"ლამის ფსიქიატრი დამჭირდა" - კონკურენცია საკუთარ ახალგაზრდობასთან, უძილო ღამეები და სიახლე იუმორისტის ცხოვრებაში
ახლახან ქართველი იუმორისტების ჯგუფმა - "სი კორპორაციამ" ახალი ტელეარხი შექმნა. ჩვენ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს - მიშა ანდღულაძეს სხვადასხვა საკითხზე ვესაუბრეთ, მათ შორის - თანამედროვე ტერმინოლოგიით მოსაუბრე პერსონაჟზეც, რომელსაც ახალ სერიალში ასახიერებს...
- მიშა, როგორ ხართ?
- ისევ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და მშობლების მადლიერი ვარ, რომ გამაჩინეს (იღიმის)... საქმეს რაც შეეხება, მთავარი სიახლე ისაა, რომ ჩვენი გუნდის, "სი კორპორაციის" ტელეარხი - TV C ახლახან ჩაირთო. კომედიური არხი წინათაც გვქონდა, ძველი გადაცემები ეთერში დღემდე გადის. მაშინ უფრო ახალგაზრდები ვიყავით. ახლა ისე გამოდის, რომ საკუთარ ახალგაზრდობასთან კონკურენცია გვაქვს. იმედია, ვაჯობებთ (იღიმის).
- ახლახან სერიალში "ELT ოფისი" გამოჩნდით...
- მეორე სერიალის - "თეთრი, მშრალი ხიდი" გადაღებასაც ვგეგმავთ. დრამა-კომედია იქნება... მოკლედ, 2 სერიალი ერთად დავიტეხეთ თავს... "ELT ოფისს" რაც შეეხება, სამშენებლო ბიზნესის თემას ეხება. ბათუმში გადავიღეთ. საიმიჯო-სარეკლამო ფორმატის სერიალია. ჩემი პერსონაჟი ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი გახლავთ: მორიგი, თანამედროვე ტერმინოლოგიით (ნახევრად ინგლისურენოვანი) მოლაპარაკე ადამიანია, რომელიც გაყიდვების მიმართულებით მუშაობს... ამ სერიალის გადაღებისას იმდენი ღამე გადავათენეთ, რომ ლამის ფსიქიატრი დამჭირდა. დიდი ხანია, უძილობას ვებრძვი - ძილის რეჟიმი მოწესრიგებული არ მაქვს. გადაღებები ჩემზე მძიმედ აისახება, თუმცა ვუძლებთ. რეჟისორმა და სცენარისტმა კიდევ უფრო მეტი იმუშავეს. მე გამიმართლა - ძილს ცოტა ხნით მაინც ვახერხებდი. ვფიქრობ, მომდევნო სერიები საერთო შინაარsს უფრო "შეკრავს" და კიდევ მეტს გადავიღებთ...
- ოდესმე ფსიქიატრის დახმარება რეალურად დაგჭირვებიათ?
- ამის შესახებ წეღან ნახევრად ხუმრობით აღვნიშნე, მაგრამ ვისაც კინოსა და სერიალზე მუშაობის გამოცდილება აქვს, იცის, რომ ეს საკმაოდ მძიმე სამუშაოა. ადამიანს 1-2 კვირის განმავლობაში რომ არ გძინავს, მედიკამენტოზური დახმარება გჭირდება. ფსიქიატრიულ კლინიკაში ჯერ არ დავუწვენივართ, ამ დონემდე არ მივსულვარ. ფიზიკურად აქტიური ვარ, საკუთარ თავს ვშველი ვარჯიშით. როცა ეკრანს უყურებ, მაყურებელი ფიქრობს, რომ ადვილი სამუშაო გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს საკმაოდ რთული საქმეა.
- სერიალში თქვენი პერსონაჟი მომხმარებლებს იოლად არწმუნებს, რომ შეთავაზებული პროდუქტი შეიძინონ. თავად დარწმუნების ხელოვნებას კარგად ფლობთ?
