"ისე მოხიბლულა სელინის საოცარი ხმით, საკუთარი სახლი ბანკში ჩადო და თანხა დამწყები მომღერლის პოპულარობას მოახმარა" - 14 დედმამიშვილი, ბავშვობიდან დაწყებული კარიერა და იშვიათი დაავადება
ბევრისათვის საყვარელმა კანადელმა მომღერალმა - სელინ დიონმა, 2022 წლის დეკემბერში მოულოდნელად "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მუსიკოსმა მსმენელს განუცხადა, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში ევროპაში დაგეგმილი ყველა კონცერტი უნდა გაეუქმებინა, რადგან უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადება აღმოაჩნდა.
55 წლის სელინ დიონს ნევროლოგიური დაავადება SPS (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. დაავადება საკმაოდ დიდი ტკივილის მომტანია და დაავადებულს ამ დროს გადაადგილებაც კი უჭირს.
"დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. სირთულეებთან გამკლავება და იმაზე საუბარი, რაც გამოვიარე, ძალიან გამიჭირდა. ახლახან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ამ იშვიათი დაავადების შესწავლის პროცესში ვართ, ახლა ვიცით, რომ ჩემს სპაზმებს სწორედ ის იწვევდა", - განაცხადა სელინ დიონმა.
„სამწუხაროდ, სპაზმები ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს, ეს ხდება მაშინ, როცა სიარულს ან სიმღერას ვცდილობ“, - განაცხადა მომღერალმა სოციალურ ქსელში მიმართვისას.
მუსიკოსის ევროპის ტურნე 2023 წლის თებერვალში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მან კონცერტების გაუქმება და მკურნალობა გადაწყვიტა.
„ვიმედოვნებ, რომ გამოჯანმრთელების გზას ვადგავარ, ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის“, - განაცხადა მომღერალმა.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, ზუსტად რა იწვევს კუნთების ამ დაავადებას, თუმცა ნევროლოგიურ დაავადებას თავისა და ზურგის ტვინის ავტოიმუნურ პასუხს უკავშირებენ.
კანადელი მომღერალი და კომპოზიტორი სელინ მარი კლოდეტ დიონი ქალაქ შარლემანში დაიბადა. მომღერლის მშობლებს - ადემარ დიონსა და ტერეზა ტანგს 14 შვილი ჰყავდათ, მომავალი ვარსკვლავი კი და-ძმებს შორის ყველაზე უმცროსი იყო.
საინტერესოა, რომ სელინ დიონს შორეული ნათესაობა აკავშირებს ცნობილ ადამიანებთან, მათ შორისაა - მსახიობი მარკ უოლბერგი, მომღერალი ჯასტინ ბიბერი და პოპ-მუსიკის დედოფალი - მადონა.
მომავალი ვარსკვლავის ოჯახში სულ ისმოდა რელიგიური ჰანგები, თავად სელინი კი ჯერ კიდევ 5 წლის იყო, საზოგადოების წინაშე რომ წარდგა. მან უფროსი ძმის, მიშელის ქორწილში იმღერა, რაც, როგორც ამბობენ, საერთოდ არ ჰგავდა ბავშვურ ნამღერს.
1970-იანი წლების დასაწყისში სელინ დიონის მშობლებმა შარლემანში პატარა ბარი გახსნეს, ნიჭიერი სელინი კი საოცრად ასრულებდა ცნობილ ჰიტებს, სწორედ ამიტომ სულ მალე ის მშობლიური ქალაქის ვარსკვლავი გახდა.
პოპულარობას თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა... საოჯახო ბიზნესში ჩართული პატარა გოგონა ვერ ახერხებდა დროულად დაძინებას და სკოლაში სიარულს, მას თანატოლი მეგობრებიც ნაკლებად ჰყავდა.
სელინ დიონი 12 წლის იყო, როცა პირველი საავტორო სიმღერა - Ce n'était qu'un rêve დაწერა. გოგონას ძმამ სიმღერა მუსიკალურ პროდიუსერს - რენე ანჟელილს მოასმენინა, რომელიც ისე მოიხიბლა სელინის საოცარი ხმით, რომ საკუთარი სახლი ბანკში ჩადო და თანხა დამწყები მომღერლის პოპულარობას მოახმარა.
რენე სელინის მშობლებს დაჰპირდა, რომ გოგონა სწავლას მოახერხებდა, თუმცა დროის სიმცირის გამო, მომღერალმა 14 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და მონრეალში გადავიდა საცხოვრებლად. ის მენეჯერის ოფისში ცხოვრებდა, სადაც ვიზაჟისტები, მუსიკის მასწავლებლები და უამრავი სხვა ადამიანი სელინ დიონის ვარსკვლავად ქცევას ცდილობდა. 16 წლის ასაკში სელინ დიონი მონრეალის ოლიმპიურ მოედანზე, 65 ათასი მსმენელის წინაშე წარდგა.
