"იყო საკითხები, რომელშიც ერეოდა ქალბატონი ელჩი"
აშშ-ის საელჩომ განმარტა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში და აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. ყველამ ვიცით, რომ სანქცირებული მოსამართლეები უვადოდ არიან დანიშნული და მათ თანამდებობაზე ყოფნა 65 წლის ასაკამდე შეუძლიათ. მაგალითად, ლევან მურუსიძეს შეუძლია ამ თანამდებობაზე კიდევ 17 წელი იყოს. ის 2018 წლის დეკემბრიდან გამწესებულია უვადოდ... დასანქცირებულმა მოსამართლეებმა და ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ისიც თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს "ნული მტკიცებულება აქვს". ლევან მურუსიძე ამბობს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიტაცება ხდება და რომ სასამართლო არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვის გავლენას.
- განაცხადეთ, რომ წლებია ზეწოლაა სასამართლოზე, მტკიცებულებები გაქვთ?
- იყო საკითხები, რომელშიც ერეოდა ქალბატონი ელჩი, თუ საელჩოს არაერთი წარმომადგენელი. მათ ჰქონდათ გარკვეული შეხედულებები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო სასამართლო, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო... იმას ხომ არ იტყოდნენ, სანქციას ვუწესებთ ადამიანებს იმის გამო, რომ არ ასრულებდნენ ჩვენს მითითებებსო და ამიტომ მოიფიქრეს თითიდან გამოწოვილი კორუფციის თემა. მათ უნდათ სასამართლო სისტემის კონტროლი, უნდათ, რომ მოსამართლეებმა მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები. ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნია სწორად და არა ამერიკის საელჩოს, არასამთავრობოებს...
- კონკრეტულად შეგიძლიათ თქვათ, რა საკითხში ჩაერივნენ?
- მათ სურთ სისტემის მართვა და ეს არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, მიტაცების პროცესი. ბრძოლა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, შემდეგ პოლიტიკური პარტიები ჩართეს. იწერებოდა ანგარიშები, ხდებოდა ფარული გადაღებები და ეს ყველაფერი ფინანსდებოდა ამერიკის საელჩოს მიერ. ფეიკნიუსებითა და სასამართლოს დისკრედიტაციით ვერ მოხერხდა სისტემის შერყევა, ჩვენ არ დავემორჩილეთ და ახლა უსაფუძვლოდ დაგვადანაშაულეს კორუფციაში. ეს ბრალდება მძიმეა ჩემთვის და მძიმეა ქვეყნისთვისაც, რადგან არ შეიძლება სტრატეგიულმა პარტნიორმა მოქმედ მოსამართლეებს დაუწესოს სანქციები, თან თქვას, კორუმპირებულები არიანო და მტკიცებულება არ გააჩნდეს. სანქციებთან დაკავშირებით, თავიდან სხვა რამე ითქვა, დღეს გამოჩნდა, რომ თურმე მხოლოდ ვიზების გაცემის შეზღუდვაზეა საუბარი... არ მოეცათ ამერიკაში წასასვლელი ვიზა, რა პრობლემა იყო?!
- თქვენ მუდმივად გადანაშაულებენ ხელისუფლებასთან გარიგებასა და კორუფციაში, თქვენს ქონებას არაერთი სიუჟეტი მიეძღვნა.
- ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნახელავია, რომლებსაც ამერიკის საელჩო აფინანსებს. ჩემს წინააღმდეგ რაც სიუჟეტები გავიდა, არც ერთი არ იყო იმის დამამტკიცებელი, რომ მე კორუმპირებული ვარ. სიუჟეტების მიზანი იყო, როგორმე ჩემი სახელისა და შესაბამისად, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. ეს არის სისტემასთან ბრძოლა და წლების განმავლობაში შედეგი რომ ვერ მოიტანა, ახლა სანქციები მოიგონეს. მე ვერ გავჩერდები, რადგან ეს არის ჩემი და ასევე, ქვეყნის შეურაცხყოფა.
- თუკი არ ხართ კორუმპირებული, რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ ლევან მურუსიძის?
- ხომ აგიხსენით, ვერ იტყოდნენ, მათ იმიტომ ვუწესებთ სანქციებს, რომ ჩვენს მითითებებს არ ასრულებენო და მოიგონეს კორუფციის თემა. ერთხანს ითხოვდნენ, შეგვეჩერებინა მოსამართლეთა დანიშვნა საბჭოში. ასევე ითხოვდნენ, უმაღლესი საბჭოს წევრები სხვა პირები ყოფილიყვნენ და არა ისინი, ვისაც საბჭო ირჩევს. ფაქტობრივად, მეუბნებოდნენ, გამოიყენე შენი ავტორიტეტი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენთვის მისაღები კადრები გაიყვანოო.
- კონკრეტულად ვისი დანიშვნა მოგთხოვეს?