- ვერ გეტყვით... ამაში გამოცდილება არ მაქვს, რომ ვინმე რამეში დავარწმუნო...
- პირადი ურთიერთობების მაგალითზე გვითხარით...
- არა მიშავს (იღიმის)... ვფიქრობ, დარწმუნება გულწრფელობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ბიზნესს რაც შეეხება, ამ სფეროში გულწრფელობა რთული ამბავია - სხვანაირად მუშაობს. ჩემი გამოცდილებით, ბიზნესი მომხმარებელს იმაზე მეტს ჰპირდება, ვიდრე შეუძლია, მაგრამ აი, როცა გულწრფელობა, მარკეტინგი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ხარისხიც მაღალია. ჩვენც ჩვენს პროდუქტს ვყიდით - ვცდილობთ, გულწრფელობა, პროდუქტი და ხარისხი ერთმანეთს შევუსაბამოთ.
- როგორც ვიცი, რეჟისორის პროფესიასაც ეუფლებით. მეორე სერიალში ამ ამპლუაში ხომ არ მოსინჯავთ ძალას?
- ჩემი სურვილი და მიზნები რეჟისურასთან დაკავშირებული ნამდვილად არის. ამ ეტაპზე ვსწავლობ... მანამდე "იუთუბ" არხზე სხვა სერიალს "ვაკეთებდი" - რეჟისორი და სცენარისტი ვიყავი. სამომავლოდ, რეჟისურის მიმართულებით მუშაობაზე ვფიქრობ. უბრალოდ, ჩემი მიზნები ცოტათი განსხვავებულია - არაკომერციული კინო უფრო მაინტერესებს, როგორიც იყო სერგო ფარაჯანოვის, ბერგმანის, ვუდი ალენის ნამუშევრები... ეს საკმაოდ რთული ამბავია: შეიძლება, მთელი ცხოვრება ელოდო და ძიებაში იყო, რომ შენი სტილი იპოვო. ყოველ შემთხვევაში, ამბიციები მაქვს. ვნახოთ...
- ინტერნეტპლატფორმა თქვენთვის კომფორტულია სამუშაოდ?
- ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, ტელევიზიამ თავისი ფორმატი შეცვალა - ინტერნეტი ჩვენი "ტელევიზია" გახდა. ჩვენთვისაც ახალი და საინტერესო სივრცეა. მთავარია, პირად პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული და ვცდილობთ, საინტერესო სიახლე შევქმნათ.
- სოციალურ ქსელებში, თქვენს პირად გვერდებზე აქტიურობთ?
- "სი კორპორაციას" რამდენიმე განყოფილება აქვს. ივენთის განყოფილების ხელმძღვანელი მე ვარ - ადმინისტრატორის საქმიანობაში ნახევრად ჩართული გახლავართ (ფოტოების ატვირთვა, წერილებზე პასუხი, პაკეტების შეთავაზება...). ისეთი ადვილი არ ყოფილა, როგორიც მეგონა... პირად გვერდებს რაც შეეხება, სოციალურ ქსელში ახალგაზრდობაში დავრეგისტრირდი. ეს ისეთივე მარტივ წესს ჰგავს, როგორიცაა: ნათლობა, ოჯახის შექმნა... ამას მექანიკურად ვაკეთებთ - ისეთი ამბავია, რომ "უნდა გქონდეს". ამჟამად, ერთადერთი პირადი გვერდი მაქვს "ფეისბუკზე", რომელსაც პირადად მე ვამუშავებ და მხოლოდ ჩემს სამწერლო მიმართულებას უკავშირდება (წიგნის პრეზენტაცია, შეხვედრები, ტრენინგები...). ჯერჯერობით, სხვა პლატფორმებს არ ვიყენებ, ესეც საკმარისია.
- როგორ ფიქრობთ, თქვენმა წიგნმა გაამართლა?
