„სისულელეა ყველაფერი, რასაც მურუსიძე ლაპარაკობს“
5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა ოთხ მოქმედ მოსამართლეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს. სანქცირებულმა პირებმა ეს გააპროტესტეს და მტკიცებულებებს ითხოვენ. ამერიკის ელჩი კელი დეგნანი კი ამბობს, რომ კორუფციაში მხილებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება არის შანსი საქართველოსთვის, აღმოფხვრას კორუფცია სასამართლო სისტემაში. რატომ მიიღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გვესაუბრება:
- ეს სანქციები ამ მომენტისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა, ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც არის. უფრო ადრე რომ დაეწესებინათ, შეიძლება სასამართლო სისტემა ასე არ დეგრადირებულიყო. გაწერილია 12-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც უმნიშვნელოვანესი საკითხები სასამართლო სისტემას და მათ გადაწყვეტილებებს ეხება. ამის შესრულების გარეშე შეუძლებელია ქვეყანა ევროინტეგრაციის გზით წავიდეს.
- აქამდე რატომ აყოვნებდნენ სანქციებს?
- აქამდე დიპლომატიურად იქცეოდნენ. მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ქვეყნის ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში გასაკეთებელი არაფერია, რომ სისტემა დამოუკიდებელია, რეფორმები გატარებულია. არც აპირებდნენ საკითხის გადახედვას, მაგრამ ახლა მოუწევთ. სასამართლოში მხოლოდ ეს 4 პირი არ არის პრობლემა, სისტემური პრობლემებია.
- ხელისუფლება ფაქტობრივად, მხარს უჭერს ამ მოსამართლეებს.
- მერწმუნეთ, არავის უხარია მოქმედი მოსამართლეების სანქცირება, რადგან ეს მთლიანად ქვეყანას ეხება. ნორმალური ხელისუფლება გადახედავდა ამ საკითხებს, ეს მოსამართლეები დაწერდნენ განცხადებას და წავიდოდნენ, როცა ასეთი დამოკიდებულებაა მთავარი პარტნიორისგან. თუ რამე დადებითი აქვს ჩვენს სასამართლო სისტემას, მათი დახმარებით, მათი ფინანსებით არის შექმნილი. როცა მიგვითითებენ დარღვევებზე, კონკრეტულ მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ამაზე რეაქცია. ეს სიგნალია დავალების შემსრულებელი სხვა მოსამართლეებისთვისაც. ვფიქრობ, ამის შემდეგ იოლად ვერ დაემორჩილებიან დავალების მიმცემებს. ის, ვინც ამდენი წლის განმავლობაში მათ მფარველობასა და უსაფრთხოებას ჰპირდებოდა, თავად აღმოჩნდა სანქცირებული. დარწმუნებული ვარ, ისიც შემთხვევითი არ არის, რომ ყოფილი მოსამართლეც სანქცირებულია. ეს ნიშანია, რომ შეიძლება სხვებსაც დაუწესონ სანქციები.
- ცერცვაძე სწორედ ამას ამბობს, წასული ვარ სისტემიდან და რატომ დამასანქცირესო?
- არ არის გამორიცხული, ის დღესაც ერეოდეს სასამართლო სისტემაში. მისი როლი ამ სისტემის შექმნაში უმნიშვნელოვანესია. ამიტომ აგებინებენ პასუხს.
იმედია, ხელისუფლება გაუსწორებს თვალს რეალობას და დაიწყება სასამართლო სისტემაში ცვლილებები. თუკი ნამდვილად სურთ ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაშინ სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ.
- თუკი ამას არ გააკეთებენ, მოსალოდნელია კიდევ უფრო მწვავე რეაგირება?
- ამერიკა არ არის ის სახელმწიფო, რომელიც გაბრაზებულზე იღებს გადაწყვეტილებებს. თუ ეს არ გამოსწორდა, ადრე თუ გვიან, კვლავ მიუბრუნდებიან საკითხს. ამასთან, არა მარტო ამერიკა, ევროკავშირიც. სანქციები არა მარტო დავალების გამცემ მოსამართლეებსა და შემსრულებლებზე, შეიძლება პოლიტიკური თანამდებობის პირებზეც გავრცელდეს. დავალების მიმცემი მოსამართლეები არიან ხელისუფლების "ხელები", ისინი აკეთებენ ბინძურ საქმეებს პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად. მათ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
- უშვებთ იმას, რომ თვითონ დატოვონ თანამდებობა?
