„ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ლიმიტი არ გააჩნია“ - კვირის პალიტრა

„ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ლიმიტი არ გააჩნია“

"მეცნიერების დარგი, რომლის მიზანია ისეთი ინტელექტუალური კომპიუტერული ტექნოლოგიების შექმნა, რომელთაც ექნება ადამიანის ინტელექტის მსგავსი შესაძლებლობები", - ასეთია ხელოვნური ინტელექტის განმარტება. ამ მიზნით კაცობრიობამ უკვე შექმნა აქამდე დაუჯერებელი ტექნოლოგიები: მიაღწია ადამიანის ხელოვნურ განაყოფიერებას; წამიერ დაკავშირებას არა მარტო დედამიწის სხვადასხვა ადგილთან, არამედ თვით კოსმოსთან; შეუდგა უჯრედებიდან არა მარტო დაავადებების გამომწვევების, არამედ სიბერის გენომის ამოღებას, რაც მუდმივ ახალგაზრდობას გვპირდება და ა.შ. ამ მოვლენებმა თითქოს ბუნების კანონზომიერებაც შეცვალა, მაგრამ არ შეცვლილა ერთი რამ: ბუნებრივი წინააღმდეგობის პროცესები. ხელოვნურ ინტელექტსაც, ისევე როგორც ყოველივეს ბუნებაში "პლუს-მინუსი" აღმოაჩნდა, ანუ დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეც გამოავლინა. ამჯერად კი კაცობრიობის გიგანტური ტექნოლოგიების მფლობელი ილონ მასკი გამოდის წინადადებით, რომ ხელოვნური ინტელექტის ძლიერი სისტემების განვითარება უნდა შეჩერდეს. ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, სანამ კაცობრიობა არ დარწმუნდება,­ რომ ხელოვნური ინტელექტისგან საფრთხე არ ემუქრება. "მძლავრი სისტემები მხოლოდ მაშინ უნდა განვითარდეს, როდესაც დავრ­წმუნდებით, რომ მათი ეფექტი დადებითი იქნება, რისკი კი მართვადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი შეიძლება კაცობრიობის საწინააღმდეგო სერიოზულ რისკებს შეიცავდეს. ის შესაძლოა უკვდავ დიქტატორადაც იქცეს. ისტორია იცნობს არაერთ დიქტატორს, მაგრამ ისინი მოკვდავი იყვნენ", - ამბობს მასკი და მის მიმართვას ის უამრავი ადამიანი აწერს ხელს, რომელთაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დიდი წვლილი­ აქვთ შეტანილი. რასთან არის დაკავშირებული ეს საფრთხეები, ამის შესახებ ტექნიკ­ური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების პროფესორს ვლადიმერ იმნაიშვილს­ ვესაუბრებით:

- სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაშიც­ არის ხელოვნური ინტელექტის უკიდეგანოდ განვითარების შიში. არადა, ამ ტექნოლოგიების დადებითი შესაძლებლობებიც ამოუწურავია. რეალურად, რა არის ხელოვნური ინტელექტი, რატომ გაჩნდა განსაკუთრებით ბოლო ხანს მისი შიში?

- ეს არის ადამიანის ცდა, შექმნას ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მის გონ­ებას დაემსგავსება, მას, რაც თავად ადამ­იანს ბუნებამ უბოძა აზროვნებისთვის­ - ანუ ადამიანს სურს მის ნაცვლად "იაზროვნონ"­ ტექნოლოგიებმა. თუმცა გააჩნია, რასთან დამსგავსება სურს ადამიანს, რას "ვკარნახობთ" ხელოვნურ ინტელექტს. ჩემი აზრით, ჩვენს გონებრივ სფეროს აქვს ის სივრცე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს დაემსგავსება - ეს არის ჩვენი ქვეცნობიერი, ადამიანის სულიერებასთან დაკავშირებული სფერო, რომელიც შეუცნობელია. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს დახატავს ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზას".U უფრო სწორად, დახატავს, მაგრამ ის არასოდეს იქნება და ვინჩის­ ის "მონა ლიზა", რომელიც ლუვრშია დაცული. ხელოვნური ინტელექტი დაწერს ლექსებს, მაგრამ ისინი ვერასოდეს იქნება­ ისეთი, როგორსაც გალაკტიონი წერდა. რატომ? ქვეცნობიერი ისეთი ამოუხსნელია, ხშირად თვით ადამიანმა არ იცის, რას ქმნის და ხელოვნურ ინტელექტს როგორღა დაამსგავსებს?! სამაგიეროდ, ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა უსასრულოდ განვითარდეს იმ სფეროებში, რომლებიც ადამიანის მათემატიკური აზროვნების შედეგია და ადამიანის კონკურენტად მოგვევლინოს. ეს პროცესები მხოლოდ ბოლო წლებში არ დაწყებულა. შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ ჭადრაკმა პოპულარობა სწორედ მაშინ დაკარგა, როდესაც კომპიუტერმა მოჭადრაკე გარი კასპაროვს მოუგო - ანუ ჭადრაკის სფეროში კომპიუტერმა რეალურად განდევნა ადამიანის ლიდერობა. ასეთი მაგა­ლითი უკვე მრავლად არის. ამას გეუბნებით არა როგორც ხელოვნური ინტელექტის მოწინააღმდეგე,­ არამედ პროფესიონალი და მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი,­ მაგრამ რეალობა ის არის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უზარმაზარ შესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებიც გააჩინა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: XIX საუკუნის მიწურულს თბილისის ტრანსპორტს მხოლოდ ცხენები შეადგენდა და ისინი გზებზე­ დიდი რაოდენობით­ ნაკელს ტოვებდნენ. მისი სუნი, ბუნებრივია, თბილისელებს­ ძალ­იან აწუხებდათ, მაგრამ აი, მოვიდა ავტომობილი, რომელმაც ნაკელიც "გაიტანა" და სხვა სიკეთეებიც მოიტანა­. თუმცა მას მოჰყვა ნაკელზე დიდი უბედურება - გამონაბოლქვი, რაც არა მარტო სუნით გვაწუხებს, არამედ ჯანმრთელობასაც გვინადგურებს.

დღეს უკვე ცხოვრების ყველა სფეროში­ ხელოვნური ინტელექტი გვაქვს, თითქმის­ ყველანი ვკონტაქტობთ მასთან და თან ძალ­იან ხშირად. ეს არის "გუგლის" ის საძიებო სისტემა, რომელიც დიდი ხანია­ "გვითვალთვალებს" და გვსწავლობს. უფრო სწორად, შეგვისწავლა კიდეც. არასოდეს გქონიათ შემთხვევა, როდესაც "გუგლს" სწორად ამოუყრია ინფორმაცია თქვენი­ ხასიათის ან სურვილების შესახებ, რასაც გაუკვირვებიხართ, ამან საიდან იცისო?!

- როგორ არა, მაგრამ იმაზე არ მიფიქრია, რომ ეს თვალთვალია.

- სინამდვილეში ასეა. "თვალთვალში" ვგულისხმობ იმას, რომ საძიებო სისტემა იმახსოვრებს, რა ინფორმაციას სთხოვთ, რამდენ ხანს ყოვნდებით ამ ინფორმაციაზე­ ანუ რა გაინტერესებთ. მომდევნო კონტაქ­ტისას კი სწორედ ამ დამახსოვრებულს, ანუ იმას ამოგიგდებთ, რაც გჭირდებათ. ის ინფორმაცია, რომლის მოძებნაც გსურდათ, "გუგლმა" დაგასწროთ და ერთი შეხებაც ეყო მოსაწოდებლად. ხელოვნური ინტელექტის მომენტია "გუგლის" თარგმანები, როდესაც კოლოსალური თარგმანი წამებში სრულდება და მომავალში უფრო დაიხვეწება. ამან შეიძლება მთარგმნელები ჩაანაცვლოს. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ფიქრობენ, რომ სკოლებში ენები აღარ ასწავლონ, რადგან ამ ფუნქციას "გუგლი" შეასრულებს.

- ესე იგი ადამიანის გონება­ ხელოვნურ ინტელექტს უნდა დაემორჩილოს და დამოუკიდებლად ვერ უნდა იმუშაოს? იმ შემთხვევაში, თუკი ხელოვნური ინტელექტი­ აირევა, ადამიანი ხომ სრულიად უსუსური გახდება?

- არა მარტო ეს, შესაძლოა ყირაზე­ დადგეს მთელი ის შენაძენი თუ სისტემა,­ რაშიც ადამიანი დღეს ცხოვრობს. სწორედ­ ამის ეშინია Yტექნოლოგიების ზოგიერთ ბოსს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის შეჩერების, მისი საფრთხეების თავიდან აცილების განცხადებებს აქვეყნებს. არა მარტო­ ეს, ადამიანში კეთილი ნებაც ხომ არსებობს, რომელიც მიდის იმ დასკ­ვ­­ნამდე, რომ გაგრძელება საშიშია. თუმცა­ ვერ გეტყვით­, რამდენად დაემორჩილება ამ ნებას ის სამყარო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ქმნის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის აზარტი და შემოსავალი, რომელიც ტექნოლოგიებს მოაქვს. ის ხომ ყველას აინტერესებს...­ და არა მარტო სიკეთისთვის. ასე რომ, ხელოვნური ინტელექტი­ გამანადგურებელ საშუალებადაც იქცა იმ ომში, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ვხედავთ, სულ ერთ წელიწადში როგორ გადაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომი ტექნოლოგიების ომში, რაც ძალიან საშიშია. ამ ომის ზოგიერთი იარაღი მანამდეც არსებობდა და სწორედ ამ ომში გამოცადეს. ამასთანავე, ორივე მხარე სულ უფრო მეტად შედის ხელოვნური ინტელექტის იარაღის დამზადების ეშხში. მთავარია, ეს იარაღი აამოქმედო, დანარჩენი თავად "იცის", სად დაეცეს და ვინ გაანადგუროს.