- ჩემ მიერ არჩეულ თემაზე წიგნის გამოცემა და ჩემთვის ძალიან ავტორიტეტული, ლიტერატურის ცოდნაში დასაფასებელი ადამიანის - ლევან ბერძენიშვილის შეფასება ჩემთვის უკვე გამარჯვებაა. საერთოდ, რაღაც კარგი, ღირებული რომ გამოვიდეს, ხალხის ერთმა ნაწილმა უნდა გაგლანძღოს, მეორემ - გაგაღმერთოს. შესაბამისად, ნებისმიერ საქმეს და სიახლეს ეს 2 ამბავი ახლავს. ყველას არ მოეწონები და ყველა კმაყოფილი არ იქნება, მით უმეტეს, როცა საქმე კრიმინალურ ეკლესიას ეხება, მარტივი თემა არ არის. დიდი წინააღმდეგობები მქონდა. მეუბნებოდნენ, - არ გაგაქრონ, ამ საქმეს თავი დაანებე, საშიშები არიან, მაფიააო და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, წიგნში ჩემი პირადი გამოცდილებაა; ბევრი ამბავია, რომელიც დაგროვდა...
არსებობს წიგნები, რომლებიც შეიძლება, უბრალოდ, დაწერო და არსებობს წიგნები, რომლებიც უნდა "ჩაიდინო". ვფიქრობ, ლიტერატურა "ჩადენის აქტია". ვერ ვიტყვი, რომ ჩემი წიგნი მხატვრულად განსაკუთრებულია. უბრალოდ, ეს იყო აქტი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის აუცილებელიც გახლდათ. მაგალითად, იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საკითხზე დიდხანს საუბრობენ, რომ ის ადამიანები გამოვავლინოთ, ვინც საბჭოთა ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, მაგრამ ეს დღემდე ვერ შედგა. ყველგან მოღალატეებს და აგენტებს ვეძებთ. სინამდვილეში, აგენტები ისინი არიან, ვინც თავად სხვებს აბრალებენ აგენტობას. ასე რომ, ეს წიგნი ჩემთვის უფრო "აქტია" - რაღაცის გაბედვაა... მკითხველს მოეწონება თუ არა, მაინც პირადი საკითხია - კითხვებს მაინც დასვამს... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "აქტი" შედგა, შეკითხვები დაისვა - ეს ის ხომ არ არის, რაც გვგონია? მოდი, საკითხში უფრო ღრმად ჩავიხედოთო... დღევანდელი ჩვენი ეკლესია ზუსტად იმ უძღები შვილის სიტუაციაშია, რომელიც სახლში კი დაბრუნდა, მაგრამ მამას ქონებას ისევ სთხოვს. ახლა მამა ყურადღებით უნდა იყოს და შვილს ქონება აღარ მისცეს, თორემ თავადაც და შვილიც ხრამში გადაიჩეხებიან. რეალურად, "მამა" ჩვენ, საზოგადოება უნდა ვიყოთ: ეკლესიას ხელი კი არ უნდა ვკრათ, პირიქით - მეტი კითხვა დავუსვათ და მეტად ვიყოთ ჩართული იმ პასუხისმგებლობებში, რაც არ მოგვწონს: სასულიერო პირების სწრაფვა სიმდიდრიsკენ და არა - იმ იდეისკენ, რასაც ქრისტიანობა გვასწავლის. რაც არ მოგვწონს, ამაში ჩვენც ვმონაწილეობთ - ჩვენც ვართ დამნაშავეები, გვინდა თუ არა. ეს საერთო პრობლემაა, ვერ გამიჯნავ...
- თქვენს წიგნთან დაკავშირებულ რადიკალურ შეფასებებს აწყდებით?
