"ერთხელ ბუბამ თქვა, გაანებეთ თავი, ეგ რომ ფიქრობს, ჩვენ იმიტომ ვმხიარულობთო, ასეთი შეფასება იშვიათია" - კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა: როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ რობერტ ბარძიმაშვილს?
"არაფერი არ მებადა სიმღერის და ლექსის გარდა, მეგობარი მე ყოველთვის გვერდით მყავდა" - ეს რობერტ ბარძიმაშვილის შესრულებული სიმღერის ცნობილი ფრაზებია, რომელიც მისი შესრულებით მსმენელს ძალიან უყვარს. სიმღერას "გულმართალი კაცი“ ჰქვია და ეს ადამიანიც, ვის გახსენებასაც ახლა ვაპირებთ, ასე შემორჩა ისტორიას...
ქართული ესტრადის განვითარების საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვის. მისი თაოსნობით 60-იან წლებში ლეგენდარული ანსამბლი "ორერა" შეიქმნა, შემდეგ იყო "ვია 75“, "ჯორჯია,“ "ბარძიმი“... სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად მუშაობდა და ახალი თაობის აღზრდის საქმეშიც სერიოზული წვლილი შეჰქონდა. ჰქონდა საბავშვო სტუდია „ლახტი,“ სადაც არაერთ, დღეს უკვე კარგად ცნობილ მუსიკოსს უსწავლია.
ანსამბლ "ორერას", რომელსაც წლების განმავლობაში წარმატებულად ხელმძღვანელობდა, არათუ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სიხარულით ხვდებოდნენ. ეს მაშინ, როცა საზღვრები მილიონობით საბჭოთა მოქალაქისთვის დახურული იყო. ანსამბლი სიმღერებს უცხო ენებზეც მღეროდა, რაც იმ დროისთვის დიდი გარღვევა იყო. შეიძლება ითქვას, „ორერამ“ ყველა საბჭოთა სტერეოტიპი დაამსხვრია. ანსამბლმა იმ პერიოდში ჩვენში აკრძალული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება ინგლისურად გაბედა. ამ შემთხვევაში ცენზურა ვერ შეეხო, რადგან ანსამბლი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა პრაქტიკაში ეთვლებოდა.
იყო ასეთი ეპიზოდიც - 1964 წელს, ლონდონში გასტროლებზე ყოფნისას „ორერა“ მუსიკალურ შეჯიბრში ლამის ლეგენდარულ "ბითლზს" შეეჯახა. მათი "დაპირისპირება" ბოლო წუთებში გადაიდო, რადგან „ბითლზს“ მოულოდნელად გადაღებებზე მოუხდა წასვლა. „ორერას“ „75“ მოჰყვა, რომელზეც რობერტ ბარძიმაშვილი ამბობდა, ცოტა გვიან რომ შემექმნა, ბევრად პოპულარული იქნებოდაო. თუმცა 70-იანი წლებისთვის დიდად პოპულარული ჯგუფი იყო. პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ და როკს უკრავდნენ. პირველი როკ-ოპერა „ალტერნატივა“ მათ წარმოადგინეს... კონცერტები ანშლაგებით მიდიოდა... რობერტ ბარძიმაშვილი, როგორც მომღერალი, ინსტიტუტის ლექტორმა, შესანიშნავმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ინოლა გურგულიამ აღმოაჩინა.
რობერტ ბარძიმაშვილმა თავის ბოლო ჯგუფს „ბარძიმი“ დაარქვა, რაც მის გვართან იყო დაკავშირებული. იმისთვის, რომ ჯგუფისთვის „ბარძიმი“ ეწოდებინა, თურმე პატრიარქთანაც ყოფილა, რომ ნებართვა ეთხოვა. გვარიდან გამომდინარე კი არქმევდა ამ სახელს, მაგრამ რადგან ბარძიმს ეკლესიურად სულ სხვა დატვირთვა აქვს, ამიტომაც მიაჩნდა, რომ პატრიარქთან ვიზიტი აუცილებელი იყო. უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა მისცა და სიმბოლურად პატარა ბარძიმიც აჩუქა. ჯგუფში მის მიერ არჩეული ბიჭები, მისი აღზრდილები გაერთიანდნენ.
რობერტ ბარძიმაშვილი მისი საქმიანობიდან გამომდინარე პირველი მენეჯერი იყო, ასევე პირველი მუსიკალური კლიპის და კიდევ ბევრი პირველი პროექტის ავტორი. მაგრამ, როგორც ამბობენ, ბევრი და ხმამაღლა ლაპარაკი არ უყვარდა, მიაჩნდა, რომ ყველაფერს საქმით ამტკიცებდა. მისი სიმღერები სიყვარულსა და სიკეთეზე იყო და მათგან გამორჩეული ორი სავიზიტო ბარათი ჰქონდა - ავთო შარვაძის და მურმან ლებანიძის ლექსზე შექმნილი „წითელფეხება მტრედებო“ და „გულმართალი კაცი,“ რომელიც ვაჟა დურგლიშვილისა და ნუგზარ ერგემლიძის ტექსტზეა შექმნილი.
AMBEBI.GE-სთან რობერტ ბარძიმაშვილს მისი უმცროსი მეგობარი, მუსიკოსი ნუგზარ ერგემლიძე იხსენებს:
- რობერტმა ანსამბლ „75“-თან ერთად 1976 წლის თებერვალში პირველი კონცერტი გამართა. ეს იყო სენსაციური და ორიგინალური კონცერტების სერია... მუსიკოსები პირდაპირ დარბაზიდან სასცენო კოსტიუმების გარეშე ადიოდნენ სცენაზე. ეს საბჭოთა ესტრადისთვის სრულიად უცხო რამ იყო. ავიდნენ სცენაზე და თბილისში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში (მაშინ ასე ერქვა) ფურორი მოახდინეს. მერე კონცერტებს რამდენიმე თვე ატარებდნენ... იყო ანშლაგები... ზაფხულში გასტროლებზე ბათუმში იყვნენ და რობერტ ბარძიმაშვილი იქ გავიცანი. მე სხვა ჯგუფით ვიყავი ჩასული, სადაც ბასისტად ვმუშაობდი. ამავე დროს „ოროველას“ კონცერტებიც იყო და საზაფხულო ფილარმონიის წინ გიტარით გავიარე. რომ დამინახა, თავისთან მიხმო - "ოროველაში“ უკრავთ? ისე დაემთხვა, რომ იმავე საღამოს ჩემი მეზობელი კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (წარმატებული მუსიკოსი, ცნობილი ქართული ფილმების არაერთი მუსიკის ავტორი, მათ შორის, სიყვარული ყველას უნდა,“ „მეტიჩარა“. მისი მეთვალყურეობით ლექსებს ვწერდი და როგორც ავტორი, ვიხვეწებოდი) ბათუმში იყო ჩამოსული. გაიგო, რომ პირველი ქართული როკოპერის დასაწერად ბარძიმაშვილთან იყო მიწვეული. სოსომ ჩემი თავი პოეტის რანგში წარუდგინა, რომელიც ამ როკოპერისთვის ლექსების დაწერას შეძლებდა... რობერტი მეორედ იმავე დღეს ვნახე, მკითხა - შეგიძლია როკოპერისთვის ლექსების დაწერა? ვუთხარი, რომ შემეძლო და შევეცდებოდი. ეს ყველაფერი გამიხარდა... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. (გააგრძელეთ კითხვა)