"ვფიქრობთ, დაღუპული ბავშვის გადამალვა მკვლელმა ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე სცადა" - რა დეტალებზე საუბრობს 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ადვოკატი?
12 წლის ანა იანუშაიტიტეს ოჯახი ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის პასუხებს. ექსპერტიზამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი. მთელი საზოგადოება შეძრა 17 მარტს დიდ დიღომში მომხდარმა ფაქტმა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე გოგონას ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე ღამეს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა მეორე დღეს გაჩნდა ვერსია, რომ ანა, შესაძლოა უბედური შემთხვევის, საკვების გადაცდენის შედეგად ყოფილიყო გარდაცვლილი, ამიტომ იყო იმის მოლოდინიც, რომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვლებოდა. ანას ოჯახის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" იურისტი ელისო რუხაძე იცავს. მისი თქმით, ამ დრომდე საქმის კვალიფიკაცია უცვლელია, ოჯახი და გამოძიება ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია.
4 აპრილს ორგანიზაციის იურისტებმა ანას ოჯახის წევრებთან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. სურდათ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და როცა იქ მივიდნენ აღმოაჩინეს, რომ ტერიტორიაზე მთლიანად იყო გაკაფული ხეები და იქ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას წმენდნენ. ადვოკატი თვლის, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო გამოძიების დასრულებამდე. ორგანიზაციამ გაავრცელა კიდეც განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ კეთილმოწყობის სამუშაოებმა საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.
ადვოკატების განცხადებას 6 აპრილს თბილისის მერია გამოეხმაურა. მერია ამბობს, რომ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამსახურმა მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც მათ კორპუსის ამხანაგობის წერილი მიიღეს:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით. რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს. ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა,“- ამბობს თბილისი მერია.
ადვოკატი ელისო რუხაძის თქმით, საქმეში მათი ჩართვის შემდეგ გოგონას დედა გამოძიებამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნო და ამ დღეებში ოჯახი არაერთხელ იმყოფებდა უწყებაში სხვადასხვა დეტალის გასარკვევად. ადვოკატს უკვე გადაეცა სამტომიანი საქმე.
ადვოკატი ელისო რუხაძე:
- გადმოგვეცა საქმის მასალები. პროკურატურას მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შემთხვევის ადგილზე მერიამ კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ვუთხარით ისიც, რომ ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლებთან ერთად 4 აპრილს პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. პროკურატურაში გვითხრეს 5 აპრილამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ ჩვენ ეს ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე თქმით, შსს-ს ამ სამუშაოებზე თანხმობა არ გაუცია.
- საქმის დეტალებზე რას იტყვით?
- ვინაიდან საქმე გვაქვს არასრულწლოვანთან, დეტალებში ვერ შევალ, ეს არის ოჯახის თხოვნაც, ასევე იმის გამოც, რომ აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. იცით გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული. საქმის მასალების ირგვლივ არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ გამოძიება მუშაობს ორ ვერსიაზე - განზრახ მკვლელობა და უბედური შემთხვევა. მთავარი გადამწყვეტი ამ საქმეში ახლა იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. ჩვენ მოგვმართა გარდაცვლილი გოგონას, ანის დედამ, ნატომ, გვითხრა რომ სჭირდებოდა სამართლებრივი დახმარება, რადგან გამოძიება არ მიდიოდა წინ და გამოძიება უფრო მეტად იხრებოდა უბედური შემთხვევის ვერსიაზე, ამიტომ უნდოდათ ჩვენ ჩავრთულიყავით. ჩვენ მოვითხოვეთ დედის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, ასევე მასალების გადმოცემა. გავედით შემთხვევის ადგილზე და იქ გაკაფული დაგვხვდა ის ხე, რომლის ქვეშაც იპოვეს გარდაცვლილი მოზარდი. იქ ახლა ყველაფერი ამოძირკვულია. მერიის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ტერიტორიას ასუფთავებდნენ და იქ სკვერს აკეთებენ. შემთხვევიდან 19 დღეში მერიამ დაიწყო იქ სამუშაოები, არადა გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და გამოძიებას არანაირი ნებართვა არ გაუცია ამის შესახებ. საქმის დასრულებამდე წესით არ უნდა შეხებოდნენ.
- ოჯახი რა ვერსიას განიხილავს?
- ოჯახი გამოძიებას ელოდება. არაერთი ექსპერტიზაა საქმეზე დანიშნული, ქიმიური, ბიოლოგიური და მთავარ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. რა იყო სიკვდილის მიზეზი და ის დაზიანებები რაც მოზარდს ჰქონდა არის ადრინდელი, თუ სიკვდილის დროინდელია. ოჯახს და ჩვენ, ადვოკატებს კატეგორიულად გვჯერა, რომ გოგონა იქ ასეთ უდაბურ ადგილას თავისი სურვილით არ მივიდოდა, მას იმ ადგილას შესვლაც კი გაუჭირდებოდა. ან რატომ უნდა შესულიყო, როცა უმოკლესი გზა ჰქონდა სახლამდე მისასვლელად. გვჯერა, რომ სხვა პირის, დამნაშავის მხრიდან მოხდა ძალადობა, იქ ბავშვის შეყვანა და მისი მოგუდვა. საქმე ბურუსითაა მოცული, სავარაუდო მკვლელი შესაძლოა იყოს ჩასაფრებული თითოეულ სიტყვას და ინფორმაციას, თუ რაზე გადის გამოძიება, ამიტომ დეტალებზე ისედაც ვერ ვისაუბრებთ, სანამ კონკრეტული პირი არ გამოიკვეთება. ტერიტორიაზე, სადაც ანა იპოვეს, გარე განათება არ იყო. 4 აპრილამდე იქაურობა მთლიანად იყო გარშემოტყმული ბუჩქებითა და ჯაგნარით. ამ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად გზის შესამოკლებლად იყენებს.
