ვის მხარეს არის ჩინეთი?
ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ პეკინში მაკრონი და ფონ დერ ლეიენი ჩავიდნენ, თან მაშინ, როცა აშშ-ჩინეთის ურთიერთობა ძალზე დაძაბულია. ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ ევროპამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ჩინეთთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობის შეზღუდვას. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს პეკინთან ურთიერთობების "დე-რისკიზაცია", მათ შორის ჩინეთის წვდომის შეზღუდვა ამა თუ იმ პრობლემურ ტექნოლოგიაზე და შეამციროს ჩინეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება საკვანძო მიმართულებებით. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთთან დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია რუსეთთან პეკინის მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით. თუმცა პეკინის მიერ მოსკოვისთვის იარაღის შესაძლო გაგზავნაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევის თანამონაწილე იქნება. რაც მთავარია, სი ძინპინთან საუბარში მან პეკინს მოუწოდა დააჯეროს მოსკოვი, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს. "ვიცი, რომ შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რათა რუსეთი გონს მოეგოს და ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს", - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი. მაკრონმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, იქონიოს გავლენა რუსეთზე, რათა ის დაემორჩილოს ბირთვული განიარაღების საერთაშორისო წესებს. ჩინეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ის შეეცდება, სამშვიდობო მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. სი ძინპინმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური გზა გამოინახოს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სი ძინპინმა გამოთქვა სურვილი, პირადად შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს. რუსეთში იმედოვნებენ, რომ "მიუხედავად გარე ზეწოლისა, ჩინეთი უკრაინის საკითხში პოზიციას არ შეიცვლის".რამდენად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ევროპელი ლიდერების პეკინში ვიზიტი და რაც მთავარია, დღეს ჩინეთს რა ინტერესები აქვს, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ.
- ამ ყველაფერში მთავარია ის გზავნილი, რომ რუსეთის პოლიტიკა მიუღებელია და პრობლემაა საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემისთვის. ეს რუსეთს უნდა ესმოდეს არა მარტო აშშ-სგან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის ჩინეთი, ამ საქმეში თავიანთი როლი ითამაშონ, მით უმეტეს, ჩინეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანაა და რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთზე. არ არის საუბარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიერთება-არმიერთებაზე, არსებითია ის, რომ რუსეთის პოლიტიკა მიუღებელია. ეს გზავნილი რუსეთს ჩინეთმაც უნდა მიაწოდოს.
- მას შემდეგ, რაც ჩინეთის პირველი პირი ჩავიდა მოსკოვში და პუტინმა და მან ერთმანეთს მეგობრები უძახეს, რამდენად მოსალოდნელია, რომ ჩინეთი დასავლეთის გზავნილს გადასცემს?
- უფრო მოსალოდნელია. ჯერ ერთი, რაც არ უნდა მეგობრები უძახონ ერთმანეთს, დიპლომატიას თავისი ენა აქვს და მით უმეტეს, აღმოსავლურ დიპლომატიას. განცხადებების გარდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ თავად ვიზიტის შედეგებს, მათ შორის იმას, რომ ეს ვიზიტი იყო იმის დემონსტრირება, თუ რამდენად გაიზარდა ჩინეთის როლი რუსეთში. ჩინეთი ხვდება, რომ მას ახლა გაცილებით მეტის მიღება შეუძლია რუსეთისგან და რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთი არ გაჰყვა რუსეთს იმ ახალ ენერგეტიკულ-პოლიტიკურ პროექტებში, რისიც ძალიან დიდი იმედი ჰქონდა პუტინს. ახალი მილსადენის მშენებლობისგან სი ძინპინმა თავი შეიკავა. პუტინისთვის ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროექტია. რუსეთი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ნედლეულის ექსპორტზე, უპირველეს ყოვლისა, ენერგომატარებლების, და მას შემდეგ, რაც ევროპამ უარი თქვა რუსულ გაზზე, ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, გაუჭირდა გასაღების ბაზრის მოძებნაც. ამიტომ პუტინს დიდი სურვილი ჰქონდა, ეს ახალი მილსადენი ჩაშვებულიყო, მაგრამ ჩინეთმა თავი შეიკავა. ამიტომ დიდი შანსია, გზავნილი, რომ პუტინის ქმედებები მიუღებელია, ჩინეთისგანაც მივიდეს.
- ჩინეთის ინტერესი ახლა რა არის? რატომ უნდა მიიტანოს ეს გზავნილი?
