რას ემსახურება შესაძლო უკრაინული კონტრიერიშების წინასწარ დაანონსება... - კვირის პალიტრა

რას ემსახურება შესაძლო უკრაინული კონტრიერიშების წინასწარ დაანონსება...

საქართველოს ისტორიის არცთუ შორეულ წარსულში ერთი თავდაცვის მინისტრი სახალხოდ იქადდა, ახალ წელს ცხინვალს ავიღებო, რაც, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ბაქიბუქობად დარჩა, მაგრამ რამდენად გამართლებულია, როდესაც მომავალი შესაძლო სამხედრო ოპერაციების მიმართულებები და ჩატარების დრო აფიშირდება?

იმ ქართველ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით ყველაფერი მაშინვე იყო გასაგები, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალური თუ საზოგადოებრივი ლიდერები რატომ აანონსებენ რამდენიმე კვირაში უკრაინის არმიის მიერ ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყებას ასე ხშირ-ხშირად?

რუსეთ-უკრაინის ერთ წელზე მეტხანს მიმდინარე ომმა სხვა ძალიან ბევრ ნიუანსთან ერთად, ერთი, სამხედრო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გარემოებაც გამოავლინა - დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის არათუ ბრიგადის ან მით უმეტეს, დივიზიის მასშტაბის შენაერთის, არამედ ბატალიონისა და თვით ასეულის დონის დანაყოფის ფარულად თავმოყრა და შეტევაზე გაშვება ისე, რომ მოწინააღმდეგის ტექნიკური დაზვერვის საშუალებებმა არ აღმოაჩინონ კოსმოსიდან თანამგზავრების ან ჰაერიდან უპილოტო სადაზვერვო დრონების საშუალებით, თუკი მანამდე მტრის ჯაშუშებმა არ მიაღწიეს გენშტაბის ოპერატიულ რუკამდე. ყოველივე ამის ფონზე იმის ყოველდღიური ძახილი, რამდენიმე კვირაში კონტრშეტევაზე გადავალთო, ნონსენსად ჩანს. თუმცა ეს შეიძლება სამხედრო ეშმაკობის ნაწილიც არის, სახელწოდებით "მოწინააღმდეგის გამიზნული დეზინფორმაცია მომავალი სამხედრო აქტიურობის შესახებ".

samx2-1681041022.jpg
რუსმა ოკუპანტებმა ასეთი "დრაკონის კბილების" ზღუდეები გაამზადეს კონტრიერიშზე გადასული უკრაინელების ტანკების შესაჩერებლად...

დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ უკრაინის არმია ისედაც ემზადება ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დასაწყებად, რაც განპირობებულია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სამხედრო ფაქტორებით.

პირველი - ერთწლიანი ომის შემდეგ სისტემატური რუსული დაბომბვებით გამწარებული უკრაინის მოსახლეობა თავისი ხელისუფლებისგან დეოკუპაციის დაწყებას ელოდება;

მეორე - დასავლეთიც, რომელმაც ომის 13 თვეში უკრაინას უზარმაზარი, რამდენიმე ათეულ მილიარდდოლარიანი ეკონომიკური და სამხედრო დახმარება გაუწია, ელოდება შედეგს - უკრაინის არმიის თავდაცვიდან შეტევით ოპერაციებზე გადასვლას, თუნდაც იმიტომ, რომ თავის ამომრჩეველს ევროპასა და ამერიკაში დაანახოს, რომ მათი ქვეყნების ბიუჯეტებიდან უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდები წყალში გადაყრილი არ არის და შედეგს იძლევა;

მესამე - უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო-ეკონომიკური დახმარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ეს ომი გამოფიტვამდეა, რესურსების გამოფიტვამდე, და ვინც პირველი დაყრის ფარ-ხმალს, ის დამარცხდება - ან რუსეთი, ან უკრაინა დასავლეთთან ერთად.

აქედან გამომდინარე, უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად შედეგიანი გამოდგება უკრაინელების კონტრიერიშების სერია, რადგან მათი ჩავარდნის შემთხვევაში კიევს, დიდი ალბათობით, მეორე, იმავე მასშტაბის კონტრიერიშის საშუალება აღარ დარჩება.

უკრაინელების მოსალოდნელი კონტრიერიშების დაწყების დროს კი არა ზელენსკი, ზალუჟნი ან თავად პენტაგონი, არამედ... ამინდი განსაზღვრავს.

