„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ეს გემი კოკამ აზოვში იპოვა“
კონსტანტინე-კოკა ლაშხია სამი წლის იყო, როდესაც ალყაში მოქცეულ სოხუმში დედასა და 9 წლის დასთან ერთად აღმოჩნდა, მამა და უფროსი ძმა კი რუსებსა და სეპარატისტ აფხაზებს ებრძოდნენ. ერთადერთი გამოსავალი ზღვის სანაპიროსთან მომდგარი უკრაინული გემი იყო. დედა დიდხანს წვალობდა, რომ სანაპიროზე მოზღვავებულ ხალხში გზა გაეკვალა და როგორმე ორ შვილთან ერთად გემზე ასულიყო, მაგრამ ამაოდ... გამწარებულმა ქალმა ისღა მოახერხა, რომ უმცროსი შვილი გემის გემბანიდან გადმოხრილ უკრაინელ სამხედროს მიაწოდა, თავად კი უფროს ქალიშვილთან ერთად ომის ქარცეცხლში გახვეულ ქალაქში დარჩა. ეს ამბავი 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ზუსტად 21 წლის შემდეგ, 2014 წელს, მაშინ როდესაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესია დაიწყო, უკვე 25 წლის კოკა ლაშხიამ უკრაინელებისთვის ვალის გადახდა გადაწყვიტა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართულ ლეგიონს შეუერთდა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. სამწუხაროდ, ასევე ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც მოძმე უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. სოხუმში უკრაინელის გადარჩენილი კოკა ლაშხია 2015 წლის 1-ლ ივლისს მარიუპოლში დაიღუპა. უფრო მეტს ქართველი მეომრის შესახებ მისი და, შორენა ლაშხია გვიამბობს:
- არასდროს დამავიწყდება 1993 წლის 27 სექტემბერი. ქალაქი ალყაში იყო. ქართველების გადასარჩენად ზღვის სანაპიროს უკრაინული გემები მოადგნენ. ყველა იქით გარბოდა. მამა და ჩემი უფრო ძმა, გოჩა ჩვენთან მოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საბრძოლო მოქმედებებში იყვნენ ჩართული. მამა ქალაქის მთავარი პროკურორი იყო, ძმა - ჟიული შარტავას პირადი დაცვის წევრი. მამამ დედას დაურეკა და უთხრა, როგორმე იქნებ გემზე ახვიდეთო. სანაპიროსთან რომ მივედით, გემზე უკვე ხალხი აღარ ეტეოდა. სამხედროფორმიანმა ბიჭმა დედას დაუძახა, ბავშვი მომაწოდეთო. მერე მე და დედა ტყვედ აგვიყვანეს, მამა და გოჩა დაიღუპნენ. თითქმის ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ ქართულმა მხარემ "წითელი ჯვრის" დახმარებით გაგვათავისუფლა. როგორც კი თბილისში ჩამოგვიყვანეს, მაშინვე კოკას ძებნა დავიწყეთ და იმ ავბედითი დღიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ოდესაში ერთ უკრაინულ ოჯახში მივაგენით. შინ ზუსტად მის დაბადების დღეს 1-ლ სექტემბერს დავაბრუნეთ. კოკა ხშირად ხუმრობდა, ორჯერ ვარ დაბადებულიო.
- უკრაინულ ოჯახში გატარებული დღეების შესახებ თუ გიამბობდათ?
- კი, ახსოვდა. ძალიან კარგ ოჯახში მოხვდა, მათ თავადაც ჰყავდათ შვილები - სამი ბიჭი. კოკას ისე ზრდიდნენ, როგორც მეოთხე შვილს. თავდაპირველად ხშირად ვკონტაქტობდით, ფოსტიდან ვურეკავდით ერთმანეთს, სულ აინტერესებდათ კოკას ამბები. სხვათა შორის, კოკას ძმობილები დღეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ და სამშობლოს იცავენ. უცნაურია, მაგრამ კოკას ყველაზე კარგად ის გემი დაამახსოვრდა, რომლითაც საქართველოდან უკრაინაში ჩავიდა. დეტალურად ახსოვდა ყველაფერი და ხშირად ხატავდა. კიდევ ერთი უცნაური ამბავი ის არის, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის გემი კოკამ აზოვში იპოვა. აღელვებულმა დამირეკა და ეს მითხრა. რამდენჯერმე გამიმეორა, ის გემი ვიპოვე, უპატრონოდ გდიაო. ამის მერე სულ რაღაც ერთ კვირაში დაიღუპა. სულ ამბობდა, სიცოცხლე არ მენანება, ოღონდაც კი რუსები დამარცხდნენო. ის ომის შვილი იყო. დედა მის დაღუპვამდე ერთი თვით ადრე დაიღუპა, კიდევ კარგი, არ მოესწრო კოკას სიკვდილს.
