთვისაც სპეციალურად გამოყოფილი დღეები მაქვს და ა.შ.
- სტრესთან გასამკლავებლად სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი...) დახმარება დაგჭირვებია?
- არა, მაგრამ ინტერესის გამო მივსულვარ. თუმცა ალბათ, კარგ სპეციალისტთან არ ვყოფილვარ, რადგან მასთან მეორედ მისვლის სურვილი აღარ გამჩენია: მიმაჩნია, რომ საკუთარ თავს უკეთ ვეხმარები, ვიდრე იქ რომ ვიჯექი და ჩემი პრობლემების შესახებ ვყვებოდი.
- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?
- საკუთარ თავს.
- რას "განიხილავთ"?
- ყველაფერს. მაგალითად, თუ რამის გაკეთებას დავაპირებ, ვცდილობ, პირდაპირ ჩემს თავს ვუთხრა, ველაპარაკო, რომ ჩანაფიქრის ხმამაღლა გაჟღერების შემთხვევაში, საკუთარი თავის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა მქონდეს და რისი გაკეთებაც გადავწყვიტე, აუცილებლად გავაკეთო. ფიქრებითაც და ხმამაღლაც ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ვესაუბრები.
- შენთვის ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა უთქვამთ ან მოუწერიათ?
- აუფ, ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ ვერ გავიხსენებ... ჩვენმა მამაკაცებმა მართლა უცნაური ფრაზები იციან (იცინის). ბევრი პირადი შეტყობინება მომდის, თუმცა ციტირებას ვერ გავაკეთებ...
- გოგონები გეფლირტავებიან?
- სხვათა შორის, კი, მაგრამ ჩემგან, რა თქმა უნდა, ინტერესს რომ ვერ ხედავენ, მეგობრულ ურთიერთობამდე მიდიან. ამიტომ ფლირტს აზრი არ აქვს.
- ვინ არის შენი მესაიდუმლე?
- ბოლო დროს, ჩემს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, აღარ ვიცი, საიდუმლო კიდევ მაქვს თუ არა (იცინის). იმდენი რამ გაჟღერდა და მოხდა, ალბათ ძალიან ცოტა საიდუმლო მაქვს. ჩემი მესაიდუმლეები ახლო მეგობრები და დედაჩემი არიან...
- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- არასოდეს. სულ მაქვს მოტივაცია, რაღაც გავაკეთო. ცხოვრებაში ისეთი "ჩავარდნა" და მძაფრი სიტუაციები არ მქონია, რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი, თორემ დაცემის პერიოდები ყველას გვაქვს, მერე უცბად აღმავლობაც იწყება... მსგავსი "ჩავარდნები" საჭიროც კია, მაგრამ ისეთ ფიქრებამდე არ უნდა მიხვიდე, რომ თავი უსარგებლოდ იგრძნო.
- ამჟამად, შენი მთავარი მოტივატორი რა არის?
- კონკრეტული - არაფერი. მოტივაციას ძირითადად ადამიანები მაძლევენ: მეგობრები, ოჯახის წევრები. შეიძლება მათთან ერთად რაღაცები გავაკეთო...
- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?
- ჩემთვის კომფორტული ზონა შეიძლება იქ იყოს, სადაც კომფორტი არ არის. ასეც ხდება (იცინის). გამორიცხულია, დღეში 1-2 საათით მაინც რომ არ განვმარტოვდე, თან - ღამის საათებში. ასეთ დროს თავს კომფორტულად ვგრძნობ. ფილმებს "ჩავუჯდები", ჩანახატებს ვწერ...
- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავდი?
- დიდ სახლს ვიყიდდი - აუცილებლად ისეთ ადგილას, როგორიც წარმოდგენილი მაქვს. სახლს ბევრ დანიშნულებას მივცემდი. ერთ-ერთი დანიშნულება ძაღლების თავშესაფარი იქნებოდა, რადგან სადმე რომ მივდივარ, ხშირად ვხვდები ძაღლს, რომლის შინ წამოყვანაც მინდა, მაგრამ გარემოება არ მიწყობს ხელს, რომ წამოვიყვანო, გამოვაჯანმრთელო, მოვუარო... ამიტომ სულ ვფიქრობ, ჩემი სივრცე მჭირდება, სადაც ძაღლებს წამოვიყვან ხოლმე...
- როგორ ფიქრობ, წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარება?
- ძალიან მებრძოლი ვარ. მაგალითად, გარკვეული რთული პერიოდის გადავლის მერეც რომ დაჯდები და ფიქრობ, რა გამოიარე, ჩემი აზრით, ეს უფრო რთულია, ვიდრე - ის, რაც გამოიარე. როცა დავფიქრებულვარ, რა გამოვიარე და მაინც მყარად ვდგავარ ფეხზე, ვაცნობიერებ, რომ მებრძოლი ხასიათი მეხმარება.
- შენი სიმღერა - "ყოფილი" უსიამოვნო ამბებს უკავშირდება, თუმცა ფაქტია, ძალიან პოპულარული გახდა. რეპის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ხომ არ აპირებ?
- ვაპირებ. სიმღერაც ჩაწერილი მაქვს, კლიპი - გადაღებული. პრეზენტაციას ვგეგმავ. ვგეგმავ, ახლო მეგობრები, ნაცნობები, თანამშრომლები დავპატიჟო და ყველას გავუზიარო.
- ისეთივე სკანდალური იქნება, როგორიც პირველი სიმღერაა?
- მოდი, ეს ჯერ საიდუმლოდ დავტოვოთ.
- როგორი მამაკაცი ვერ იქნება შენ გვერდით ვერასდროს?
- გააზრებული მაქვს, რომ სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. მით უმეტეს, ჩემს ხასიათს და კრიტერიუმებს ყველაფრით ვერ შეეწყობა. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი მართლა მიყვარს, ისეთი რაღაცების პატიებაც შემიძლია, რასაც მეგონა, ვერ ვაპატიებდი, მაგრამ ღალატს ვერ ვაპატიებ. "ღალატში" მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა არ მოიაზრება - ბევრნაირი ღალატი არსებობს, რასაც იმედგაცრუება, დიდი უარყოფითი ემოცია მოჰყვება...
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- აი, "წკაპ" და - უცებ, ადამიანი რომ გამოჯანმრთელდეს.
- შენს მთავარ შარმად რას მიიჩნევ?
- პირდაპირი და უშუალო ვარ, მაგრამ ვიდრე არ გამიცნობენ, ასე არ ფიქრობენ. ამიტომ ვფიქრობ, ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენაში ხასიათი მეხმარება.
- როგორ ფიქრობ, მეორე ნახევრის გარეშე შესაძლებელია, ქალი სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?
- აუცილებლად შეუძლია, რადგან ახლა თავს ზუსტად ასე ვგრძნობ - მარტო ძალიან ბედნიერი ვარ!..
- სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?
- დადებით ენერგიას ვასხივებ. ჩემი აზრით, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებ (იღიმის).
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"