„რეფორმების გატარების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ სასამართლოზე გავლენას დაკარგავს“
"ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება კარგად გააზრებული და დროული გადაწყვეტილებაა, რადგან "ქართული ოცნების" მიერ სასამართლოს დაქვემდებარება ყველა ზღვარს გასცდა. როგორც „"ლელოს" ლიდერი ამბობს, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. „2021 წელს, როდესაც შეერთებულ შტატებში ვიყავით შეხვედრებზე, მაშინაც განიხილებოდა ეს თემა. შეერთებულმა შტატებმა ეფექტიანად გამოიყენა სანქციების ინსტრუმენტი ბულგარეთში კორუმპირებული მოსამართლის და სასამართლო კლანის ხელმძღვანელის მიმართ, რამაც დადებითი შედეგი მოიტანა. ამერიკელები, ცხადია, გადაწყვეტილებას აწონილ-დაწონილად, ყველა ფაქტის შეგროვების შემდეგ იღებენ. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების უკან დიდი ხნის მუშაობაა. ეს არის კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, რაც მთავარია, დროული, რადგან „"ქართულმა ოცნებამ" და მისმა მართულმა სასამართლომ სასამართლო ინსტიტუცია ფარსად გადააქციეს. "ქართული ოცნების" ოპონენტებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები გაუგონარი თავხედობაა, ყველა ზღვარს გადასცდა სასამართლოს დაქვემდებარება "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის მიერ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. მისივე თქმით, მოსამართლეების დასანქცირება უზარმაზარი შემზღუდავი სისტემაა, რომელიც ბევრ რამეში იჩენს თავს. როგორი იქნება ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილების შედეგი და რა გავლენას იქონიებს ეს, ერთი მხრივ, ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრა:
- ამ ოთხი სანქცირებული მოსამართლის სახელები და გვარები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება შეტანილი შესაბამის რეესტრებში, როგორც შეერთებული შტატების მიერ კორუმპირებულად აღიარებული პირები. ეს უზარმაზარი შემზღუდავი სისტემაა, რომელიც ძალიან ბევრ რამეში იჩენს თავს. როდესაც მურუსიძესა და დანარჩენებს ვუსმენ, ვფიქრობ, ყოველივე ეს გაცნობიერებული არც აქვთ, ან ყველაფერი ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, მაგრამ თავიანთი განცხადებებით საკუთარ თავსაც იმხნევებენ და ერთმანეთსაც ამხნევებენ. ისინი სანქციების სიმწვავეს მხოლოდ საკუთარ ზურგზე კი არ იგრძნობენ, ოჯახებსაც დააზარალებენ. მნიშვნელოვნად შეირყევა მათი ძალაუფლებაც და გავლენაც. რაც უმნიშვნელოვანესია, ეს არის სიგნალი, მაგალითი სხვა მოსამართლეებისთვის.
- ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ამბავი ქვეყანასაც დააზარალებს?
- ჩემი აზრით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ნაბიჯი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გადადგა. ჩვენი პარტნიორების მიზანია ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ჯერ „"ნაციონალურმა მოძრაობამ"“ მოაქცია მარწუხებში, შემდეგ "ქართულმა ოცნებამ". ყველა, ვინც სასამართლოს საკუთარ გავლენის ქვეშ დაქვემდებარებას ცდილობს, ჩემი შეფასებით, სახელმწიფოს მტერია. ასეთი პირების დამსახურებაა, რომ დღეს ქართულ სასამართლოს ნულოვანი ავტორიტეტი აქვს. მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ყოველთვის მმართველი ძალის სასარგებლოდ იღებენ. პირადი მაგალითებით შემიძლია ამ საკითხზე საუბარი. ოთხი წლის წინ ერთ სასამართლო პროცესზე, ექვსსაათიანი დავისა და განხილვის შემდეგ, მოსამართლემ მაგიდის უჯრიდან ამოიღო ფურცელი და ისე წაიკითხა გადაწყვეტილება, სათათბიროდაც არ გასულა.
- შესაძლოა თქვენ და მამუკა ხაზარაძეს ბევრი სირთულე შეგხვდათ, როდესაც ფულის გათეთრებას გედავებოდნენ, თუმცა საბოლოოდ გადარჩით.
- კი, მაგრამ ყველა ვერ გაუძლებს იმას, რაც ჩვენ გადავიტანეთ. შეიძლება ასეთი ბრალდების გამო კაცი განადგურდეს! საშინელება გამოვიარეთ იმ ოთხი წლის განმავლობაში. თქვენ გგონიათ, ადამიანის განადგურება მხოლოდ ფიზიკური ანგარიშსწორებით არის შესაძლებელი? ჯერ ხომ ყველაზე დიდი საშინელება დაგვაბრალეს, მერე მოიგონეს სრული აბსურდი, ვითომ ხანდაზმულობის გამო აღარ მოგვისაჯეს. ერთ იურისტსაც კი ვერ იპოვით, რომელიც იტყვის, რომ ჩვენს საქმეში დანაშაულის ნიშნები იყო. მერე დაიწყო ტროლ-ბოტების მუდმივი შემოტევა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დააგვირგვინეს, რომ დეპუტატობის მანდატი შემიწყვიტეს. ამის გაძლება ნამდვილად არ იყო ადვილი, თუმცა ჩვენ შევძელით. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ასეთ აღვირახსნილ დევნას გადავურჩით ფიზიკურად და მორალურადაც. ჩემს სიცოცხლეში ორჯერ შემიწყვიტეს დეპუტატის მანდატი. ერთხელ 90-იან წლებში, სახელმწიფო გადატრიალების დროს, და მეორედ ახლა, „"ქართული ოცნების"“ ხელისუფლებაში ყოფნისას. ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვეტილი მაქვს ბოლომდე ვიბრძოლო. ყველანაირ ძალისხმევას გამოვიყენებ იმისათვის, რომ ჩემმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის შანსი ხელიდან არ გაუშვას. "ქართული ოცნება"“მიზანმიმართულად არ ატარებს 12-პუნქტიანი რეკომენდაციებით განსაზღვრულ რეფორმებს, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ასევე სასამართლო სისტემაშიც.