წვიმების სეზონის დამთავრებამდე და ნიადაგის კარგად გამოშრობამდე უკრაინელების მძიმე ჯავშანტექნიკის შეტევებზე გადასვლა გაშლილი ფრონტით მინდვრების გამოყენებით ანუ მანევრირებადი კონტრიერიშების წამოწყება, ჩაფუშვისთვის იქნება განწირული, რადგან მინდვრები ჯერ კიდევ აზელილი ტალახის მასაა და აპრილის ბოლომდე და მაისის დაწყებამდე არ გამოშრება.

დრო, რომლამდეც არ ღირს უკრაინული ჯავშანტექნიკის კონტრიერიშებზე გადასვლა, ასე თუ ისე, ორივე მებრძოლი მხარის გენშტაბების ოპერატიული სამმართველოების დამგეგმავი ოფიცრებისთვის ისედაც ცნობილია.

მომავალი შესაძლო კონტრიერიშების ძირითად მიმართულებას რაც შეეხება, ეს კიევში მხოლოდ რამდენიმე კაცმა შეიძლება იცოდეს.

როგორც წესი, კონტრიერიშზე გადასვლა ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით იწყება მოწინააღმდეგის დასაბნევად, რათა მან დროზე ადრე არ გამოიცნოს მთავარი შეტევის მიმართულება და არ მოასწროს დამატებითი ძალების ოპერატიულად გადასროლა თავისი თავდაცვითი ზღუდეების გასამაგრებლად.

რუსეთის დაზვერვისა და სამხედრო ანალიტიკოსების შეცდომაში შესაყვანად სადეზინფორმაციო ღონისძიებაში, სავარაუდოდ, თავად აშშ და პენტაგონიც ჩაერთვნენ.

საქმე ის არის, რომ ბოლო დღეებში ინტერნეტში გავრცელდა დოკუმენტები, რომლებმაც, სავარაუდოდ, პენტაგონიდან გაჟონა და შეიცავს ძალზე საინტერესო ინფორმაციას ამერიკული სამხედრო დახმარების შესახებ უკრაინის არმიისთვის და რისთვის ემზადება ეს უკანასკნელი.

მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყების წინ ასეთი საიდუმლოს გაჟონვა პენტაგონის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს, თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს შეიძლება სანქცირებულიც იყო რუსეთის დეზინფორმაციისთვის, რათა მოსკოვში უფრო დაიბნენ, თუ სად ელოდონ უკრაინელების მთავარ კონტრიერიშს - ჩრდილო-დასავლეთით, ოკუპირებულ ლუგანსკზე, აღმოსავლეთით, ასევე ოკუპირებულ დონეცკზე თუ ზაპოროჟიედან და ხერსონიდან ოკუპირებული მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ ყირიმის ნახევარკუნძულის ყელზე გასვლის საბოლოო ამოცანით ან სულაც... თავად რუსეთის ბელგოროდზე გალაშქრებითაც.

samx3-1681041022.jpg
სანამ გრუნტის გზები არ გამოშრება, უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შედეგიანი მანევრირებადი კონტრიერიშები ძალზე გაუჭირდება...

რა წინააღმდეგობები ელის უკრაინის არმიას დეოკუპაციის მიზნით ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე გადასვლის შემთხვევაში

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში უკვე მოასწრეს თავდაცვითი ზღუდეების ნაწილის შექმნა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის პლაჟებსა და რუსეთის ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო რაიონებში.

ეს თავდაცვითი ზღუდეები საფორტიფიკაციო ნაგებობებია „დრაკონის კბილების“ (რკინაბეტონისგან ჩამოსხმული მცირე ზომის „პირამიდები), ასევე ესკარპებისა და კონტრესკარპების (სპეციალური ფორმის მიწათხრილები) გამოყენებით, რომლებმაც უნდა შეაჩერონ კონტრიერიშებზე გადასული უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკა.

გარდა ამისა, რუსი ოკუპანტები „უხვად“ ნაღმავენ ყველა შეტევითსაშიშ მიმართულებებს ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით.

რუსულ არტილერიას წინასწარ გამოთოფილი აქვს ის ასფალტირებული და გრუნტის გზები, საიდანაც შეიძლება გამოჩნდნენ უკრაინული "ლეოპარდები"“ თუ „"ჩელენჯერები"“ "მარდერებსა"“ და "სტრაიკერებთან" ერთად.

გარდა ამისა, რუსული საფრონტო ავიაციის ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები საარმიო ავიაციის დამრტყმელ შვეულმფრენებთან ერთად ემზადებიან საჰაერო დარტყმების მისაყენებლად კონტრიერიშზე გადასული უკრაინული სამანევრო ჯავშანჯგუფებისთვის.