- კონკრეტულ სახელსა და გვარს რა მნიშვნელობა აქვს? გეუბნებით, რომ საბჭოში უნდა იყოს ერთი და არ უნდა იყოს მეორეო, ამას ითხოვდნენ მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს დემოკრატია და მოსამართლეთა კონფერენციის დროს ფარული კენჭისყრით ირჩევენ იუსტიციის საბჭოს წევრებს.
- კელი დეგნანი გესაუბრებოდათ?
- არა, დეგნანთან შეხვედრა არ მქონია... მე ვთქვი, რომ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები გამაჩნია და როცა საჭირო გახდება, გავასაჯაროვებ.
- თქვენი ოპონენტები ამბობენ, მურუსიძე მოსამართლეა და კარგად უნდა იცოდეს, მტკიცებულებები თუ აქვს და არ ასაჯაროებს, ეს დანაშაულიაო. თუ მტკიცებულებები გქონდათ, რატომ იყავით აქამდე ჩუმად?
- რატომ უნდა გამესაჯაროებინა? მე კორუფციას მაბრალებენ, ღია წყაროებსაც მიუთითებენ და დახურულსაც და მეც ამაზე ვსაუბრობ. ყოფილა შემთხვევები, მოსულა საელჩოს წარმომადგენელი და უთქვამს, არ არის მიზანშეწონილი გააგრძელოთ მოსამართლეთა დანიშვნის კონკურსიო. წარმოგიდგენიათ, დამოუკიდებელ ქვეყანაში მიუთითო სასამართლოს ეს?! ჩვენ მოვისმინეთ ეს, მაგრამ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მიგვაჩნდა და კონკურსი გავაგრძელეთ. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, დაგროვდა და ახლა დაუმორჩილებლობისთვის დაგვსაჯეს.
- ამბობთ, გვეუბნებოდნენ, იუსტიციის საბჭოს წევრებად სხვები უნდა დანიშნოთ, მოსამართლეები უვადოდ არ უნდა დანიშნოთო, მაგრამ ამას საზოგადოების დიდი ნაწილიც გეუბნებოდათ. ვხედავდით, რა ამბებიც იყო თუნდაც იუსტიციის საბჭოს უცვლელი წევრების დანიშვნაზე.
- ჩვენ თვითნებობა არ გამოგვიჩენია, ვინც საჭირო იყო, ისინი ინიშნებოდნენ უვადოდ. კონფერენცია როდის ჩავატაროთ, ესეც მათ უნდა შევუთანხმოთ? ეს ხომ ჩვენი გადასაწყვეტია. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, ასეა უკრაინაშიც. საბჭოც კი დაშალეს. მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა და ამას სულ შევეწინააღმდეგები. მტკივნეულია, როცა გაბრალებენ კორუფციას იმის გამო, რომ მიზანს მიაღწიონ. ამისთვის ადამიანებს წირავენ, სანქციებს უწესებენ. ვიცი, ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველი სახელმწიფოა, ბევრი დადებითი აქვს, მაგრამ ადამიანს მიაკერო კორუმპირებულის იარლიყი იმ იმედით, რომ ის დახრის თავს, რაკი სანქციადადებულია და სახლიდან აღარ გამოვა, დაუშვებელია. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, არსად წასვლას არ ვაპირებ, ამ ქუჩებში უნდა ვიარო და კორუმპირებულის სახელი მქონდეს? ეგონათ, თავს დავხრიდი, თან ისეთი რეპუტაცია მაქვს, წლების განმავლობაში მათი დაფინანსებული ტელევიზიების წყალობით. სულ ვამბობდი, მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს იუსტიციის საბჭოს და საელჩოს, რომ ეს ფული რეალურად გამოადგეს სასამართლოს-მეთქი, მაგრამ ფული იმაში იხარჯებოდა, რომ გაეშავებინათ სასამართლო სისტემა არასამთავრობოებისა და ტელევიზიების მეშვეობით. მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის დიდი ფული დახარჯეს, მოსამართლეებს ტრენინგები ჩაუტარეს და ეს სასამართლო წელიწადში 15 საქმეს თუ განიხილავს. ამის გამო გაიძახიან, ვეხმარებით სასამართლოსო. გაცილებით დიდი ფული იხარჯება სასამართლოს გასაშავებლად. პირადად მე წლების განმავლობაში მიქმნიან უარყოფით იმიჯს და ამას ყველაფერს აფინანსებდა ამერიკის საელჩო.
- რატომ, ამაზე პასუხი გაქვთ?
- იმიტომ, რომ ვარ ასოციაციის თავმჯდომარე, მაქვს ავტორიტეტი სასამართლოში. ავტორიტეტი არ გააკეთებს იმას, რასაც უკარნახებ. შეიძლება შენთან ჰქონდეს პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ ბატონყმური ურთიერთობა არ ექნება.
- როცა ამბობთ, სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდათო, ეს რაში სჭირდებათ?
