"მე და გია ფერაძე სოსოიას როლისთვის ვისინჯებოდით" - კვირის პალიტრა

"მე და გია ფერაძე სოსოიას როლისთვის ვისინჯებოდით"

კოლეგები, მეგობრები და ახლობლები კოკოშას ეძახიან - ის გახლავთ ტელე და რადიოჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტში. ძირითადად ხელოვნებაზე აკეთებდა გადაცემებს, წერდა კულტურასა და თეატრზე, კრიტიკულ თემებზეც მუშაობდა და არის პირველი ჟურნალისტური გამოძიების ავტორიც. მართალია, ბავშვობის ოცნება ვერ აიხდინა და მსახიობი არ გახდა, მაგრამ ცხოვრებამ არაერთ არტისტთან და რეჟისორთან დააკავშირა.

მეტსახელი - კოკოშა

- ჩემი განუყრელი მეგობარი თამაზ ანდღულაძე მეტსახელების შერქმევის დიდოსტატი იყო. ერთ წელს, ზამთრის არდადეგებზე გოგო-ბიჭები დასასვენებლად ცემში წავედით. ვინც თხილამურებით სრიალი ვიცოდით, უფროსკლასელებთან ერთად ბაკურიანში დავდიოდით. მოგეხსენებათ, ბორჯომიდან ბაკურიანში პატარა მატარებელი „კუკუშკა“ დადიოდა. ყოველ დილით ჩემს კლასელსა და მეგობარს, დათო მიქელაძეს ველოდებოდი. „კუკუშკა“ პატარა ცემში დილის შვიდის ნახევარზე შემოდიოდა და ხანგრძლივი საყვირით ატყობინებდა დამხვდურებს მოსვლას. ოთხი დღე ველოდი დათოს გამოჩენას... ამ ხმის გაგონებაზე წამოვხტებოდი და სადგურისკენ გავრბოდი. ბოლოს მისი ჩამოსვლის იმედი გადამეწურა, მაგრამ „კუკუშკის“ ხმაზე ინსტინქტურად მეღვიძებოდა. ერთხელაც თამაზმა ვეღარ მოითმინა: რა გაახურე, შენც „კუკუშკა“ ხარ? დილაადრიან არც ის გვაძინებს და არც შენო. ასე შემარქვა „კუკუშკა“. ამ სახელის „კოკოშად“ გარდაქმნა პიონერთა სასახლეში კალათბურთის მწვრთნელის, თამარ გეგელაშვილის დამსახურებაა. ასე გამიცნო ყველამ და „კოკოშა“ უფრო პოპულარული გახდა. დღეს კოკოშა კობაიძეს ბევრი იცნობს, ვახტანგ კობაიძეს - ნაკლებად.

დაწუნებული „მსახიობის“ 27-მანეთიანი განაკვეთი

- ტელევიზიის მთავარმა რეჟისორმა შოთა ქარუხნიშვილმა 1961 წელს ტელევიზიის საბავშვო თეატრი ჩამოაყალიბა. უკვე თეატრით მოწამლულმა 15 წლის ბიჭმა კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. სხვებთან ერთად მიმღებ კომისიაში გახლდათ ტელევიზიის ერთ-ერთი პიონერი, სახალხო მეურნეობის მთავარი რედაქციის რეჟისორი გივი ვლადიმერაშვილი. გავიარე პირველი და მეორე ტური, მოვიდა გასაუბრების დროც. როცა თავი უკვე საბავშვო თეატრის წევრი მეგონა, გივიმ შეკითხვა დამისვა: აბა, ყმაწვილო, წარმოთქვით „თრითინა“ და „როიალი“, რამაც ჩემი მეტყველების ნაკლი, ანუ ასო „რ“-სთან დამოკიდებულება კარგად წარმოაჩინა. რა თქმა უნდა, ჩავიჭერი... წლების მერე, როცა გივის კოლეგა გავხდი, ეს ამბავი გავახსენე. გაიღიმა: ალბათ მინდოდა მსახიობობით უიმედოდ არ მოწამლულიყავი, სწორად აგერჩია შენი მომავალი და მგონი, არ შევმცდარვარო...