მოკლედ, ეს შესაძლო კონტრიერიშები უკრაინის არმიისა და მისი გენერალიტეტის უდიდესი საბრძოლო გამოცდა იქნება, ისევე როგორც მათი პარტნიორი ნატოელი კონსულტანტი გენერლებისთვის.

საერთოდ, შეტევაზე გადასულებს შორის საბრძოლო დანაკარგი, როგორც წესი, მეტია (შეიძლება სამჯერ მეტიც), ვიდრე თავდაცვაში, სანგრებში მსხდომების. ამიტომაც უკრაინას მოუწევს იმ მწარე რეალობასთან შეგუება, რაც ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაციას მოჰყვება მსხვერპლის სახით. მთავარია, უკრაინელებმა არ გაიმეორონ რუსი ოკუპანტების შეცდომები და ჯიქურად არ სცადონ თავდაცვის ზღუდეების გარღვევა - სასურველ შედეგს უფრო ხშირად ფლანგებიდან შემოვლა იძლევა.

ამასთან, ოკუპირებული ქალაქების გასათავისუფლებლად ქუჩის ბრძოლებში ჩაბმა აუცილებლად დააკარგვინებს უკრაინელებს კონტრიერიშების სისწრაფეს და საბრძოლო ინიციატივას. ბევრად აჯობებს იმავე ოკუპირებულ მელიტოპოლსა და ბერდიანსკს შორის იმ სტრატეგიული გზის გადაჭრა, რომლითაც დღეს რუსი ოკუპანტები როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმს ამარაგებენ.

ამ მნიშვნელოვანი საგზაო კომუნიკაციის გარეშე დარჩენილი რუსი ოკუპანტები, დიდი ალბათობით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის „დაცვას“ კი არ შეაკლავენ თავს, არამედ თავის შველაზე იფიქრებენ - ნაწილი ანექსირებული ყირიმისკენ გაიქცევა, ნაწილიც ჯერ ოკუპირებული მარიუპოლისკენ, იქიდან კი როსტოვში გაიძურწება.

რა თქმა უნდა, ამის თქმა ადვილია, გაკეთებაა რთული, მაგრამ უკრაინის არმიამ უკვე დააგროვა იმის მინიმუმზე მეტი, რომ გაბედოს ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების წამოწყება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები და გენერლებიც უფრო მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვენ დასავლეთისგან შორსმფრენი რაკეტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ჩათვლით, თუმცა მათ გარეშე მოუწევთ კონტრიერიშებზე გადასვლა.

სამაგიეროდ, დასავლეთმა მოასწრო უკრაინის არმიის მომარაგება დისტანციური განაღმვის საშუალებებითა და სატანკო ხიდგამდებებით - ამ სამხედრო-საინჟინრო ტექნიკამ უნდა უზრუნველყოს უკრაინელების სამანევრო ჯავშანჯგუფებისთვის რუსეთის თავდაცვით ზღუდეებში უსაფრთხო გასასვლელების შექმნა.

უკრაინის არმიის შესაძლო კონტრიერიშები, სავარაუდოდ, დაიწყება "ჰაიმარსებიდან"“ მასობრივად გაშვებული მართვადი რაკეტების ზალპებით მნიშვნელოვან რუსულ სამიზნეებზე - მართვის ცენტრებზე, იარაღის საწყობებზე, აეროდრომებზე და ა.შ. ამასთან, უკრაინა მასობრივად პირველად გამოიყენებს იმ ათასობით დამრტყმელ და კამიკაძე-დრონებს, რომლებსაც ბოლო თვეებში დიდი მონდომებით აგროვებდა.

დაამთხვევს თუ არა უკრაინა კონტრიერიშების დაწყებას 9 მაისს, მოსკოვში სამხედრო აღლუმის დღეს

ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას, გარდა წმინდა სამხედრო ეფექტისა, პოლიტიკური მიზანიც აქვს და შეიძლება რომელიმე თარიღთან იყოს მიბმული.

აქედან გამომდინარე, კიევსა და ვაშინგტონში წინააღმდეგი არ იქნებოდნენ, რომ 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე ჩავლილი „უძლეველი“ რუსეთის არმიის სატანკო კოლონებისა და ლენინის მავზოლეუმის თავზე გადაფრენილი „ჩამოუგდებელი“ რუსული ბომბდამშენების ხილვით კი არ ტკბებოდეს პუტინი, არამედ იმაზე ნერვიულობდეს, კონტრიერიშზე გადასული უკრაინის არმია რამდენ საათში მიადგება ოკუპირებულ მელიტოპოლს.