კიევ-პეჩორის ლავრის „სულიერი ოკუპაცია“
1990 წლიდან კიევ-პეჩორის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შედის. ფუნქციონირება მონასტერმა XI საუკუნეში, იაროსლავ ბრძენის მმართველობის დროს დაიწყო, ანუ დაახლოებით 100 წლით ადრე, ვიდრე მოსკოვი დაარსდებოდა. სწორედ ამიტომ ოფიციალური კიევი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ისტორიულად ლავრა არ შეიძლება ჩაითვალოს მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილებად...
თავისი არსებობის ისტორიაში ეს მონასტერი სრულიად არასდროს დანგრეულა. მძიმე დღეები მას უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაუდგა. ჯერ 1926 წელს, როცა დაიხურა და მას "სამუზეუმო ქალაქი" დაარქვეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს მან განაახლა ფუნქციონირება. 1961 წელს, ნ. ხრუშჩოვის ანტირელიგიური კამპანიის დროს, მონასტერი ისევ დაიხურა და ამჯერად მას ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის სახელი მიენიჭა. ლავრაში ეკლესია 1988 წელს დაბრუნდა. სწორედ მაშინ გადაეცა ის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას - სხვა საბჭოთა კავშირში უბრალოდ არ არსებობდა. უფრო სწორად, რუსულ ეკლესიას გადაეცა მხოლოდ ნაწილი - შორეული გამოქვაბულები და კორპუსი, რომელშიც შემდგომ კიევის სასულიერო აკადემია გაიხსნა. თანდათან რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უკრაინული ნაწილის (რომელიც შემდგომ მას გამოეყო როგორც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) კონტროლირებადი ტერიტორია იზრდებოდა.
2013 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ლავრის კომპლექსის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სია შედგებოდა 79 დასახელებისგან.
სტრუქტურულად კიევ-პეჩორის ლავრა შედგება კედლით გაყოფილი ორი ნაწილისგან. ზედა ლავრაში, ძირითადად, განლაგებულია ნაკრძალის ობიექტები: მუზეუმები, გალერეები, ეროვნული ბიბლიოთეკა, მაგრამ ამ ტერიტორიაზე არის ორი ტაძარი, რომლებიც ქირით არის გადაცემული მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის.
ქვედა ლავრას, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, იყენებს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. სხვა ობიექტთა შორის იქ განლაგებულია მიტროპოლიტ ონუფრის ოფიციალური რეზიდენციაც.
1988 წელს ეკლესიისთვის ლავრის გადაცემის შესახებ დოკუმენტებს ხელს აწერდა მაშინდელი კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო), რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ, 1992 წელს, გამოვიდა ინიციატივით რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან უკრაინული ეკლესიის სრული გამოყოფის თაობაზე, რისთვისაც შეაგროვა კიდეც საეპისკოპოსოს ხელმოწერები. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, მოსკოვიდან ზეწოლის შედეგად, უკრაინელმა ეპისკოპოსებმა ჩაატარეს კრება, მიიღეს გადაწყვეტილება ფილარეტის გათავისუფლების შესახებ და კიევის მიტროპოლიტად აირჩიეს ვლადიმერი (საბოდანი).
ფილარეტმა კრების გადაწყვეტილება არ აღიარა, ის არ აპირებდა ლავრის რეზიდენციის დათმობას ახალი მემკვიდრისთვის, რომელსაც არალეგიტიმურს უწოდებდა.
ფილარეტის გარემოცვამ მიმართა ორგანიზაცია "უნა-უნსოს" და მისი ხელმძღვანელის დ. კორჩინსკის ბრძანებით დაცვის ქვეშ აიყვანეს მიტროპოლიტის რეზიდენცია და ვლადიმერის საკათედრო ტაძარი, რაც რამდენიმე საათში სპეცდანიშნულების რაზმის მიერ დარბევით დამთავრდა. ასე გაჩნდა ორი ლავრა, რაც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებით, "სულიერ ოკუპაციას" წარმოადგენს.
უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საიტზე დარეგისტრირდა პეტიცია მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმებისა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მისი გადაცემის შესახებ. საჭირო 25 ათასი ხმა პეტიციამ ორ კვირაში მოაგროვა. ომის დაწყების შემდეგ ნათელი გახდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს "იდეალურ პლაცდარმს რუსეთის რეზიდენტურისთვის". ამის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკა და ლავრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დოკუმენტის არმქონე პირები, რუსეთის მოქალაქეები, პრორუსული ლიტერატურა და ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფული. იმავე დღით დათარიღებული ბრძანებულებით უკრაინის პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას, შეამოწმოს რელიგიური ორგანიზაციების მიერ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე არსებული ქონებით სარგებლობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობისა და მათი დაცვის პირობები. 30 მარტს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ბათილად ცნო 2013 წლის 11 ივლისის იანუკოვიჩის მთავრობის განკარგულება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის სათავსების გადაცემის შესახებ. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით: "რიგი კანონიერი გადაწყვეტილებების საფუძველზე ლავრის ქონების მართვა გადავიდა სახელმწიფოზე, რადგან ამ ობიექტების მფლობელი არის სახელმწიფო".
29 მარტიდან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას უნდა გაეთავისუფლებინა ქვედა ლავრაში არსებული ყველა სათავსი, მაგრამ 30 მარტს მღვდლებმა ისევ აღავლინეს იქ წირვა.
1-ლ აპრილს კიევ-პეჩორის ლავრა დატოვა ისტორიული მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტრის მიტროპოლიტმა პაშა-„მერსედესმა" (პაველ ლებედი). მასთან და ლავრის ტერიტორიაზე ჩატარდა ჩხრეკა. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ეჭვმიტანილია ორი მუხლით, ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია რელიგიათშორისი მტრობის გაჩაღებასთან. მეტსახელი "მერსედესი" ლებედმა მიიღო ძვირად ღირებული მანქანების სიყვარულის, კერძოდ, კუთვნილი შ-კლასის Mერცედეს-Bენზ-ის გამო. იმავე დღეს პროკურატურის მოთხოვნით აღკვეთის ღონისძიების სახით შევჩენკოს რაიონულმა სასამართლომ მას ორი თვის ვადით შინაპატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ მას ბრალი ედება რელიგიათშორისი მტრობის გაჩაღებასა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლებაში... მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი დაკითხვა. პაველი მონასტრის წინამძღვარი იყო თითქმის 30 წლის განმავლობაში, 1994 წლიდან.
"საჯარო გამოსვლებში აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ან ამართლებდა, ან უარყოფდა აგრესორი ქვეყნის ქმედებებს", - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ერთ-ერთი უკრაინელი ექსპერტის მოსაზრებით: "ჯერ კიდევ გუშინ ისე ჩანდა, რომ სიტუაცია ლავრის საკითხზე ჩიხში იყო მოქცეული. მიტროპოლიტი პაველი წარმატებით იგერიებს იერიშებს ქონების ჩამორთმევასა და აღწერაზე, რათა შემდგომ ეს ქონება გადაეცეს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას".
30 მარტს ლავრიდან არავინ გასულა, თუმცა ქონება, ძირითადად, წაიღეს. პაველმა მრევლისთვის გასცა ბრძანება, დაიცვან ლავრა, ხოლო შესაბამისი კომისიის წევრები არ შეუშვან არც ერთ სათავსში.
სასამართლო ვერდიქტის გარეშე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უარს აცხადებს ლავრის სათავსების ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმებასა და ქონების მიღება-გადაცემის სახკომისიის უფლებამოსილებების ცნობაზე. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ მოერიდა და გამოაქვეყნა პაველის რეზიდენციის ინტერიერის ფოტოსურათი, რამაც მორწმუნეთა დიდი გაკვირვება გამოიწვია... მიტროპოლიტმა პაველმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა ზელენსკის მიმართ, რომელშიც მას და მის ოჯახს "ღვთის რისხვით" დაემუქრა.
ოლეგ პავლენკო