ბედის მადლიერი ვარ, რომ ფილმების ეპიზოდებში გადაღებული ვარ ლანა ღოღობერიძესთან, რამაზ გიორგობიანთან, გოდერძი ჩოხელთან, თემურ ჩხეიძესთან - ტელედადგმაში „მარადისობის კანონი“ და სხვა. კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორების „დირექტორმა“ შოთა ლაფერაძემ, ჩვენი ოჯახის ახლობელმა, 27-მანეთიანი განაკვეთი დამინიშნა გადაღების ერთ დღეზე. ამაზე მეტი მხოლოდ დამსახურებულ და სახალხო არტისტებს ჰქონდათ.

„არასერიოზული კაცი“ - გია ფერაძე

- გია ფერაძესთან არაერთი დაუვიწყარი წუთი, დღე და წელი გამიტარებია. ჩემი და გიას მეგობრობა, უფრო სწორად ძმობა ფილმის - „მე ვხედავ მზე“ სინჯებიდან დაიწყო. ერთმანეთი გიას სიყრმის მეგობარმა და კლასელმა თამაზ ანდღულაძემ გაგვაცნო. გიამ მიუყვანა ლანა ღოღობერიძეს სინჯებზე გელა ჭიჭინაძე, რომელიც მთავარ როლზე დაამტკიცეს. მახსოვს, მაშინ გიამ მითხრა: ნუ შეგშურდება, გელა თბილისში ახალი ჩამოსულია, სოსოიასთვის უკეთესი ტიპაჟია, ჩვენ კი ქალაქელები, ვერელები ვართო. მეც და გიაც სოსოიას როლისთვის ვისინჯებოდით. ამის შემდეგ გელა ჩვენს საძმოში ჩაეწერა. ასეთი იყო გია, არავისი შურდა და არაფერი ენანებოდა, თვითონ გაიხდიდა და სხვას ჩააცმევდა. ნიჭიერი კაცი იყო - კარგად ხატავდა, ლექსებს წერდა, იგონებდა და დგამდა სკეტჩებს, თევზივით ცურავდა; ფეხბურთს რომ გაჰყოლოდა, საუკეთესო ფეხბურთელი დადგებოდა. საოცარი იუმორი და უშრეტი გამომგონებლობის უნარი ჰქონდა, რაც მისი პოპულარობის და მისდამი უსაზღვრო სიყვარულის საწინდარი იყო.

„კავეენი“ რომ დაიწყო, გია 51-ე სკოლის უცვლელი კაპიტანი იყო. სკოლების გუნდების შეჯიბრება იმართებოდა ძერჟინსკის სახელობის კლუბში, რომელიც 500 მაყურებელს იტევდა. როგორც კი სცენაზე გია გამოჩნდებოდა, მთელი დარბაზი იწყებდა სკანდირებას: „გვიყვარს ჩაი, გვიყვარს რძე, გვიყვარს გია ფერაძე“. გიაზე ერთი წლით უფროსი ვიყავი, 53-ე სკოლაში ვსწავლობდი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ჩემს კლასელებს დაახლოებოდა. მაშინ მოდაში იყო ყოველი სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ, ვერის ბაღში ფოტოს გადაღება. ერთხელაც ჩვენი კლასის დამრიგებელთან, შალვა შალამბერიძესთან ერთად ჩავედით სურათის გადასაღებად. ათიოდე კაცი ძლივს შევიკრიბეთ. გია, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იყო. პარალელური კლასიდან ვახო შარიქაძე დავიმატეთ და გადავიღეთ სურათები. გია გვეხუმრებოდა, კიდევ კაი, ფოტო შეგივსეთ და გაგილამაზეთ, თორემ უჩემოდ რა გეშველებოდათო.