- მათ ძალიან კარგად ვიცნობ. იმდენი რამ ჩაიდინეს და იმდენად დააზიანეს სასამართლო სისტემა და ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, ეშინიათ და თანამდებობების დატოვება ძალიან გაუჭირდებათ. იციან, მათ საქმიანობას შეისწავლიან და გამოაშკარავდება ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში დაამახინჯეს. იმდენი რამე დააშავეს, ახლა მათ დანაშაული კრავთ, მაგრამ მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. 30 წელიწადია ვერ შეიქმნა სამართლიანი სასამართლო და როცა ის არ არსებობს, ქვეყანაში მუდმივად უსამართლობაა.
- როგორც უმაღლესი საბჭოს წევრები, გვრიტიშვილი და სხვები ამბობენ, ეს ყველაფერი მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებია.
- როგორც თვითონ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს მტკიცებულების გარეშე მოსცხონ ჩირქი და გაასამართლონ, ჰგონიათ, სხვებიც ასე იქცევიან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მონაყოლი ამბებით არ იღებს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ექნებათ მტკიცებულებები, მაგრამ სულაც არ არიან ვალდებული წარმოადგინონ. მტკიცებულებები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშია. უამრავი მონიტორინგია ჩატარებული, ამაზე ლაპარაკობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. კორუფცია მხოლოდ ფულით მოსყიდვა ხომ არ არის, არსებობს პოლიტიკური კორუფციაც, ხელისუფლებასთან გარიგება. ქვეყანაში ყველაფერი ერთი ჯგუფის ხელშია. ეს ვიცით ყველამ, იციან დემოკრატიულმა ქვეყნებმაც. მათთვის უფრო თვალში საცემია ეს ყველაფერი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი მტკიცებულებაა მოქმედ თუ ყოფილ მოსამართლეებზე. მათ ინფორმაცია მოქმედი მოსამართლეებისგანაც აქვთ.
- ლევან მურუსიძე ამბობს, ამერიკის ელჩი სასამართლოში კონკრეტულ მოსამართლეებს ხვდებოდაო.
- აბსურდია და მათგან გასაკვირი არც არის. ყველაფერზე მტკიცებით ფორმაში საუბრობენ. 10 წლის განმავლობაში ვიყავი მოსამართლე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მქონდა პირადი ურთიერთობა უამრავ საელჩოსთან, განსაკუთრებით, ამერიკის. არაერთხელ შევხვედრივარ ელჩს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე და არ მახსოვს ამ საკითხებზე ესაუბროს. პირიქით, სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდა, ხომ არ იყო ხელისუფლების რაიმე ფორმით ზეწოლა. სურდათ ჩვენი სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი ყოფილიყო. ყველაფერი ამერიკის დახმარებით, ფინანსებით და მხარდაჭერით არის შექმნილი. თუკი რამე ვიზიტები იყო, მხოლოდ მხარდასაჭერი, რათა მოსამართლეს მეტი დამოუკიდებლობა ჰქონოდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების ვიზიტები ნიშნავდა იმას, რომ მოსამართლეებს ახლო კომუნიკაცია ჰქონოდათ საელჩოსთან, თუკი ზეწოლა იქნებოდა ხელისუფლებისგან. წარმოუდგენელია, კონკრეტულ მოსამართლეს შეხვდეს ელჩი და ესაუბროს კონკრეტულ საქმეზე.
- მურუსიძემ ამას მორალური ტერორი უწოდა და თქვა, შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენო.