- ასეთი ფიქრის საფუძველს რა გაძლევთ?
- რეფორმების გატარების შემთხვევაში "ქართული ოცნება" სასამართლოზე გავლენას დაკარგავს. უკვე წლებია, რაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უკიჟინებს დანიშნოს ხუთი არამოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ ამაოდ. ყველა პროცესი ჩააგდეს, ვინაიდან არ სურთ იუსტიციის საბჭოში ისეთი პირები იყვნენ, რომლებსაც ვერ გააკონტროლებენ. ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, როდესაც ამერიკულ მხარეს იმ არგუმენტების წარმოდგენას სთხოვენ, რის საფუძველზეც კორუმპირებული მოსამართლეები დაასანქცირეს. შეერთებული შტატების სუვერენული უფლებაა, საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ პირზე. ასევე მისი სუვერენული უფლებაა ამა თუ იმ პირს აუკრძალოს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა.
- თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც გქონდათ სამართლებრივი დავები ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი პირების გამო და ისიც იცით, რომ დღეს დასანქცირებული მოსამართლეები იმ პერიოდშიც მუშაობდნენ. როგორ გგონიათ, ვაშინგტონმა მაინცდამაინც ახლა რატომ გამოხატა საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება?
- დიახ, ზუსტად ეს პირები იყვნენ მოსამართლეები "ნაციონალების" დროსაც“ და ზუსტად ესენი იღებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. ჰოდა, იქნებ სწორედ ამის გამოც არიან დასანქცირებული? ჩვენ ხომ არ ვიცით, რა არგუმენტების საფუძველზე მიიღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი გადაწყვეტილება?
- თქვენ რომელი ხელისუფლების დროს უფრო გაგიჭირდათ სასამართლოში საკუთარი ინტერესებისა თუ უფლებების დაცვა?
- როდესაც „"ნაციონალური მოძრაობის"“ ხელისუფლების მართულმა სასამართლომ ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, საერთაშორისო ინსტიტუციებმა დაგვიცვეს და ვეღარ გაბედეს ჩვენი დევნის გაგრძელება. „"ქართულ ოცნებას"“ საერთოდ არ აინტერესებს საერთაშორისო ინსტიტუციები და ავტორიტეტი. თავად განსაჯეთ, მსოფლიოში გავიტანეთ საქართველოს სახელი, ლონდონის ბირჟაზე გავედით და ფულის გათეთრება დაგვაბრალეს. საერთოდ არაფრად მიიჩნიეს, რომ ამით ქვეყნის იმიჯი შელახეს. იმ ერთი კაცისთვის არაფერს არა აქვს მნიშვნელობა, როდესაც საქმე მის პირად ინტერესებს ეხება. საკმარისია, ვინმეს პიროვნული მიუღებლობა ჰქონდეს, ან ამა თუ იმ პირის ქმედება საეჭვოდ მოეჩვენოს, მზად არის მისი დევნის საქმეში სასამართლო და ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია ჩართოს. აი, ეს არის მთელი ამ ამბის ანატომია. ასეთი სასამართლოს ხელში ქვეყანაში ინსტიტუციების გაძლიერება შეუძლებელია. ამიტომ ითხოვენ ამ სფეროში რეფორმების გატარებას დაჟინებით.
- როგორ ფიქრობთ, "ქართული ოცნება" შეძლებს სანქცირებული მოსამართლეებისგან დისტანცირებას?
- არა მგონია, ძალიან დიდი ინვესტიცია აქვთ ჩადებული ამ ოთხ კაცში!
- შეიძლება სასამართლო ხელისუფლებას კომპრომატები ჰქონდეს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე თუნდაც არჩევნების თემაზე?
- არჩევნების თემაზე არ ვიცი, მაგრამ იმას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური დაკვეთების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია.
- ასეთ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ", რომ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ამ ოთხ კაცს არ გადააყოლონ ქვეყანა?
- არ ვიცი, მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რა არის გამოსავალი ქვეყნისთვის. ნამდვილად დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა სიგნალად უნდა მიიჩნიონ ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილება, გაბედულება გამოიჩინონ და აღარ დაემორჩილონ კლანის მოსამართლეებიდან მოსულ ინსტრუქციებს. სასამართლოს გათავისუფლების პროცესი თავად სისტემაში უნდა დაიწყოს.
ხათუნა ბახტურიძე