კადრს მიღმა ამბები

- ფილმმა „მე ვხედავ მზეს“ ჩემს ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს 17 წლის ბიჭის განცდები, რომელიც კინოსა და თეატრის კორიფეების გვერდით აღმოჩნდა. თბილისიდან ოცამდე გოგო-ბიჭი ვიყავით. ეპიზოდური როლები გვერგო - გია ფერაძეს, ბუბა ხოტივარს, თეზიკო ბაქრაძეს და მე, დანარჩენები სოსოიას და ხატიას გარემოცვა იყვნენ. გადამღებ ჯგუფში ყველას თავისი „პატრონი“ ჰყავდა. მაგალითად, მამაჩემმა კუკური ლაფერაძეს ჩამაბარა, გია ფერაძე - ბაბუამისის ძმას, სანდრო ჟორჟოლიანს ებარა, ლეილა ყიფიანს დედამისი, ქალბატონი ნუნუ ახლდა და ა.შ. ჩვენ მიმართ ყველა ყურადღებით იყო. განსაკუთრებით იპოლიტე ხვიჩია გამოირჩეოდა. როგორც კრუხი წიწილებს, ისე დაგვტრიალებდა. ახალქალაქის და გარიყულას გასაყარზე ერთი დუქანი იყო, სადაც მთელი გადამღები ჯგუფის წევრები ვიკვებებოდით. ბატონ იპოლიტეს ფულის გადახდას ვერავინ დაასწრებდა. დაგვაპურებდა, მოგვეფერებოდა და ტკბილ სიტყვასაც არ დაგვამადლიდა. თავისუფალ დროს ნარდს ვეთამაშებოდით, თითქოს ამით მადლობას ვუხდიდით.

გუშარა ბუღალტერი ყოველკვირა 13 მანეთს გვიწერდა, რას გვეყოფოდა ჩვენისთანა ვაჟკაცებს? ლეილა ყიფიანი უჭმელი გოგო იყო. ჩვენ დღიურს რომ დავხარჯავდით, მე და გია ფერაძე დეიდა ნუნუსთან შევივლიდით, თანაც იმ დროს, როცა ლეილას უნდა ეჭამა. დედამისმა კარგად იცოდა ჩვენი გაჭირვების ამბავი, არაფერს იმჩნევდა, ოღონდ ლეილას რაღაც ეჭამა. სახალისო ამბებს ვყვებოდით, ვმაიმუნობდით, ლეილას ვართობდით, კარგადაც გავიტიკნებოდით და არც მადლობის თქმა გვავიწყდებოდა.

სიგარეტს თითქმის ყველა ვეწეოდით. ამ მხრივ გია ფერაძე, ბუბა ხოტივარი და მე გამოვირჩეოდით, „პრიმით“ და „ბელამორით“ ვიხრჩობდით თავს. იმ დროს ბულგარეთიდან შემოვიდა ფილტრიანი სიგარეტი (თეთრი კოლოფი იყო), არ იშოვებოდა. ერთ საღამოს ბუბამ ორი კოლოფი „ფილტრი“ ამაყად დადო მაგიდაზე. რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. ბუბა ყველასთან ახლოს იყო, განსაკუთრებით ოპერატორ ტიტო კალატოზიშვილთან, რომელიც „ფილტრს“ ეწეოდა და საკმაო მარაგიც წამოეღო. გადაღებების დროს სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და თან მზესუმზირას აკნატუნებდა. ბუბამ გაგვანდო: ტიტო გიჟდება მზესუმზირაზე, მე მინდორში ან ბაღში გადავდივარ, თითო-ოროლა მზესუმზირის თავს ვიპარავ და სიგარეტში ვუცვლიო. მე და ფერაძეს მეტი რაღა გვინდოდა, ბატონი ტიტოსთვის მზესუმზირის თავები ტომრებით მოგვქონდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, აქეთ გვეხვეწებოდა, მზესუმზირა სიგარეტში გამიცვალეთო. ასე ლაღად გავატარეთ ის ზაფხული.

ძია იაშა

- მამაჩემი გოგი კობაიძე და ძია იაშა (იაკობ ტრიპოლსკი) ფასანაურელები იყვნენ. მართალია, მამაჩემი თბილისში იზრდებოდა, მაგრამ ზაფხულობით ფასანაურში ხვდებოდნენ, ბავშვობა ერთად გაატარეს. მათი მეგობრობა ძია იაშას თბილისში ჩამოსვლის შემდეგ უფრო გაღრმავდა და მთელი ცხოვრება გაგრძელდა. უნივერსიტეტშიც ერთად იყვნენ. მამაჩემი უნივერსიტეტის სახალხო თეატრში რეჟისორის თანაშემწე იყო, იაშა კი ამავე თეატრის მსახიობი. მაშინ ამ სტუდენტურ დასს ვასო ყუშიტაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ აქედან მოხვდა ერეკლე ტატიშვილის საყვარელი სტუდენტი იაკობ ტრიპოლსკი მარჯანიშვილის თეატრში.