- როგორც ვიცი, თქვენს ძმას უკრაინელებმა გმირის წოდება მიანიჭეს.
- კი, ოთხგზის გამოგზავნეს ჯილდო და მედლები. ძალიან აფასებენ უკრაინელები. საერთოდ, ქართველებს დიდ პატივს სცემენ, საუკეთესო მეომრებად მიიჩნევენ.
- ოჯახი, ცოლ-შვილი თუ დარჩა?
- მეუღლე და გოგონა დარჩა. ნელიკო მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. პატარა კოკა გვყავს კაბაში. ჩემი ერთადერთი ნუგეშია.
- როგორი პიროვნება იყო კოკა?
- ძალიან ჰუმანური, ცხოველებზე გიჟდებოდა. სახლში პატარა ზოოპარკი გვქონდა, ძაღლებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ერთხანს ბატიც კი გვყავდა. კორპუსში, მეცხრე სართულზე, ერთ პატარა ბინაში ოთხი კაცი - დედა, მე, კოკა და ბებო 12 ცხოველთან ერთად ვცხოვრობდით. თითოეულის ამბავს ძალიან განიცდიდა. დედამ რამდენიმე ძაღლი გააჩუქა და კოკას მოვატყუეთ, რომ გაიპარნენ. ძალიან რომანტიკოსი იყო, საერთოდ არ გააჩნდა პრაგმატიზმი.
- პროფესიად სამხედრო საქმე რა მოტივით აირჩია?
- რა გითხრათ, სკოლაში ცელქი მოსწავლე იყო, ბეჯითობითაც არ გამოირჩეოდა. პირველი გიმნაზია დაამთავრა. მან და მისმა კლასელმა ბიჭებმა, თითქმის ყველამ, სამხედრო საქმე აირჩიეს. ავღანეთშიც იყო მისიით წასული. რომ ჩამოვიდა, ერთი თვის შემდეგ უკრაინაში გაგვეპარა. იქიდან მომწერა, აქა ვარ და არ ინერვიულოთო. ალბათ, კოკას ბრძოლის მოტივი მაინც აფხაზეთია. სხვათა შორის, მე და კოკა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებიც ვართ.
- თქვენც სამხედრო იყავით?
- უშიშროების თანამშრომელი ვიყავი. პოლიციის აკადემია მაქვს დამთავრებული. ერთხანს მანდატურის სამსახურში საპილოტე პროგრამაშიც ჩავერთე. ახლა მასწავლებელი ვარ.
- 2008 წლის ომს როგორ გაიხსენებთ?
- ყველაზე მეტად ამ ომის გახსენება არ მინდა. მე დაჭრილების გამოყვანაში ვმონაწილეობდი. მაშინ საპატრიარქო ძალიან დაგვეხმარა. უმძიმესი სიტუაცია იყო. ამ ომმა მთლიანად უბრალო ხალხზე გადაიარა. ძალიან ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოხდა, მაგრამ თავდაცვას, შინაგან ჯარსა და უშიშროებას უბრალო ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა. სოფლის მოსახლეობა დაგვიდგა გვერდით. ვფიქრობ, 2008 წლის ომი კიდევ ერთი მიზეზი გახდა იმისთვის, რომ კოკას ცხოვრების მიზნად რუსების წინააღმდეგ ბრძოლა დაესახა. ჩვენი ოჯახისთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში, მთავარი იყო ქვეყნის ერთიანობა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ამას გარდა, სულ ამბობდა, უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოაო.
