რატომ გავრცელდა ცოფი რაჭა-ლეჩხუმში
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ცოფის 11 შემთხვევა დადასტურდა. სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საშიშმა ინფექციურმა დაავადებამ ათეულს მიაღწია, თანაც, წლის იმ პერიოდში, როდესაც ცოფის გავრცელება ნაკლებად მოსალოდნელია ზაფხულთან შედარებით, როდესაც ინფექციური დაავადების გავრცელებას ტემპერატურაც უწყობს ხელს. ცოფის 8 შემთხვევა გამოვლინდა ამბროლაურში, ბოლო დღეებში 3 შემთხვევაა ცაგერის მუნიციპალიტეტში. როგორც ცნობილია, ცოფის გავრცელების ბუნებრივ მიზეზად მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლება სახელდება. როგორც მოსახლეობა ამბობს, რეგიონის ტრასებზე ხშირად ტოვებენ შინაურ ცხოველებს, რომლებიც შემდგომ ცოფის გავრცელების მიზეზად იქცევიან. ასეთივე სიტუაციაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც ტრასებზე ასეულობით ცხოველს ტოვებენ, რომელთა გამოკვება და მით უფრო სიჯანსაღის გაკონტროლება შეუძლებელია. ცხოველთა რეგულაციის გაკონტროლება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა, რაც კანონმდებლობით მანამდე უნდა მოგვარებულიყო, სანამ დაავადების გავრცელების საშიშროება შეიქმნებოდა. ამის გამო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დადგენილებით, კარანტინი გამოცხადდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ცოფის შემთხვევებია დაფიქსირებული. სიტუაციის საშიშროების გათვალისწინებით ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ადგილობრივებს, რომლებიც ცდილობენ ცოფის გავრცელების საწინააღმდეგო სახელმწიფოს ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ. აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვში მსხვილფეხა პირუტყვიც დაავადდა.
"ხალხი შეშინებულია და ვაქცინაციაში ყველა მონაწილეობს"
ირაკლი მიქაუტაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მცხოვრები: - კარგი სიტუაცია ნამდვილად არა გვაქვს, თუმცა მის შესაჩერებლად ყველა მოქმედებს. ცოფის გავრცელების უფრო მეტი შემთხვევა ამბროლაურშია, იქ რვა ძაღლზე დადასტურდა ლაბორატორიაში, რომ ცოფმა მოკლა. ცაგერში მხოლოდ სოფელ ორხვშია სამი შემთხვევა.O ოჯახი, სადაც ცოფი დაფიქსირდა, ტრასის ახლოს ცხოვრობს და როგორც ჩანს, მათი ძაღლი სხვა ძაღლმა დაკბინა. საშინელებაა, ტრასაზე შინაური ცხოველი როგორ უნდა დატოვო? დაკბენილმა ძაღლმა შემდეგ ოჯახის მეორე ძაღლი და ძროხა დაკბინა. ახლა ყველამ ვიცით, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, ძაღლი, რომელმაც ცოფი გაავრცელა, გაიქცა. სავარაუდოდ, დიდხანს ვერ იცოცხლებდა, ოჯახის წევრებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს კი აცრა ჩაუტარდათ. ხალხი შეშინებულია და ვაქცინაციაში ყველა მონაწილეობს.
"ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა ამბროლაურის 4088 ცოფის ამთვისებელ, ონის 816-სა და ცაგერის 565 ამთვისებელ ცხოველს"
იოსებ მენთეშაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
- ბატონო იოსებ, სამინისტროს მხოლოდ შინაური ცხოველების ვაქცინაცია ევალება, საფრთხე კი მიუსაფარი ცხოველებიდან მოდის, რომელთაც ტრასებზე ტოვებენ. ვინ იცის, ცოფით კიდევ რამდენი უკონტროლო ცხოველია დაავადებული.
- ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც არა მარტო მიუსაფარი ცხოველების, არამედ მცირე ნიუანსის უკონტროლოდ დატოვება არ შეიძლება. მიუსაფარ ცხოველებზე კი გეტყვით, რომ პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლება სწრაფად ჩაერთო და დაუკავშირდა ცხოველთა დაცვის სამსახურებს, რომელთაც ამბროლაურიდან ყველა მიუსაფარი ძაღლი გაიყვანეს და აცრეს. სამინისტროს თანამშრომლები სოფლებში დავდივართ ხალხის გასაფრთხილებლად, განვუმარტავთ ცოფის ნიშნებს, რომელთა შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ადგილობრივ ხელმძღვანელობას ან ჩვენ.
სახელმწიფო ყოველწლიურად 300 000 ცხოველს ცრის. ამისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ. ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა ამბროლაურის 4088 ცოფის ამთვისებელ, ონის 816-სა და ცაგერის 565 ამთვისებელ ცხოველს. აცრები იწყება ლენტეხშიც. აიცრებიან ის მოქალაქეებიც, რომელთაც ცოფით დაავადებულ ცხოველებთან შეხება ჰქონდათ.
- არის საშიშროება, რომ ცოფი სხვა კუთხეებშიც გავრცელდეს? ინფექციური დაავადების შეჩერება არც ისე ადვილია.
- ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ამ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. პარალელურად ვავრცელებთ ინფორმაციას მედიით, რათა მოსახლეობა მზად იყოს და მოგვმართოს. ერთობლივი მოქმედებით ყველაფრის აღკვეთა შესაძლებელია და ასეც იქნება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ.