„15 წლის წამალდამოკიდებულიც გვყოლია უკვე ჩამოყალიბებული დიაგნოზით“
სააფთიაქო ნარკომანია რომ მწვავე პრობლემაა, ხშირად ამბობენ ნარკოლოგები. ბევრი ხედავს კიდეც აფთიაქებში როგორ ყიდულობენ უპრობლემოდ სასურველ წამალს. ჩნდება განცდა, რომ აფთიაქების მეპატრონეებს შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობა "დალაგებული" აქვთ, სხვაგვარად წარმოუდგენელია მაკონტროლებელმა დამრღვევი აფთიაქი ვერ შენიშნოს. პერიოდულად ასეთ აფთიაქებს ადმინისტრაციულ ჯარიმასაც უწესებენ, მაგრამ იხდიან ჯარიმას და მხოლოდ დარღვევის რამდენჯერმე აღმოჩენის შემთხვევაში უუქმდებათ ლიცენზია, თუმცა იმავე ადგილას ისევ იხსნება ახალი აფთიაქი სხვის სახელზე და ყველაფერი თავიდან იწყება... ნარკოლოგების ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მომხმარებელთა შორის ბევრი მოზარდიცაა, რასაც გვიდასტურებს კლინიკა "ნეოგენის" ექიმ-ფსიქოლოგი თამუნა ბოკუჩავაც.
- მოზარდებისთვის ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით კლუბურ ნარკოტიკებს მოიხმარენ, ძირითადად, მარიხუანასა და ფსიქოსტიმულატორებს. არადა, წესით, კლუბებში მოზარდები ვერ უნდა ხვდებოდნენ.
- უფრო ხშირად რა ასაკის არიან?
- უფრო სკოლის დამამთავრებელი ასაკის. მარიხუანასა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების პრობლემასთან ერთად, ხშირია ოპიატური ნარკოტიკებისა და სტიმულატორების მოხმარება, თუმცა არა მასობრივად. მოზარდებისთვის ნარკოტიკების შოვნა ძალიან გააიოლა ინტერნეტმაც.
- მათი გამოყენება რამდენ ხანში იწვევს ნარკოდამოკიდებულებას?
- ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, მის ფსიქიკურ სტატუსზე. თუ ისედაც აქვს მსუბუქი ფსიქიკური პრობლემები, მაშინ უფრო სწრაფად და მძიმედ მიდის პროცესი. იწყება კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების, აზროვნების პრობლემები, ინტერესებისა და ქცევის შეცვლა, ხშირად ასოციალურიც.
- ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლი, ალბათ, ძალიან საშიშია?
- რა თქმა უნდა, ალკოჰოლის დამატებით ძლიერდება ეფექტი და მით უფრო რთულდება ქცევაც. ხშირად ამის გამო ზედოზირებით ხვდებიან სტაციონარში.
სააფთიაქო ნარკომანია ისევ მწვავე პრობლემაა. არის აფთიაქები, რომლებიც არალეგალურად ყიდიან ფსიქოტროპულებს. როგორც წესი, ნარკოტიკის მოხმარება ასე იწყება - ერთი მომხმარებელი დამწყებს ნარკოტიკს "ჩუქნის", რამდენიმე "საჩუქარიც" და ჩნდება მოთხოვნილება და მერე თვითონ ყიდულობს. გოგონებს ხშირად უთქვამთ, კლუბში გვაჩუქეს ნარკოტიკიო.
სტიმულატორის ჯგუფის ნარკოტიკების მომხმარებელს პარანოიდული რეაქციები აქვს, ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობს. საფრთხეს ისიც ზრდის, რომ კლუბური ნარკოტიკების სახეობები ლამის ყოველდღე იცვლება. მომხმარებელმა ხშირად არც იცის, რას სვამს. ბაზარზე სულ ახალ-ახალი ნარკოტიკები ჩნდება და ექიმებსაც უჭირთ დადგენა, თუ რა მოიხმარა პაციენტმა. სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკის ერთჯერადი მიღებაც კი საშიშია, რადგან იქიდან გამოსვლის პროცესი უმძიმესია. სტიმულატორი დიდ ენერგიას აძლევს ადამიანს, მას უჩნდება გადამეტებული სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ მეორე დღის სინდრომი უმძიმესი და რთულია - იწყება საპირისპირო შეგრძნებები. მომხმარებელი დეპრესიული, გამოფიტულია, ფიქრობს სუიციდზე, თვითდაზიანებაზე, აქვს პანიკა, შიში და ამ შეგრძნებების მოსახსნელად უფრო იმძიმებს მდგომარეობას - მოიხმარს სხვა ნარკოტიკს, რათა ისევ სასიამოვნო შეგრძნებები ჰქონდეს. რაც უფრო ადრე, მოზარდობისას იწყება ნარკოტიკის მოხმარება, მით უფრო რთულია მდგომარეობაც, რადგან ამ დროს მოზარდის ტვინი და ფსიქიკა არ არის ბოლომდე ფორმირებული. გარდატეხის ასაკი ხომ ისედაც პრობლემურია. ამიტომაც მოზარდებში ხშირად პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. მშობლებს ვურჩევ, ყურადღებით იყვნენ. თუ მოზარდს ქცევა შეცვლილი აქვს, მეტად ძილიანობს ან მეტად აღგზნებულია, ესე იგი, განგაშის საფუძველი არის. ბევრი მშობელი ამას გარდატეხის ასაკს მიაწერს და მომენტი ეპარება. თუ თქვენმა შვილმა შეიცვალა სამეგობრო წრე, სწავლისადმი დამოკიდებულება, მეტ დროს გარეთ ატარებს, ეს იმის სიმპტომებია, რომ სხვა, საშიში ინტერესი გაუჩნდა.
- მიბაძვითაც ხდება მოხმარება?
- ხშირად მოზარდმა არ იცის, რა საფრთხის შემცველია თუნდაც მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები. მოქმედებს მიმბაძველობის ფაქტორიც, მით უმეტეს, როცა ასეთი მოწყვლადი ასაკია. საჭიროა მოზარდების ინფორმირება, რათა გაიგონ, როგორი მავნებელია ნარკოტიკი. ხშირად მსმენია, თუ "ლომკა" არა აქვს, ესე იგი, საშიში არ არისო, რაც მცდარი აზრია.
მსოფლიოში ბევრი ახალ სინთეზური ნივთიერება იქმნება და უმალვე შემოდის ბაზარზე. ნივთიერება რაც უფრო სინთეზურად არის შექმნილი, მით საშიშია, მით უფრო სწრაფ დამოკიდებულებას იწვევს და აზიანებს მომხმარებლის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. სხვადასხვა ნივთიერების ერთად მოხმარება კი გარდაცვალების მაღალ რისკს ქმნის.
- ყველაზე მცირე, რამდენი წლის პაციენტი გყოლიათ?
- გვყოლია 15 წლის პაციენტი უკვე ჩამოყალიბებული დიაგნოზით. ის ინიექციულ მოხმარებაზე იყო, რაც, საბედნიეროდ, ჯერ იშვიათია მოზარდებში - ბევრს ნემსის ეშინია და სხვა ხერხებს მიმართავენ: შესუნთქვას, მოწევას, ტაბლეტებს - ეს ნაკლებად დამაზიანებელი ჰგონიათ. არადა, ეს მითია. თუ ამ ტაბლეტებთან ერთად მოზარდი მოიხმარს ჭარბად ალკოჰოლს, შეიძლება ამას გულის გაჩერებაც მოჰყვეს.
- სააფთიაქო ნარკომანიაში ზრდასრულ პაციენტებში რა ვითარება გვაქვს?
- იყო პერიოდი, როცა სააფთიაქო ნარკომანია უფრო გავრცელებული იყო. ახლა სხვა ნარკოტიკები უფრო ადვილად საშოვნელია და მათზე გადავიდნენ. ბოლო დროს წინა პლანზე გადმოვიდა პოლინარკომანიის პრობლემა - ეს ნიშნავს, რომ ერთდროულად რამდენიმე ნივთიერებას მოიხმარენ, მათ შორის სააფთიაქო წამლებსაც. უკვე რთულია ისეთი პაციენტის პოვნა, რომელიც მხოლოდ ერთ ნივთიერებას მოიხმარს. მარიხუანას და სხვა კლუბურ ნარკოტიკს პანიკური შეტევები ახასიათებს, მომხმარებელს ეწყება უსიამოვნო შეგრძნებები და მათ მოსახსნელად სააფთიაქო წამლებს იმატებს. ჩვენი პაციენტების უმრავლესობას გადატანილი აქვს ზედოზირება. ბოლო ხანს ხშირად მოგვმართავენ გოგო-ბიჭები პანიკური შეტევებით და სხვა ფსიქიკური პრობლემებით. ძირითადად, ეს კლუბური სტიმულატორების შედეგია. ასეთ დროს მკურნალობა ხანგრძლივია და ძალზე ძნელია შედეგის მიღება.
- მომხმარებელი ბიჭი უფრო ბევრია თუ გოგონა?
- ბიჭი, მაგრამ ბოლო დროს გოგონების მზარდი ტენდენციაა. ისინი უმეტესად მარიხუანას მომხმარებლები არიან.