როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია?
პიროვნული ზრდა ყველა ადამიანის ცხოვრებაში მუდმივი პროცესი უნდა იყოს. არის ჩვენში რაღაც ისეთი, რაც არ ან ნაკლებად მოგვწონს და ვცდილობთ, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ყველაზე მეტად მომთხოვნი სწორედ საკუთარი თავის მიმართ რომ უნდა ვიყოთ და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაც საკუთარი თავის შეცვლით დავიწყოთ, მგონი, ამაზე უკვე აღარავინ დაობს. რას აკეთებთ იმისთვის, რომ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია? - ამ შეკითხვით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მივმართე.
"რაც უფრო მოახერხებ შური ამოიღო გულიდან, უფრო და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ"
რატი დურგლიშვილი:
- ბევრი რამ იყო ჩემში ისეთი, რაც არ მომწონდა და გამოვასწორე. საკუთარ თავს ბავშვობიდან ყოველთვის გულმოდგინედ ვზრდიდი. იმ პერიოდში, როცა უშუქობა, უძრაობა იყო (და ეს ძალიან არ მომწონდა), მივხვდი, ბევრი უნდა მესწავლა, მემუშავა, რადგან საკუთარი მომავლის უკეთესობისკენ შეცვლას მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებდი. დაკავებული ვიყავი ხატვით, ძერწვით. არ მინდოდა, დრო დამეკარგა. ამაში უდიდესი წვლილი მშობლებმა შეიტანეს. მართალია, სწორ გზაზე დაყენებას მშობლები ცდილობენ, მაგრამ დამეთანხმები, ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს მცდელობა ამაოა, თავად მოზარდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ძალით ვერაფერს გააკეთებინებ. დამჯერი აღმოვჩნდი, ბევრი ადამიანის რჩევას, აზრს ვითვალისწინებდი. ჩემი მოტივაცია ყოველთვის წარმატებული ადამიანები იყვნენ. მათ ძალიან ბევრს ვუსმენდი, დეტალებს ვაკვირდებოდი და შეძლებისდაგვარად ვითვისებდი.
- წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს კითხულობდი?
- ვკითხულობდი, თუმცა უფრო მეტს მოსმენით ვსწავლობდი. სულ კომპოზიტორების, მწერლების გარემოცვაში ვიყავი. ეს ადამიანები ავტორიტეტები, ჩემთვის ძალიან მისაბაძები იყვნენ. მომწონდა მათი ცხოვრების სტილი, სიმშვიდე. ბევრი გენიალური ადამიანისგან მაქვს აღებული პატარ-პატარა დეტალი.
- გამორჩეული შთაბეჭდილება რომელმა მოახდინა?
- ერთს ვერ დავასახელებ: რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე, მორის ფოცხიშვილი, რობერტ ბარძიმაშვილი... ზოგიერთი ჩვენთან ოჯახში მოდიოდა, ზოგიერთებს მამა კონცერტებზე მაცნობდა.
- რა იყო შენს ხასიათში ისეთი, რაც არ მოგწონდა და გამოასწორე?
- წლების წინ, ვიღაც რომ არ მომეწონებოდა, ხანდახან ცუდის თქმა ვიცოდი. ადამიანურია ისიც, რომ ზოგჯერ სურვილი გიჩნდება, ვიღაცას სამაგიერო გადაუხადო. ჩემში ეს თემა საერთოდ მოვსპე. ახლა არ არსებობს, ადამიანს ბოროტება ვუსურვო, როგორც უნდა მომექცეს.
- როგორ იპოვე ძალა საკუთარ თავში, ბრაზზე, წყენაზე მაღლა დამდგარიყავი?
- საკუთარ თავზე თუ იმუშავებ, ყველაფერი შესაძლებელია. ეს ერთ დღეს არ მომხდარა, ბუნებრივად, დროთა განმავლობაში მოვიდა. რაც შემეძლო, მაქსიმალურად სულ უფრო და უფრო მეტ სიკეთეს ვთესავდი. ადამიანს სამყაროსგან ყველაფერი უკან გიბრუნდება. რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებ, რაც უფრო მოახერხებ შური ამოიღო გულიდან, უფრო და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ და რაც ყველაზე მთავარია, ამას ბედნიერების განცდა მოაქვს. ქუჩაში ვიღაცას კარგად ჩაცმულს ან კარგი ავტომობილით რომ დავინახავდი, მიხაროდა. ეს ადამიანები უდიდეს სტიმულს მაძლევდნენ.
