ლაზარე გრიგორიადისისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში ვარცხნილობის შეცვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში ვარცხნილობის იძულებით შეცვლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
როგორც მანეჟაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.
„სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი გ ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ეს გამოძიება პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისისთვის საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ვარცხნილობის შეცვლას უკავშირდება“, - განაცხადა ადვოკატმა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
„ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.