"ოცნების" მმართველობას სამი მთავარი დასაყრდენი აქვს: სიყალბე, კორუფცია და ძალადობა. რუსული სტილი მეფობს" - კვირის პალიტრა

"ოცნების" მმართველობას სამი მთავარი დასაყრდენი აქვს: სიყალბე, კორუფცია და ძალადობა. რუსული სტილი მეფობს"

"21-ე საუკუნის საქართველოში მმართველობის რუსული სტილი მეფობს - სტილი, რომელიც ჩამორჩენილი და მოძველებულია", - გვითხრა მსახიობმა დიმიტრი ტატიშვილმა, რომელსაც დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ვესაუბრეთ:

- დღეს საქართველოში ყველაზე აქტუალური თემა აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაა. ელოდით ამგვარ გადაწყვეტილებას?

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი... ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი დიდი ხნის წინ უნდა გადაედგათ და მარტო მოსამართლეების კი არა, კორუმპირებული ჩინოვნიკების სანქცირებაც კარგი იქნებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არა გვაქვს. მარტო სასამართლო კი არა, არჩევნებიც წაგვართვეს: ამ ხელისუფლებამ დაამხო სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში და ოლიგარქიული მმართველობა განამტკიცა - მმართველობა, რომელიც ძალიან ვნებს ჩვენს სამშობლოს. სამწუხაროდ, სულ უფრო დიდი ნახტომებით მივდივართ უკან და თანდათან რუსეთის წიაღს ვუბრუნდებით.

- ამ სიტუაციაში რამდენად დაცულები ვართ ჩვენ - ჩვეულებრივი მოქალაქეები?

- როდესაც ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, იქ თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ქართველები ნამდვილად ვიმსახურებთ ისეთ სასამართლოს, რომელიც მიუკერძოებელი იქნება და თითოეული ჩვენგანის ინტერესებს დაიცავს.

- რას ფიქრობთ "ქართული ოცნების" ლიდერთა საყვედურზე, ამერიკა ჩვენს საქმეებში ერევაო?

- საკვირველია, როგორ ერევა ამერიკა ჩვენს საქმეებში - ვინმე ციხეში ჩასვეს? უბრალოდ, ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. აბა, როგორ ერევიან ჩვენს საქმეებში? ეს არის სრული აბსურდი და ვისაც ამის სჯერა, ან რეგვენია, ან - ბეცი.

- მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელები ახალგაზრდებს ქუჩებში დასდევდნენ და იჭერდნენ. როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იყო მშვიდობიანი აქციის ამ ფორმით დაშლა?

- რა თქმა უნდა, არა! ეს უსამართლობა ჩვენ თვალწინ დატრიალდა: ვინც იქ ვიყავით, ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, პოლიციური ძალები კი მთავრობის სამსახურში იდგნენ და არა - საკუთარი ხალხისა. ეს იყო აგრესიული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. დიდი ხანია, ივანიშვილის მთავრობამ ეს ომი გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობას და მის დაშინებაზე გადავიდა - სწორედ ეს არის რუსული მმართველობის სტილი, მისი მთავარი ნიშანი.

- დასავლეთის ქვეყნებშიც ხდება, როცა აქციის მონაწილეები მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან და ვიტრინებს ამსხვრევენ, მაგრამ იქ 10-11-წლიანი ციხე არ ემუქრებათ, ეს რით აიხსნება?

- ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევედრებით, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ეს მშვიდობიანი აქცია იყო და სულ არ საჭიროებდა ამხელა პოლიციური ძალის გამოყვანას. ჩვენ მშვიდობიანად ვიდექით, მაგრამ ხალხი აგრესიული იმის შემდეგ გახდა, რაც ამდენი პოლიციელი შემოიყვანეს, როცა წყალი და ცრემლსადენი გაზი სახეში მიუშვეს. რაც შეეხება მოლოტოვის კოქტეილებს, მიკვირს, მეტი რომ არ ისროლეს: ადამიანს რომ გააგიჟებ, მერე მისგან საპასუხო რეაქციასაც უნდა ელოდე.