- ზოგჯერ არის რაღაც კატეგორიის საქმეები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს სხვანაირად წარმართავს ქვეყანაში, და ამიტომ სურთ ამ საქმეებზე სასურველი გადაწყვეტილებების მიღება. სულ ვამბობ, სასამართლო არ უნდა ჩართონ პოლიტიკურ პროცესებში. აი, მაშინ კი, როცა სასამართლო ამერიკის ხელში იქნება, მას პოლიტიკური პროცესებისთვის გამოიყენებს.
- იქნებ სურთ უფრო დამოუკიდებელი იყოს სასამართლო, რადგან თქვენ ხელისუფლებასთან კავშირში გადანაშაულებენ?
- მათ უნდა განსაზღვრონ, რა არის სწორი ამ ქვეყანაში და რა არა? მაშინ მოსამართლის ყველა გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ელჩთან, რადგან სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელია... შეიძლება საზოგადოება ფიქრობს, რომ რომელიმე პირი ლინჩის წესით არის გასასამართლებელი, შეიძლება მოსამართლის აზრი ხშირად არ ემთხვეოდეს საზოგადოების აზრს, მაგრამ სასამართლოს დანიშნულებაა კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს.
- თქვენ "ნაციონალების" დროსაც იყავით მოსამართლე და ახლაც ხართ. რა შეიცვალა სასამართლოში ბოლო წლებში?
- ბევრი კარგი კანონია მიღებული. მოსამართლეებს მიეცათ საშუალება თავისუფლად ემოქმედათ. ძველად თუ რამე არ მოეწონებოდათ, პარლამენტი შეიკრიბებოდა და მაშინვე იღებდნენ კანონს. ერთი რაიონის მოსამართლე მეუბნებოდა, როგორ უნდა მქონდეს გამამართლებელი განაჩენი, როცა 2 წლის განმავლობაში არსებითად მხოლოდ 2 საქმე განვიხილე, დანარჩენი საპროცესო შეთანხმებებზე მოდიოდაო. 500 საქმიდან ერთი მკვლელობა იყო და ერთი ძებნილის საქმე და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, აბა, რა იქნებოდა?! ასე ივსებოდა ბიუჯეტი. იყო შეკრების პრინციპი და ათასი პრობლემა. დღეს მხარეებს აქვთ შესაძლებლობა პროცესზე შეჯიბრებითობის პრინციპით იმოქმედონ, მოსამართლეებს აქვთ თავისუფლება მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. სასამართლო ძალიან კარგ გზაზე დგას და იმის ნაცვლად, ხელი შეგვიწყონ, პირიქით, არის დისკრედიტაცია და ლანძღვა.
- წინა ხელისუფლების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს ხშირად გახსენებენ, თუნდაც გირგვლიანის საქმე ავიღოთ. თუ მაშინ იყო მითითებები, რატომ დუმდით?
- არ მინდა ამაზე საუბარი. ჩემს ერთ საქმეზე პარლამენტმა სასწრაფოდ, 4 დღეში სამი მოსმენით მიიღო კანონი, რამდენიმე კანონში კი სპეციალურად შეიტანეს ცვლილება, რომ მოსამართლეს არ ჰქონოდა განძრევის საშუალება. შედარებაც არ არის. ახალი ხელისუფლების მოსვლით ისეთი სივრცე შეიქმნა, ისეთი კანონებია, რომ შედეგი მივიღეთ და ახლა ამას ვანგრევთ?
- წლებია ისმის, მურუსიძე ჯერ წინა ხელისუფლების დროს ასრულებდა დაკვეთებს, ახლა ამ ხელისუფლების მარჯვენა ხელიაო. არ გიფიქრიათ გადადგომაზე?
- ბევრჯერ მიფიქრია. ამდენი შეურაცხყოფა მომაყენეს, ყველაფერს მე მაბრალებენ. თურმე ინვესტიცია ვერ შემოდის საქართველოში და ესეც ჩემი ბრალია. ეს ხომ აბსურდია! რომ წავსულიყავი, ალბათ, ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა ჩემი ლანძღვა და დამივიწყებდნენ.
- მაშინ რატომ არ მიდიხართ?
- ახლა ყველა გზა მომიჭრეს. მეუბნებიან, კორუმპირებული ხარ და წადიო. რომ ეთქვათ, ვაფასებთ იმ ღვაწლს, რაც გასწიეთ სასამართლო სისტემისთვისო, სხვა საკითხია. მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი. ადამიანური მიდგომა რომ ყოფილიყო, მეც მაწყობდა გავრიდებოდი ამ სიტუაციას. ამის ნაცვლად იყო მუდმივი ლანძღვა, დაშანტაჟება, ტერორი, ახლა სანქცირება და დადანაშაულება კორუფციაში. ფიქრობენ, ახლა ხომ მაინც განადგურდებაო, მაგრამ ასე თავჩაღუნული ვერ წავალ, ხომ მაქვს თავმოყვარეობა, ამ ქალაქში დავდივარ, უამრავი ხალხი მიცნობს და თავჩაღუნულმა ვიარო? ეს სახელი როგორ უნდა ვატარო, როცა მიმაჩნია, რომ ბევრი საამაყო რამ მაქვს გაკეთებული.