- რა თქმა უნდა. ვიღაც გაკრიტიკებს, ვიღაც - გლანძღავს, ვიღაც გაღმერთებს, გლოცავს... ნამდვილ ლიტერატურას ამას ვეძახი: ის ყველას სურვილს არ უნდა აკმაყოფილებდეს: ვიღაცებს გულში დანასავით უნდა ესობოდეს, ვიღაცისთვის - დამამშვიდებელი საშუალება იყოს, ვიღაცისთვის - კითხვებზე პასუხი... შემოქმედების, იუმორის იდეაც ეს არის, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვანი საკითხი იმ ფორმით მიაწოდო, რისი შესაძლებლობაც იმ დროს გაქვს...
- არ შეგშინებიათ, რომ ბევრისთვის საყვარელ იუმორისტს შესაძლოა, წიგნის გამოცემის მერე, მაყურებლები დაგეკარგათ?
- არა. მაყურებლების თემა ცოცხალი პროცესია: თან შეიძენ, თან - დაკარგავ... ცხოვრებაში 2 არჩევანი გვაქვს: ან საკუთარი აზრებით, ქმედებებით ცხოვრობ, ან კოლექტიურ გარემოში მიღებულით. მე პირველ მხარეს ვარ: მირჩევნია, საკუთარი აზრებით, ძალებით ვიცხოვრო. აქ უფრო მეტი შესაძლებლობაა ისეთი გარემოს შექმნისა, რაზეც ვოცნებობთ და "ევროპულ გარემოს" ვუწოდებთ. პირველ რიგში, ევროპა ზუსტად საკუთარი პასუხისმგებლობების და აღმოჩენების გზაზე სიარულია და არა სხვისკენ ყურება. ევროპამაც ჯოჯოხეთის გზა გაიარა. საუკუნეები დასჭირდა, რომ ისეთი გამხდარიყო, როგორიც არის. ესაა სამოთხე, რომელსაც ჯოჯოხეთის გზა აქვს. ჩვენც ამ გზაზე ვართ...
- ახალ წიგნზეც ხომ არ მუშაობთ?
- კი, მეორე წიგნზეც ვმუშაობ, რომელიც ტელევიზიაში ჩემს გამოცდილებას, პოლიტიკურ-იუმორისტულ მოვლენებს ეხება. დიდი თემაა...
- წლების განმავლობაში სომეხ პერსონაჟსაც ასახიერებდით, რომელიც სოციალურ ქსელებში ახლაც პოპულარულია. სომხებისგან უარყოფითი დამოკიდებულება ხომ არ გიგრძნიათ, რაკი მათ პაროდიას აკეთებთ?
- არა, პირიქით. არის შემთხვევები, როცა მეკითხებიან, - წარმოშობით სომეხი ხომ არ ხარო? ვპასუხობ, - კი-მეთქი. რატომაც არა?! უხარიათ. საქართველო მულტიკულტურული, მრავალეროვანი ქვეყანაა. ეს ჩვენი ეთნოსია. ამაში უცნაური არაფერია.
- შემოქმედებითი კრიზისი თუ გქონიათ?
- კრიზისი შემოქმედებას თან ახლავს - ყოველდღიური და ბუნებრივი პროცესია. ყველას თავისი ხრიკი აქვს, შემოქმედებითი კრიზისიდან როგორ "გამოძვრეს". მე დისციპლინის ჩემი წესები მაქვს. კრიზისი რომ არ არსებობდეს, სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა. ეს ის ამბავია, რომ ამბობენ, - ყველაფრით კმაყოფილი ადამიანი მკვდარიაო. კრიზისი ძალისხმევას და სიფხიზლის შეგრძნებას გაძლევს, აუცილებელიც კია.
- თქვენთვის სატელევიზიო სივრცეში მუშაობა უფრო კომფორტულია თუ ინტერნეტში?
- ვერ ვასხვავებ. შეიძლება ეს საკითხი ადამიანმა პირადი ემოციით განიხილო, მაგრამ საჯაროობა სად გექნება, დიდი განსხვავება არ არის, ერთმანეთის მსგავსია...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"