მეჩეთიდან დაწყებული და სარაკეტო ორთაბრძოლაში გადაზრდილი ისრაელ-არაბეთის მორიგი დაპირისპირება - კვირის პალიტრა

მეჩეთიდან დაწყებული და სარაკეტო ორთაბრძოლაში გადაზრდილი ისრაელ-არაბეთის მორიგი დაპირისპირება

5 აპრილს ისრაელში, იერუსალიმის ძველ ნაწილში, ტაძრის მთაზე, სადაც მუსლიმანების ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი, ალ-აქსას მეჩეთია განთავსებული, სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომელსაც მძიმე გაგრძელება მოჰყვა, რაც დღესაც გრძელდება...

კერძოდ, ისრაელის საპოლიციო ძალებმა, იმის საბაბით, რომ ამ უზარმაზარ მეჩეთში არაბმა ახალგაზრდებმა ფოიერვერკები და ჯოხები შეიტანეს და თითქოს ჯგუფ-ჯგუფად, ორგანიზებულად აპირებდნენ არეულობის მოწყობას, დაიწყეს მეჩეთის შიდატერიტორიის "გაცხრილვა" ლოცვის დროს, რაც მუსლიმანებისთვის ყველაზე დიდ შეურაცხყოფად იქნა აღქმული...

შედეგად, ალ-აქსას მეჩეთში და მის გარეთ დაწყებული დაპირისპირება ისრაელის საპოლიციო ძალებსა და არაბ ახალგაზრდებს შორის მალევე გადაიზარდა მცირე ინტენსივობის (ჯერჯერობით) საბრძოლო მოქმედებებში, რაკეტების გამოყენების ჩათვლით.

ისრაელის სამართალდამცავების მიერ 350 არაბის დაკავების (რომელთა ნაწილმა სერიოზული ფიზიკური დაზიანება მიიღო) საპასუხოდ, ცნობილმა საერთაშორისო ტერორისტულმა "ორგანიზაცია "ჰამასმა" მდინარე იორდანიის დასავლეთ ნაპირის არაბ ახალგაზრდებს დარაზმვისკენ მოუწოდა, ხოლო თავად კი სარაკეტო დარტყმები მიაყენა ისრაელის სამხრეთ ნაწილს.

ვალში, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, არც "ცახალი" - ისრაელის არმია დარჩა და ღაზის სექტორისკენ რაკეტების ზალპი გაუშვა...

ალ-აქსას მეჩეთთან დაკავშირებით ისრაელ-არაბეთის დაპირისპირებები არახალია...

ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმანებისთვის მესამე სიწმინდეა, მექასა და მედინას მეჩეთების შემდეგ. მასში 5 ათასამდე ადამიანმა შეიძლება, ერთდროულად ილოცოს.

15 საუკუნის ისტორიის მქონე ალ-აქსას მეჩეთი არა ერთხელ გაუნადაგურებიათ და გადაუწვავთ, მათ შორის - ჯვაროსნებსა და ტამპლიერებს.

1969 წელს ავსტრალიური სექტის წარმომადგენელმა ამ მეჩეთში დიდი ხანძარი გააჩინა, რაც არაბებმა ებრაელების შეკვეთად ჩათვალეს, რამაც ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში მუსლიმანების მასობრივი გამოსვლები და არეულობები გამოიწვია.

2000 წელს არიელ შარონი, ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი თანმხლებ პირებთან და შეიარაღებულ დაცვასთან ერთად მიუახლოვდა მუსლიმანების ამ სიწმინდეს, რაც გახდა საფუძველი "ალ-აქსას ინტიფადის" დაწყებისა, რაც იორდანის მარცხენა სანაპიროზე და ღაზის სექტორში არაბების შეირაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა.

2014 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარედ სისტემატურად ხდებოდა შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და არაბ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც აპროტესტებდნენ ებრაელების გამოჩენას ამ მეჩეთის სიახლოვეს.

ერთი წლის წინ, 2022 წლის აპრილში, ასევე მოხდა შეტაკებები ისრაელის სამართალდამცავებსა და არაბებს შორის, რის შედეგადაც 150 პალესტინელი დაშავდა, ხოლო 400-მდე კი დააპატიმრეს.

2007 წელს ღაზას სექტორში ხელისუფლებაში "ჰამასის" მოძრაობის ლიდერების მისვლის შემდეგ, ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორის მაცხოვრებლებს აუკრძალა იორდანის მარცხენა ნაპირზე გადასვლა. გამონაკლისი დაიშვა ქრისტიანებისთვის და ღაზას, მხოლოდ 1 500 მაცხოვრებლისთვის, რომლებმაც სავარაუდოდ, ისრაელის სპეცსამსახურების შემოწმება გაიარეს.

2014 წლის თებერვალში ისრაელმა ალ-აქსას მეჩეთში შესვლაზე ნება დართო მხოლოდ 50 წელზე მეტი ხნის არაბ მამაკაცებს, რამაც ბუნებრივია, არაბი ახალგაზრდების დამატებითი გაღიზიანება გამოიწვია

ამჟამინდელ, მორიგ შეტაკებებში ისრაელსა და ღაზას სექტორის "ჰამასს" შორის უკვე ჩაერთო არანაკლებ ცნობილი "ჰესბოლაც", რომელიც ლიბანის (ისრაელის ჩრდილოეთი მეზობელი) ტერიტორიიდან უშვებს რაკეტებს ისრაელის ქალაქების მიმართულებით.

როგორც ჩანს, ეს მორიგი, ისრაელ-არაბეთის დაპირისპირება კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და დროებითი "წუთშესვენება" გამოცხადდება, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა, თუმცა დღევანდელი სიტუაცია მაინც განსხვავებულია და აი, რატომ...

რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა დღევანდელ მსოფლიოში და ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისრაელ-არაბეთის ისტორიულ დაპირისპირებაშიც.

უკრაინას ძალიან სურს, რომ ისრაელმა მისი თანამედროვე შეიარაღება, პირველ რიგში კი, საზენიტო-სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიაწოდოს, მაგრამ ისრაელის მთავრობა ამისგან თავს იკავებს, რადგან უფრთხის, რომ სამაგიეროდ კრემლმა მას "ჰესბოლა" და "ჰამასი" დამატებით არ "აუჯანყოს"...

მიუხედავად ამისა, ისრაელ-არაბეთის და ისრაელ-ირანის დაპირისპირებების უკიდურესად გართულება თითქმის გარდაუვლად მოჩანს და თელ-ავივს ძალზე გაუჭირდება ერთგვარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში...

ისე კი, რუსეთი ამ ომში აქტიურად იყენებს "ფორპოსტის" ტიპის უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატებს, რომლებიც აგვისტოს ომიდან მეორე წელს მიჰყიდა ისრაელმა რუსეთს...