უკრაინაში რომ ჩავიდა, "ქართულ ლეგიონს" დაუკავშირდა. მაშინ იქ სულ 30 ქართველი იყო. ძალიან ხშირად უწევდათ სხვადასხვა დანაყოფში ინსტრუქტორებად გადასვლა. აზოვის ჩამოყალიბებაშიც ქართველები მონაწილეობდნენ.
იმ წლებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო იყო, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა მთელ რიგ საკითხებზე და არც "ქართული ლეგიონის" მიმართ იყო კეთილგანწყობილი. ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად, უკრაინის მაშინდელი მთავრობა არ აღიარებდა, რომ რუსეთთან ომში იყო ჩართული. როგორც ჩვენ გვართმევდნენ აფხაზეთსა და ცხინვალს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ რუსეთი გვეომებოდა, ასეთი სიტუაცია იყო იქაც. ჩვენს ბიჭებს სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ჰქონიათ, იარაღს, ფორმას, საწვავს თუ ბრძოლისთვის საჭირო სხვა რამეს თავად ყიდულობდნენ. როგორც კი საშუალება ეძლეოდათ, კიევში ჩადიოდნენ და მტვირთავებად მუშაობდნენ. ათას სისულელეს, სიცრუეს რომ ავრცელებენ "ქართულ ლეგიონსა" და საერთოდ, უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე, თუ სიმართლე აინტერესებთ, მე მკითხონ, ჩემზე კარგად არავინ იცის, როგორ წვალობდნენ ჩვენი ბიჭები. სხვათა შორის, უკრაინული სამღვდელოებაც ძალიან ეხმარებოდათ.
- გასაგებია, რომ თქვენს ძმას სხვა სენტიმენტები აკავშირებდა უკრაინასთან, მაგრამ საინტერესოა, რა უნდა ყოფილიყო სხვა ქართველი მებრძოლების მოტივი, როდესაც ისინი იმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ, რომლის ხელისუფლება არათუ მხარს არ უჭერდა, პრობლემებსაც უქმნიდა?
- დიახ, კოკა სულ ამბობდა, უკრაინელების ვალი მაქვსო. სხვა ბიჭებიც ხშირად ამბობდნენ, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაუდგა გვერდით. აფხაზეთში ჩვენ საკუთარი ხელისუფლება არ გვეხმარებოდა ისე, როგორც უკრაინელები გვეხმარებოდნენ. ტყვეების გაცვლის თუ გამოსყიდვის საქმეშიც აქტიურად იყვნენ ჩართული. სხვათა შორის, ჩვენი ტყვეობიდან გამოსახსნელად სწორედ უკრაინელები მართავდნენ მოლაპარაკებას ჩეჩნებთან. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთი ნებისმიერ ტერიტორიაზე ჩვენი მტერია. მეც ამ სულისკვეთებით ვარ გაზრდილი. ჩვენი ბიჭები უკრაინაში მარტო იმიტომ კი არ იბრძვიან, რომ ამ ხალხის მადლიერი ვართ, ჩვენს ინტერესებშიც შედის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს რუსეთს, რათა საქართველოში მორიგი "გამოსეირნების" თავი აღარ ჰქონდეს. უკრაინაში მებრძოლი ყველა ქართველისთვის საქართველო უპირველესია და ყველგან თავგანწირვით იბრძოლებენ რუსეთის წინააღმდეგ, სადაც საშუალება მიეცემათ. ასე იყო ჩემი ძმისთვის და ასეა მისი თანამებრძოლებისთვის.
- კოკაზე ადრე სამშობლოს მამათქვენმა და თქვენმა უფროსმა ძმამაც შესწირეს თავი.
- მამა შინაგან ჯარში მსახურობდა, ოცეული ებარა. როგორც ჩვენ გვითხრეს, თავისი ბიჭები არ დატოვა და აფხაზებმა მათთან ერთად დახვრიტეს. გოჩა კი იმ 11 ბიჭს შორის იყო, რომლებიც ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს. ის 11 ბიჭი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ბოლოს ტყვია-წამალი გაუთავდათ... სულ ეს არის, რაც მათ შესახებ ვიცით.
ხათუნა ბახტურიძე