"ბედნიერების 8 წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად... მან გამაძლიერა და შემაგუა, რომ ასე მოხდებოდა" - მამა, რომელიც მეუღლის დაღუპვის შემდეგ 4 შვილს ზრდის
საამაყო ადამიანი და მამა მრავალშვილიანი მამა - სწორედ ასე შეიძლება დაახასიათო მოკლედ გიორგი თვალიაშვილი, რომელიც მეუღლის დაღუპვის შემდეგ 4 შვილს ზრდის.
მარტოხელა მამა "ფორმულაზე" ყვება თავის ნამდვილ ამბავს.
"ახალგაზრდა ასაკში გავხდი მრავალშვილიანი მამა, რადგან ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ახალგაზრდობაშივე ვფიქრობდით ამას, რომ 4 შვილი გვყოლოდა. იმის მერე, რაც მეოთხე შვილი შეგვეძინა, სამწუხაროდ, მალევე გავიგეთ, რომ ჩემს მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა. ეს იყო საკმაოდ მძიმე პირველ რიგში მისთვის, ასევე ჩემთვის და დავიწყეთ ერთად ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ.
2014 წელს, როცა ჩემი მეოთხე შვილი ძალიან პატარა იყო, შედეგი ტრაგიკულად დასრულდა... არ ვიცოდი რა მოხდებოდა.
ნინი იყო ჩემთვის მაგალითი. ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. მგონია, რომ რაღაცით შემაჩვია, რომ ასე მოხდებოდა. 8 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ბედნიერების 8 წელიწადი. ზუსტად ეს 8 წელი იყო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი და თან უმაგრესი 4 შვილი მაჩუქა", - ამბობს გიორგი თალიაშვილი.