- ბავშვს დაზიანებები ჰქონდა?
- სახის არეში ჰქონდა მცირედი ესკორაციები, ფხაჭებიხ და სხეულის სხვა ადგილებშიც ცოტა დაზიანებები აქვს.
- თავიდან გავრცელდა ინფორმაცია ოჯახმა ექპერტიზაზე უარი თქვაო, ეს მართალია?
- არა, ექსპერტიზა ცხედარს ჩაუტარდა. მოხდა გვამის გაკვეთა და ველოდებით ექსპერტიზას.
- გოგონა დეიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რას ამბობს დეიდაშვილი თავის ჩვენებაში?
- დეიდაშვილი ამბობს, რომ უმნიშვნელო ამბავზე წაკამათდნენ, წაკინკლავდნენ ისინი, ამიტომ დეიდაშვილი უფრო ადრე ამოვიდა სახლში და მას ანიმ უთხრა, რომ ცოტა ხანი დარჩებოდა ეზოში და საქანელაზე იქანავებდა. განათებულ ადგილას მოხდა მათი დაშორება, ხალხი მოძრაობდა, რაიმე სახის სახიფათო გარემოებაში ის დეიდაშვილს არ დაუტოვებია.
- თავდაპირველად ითქვა, რომ გოგონას გადაცდა საჭმელი და რომ ეს იყო კვებითი ასფიქსია, ამაზე რას იტყვით?
- ბავშვმა მიირთვა ერთჯერადი სუპი მშრალად და დააყოლა ენერგეტიკული სასმელი, მაგრამ ეს ხდებოდა ნახევარი საათით ადრე. მას ამის მირთმევის დროს არაფერი არ გადაცდენია. შემდეგ ქანაობდა საქანელაზე, ამიტომ ის ვერსია, რომ გადაცდა საკვები და იყო კვებითი ასფიქსია არ არის სიმართლე.
- გაუპატიურება გამოირიცხა?
- ამ კითხვებს გასცემს პასუხს ექსპერტიზა. ანას დედა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, მან დეტალურად დაათვალიერა თავისი შვილის ცხედარი. ამბობს რომ გოგონა გაუპატიურებული არ იყო. ერთ - ერთი ვერსია არის ოჯახისთვის და ჩვენთვისაც, რომ ეს იყო ხელით მოგუდვა. იმ პირობებში, რა პირობებშიც ნანახია ბავშვი, რომ განვიხილოთ უბედური შემთხვევა, ეს წარმოუდგენელია, ბავშვი იწვა გულაღმა, ნარჩენები ცხვირში და ფილტვში იყო გადატანილი, რაც ეჭვს ბადებს, რომ ბავშვს პირზე ხელი ააფარეს, რა დროსაც დაეწყო გულისრევა, ვერ მოახერხა ნაღებინების ამოღება პირიდან, რადგან ხელი ჰქონდა აფარებული.
- კიდევ ერთი ვერსია განიხილება, ხომ არ იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
- არა, ნარკოტიკს გამორიცხავს ოჯახი, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვევა ყველაფერი. ნარკოტიკი გამორიცხულია მისი ნება სურვილით მიეღო, რადგან ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს. თან იმ შუაღამისას ან სად უნდა მოეხერხებინა არასრულწლოვან პატარა გოგონას ასეთი რამე. ექსპერტიზის გარეშე ვერავინ ვერაფერს იტყვის. ასეთი კითხვები ყველა მკვლელობის საქმეში ისმევა ხოლმე. მკვლელობის ვერსიას განიხილავს ოჯახი და ალბათ გამოძიებაც, რადგან კვალიფიკაცია ისევ ისეა დარჩენილი. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ყველაზე მეტად მკვლელობის ვერსიას განვიხილავთ. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. ვფიქრობთ, ბავშვის გვამის გადამალვა მკვლელმა ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, ხეების ქვეშ სცადა. ანას დედაც გამორიცხავს, რომ მისი შვილი საკვების გადაცდენით გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა. ის ამბობს, რომ ანა ძალადობას ემსხვერპლა. ანას სხეული დედამ მისხალ-მისხალ დაათვალიერა. ყვება, რომ ბავშვს არაერთი დაზიანება უპოვა, მათ შორის, ნაკაწრები მარცხენა ფეხზე, სახესა და ზურგზე. ამიტომ ფიქრობს რომ ეს არის ფიზიკური ძალადობის დროს მიყენებული. იმ ხეების ქვეშ, სადაც შუქი არსად არ იყო, ბავშვი თავისით ვერ შევიდოდა. თან იწვა გულაღმა, თუ საკვები გადასცდა და ამის გამო ღებინება დაეწყო, რატომ იწვა გულაღმა? ამიტომ არსებობს ვერსია, რომ ბავშვს, სავარაუდო მოძალადემ პირზე ააფარა ხელი და ამის გამო მასა არა პირიდან, არამედ ცხვირიდან გადმოვიდა.
იხილეთ ასევე: 12 წლის გოგონას ბურუსით მოცული ტრაგედია
(სპეციალურად საიტისთვის)