წნევასთან ხუმრობა არ ღირს
ჩაფიძის გულის ცენტრის, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ინტერვენციული კარდიოლოგი ბონდო მაკარაძე "კვირის პალიტრასთან" არტერიული ჰიპერტენზიის, მისი ფორმების, მიზეზებისა და პრევენციის გზებზე ისაუბრებს. მიიჩნევა, რომ ადამიანების სიკვდილიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი დღეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ჯანმოს მტკიცებით, სიკვდილის შემთხვევათა 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მოვახდენთ იმ რისკების მოდიფიცირებას, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და ლეტალური შედეგის ალბათობას ზრდის. ამ ფაქტორებს შორის წამყვანი ადგილი არტერიულ ჰიპერტენზიას უკავია.
- გაზაფხულზე, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, არაერთი დაავადება იღვიძებს. მათ შორის გახლავთ არტერიული ჰიპერტენზია. არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას. არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. ერთჯერადად არტერიული წნევის მომატება ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე თუ დაფიქსირდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მაღალი წნევის მატარებელი, ასე ვთქვათ "ჰიპერტონიკი" ბრძანდებით. რაც შეეხება ჰიპერტენზიული წნევის მაჩვენებელ რიცხვებს - 140/90-ზე მეტი შეიძლება ჩაითვალოს მომატებულ არტერიულ წნევად.
- არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა?
- არტერიული ჰიპერტენზია ნამდვილად არის ქრონიკული და მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნაადრევი ინვალიდობის და სიკვდილიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს. არტერიულ ჰიპერტენზიას, ხატოვნად რომ ვთქვათ, "ჩუმ მკვლელსაც" უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. ძალიან ხშირად უსიმპტომოდ და ფარულად მიმდინარეობს და თავს არ იჩენს, სანამ ორგანიზმს შესამჩნევი ზიანი არ მიადგება. ამიტომ საწყის ეტაპზე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის საშუალება არის არტერიული წნევის გაზომვა, რასაც ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს პაციენტებს, რომ პერიოდულად აკონტროლონ წნევა, განურჩევლად იმისა, აწუხებთ თუ არა რაიმე სიმპტომები.
- რამდენ ხანში ერთხელ სჯობს წნევის გაზომვა?
- კარგი იქნება, მოსვენებულ მდგომარეობაში დღეში 2-ჯერ გაიზომოთ წნევა.
- რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ, რომ მაღალი წნევა გვაქვს?
- ხშირად მიდის უსიმპტომოდ და ფარულად. როდესაც წნევა ძალიან მაღალ ციფრებს მიაღწევს, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ხმაური, თავბრუსხვევა ან ჰაერის უკმარისობა და ტკივილი გულის არეში. ზოგჯერ ცხვირიდან სისხლდენაც უვითარდებათ, ასევე შესაძლოა გულისრევის, ან კეფის მიდამოში სიმძიმის შეგრძნება. ძალიან ხშირად, მაღალი წნევის დროს ადამიანები სახეზე წამოწითლდებიან ხოლმე.
- არტერიული ჰიპერტენზიის რა ფორმები არსებობს?
- არსებობს არტერიული ჰიპერტენზიის 2 ფორმა. პირველ ფორმას, რომელიც 96%-ში გვხვდება, ესენციურს უწოდებენ და მისი ძირითადი მიზეზი უცნობია. მეორე არის სიმპტომური ჰიპერტენზია, ანუ რაღაც დაავადების შედეგად განვითარებული.
- ძირითადად რომელი ასაკიდან ხდება ჰიპერტენზიის განვითარების მაღალი ალბათობა?
- 45-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ძალიან მოხშირებულია არტერიული ჰიპერტენზია. ქალები კი მომატებულ წნევას მეტწილად მენოპაუზის შემდგომ პერიოდში უჩივიან, დაახლოებით 55 წლის შემდეგ.
- ჰიპერტენზია გენეტიკური დაავადებაა?
- გენეტიკური წინასწარი განწყობა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ასევე თავის გავლენას ახდენს ცხოვრების წესი და ქცევის თავისებურებები. მაგალითად თამბაქოს მოწევა, ჭარბწონიანობა, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, როდესაც მჯდომარე ცხოვრების წესით მუშაობენ, ალკოჰოლის და სუფრის მარილის ჭარბად მოხმარება ...
- რა ზომები შეიძლება მივიღოთ ექიმის მოსვლამდე, როდესაც მაღალი წნევა გვაქვს?