- საკუთარ ფიქრებს, ქცევებს, ქმედებებს დღეს რამდენად ხშირად უღრმავდები?
- სულ ამ ფიქრებში ვარ. ძალიან წვრილმან დეტალებზეც კი ბევრს ვფიქრობ. შეიძლება ახლა რაღაც ისეთი სიტყვა გითხრა და ინტერვიუს დასრულების შემდეგ ვიფიქრო, იმ სიტყვას შეიძლება სხვაგვარი გაგებაც ჰქონდეს და ამის გამო ვინერვიულო. სხვა ადამიანის ცხოვრება ჩემთვის უმნიშვნელო არ არის, მასზეც ვფიქრობ. მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანებს მხოლოდ დადებითი ენერგია და ემოცია გავუზიარო.
- ბევრი წლის შემდეგ, როდესაც ასაკში იქნები, რა გინდა შენზე რომ თქვან?
- აი, ამაზე არასდროს მიფიქრია. ალბათ იტყვიან, კარგი ადამიანიაო. ალბათ ვეყვარები მათ, ვინც მიცნობს. მე ვცხოვრობ ბოროტების გარეშე, ეს ჩემს თავთან კომფორტში მამყოფებს და გამიხარდება, სხვებისთვისაც შესამჩნევი თუ იქნება.
"ერთ დღეს ამ ვარჯიშსაც შევეშვი. ახლა ჩამოვდნი, გარეგნობა შემეცვალა"
ქეთი ხუციშვილი:
- საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია? წარმოიდგინეთ, რომ ამისთვის არაფერს ვაკეთებ. ასეთ რამეს არ ვუფიქრდები, ჩემს ცხოვრებას ჩვეულებრივად მივყვები და მსგავსი ფიქრები არ მაქვს.
- ხომ არის რაღაც, რაც საკუთარ ხასიათში არ მოგწონს.
- მგონი, არ არის (იცინის). ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასეა. ჩემს ხასიათთან წინააღმდეგობა არ მაქვს.
- ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გქონია? პიროვნულ ზრდაზე არასდროს გიმუშავია?
- ეს წლებთან ერთად მოდის, ყველასთან ურთიერთობაში. ზოგჯერ მითქვამს, აი, ამ მომენტში დამთმობი არ უნდა ვყოფილიყავი, ახლა შემეშალა, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
- ანუ საკუთარ თავთან შეცდომების აღიარება არ გიჭირს.
- არც სხვასთან მიჭირს, მთავარია, გავაცნობიერო. შეიძლება ეს იყოს შვილთან ურთიერთობისას, მშობლებთან, მეგობარ მამაკაცთან...
- ბავშვობიდან მოყოლებული, ყველაზე მეტი ვისგან ისწავლე?
- ვფიქრობ, მშობლებისგან. ბავშვობაში მათთან ხარ, იზრდები, გარკვეულ წლებს მათ გვერდით ატარებ. შეიძლება ასე სიტყვებით არც გასწავლიან, მაგრამ რაღაც გაკვეთილს საკუთარი ქმედებით დებენ შენს ქვეცნობიერში. მშობლებიდან სწავლობ ზრდილობას, კულტურას, სუფრასთან მოქცევის წესებს... დღეს ცალკე ვცხოვრობ, დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ რაღაცას რომ გავაკეთებ, გავიფიქრებ ხოლმე, ეს დედას, მამას მოეწონებოდა?
- ცხოვრებაში მისაბაძი ადამიანი თუ გყავთ ან გყოლიათ?
- არა. პატივს ბევრ ადამიანს ვცემ, მაგრამ სხვაგვარად ვუყურებ ამ თემას. შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანის ქცევა მისაბაძი იყოს, მაგრამ სხვა სიტუაციაში - არა. მე მაინც ყოველთვის ჩემებურად ვიქცევი.
- ფიზიკურად რომ უფრო უკეთესი გამხდარიყავი, ამ მიმართულებით რა გზებს მიმართე?