- ესეც ცხადყოფს, რომ სისულელეა ის ყველაფერიც, რაზეც ლაპარაკობს. ამერიკას საქართველოში კონკრეტული თანამდებობის პირის ლიკვიდაცია სურდეს, მსგავსი აბსურდი როგორ შეიძლება მოუვიდეს საღად მოაზროვნე ადამიანს? ეს როგორ უნდა თქვას მოქმედმა მოსამართლემ, მით უმეტეს, როგორც უწოდებენ თავიანთ თავს, სასამართლოს ლიდერებს? მტკიცებულება აქვთ? ამ სისულელეების მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფზე, მათ მომხრეებზე, პოლიტიკურ მოკავშირეებზე. ყველაფერს იკადრებენ. მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან გაღიზიანებული ჩანან. ყველაზე თავშეკავებული და სწორი შეფასება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მოვისმინე. თუმცა მიმაჩნია, რომ უფრო მკაფიოდ უნდა თქვას სათქმელი, რათა არ აღმოჩნდეს თავისი წინამორბედის სიტუაციაში, თუ როგორ აიძულებდნენ სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას. დღევანდელი იუსტიციის საბჭოს წევრთა 90 პროცენტი მორჩილების ნიშნით არის შერჩეული, ნებისმიერ რამეს იტყვიან, რასაც დაავალებენ ჩინჩალაძე ან მურუსიძე.
- მურუსიძე ამბობს, ამერიკას სურს ქართული სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაო.
- მათ მხოლოდ ერთი რამე სურთ - ჩვენს ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი სასამართლო და საამისოდ უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ. ასე მხოლოდ რუსეთში ლაპარაკობენ, თუკი რამ ცუდი ხდება დედამიწაზე, ყველაფერი ამერიკის ბრალია. თურმე მთავარი მურუსიძე ყოფილა, მისი ხელში ჩაგდება უნდათ. მათ სულ სხვა შეხედულება აქვთ სასამართლოზე. ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს სასამართლოში. როცა ვუყვებოდით კონკრეტულ ფაქტებს, მათთვის გაუგებარი იყო და წლები დასჭირდა დარწმუნებას, რათა გაეაზრებინათ, რასთან გვქონდა საქმე. მახსოვს, კონკრეტულ საკითხზე კონფერენცია გაიმართა და ვისაც ყველაზე მეტი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი სისტემაში, ყველაზე მეტს სწორედ ისინი ლაპარაკობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამ ფორმით შეინიღბნენ და დღემდე მოვიდა ეს სიტუაცია.
კარგია, რომ დაიწყო პროცესი. ჩვენმა პარტნიორებმა გაიაზრეს, სად არის პრობლემის სათავე და დაიწყეს კიდეც მმართველი ჯგუფიდან. მაგალითად, 2014-2015 წლებში სისტემაში ხელოვნურად შექმნეს კრიზისი: დააგროვეს უამრავი საქმე, მოსამართლეებს ვადები ეწურებოდათ, უნდა მომხდარიყო მათი გადანიშვნა. რამდენიმე გაათავისუფლეს და არ დანიშნეს ახლები... იუსტიციის სკოლაშიც ყველაფერი იქამდე დაიყვანეს, რომ წელიწადში მხოლოდ 5 კაცი ამთავრებდა სკოლას. თითო მოსამართლეს 500-600 საქმე ეწერა. ხელისუფლებას აშანტაჟებდნენ, ეუბნებოდნენ, თუ არ მოხდებოდა ამ მოსამართლეთა გადანიშვნა, სისტემა ჩამოიშლებოდა. ამ ყველაფერს დაემატა არაკომპეტენტურობა და გადაწყვიტეს, რომ ისევ გასვრილი მოსამართლეები, რომლებსაც იმდენი სიბინძურე ჰქონდათ სასამართლო სისტემაში გაკეთებული, იცოდნენ, უფრო მორჩილი იქნებოდნენ, ისინი გადანიშნეს. ის მოსამართლეები, რომლებიც 2012 წელს დაკავებას ელოდებოდნენ, კიდევ მეტად წინ წაწეული აღმოჩნდნენ. ამიტომაც ისინი ყველა იმ დავალებას შეასრულებენ, რასაც დაავალებენ, აბა, რა იქნება?! დააკვირდით, სახეებიც კი არ იცვლება წლების განმავლობაში იუსტიციის საბჭოში. სხვა პირები ვერ ხვდებიან ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ჯგუფის ხელშია სასამართლო. ამით ყველას ეუბნებოდნენ, ხომ უყურებთ, წინა დანაშაულებიც შეგვრჩა და მომავალშიც შეგვრჩებაო. აქამდე ამით იყვნენ დაიმედებული, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ.