"ჩაკეტილი და თავდახრილი ბავშვი იყო. მისგან სიმძიმე მოდიოდა... ფაქტია, ნაძირალა მამამ ისე დააშინა, რომ ხმას ვერ იღებდა" - რას ჰყვება ადგილობრივი კახეთში მომხდარ გაუპატიურებაზე
კახეთში შსს-მ ორ სხვადასხვა სოფელში, ორი სხვადასხვა პირი დააკავა, 14 წლის გერსა და 15 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, რაც, მამინაცვლის შემთხვევაში, არასრულწლოვანის მეგობარმა აცნობა პოლიციას, მამის შემთხვევაში კი - 15 წლის გოგონას მასწავლებელმა. გამოძიება სისხლის სამართლის მე-11, 137-ე, 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. გამოძიებით დგინდება, რომ მამინაცვლის შემთხვევაში, დანაშაული მოხდა არასრულწლოვანის მინდობით აღზრდიდან დაბრუნების შემდეგ; მამის შემთხვევაში კი ძალადობა რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა. რაც არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ, გარშემო მყოფთა მიმართაც აჩენს კითხვის ნიშნებს.
ჩვენ დავუკავშირდით 15 წლის მოზარდის ოჯახის ახლობლებს (რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს). მათი თქმით, ხალხი მზად არის, დამნაშავე ლინჩის წესით გაასამართლოს. ამ შემთხვევაში, ლინჩის წესსა და მის გამო კიდევ ერთი დანაშაულის ნაცვლად, უმჯობესია, მსგავს დანაშაულთან დაკავშირებულ კითხვებზე დავფიქრდეთ. მით უფრო, რომ ეს გავრცელებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ოჯახის ახლობლების მხრიდან, რატომ ვერ მოხდა ბავშვის გუნება-განწყობის ცვლილებების დაფიქსირება, რაც ამ შემთხვევაში, აუცილებლად იქნებოდა.
- ეგ კითხვა ყველას აქვს, მაგრამ საუბედუროდ, პასუხი არ არსებობს. იმდენად წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა მსგავსი რამ ჩაიდინოს, რომ თითქოს გონება ეჭვსაც ეწინააღმდეგება. სხვების თვალწინ ეს ნაძირალა რომ არაფერს იმჩნევდა, ეს ცხადია. ერთადერთი ის იყო, რომ მისი ამაზრზენი გამომეტყველება განგიზიდავდა მისგან. არც მის ბიოგრაფიაზე იცოდა სოფელმა, ეს კაცი სოფელში ზედსიძედ არის მოსული და ბუნებრივია, მის წარსულს არ ვიცნობდით. არადა, თურმე ადრეც ბავშვის გაუპატიურებაზე ყოფილა ნასამართლები და მერე დაქორწინებულა ჩვენი სოფლის მკვიდრზე. რაც სავარაუდოდ, ბავშვის დედამაც იცოდა. გარდა ამისა, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბავშვის დედა, ფაქტობრივად, მუდამ შინ იყო. არ ვიცი, როგორ ვერ უნდა შეემჩნია მის თავს რა ხდებოდა, ან მისი შვილი რატომ იყო გაღიზიანებული და ჩაკეტილი. თუკი ეჭვი გამართლდა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვის დედა ფაქტს მალავდა, მაშინ მასაც იგივე სასჯელი უნდა მიესაჯოს, რასაც შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას მიუსჯიან. ეს ჩემი პირადი აზრია.
თავად ბავშვი, როგორც აღვნიშნე ჩაკეტილი და თავდახრილი იყო. მისგან მართლაც მოდიოდა სიმძიმე, მაგრამ ფაქტია, რომ ნაძირალა მამამ იმდენად დააშინა, რომ დააბეჩავა, ხმას ვერ იღებდა.
- სავარაუდოდ, ცოლზეც ძალადობდა და ბავშვის დედის დუმილის მიზეზიც ეს იყო.
- კი, იყო ფაქტი, როდესაც ხალხის თანდასწრებით დაარტყა. მაგრამ ეს შვილის გაწირვის მიზეზი არ არის.
- გავრცელებული ვერსიით, ფაქტზე მასწავლებელმა იეჭვა და მან გამოიძახა პოლიცია. მით უფრო, რომ მისი თქმით, ბავშვი ხშირად აცდენდა.
- მასწავლებელმა პოლიცია მაშინვე გამოიძახა, როგორც კი იეჭვა, რომ მოვლენებში რაღაც არასწორი დაინახა. რაღაცები დაემთხვა: ამ დღეს ბავშვი სკოლაში წავიდა, დედამ კი მეორე შვილისთვის, 12 წლის გოგონასთვის სასწრაფო გამოიძახა, რახან ბავშვი რამდენიმე დღე ცუდად იყო. სასწრაფოს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვს ყელი ჩირქისაგან გადაკეტილი ჰქონდა, ამიტომ დედაც და შვილიც კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკიდან კი დედამ უფროსი შვილის მასწავლებელს დაურეკა, ბავშვი სახლში არაფრით არ გაუშვათო. ამიტომ, მასწავლებელმა პოლიციას დაურეკა, - რატომ უნდა ითხოვდეს დედა, ჩემი შვილი სახლში არ გაუშვათო, როდესაც სახლში მამაა, წესით, შვილის უპირველესი დამცველი! პოლიციამ კი საავადმყოფოშივე დაკითხა ბავშვის დედა და 12 წლის და. ამ საბრალო მეორე ბავშვმაც მაშინვე აღიარა, - რამდენიმე დღის წინ თავად დავადექი თავზე, როდესაც მამა ჩემს დას აუპატიურებდა. ჩემი დისთვის მიშველება მინდოდა, მაგრამ მამამ მცემაო.
- კოშმარულ ამბავს ვისმენ…
- კი. ასეა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ 15 წლის ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, რომელზეც, როგორ ირკვევა 7 წლის განმავლობაში ძალადობდა, არამედ ამ ადამიანისათვის წარმოუდგენელი უბედურების მსხვერპლია ამ ბავშვის დაც, რომელმაც ეს ყველაფერი ნახა და სამუდამოდ მოუწამლავს სიცოცხლეს. ასევე, მათი პატარა ძმაც, რომელსაც თავზე ყველაფერი დაენგრა. მსხვერპლია ხალხიც, რომ ამ საზიზღრობისთვის სასჯელი ზედმეტად რბილია.
უკვე აღარ ვიცით, შვილები როგორ დავიფაროთ. მდგომარეობას კანონის გამკაცრებით უნდა მიეხედოს და გთხოვთ, ეს ხელისუფლებას დაუფიქსიროთ.
(სპეციალურად საიტისთვის)