მე ვიტყოდი, რომ ეს იყო პროვოკაცია ხალხის წინააღმდეგ.

ისეთივე პროვოკაცია, როგორიც 20 ივნისს მოაწყვეს: მაშინაც, პოლიციელები პირდაპირ ხალხის წინ დააყენეს, ნაცვლად იმისა, რომ რკინის ჯებირების უკან მდგარიყვნენ. პოლიციის რიგები წინ წამოსწიეს, რომ ხალხი პროვოკაციაზე წამოეგოთ. მათ აგრესიას დაემატა მხუთავი გაზი და წიწაკის სპრეი - ასეთ სიტუაციაში, ადამიანი შეიძლება აფექტში ჩავარდეს და საშინელება ჩაიდინოს. თუ ვინმემ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, პოლიციამ მანამდე წიწაკის სპრეი შეასხა სახესა და თვალებში! აქციის მონაწილეებმა პარლამენტისთვის ალყის შემორტყმა დაიწყესო... ეს სულაც არ ნიშნავდა ამ შენობის აღებას. თუ არ იციან, შევახსენებ, რომ ხალხს პიკეტირების უფლება აქვს - ეს ჩვენთვის, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. არ მიეღოთ ის კანონი და არც აქცია გაიმართებოდა, არც ამდენი უსიამოვნება მოხდებოდა. ჩვენმა ხალხმა იმ დღეებში თავისი სამშობლო დაიცვა, რაც უდავოდ მისასალმებელია.

- მიტინგის მონაწილეებს ჩაცმულობას და გარეგნულ იერსაც უწუნებდნენ - ამბობდნენ, რომ უმეტესობას პირსინგი, საყურე და ტატუ ჰქონდა... მსგავს "ბრალდებებზე" რას ფიქრობთ?

- ეს ყველაფერი ახლა მოდურია. ყოველთვის ასე ხდებოდა: მოდური ხან გრძელი თმა იყო, ხან - მოკლე, ხან შეღებილი და ხან - ბუნებრივი. იგივე უნდა ვთქვა პირსინგზე ან ტატუზე... ეს არ არის ამ ახალგაზრდების ნაკლი, უბრალოდ, სხვა სათქმელი რომ არა აქვთ, მერე რაღაც სისულელეებს ბოდავენ. ახალგაზრდებს იქ არაფერი დაუშავებიათ, მთავრობამ დააშავა! ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის სათავეში პროვინციული ტიპები რომ არიან, მე აქ გეოგრაფიას და დაბადების ადგილს არ ვგულისხმობ - უბრალოდ, მათი აზროვნება და მენტალობაა უკიდურესად ჩამორჩენილი და მოძველებული.

გავიხსენოთ, რას ჰპირდებოდა ხალხს ბიძინა ივანიშვილი - უფასო ფულს და უზრუნველ ცხოვრებას, ზუსტად ასე იქცეოდნენ კომუნისტები: ისინი მოსახლეობას აიმედებდნენ, რამდენიმე წელიწადში ყველაფერი უფასო იქნებაო. ბოლშევიკური და კომუნისტური ოცნება ოცნებად დარჩა! ჩვენი ქვეყანა დღესაც იმავე მეთოდებით იმართება - ხალხს ატყუებენ და ხელისუფლებას ასე იხანგრძლივებენ.

"ოცნების" მმართველობას სამი მთავარი დასაყრდენი აქვს: სიყალბე, კორუფცია და ძალადობა - სწორედ ამაზე დგას რუსეთიც. საქართველოს რუსული მეთოდებით მართვა, ადრე თუ გვიან, უნდა დასრულდეს!

- როგორ ფიქრობთ, გააჩუმებენ ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოს ინტერესები ასე დაიცვეს?

- არა მგონია, ეს ახალგაზრდები დაჭერით ან სხვა მეთოდებით შეაშინონ, რადგან ვინც მათ აშინებს და ამუნათებს, ჩამორჩენილი აზროვნების ხალხია. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და ყველაფერი, რაც ჩვენი სამშობლოს განვითარებას ხელს უშლის, მალე დასრულდება.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)