- მსგავსი ინფორმაცია ძალიან ხშირად ქვეყნდება მსოფლიო მედიაში. სადამდე შეიძლება "ჭკვიანი იარაღის" გაუმჯობესება და დამზადება გაგრძელდეს?

- დღეს ეს არავინ იცის. არავინ იცის, რა შეუძლია ადამიანის გონების ამოუწურავ ფანტაზიას, რომელიც მხოლოდ სიკეთეში არ განსხეულდება. ადამიანის ტვინი კი არა, ჯერ ისიც არ არის შესწავლილი, რა ამოძრავებს ფრინველების ტვინს. მაგალითად, ვიცი, რომ არსებობენ ფრინველები,­ რომლებიც გამოსაზამთრებლად გაყინული რუსეთიდან წამოვლენ, ჩვენს პალიასტომის ტბასთან გამოიზამთრებენ და მერე აფრიკაში მიფრინავენ. ეს გზა კი 6000 კილომეტრია. მოდი, ახლა და, გავიგოთ, რა ამოძრავებს ამ ფრინველების ტვინს ამხელა მანძილს რომ გადალახავენ? Aადამიანისას ხომ მით უმეტეს, მის გონებას ვერავინ ჩასწვდება. Fფაქტი ის არის, რომ ხელოვნურ ინტელექტს უკვე დღეს ეძლევა საშუალება ჩაანაცვლოს ადამიანი სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, სამუშაოზე გაუწიოს მეთვალყურეობა, მართოს მისი ანგარიშები. მათ შორის სანახაობრივი სიამოვნებების ჩანაცვლებაც "მოსულა": მაგალითად, უკვე არსებობს რობოტების ფეხბურთი, რომელიც სულ უფრო დახვეწილი და სანახაობ­რივი ხდება. ასე რომ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ლიმიტი არ გააჩნია. ის დამოუკიდებლადაც მუშაობს. მაგალითად, მარსმავალი, რომელიც მარსზე დადის და იქიდან შესანიშნავ ფოტოებს გზავნის. მისი მართვა ამ ეტაპზე დედამიწიდან შეუძლებელია.

ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ყველაზე სწორი მიმართულება­ განათლების პროცესებშია. სადაც ადამიანს, თითოეულ მოსწავლეს ან სტუდენტს შეიძლება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებთან ერთად ისიც ასწავლო, თუ სად ეძიოს ამ ინტელექტის ზღვარი, სად შეჩერდეს, როგორ გამოიყენოს ის ადამიანის­ არა საზიანოდ, არამედ სასარგებლოდ. ჩვენ ამას ვასწავლით პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და სხვაგანაც. ამ ეტაპზე კი ადამიანს მხოლოდ ერთადერთი რამ აქვს, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ასწავლის - ეს არის სიყვარულისა და სიკეთის კეთების ნიჭი. ეს მხოლოდ ადამიანს შეუძლია.

- ლოგიკურია.

- სიტყვა "ლოგიკაც" მათემატიკაა, მათემატიკურ აზროვნებასთან მივყავართ. მე ვგულისხმობ სულიერების ნაყოფს, რომელიც ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება.

- მადლობა ღმერთს, ეს მაინც გვქონია ხელშეუხებელი...

- დიახ, და ეს ცოტა არ არის. ადამიანი­ საბოლოოდ მიდის იმ აზრამდე, რომ ყვე­ლა­ფერს განაგებს ის შეუცნობელი, რომე­ლმაც თავად ადამიანი შექმნა. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ძველი რომის ცივილიზაცია, რომელმაც გაუსწრო მაშინდელ კაცობრიობას მიღწევებით, თუმცა გამოფიტული იყო სულიერებისგან. სულიერ დეგრადაციას ვეღარ აჩერებდა და ეს მხოლოდ ქრისტეს მოსვლამ შეაჩერა. რეალურად ძველი რომი ქრისტეს მოსვლის შემდეგ დაეცა. ასე რომ, იმედი არის. როგორც ვხედავთ, ამ იმედს ადამიანის შექმნილი ხელ­ოვნური ინტელექტი ვერც თავად შექმნის და ვერც დაიმორჩილებს. ამ ეტაპზე კი შეგვიძლია ვისარგებლოთ ხელოვნური ინტელექტის შექმნილი იმ სიკეთეებით, რომელთაც კაცობრიობა სიკეთისკენ მიჰყავთ.