- წლების განმავლობაში ვვარჯიშობდი, ცხვირის პლასტიკური ოპერაციაც გავიკეთე, უმნიშვნელო ჩარევებიც. განწყობის ადამიანი ვარ. წლები ვიცხოვრე იმ ცხვირით, მაგრამ არასდროს გამჩენია ფორმის ცვლილების სურვილი. ერთ დღეს, ქუჩაში სიარულისას სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება. 6 წელი მთელი დატვირთვით ვვარჯიშობდი. მერე ისე დავიკუნთე, ეკრანზე ჩემი თავი აღარ მომეწონა და მივხვდი, უნდა შევჩერებულიყავი. ვარჯიში ჩემი გიჟური გატაცება იყო. სხვა არაფერი მინდოდა, დღეში 3 საათი დარბაზიდან არ გამოვდიოდი, ვარჯიშზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი, მაგრამ ერთ დღეს ამ ვარჯიშსაც შევეშვი. ახლა ჩამოვდნი, გარეგნობა შემეცვალა. ქალი თხელი აღნაგობის უნდა იყოს, ზედმეტი კუნთის გარეშე.
"ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ კარგი განათლება მაქვს"
ოთო ნემსაძე:
- ჩემი წარმატების და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნის საიდუმლო არის სიმართლეში. ვარ ძალიან გულწრფელი და ვაკეთებ იმას, რაც მინდა. როცა ასეა, მერე ძალიან მარტივად იღებ შენიშვნებს, სწორ კრიტიკას. საკუთარ თავზე ძალიან დიდი და დაუღალავი შრომის გარეშე არაფერი გამოვა. ეს შრომა ყოველდღიური უნდა იყოს.
- პიროვნული ზრდის ფაქტორზე რას გვეტყვი?
- ვინც უნდა იყო, რომელ სფეროშიც უნდა საქმიანობდე, კარგი განათლების გარეშე პიროვნულად ვერაფრით გაიზრდები. ძალიან ძნელია განათლების გარეშე წარმატებას მიაღწიო. ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ კარგი განათლება მაქვს.
- საკუთარ ხასიათში რა გამოასწორე?
- ალბათ ყველას გვაქვს რაღაც კომპლექსები, რომლებიც არ მოგვწონს. ჩემს საქმეში იმდენად ჩართული ვარ, სულ ველოდები, ვინმემ რამე მითხრას, რომ გავითვალისწინო.
- ერთხელ მითხარი, ფეთქებადი ხასიათი მაქვს და არ მომწონსო.
- ჩემი ფეთქებადობას დიდწილად ჩემი სიმართლე განაპირობებს. იმ გზაზე, რომელიც მე მაქვს არჩეული, ფეთქებადობის გარეშე რამე გამოვა? მშვიდი ოთო ნემსაძე მგონი არავის მოეწონება. თუმცა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ჩემი მინუსია.
- და ამის შეცვლა, დაბალანსება რომ მოახდინო, არ გიმუშავია?
- კონტროლი ვისწავლე. ვიცი, სად უნდა ავფეთქდე და სად - არა. მგონი სჯობს აფეთქდე, ვიდრე საკუთარ თავს დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენო. ემოციების გარეთ გამოშვება საჭიროა, მე ამაში ყველაზე მეტად მუსიკა მეხმარება.
- ყველაზე მეტი ვისგან ისწავლე?
- ოჯახისგან. მშობლებმა ბევრი იწვალეს და დღესაც წვალობენ იმისთვის, რომ მე და ჩემი ძმა წარმატებულები ვიყოთ. ძალიან ბევრი ვისწავლე მეგობრებისგან. ამ ადამიანებისგან რჩევას და შენიშვნას დაუფიქრებლად ვითვალისწინებ. არ მინდა, ჩემი მსმენელის წვლილიც დავივიწყო. ის, რომ მე დღეს შემდგარი მუსიკოსი ვარ, არის ქართველი მსმენელის დამსახურება. მათ აზრსაც ხშირად ვითვალისწინებ, ოღონდ "ბაბლური, ჰეითერული" არ უნდა იყოს.
- პრემიერის შემდეგ, ვინ არის ადამიანი, ვის აზრსაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდები?
- ეს ადამიანი არის ჩემი მეუღლე, სოფო. თავიდან ბოლომდე ჩართულია ჩემს საქმიანობაში, ვიდეოს გადაღებიდან გადაცემაში სტუმრობით დასრულებული. რადგან მისი ჩართულობა ჩემს კარიერასა და პროფესიულ ზრდაში ძალიან დიდია, მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. ასევე მნიშვნელოვანია მეგობრების ჯგუფის "ლიმბო" აზრი; ადამიანების, ვისთან ერთადაც ცოცხალ მუსიკას ვაკეთებ.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"