- როდესაც ადამიანს მაღალი წნევა უფიქსირდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან კარდიოლოგს. უნდა ჩატარდეს შესაბამისი სტანდარტული კვლევები და არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი აპარატის მეშვეობით, რომელიც ყოველ ნახევარ საათში, მოსვენებულ მდგომარეობაში იქნება, ძილის ფაზაში თუ ჭამის მომენტში, წნევას ავტომატურად ზომავს. ყველა ამ რიცხვის დაფიქსირების შემდეგ ითვლება საშუალო არტერიული წნევა და ვადგენთ, თუ რომელი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია აქვს პაციენტს. ეს რიცხვი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში ძალიან გვეხმარება.
- ამ აპარატით მონიტორინგისთვის აუცილებელია საავადმყოფოში დავწვეთ?
- არა. 15 წუთია საჭირო მის დასამაგრებლად და მერე სახლში ან სამსახურშიც კი შეიძლება წავიდეს ადამიანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კარდიოგრამის გადაღება და გულის ექოსკოპია, სისხლის საერთო ანალიზი, ორგანიზმში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის დადგენა, რათა მკურნალობა სწორად წარიმართოს.
- მკურნალობა წნევის მარეგულირებელი მედიკამენტებით ხდება?
- თუ არის საწყისი ეტაპი, პირველი ხარისხის, შესაძლებელია პაციენტს მივცეთ რჩევა, რომ შეცვალოს ცხოვრების რეჟიმი, გაზარდოს ფიზიკური აქტივობა, მოახდინოს წონის კორექცია, შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება, შეზღუდოს სუფრის მარილის, ალკოჰოლის მოხმარება. ამ ყველაფერმა შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს. თუ ამ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არ ექნება არანაირი გავლენა, მაშინ წნევა უნდა დარეგულირდეს მედიკამენტოზური მკურნალობით, რაც დამოკიდებულია წნევის მაჩვენებელ რიცხვებზე, რა დოზით და როგორი კომბინაციით შევარჩევთ წამლებს. დღესდღეობით არსებობს მრავალი მედიკამენტი, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათის განმავლობაში არტერიული წნევის ნორმალიზებას.
- რა შედეგი შეიძლება დადგეს, თუ მომატებულ წნევიანობას არ მივაქცევთ ყურადღებას?
- ნებაზე მიშვებული არტერიული ჰიპერტენზია იწვევს მძიმე გართულებებს, რამაც შესაძლოა ფატალური შედეგიც გამოიწვიოს. ამიტომ მაღალ წნევასთან ხუმრობა არ ღირს. როგორც კარდიოლოგი, დავიწყებ იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება გულის შეტევაა, რომელიც მწვავე ინფარქტის სახით გვევლინება, როდესაც იბლოკება გულისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი. გულს ჟანგბადი აღარ მიეწოდება, წარმოიშობა ტკივილი, მოხუთვის შეგრძნება და ამ დროს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, ყოველ წამს და წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის სიცოცხლისთვის. ამ დროს უნდა ჩატარდეს გულის მკვებავი სისხლძარღვების დათვალიერება, ეს არის ოქროს სტანდარტი, ის დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა 100%-ით დათვალიერდეს გულის მკვებავი სისხლძარღვების მდგომარეობა. როდესაც გამოვავლენთ "დამნაშავე" არტერიას, ვდგამთ სტენტს და სისხლის ნაკადი სრულფასოვნად აღდგება გულის კუნთისკენ. 21-ე საუკუნეში ეს მარტივად კეთდება, ადგილობრივად, ნარკოზიც კი არ სჭირდება და პაციენტი მეორე დღეს სახლში ეწერება.
გარდა ინფარქტისა, ნებაზე მიშვებული არტერიული წნევისას შეიძლება განვითარდეს ინსულტი. ტვინი ვეღარ იღებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს და ამ დროს შესაძლოა განვითარდეს მთელი რიგი პრობლემები - მეტყველების მოშლა, კიდურების დამბლა...
ჯანმოს მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ყოველწლიურად 17 მილიონი კაცი (სამიდან თითქმის ერთი) ეწირება, მათგან 7 მილიონზე მეტი ინფარქტით, 6 მილიონზე მეტი კი ინსულტით იღუპება.
გაუფრთხილდით თავს, გახსოვდეთ, წნევასთან ხუმრობა არ შეიძლება. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.ეკა სალაღაია
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე "კვირის პალიტრის" რუბრიკაში გიპასუხებთ კვალიფიციური სპეციალიტი. მოგვწერეთ: ekasalaghaia@gmail.com