ჩემი პროფესიის არჩევაში ძია იაშამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. მას უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. მე თეატრალურ არჩევანზე ვიდექი. ინგლისურს ბავშვობიდან ვსწავლობდი და ძია იაშამ მირჩია, ჯერ დასავლეთ ევროპის ენებზე ჩამებარებინა და მერე, თეატრალურიც ვერსად გამექცეოდა. ასეც მოხდა, დავამთავრე უნივერსიტეტი, ვთარგმნიდი მხატვრულ ნაწარმოებებს, ვბეჭდავდი კიდეც. პარალელურად საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში შტატგარეშედ ვთანამშრომლობდი. საბოლოოდ, ჟურნალისტობა გადავწყვიტე და თეატრიც „ვერსად გამექცა“. იაშა ტრიპოლსკისადმი, რომელიც დღესაც ჩემს ღვიძლ ბიძად მიმაჩნია, მადლობის მეტი რა მეთქმის. რომ არა ის, ალბათ, არშემდგარი რეჟისორი თუ მსახიობი ვიქნებოდი.

ძველი თბილისის კოლორიტი

- სოლოლაკში, დავითაშვილის ქუჩის ბოლოში რესტორანი „სამადლო“ იყო, ჩემი სამეგობროს თავშეყრის მართლაც რომ მადლიანი საქეიფო ადგილი. 60-70-იან წლებში ძია კარაპეტა, თავად მადლიანი კაცი, ამ რესტორანში არღანზე უკრავდა და მოქეიფეებს ხვაშიადს უსწორებდა. ის ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ძია კარაპეტას დავუმეგობრდი. რამდენი საინტერესო ამბავი მოუყოლია 80-ს მიღწეულ კაცს. ერთხელ ვკითხე: დიდი ხანია არღანზე უკრავ-მეთქი? გაეღიმა: რაც თავი მახსოვს, სხვა ხელობა არაფერი ვიცი. მამაჩემიც მეარღნე იყო. ეს არღანი და ვერცხლის ქამარი მან მიანდერძა. ერთი არღანიც სახლში მაქვს, ორივე ჩემი დამმარხავიაო. ეგ როგორ-მეთქი? - აი, შვილო, წესად იყო, ყარაჩოხელები ამ ქვეყნიდან რომ წავიდოდნენ, ახლობლები მის ვერცხლის ქამარს გაყიდდნენ, ცოტას საძმაკაცოც შეეწეოდა და პატივით დამარხავდნენ. მეც ამ ქამრის და თქვენი იმედი მაქვსო.

გადიოდა ხანი, მე და ჩემი მეგობრები ძია კარაპეტას არღნის ჰანგებზე დროსაც ვატარებდით და ქვეყნის ჭირ-ვარამზეც ვსაუბრობდით. 70-იანი წლების ბოლოს მოსკოვში სტაჟირებაზე წავედი. რომ დავბრუნდი, „სამადლოში“ ავედი და ძია კარაპეტა მოვიკითხე. მითხრეს, კვირაში ორ დღეს თუ გამოჩნდება, ავადმყოფობამ დარია ხელიო. ფოტოხელოვან სერგო ედიშერაშვილს დავურეკე და სახლში ვესტუმრეთ, ცოტა ღვინო და საუზმე გავიყოლეთ. გაუხარდა, ცრემლიც მოადგა... 1984 წელს ძია კარაპეტა კუკიაზე დავკრძალეთ. მისი ქამარი და არღანი ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა, ტრადიცია არ დავარღვიეთ და ცოტა ჩვენც შევეწიეთ. უშვილძიროდ წავიდა თბილის-ქალაქის უხუცესი მეარღნე...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"