სელინი თვითნასწავლი მუსიკოსი გახლავთ, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ხმის იოგებს არასწორად იყენებდა. 1989 წელს, ყელის ტკივილისა და ხმის დაკარგვის გამო, ფიქრობდნენ, რომ გოგონას კარიერა დასრულდებოდა... რადგან ის ხმის იოგებს დიდ დატვირთვას აძლევდა.
მას ოპერაციის გაკეთებას სთავაზობდნენ, თუმცა მომღერალმა გამოსავალი იპოვა - 1 თვის განმავლობაში საერთოდ არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი ისწავლა, როგორ უნდა ემღერა სწორად.
დროთა განმავლობაში, ახალგაზრდა მომღერლის პოპულარობა იზრდებოდა. სულ მალე მის მუსიკას, კანადის გარდა, საფრანგეთში, იაპონიაში და შემდეგ - მთელ მსოფლიოში უსმენდნენ.
1988 წლის ევროვიზიაზე კი სელინ დიონმა სიმღერით Ne partez pas sans moi შვეიცარია წარადგინა, სადაც გამარჯვება მოიპოვა.
კიდევ ერთი დიდი წარმატება მომღერალს 1997 წელს გამოშვებულმა ალბომმა - Let’s Talk About Love-მა მოუტანა. სწორედ ამ ალბომში შევიდა ბალადა: My Heart Will Go On, რომელიც დევიდ კემერონის ფილმ „ტიტანიკის“ საუნდტრეკი გახდა. კომპოზიციამ სელინ დიონს მსოფლიო აღიარება და ჯილდოები მოუტანა, მათ შორის - „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“.
სოციალური ქსელებისა და მუსიკალური პლატფორმების განვითარებამ მუსიკოსს კიდევ უფრო დიდი წარმატება და შემოსავალი მოუტანა. 2017 წელს ის, Forbes-ის ცნობით, მსოფლიოს 4 ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსს შორის მოხვდა.
2017 წელს Vogue-მა სელინ დიონთან ერთად ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ესთეტიკურმა ფოტოებმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა, ისინი სოც.ქსელში წერდნენ, რომ მუსიკოსს ასაკი ვერაფერს აკლებს.
2019 წელს მუსიკოსმა 27-ე ალბომი გამოაქვეყნა და მსოფლიო ტურნეს გეგმავდა, რომელიც კვებეკიდან უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის გამო, მას ტურნეს გადადება მოუხდა, თუმცა ის 2021 წელს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ კონცერტები 2022 წლისთვის გადაიდო...
პირადი ცხოვრება
სელინ დიონი მომავალ მეუღლეს ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში შეხვდა. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც სელინ დიონი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. რენე ანჟელილი ამ დროს უკვე 38 წლის იყო.
მათი სასიყვარულო ურთიერთობა გაცნობიდან საკმაოდ გვიან, 1988 წელს დაიწყო. მათი ქორწილი მონრეალში 1994 წლის 17 დეკემბერს გაიმართა.
როგორც ცნობილია, რენესთვის ეს მესამე ოფიციალური ქორწინება იყო, რენეს უფროსი შვილი კი სელინ დიონზე 2 თვით უფროსია.
წყვილს წლების განმავლობაში არ ჰყავდა შვილი და სელინ დიონმა 2 ოპერაციაც ჩაიტარა. პირველი ვაჟი მუსიკოსს 2001 წელს შეეძინა, მას რენე-შარლ ანჟელილი დაარქვეს. 2010 წელს კი მუსიკოსს 1-წუთიანი შუალედით, ტყუპი ვაჟი შეეძინა.
რენესა და სელინის სიყვარულის ამბავი 2016 წლამდე გაგრძელდა, ამ წელს სელინ დიონის მეუღლე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მუსიკოსის პროდიუსერი და ცხოვრების თანამგზავრი 20 წელი ებრძოდა სიმსივნეს. მედიის ცნობით, პირველი ოპერაცია მან ჯერ კიდევ 1999 წელს გაიკეთა, თუმცა ვერაგმა სენმა თავი 2013 წელს შეახსენა.
2016 წელი ძალიან მძიმე აღმოჩნდა კანადელი მომღერლისთვის, რადგან მეუღლის გარდაცვალებიდან ორ დღეში მას ძმა გარდაეცვალა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სელინ დიონს სხვა მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია, პერიოდულად ვრცელდებოდა ჭორები, მაგრამ სიმართლე არცერთი არ აღმოჩნდა.
ამჟამად, როგორ ცნობილია, სელინ დიონს ყველა კონცერტი გაუქმებული აქვს და ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემთხვევაში, მისი ევროპული ტურნე 2024 წელს შედგება.