- ჩინეთის ინტერესია რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება, რაც მას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გაძლიერდეს თავად და თავისი ზეგავლენა რუსეთზე გაცილებით მეტად გაავრცელოს. ის, რომ დღევანდელი რუსული ფინანსური სექტორი, ძირითადად, ჩინეთზეა დამოკიდებული, უკვე კარგად ჩანს. ისიც, რომ რუსეთი ცდილობს რუბლი ჩინური იუანით ჩაანაცვლოს, მხოლოდ ჩინეთს აძლიერებს. თავად რუსეთს ეს არაფერს აძლევს, ვერც მის ფინანსურ სისტემას და ვერც ეკონომიკას ვერ უშველის. ასე რომ, ჩინეთს რუსეთის დასუსტება აწყობს.
- ომში რუსეთის დამარცხებაც აწყობს?
- დღეს არავინ იცის, რა მოჰყვება რუსეთის წაგებას. ერთია უკრაინიდან გასვლა და სრული დეოკუპაცია, მაგრამ სხვა საკითხია, ეს თავად რუსეთში რა პროცესებში გადაიზრდება. რა თქმა უნდა, ჩინეთი ყველაფერს ძალიან დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდება - რუსეთში ჩინეთს აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური, ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ინტერესებიც.
- დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირებაში ჩინეთი რომელი პოლუსის მხარეს მოიაზრება, თუნდაც ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით?
- რუსეთი დიდი ხანია, პოლუსი აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი აქვს, გეოპოლიტიკური პოლუსი იყოს. ჩინეთი უფროა პოლუსი, ამიტომ ჩინეთის ინტერესებში ის არის, რომ მისმა ორმა პოტენციურმა მეტოქემ მაქსიმალურად დაასუსტონ ერთმანეთი.
გასაგებია, რომ დასავლეთი გაიმარჯვებს და არა რუსეთი, მაგრამ ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლაში ორივე დასუსტდეს, რაც მას ეკონომიკური ექსპანსიის შესაძლებლობას მისცემს არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთშიც. დასავლური ბაზრები ჩინეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ბოლო პერიოდში სწორედ არადემოკრატიულობის გამო, პრობლემები ექმნება ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, ინიციატივას "ერთი გზა - ერთი სარტყელი" ძალიან ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა. ამიტომ მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, თუ დასავლეთიც ძალიან არ გაძლიერდება.
- ჩინეთში ვიზიტით მყოფმა მაკრონმა სი ძინპინს მოუწოდა, დააჯეროს ოფიციალური მოსკოვი, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს. ჩინეთის პრეზიდენტმა პასუხად თქვა, რომ ის შეეცდება სამშვიდობო მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ნიშნავს ეს თუ არა, რომ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, რაც, ფაქტობრივად, დაიწუნეს, კვლავ გააქტიურდეს?
- იმ გეგმაში წერია ის, რასაც, ფაქტობრივად, საერთაშორისო სამართალი ამბობს. მაკრონის მოწოდება არ ნიშნავს, რომ ჩინეთი შუამავალი გახდება. ვინ იქნება შუამავალი უნდა გადაწყვიტოს არა დასავლეთმა, არამედ უპირველეს ყოვლისა უკრაინამ. ამ საქმეში ჩინეთის სამშვიდობო როლი შეიძლება ის იყოს, რომ მან მოსკოვს აგრძნობინოს ის უარყოფითი განწყობა, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. ეს არის მთავარი, თორემ ის, რომ მოლაპარაკების ინიციატივა ხელში ჩინეთმა აიღოს, ასეთი რამ ნაკლებად წარმოსადგენია. ჩინეთს თავისი როლი აქვს, მაგრამ ის ვერ და არ იქნება პირველი ამ პროცესში.
- ზელენსკიმ მიიწვია სი ძინპინი კიევში და ითქვა, რომ ჩასვლას გეგმავს.
- ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი აქტიურდება და ზრდის თავის როლს. ჩინეთის ჩართვა ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომი მოვლენები გვაჩვენებს იმასაც, თუ რეალურად როგორი შედეგით დასრულდა მაკრონისა და ფონ დერ ლეიენის ვიზიტი.
- აქამდე იყო ვარაუდები, რომ შესაძლოა შემდგარიყო რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და კიდევ სხვა ქვეყნების ალიანსი. ამის შესაძლებლობა კიდევ არსებობს?
- ჩინეთი არც ერთ შემთხვევაში არ შეკრავს სამხედრო კავშირს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც რეალურად უკვე ჩაძირულია. მის ინტერესებში ნამდვილად არ შედის რუსეთის გამარჯვება. ამიტომ ასეთი ალიანსის შექმნა გამორიცხულია.
რუსა მაჩაიძე