„სილამაზე საზოგადოების თანხმობაა“
კრისტიან შულერის ფოტოობიექტივში მოხვედრა ბევრი ვარსკვლავისთვის პატივია. მის ოსტატობას ისეთი მსახიობები ენდობიან, როგორიც არიან ქეით ბლანშეტი, პენელოპა კრუსი, ლეა სედუ... 2013 წელს, როდესაც კამპარის კალენდარმა წლის გმირად პენელოპა კრუსი აირჩია, მან ფოტოგრაფად სწორედ კრისტიან შულერი მოითხოვა. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიოს ულამაზესი ქალების გადაღება და რა ასწავლა მას ვივიენ ვესტვუდმა ბერლინის უნივერსიტეტში, თავად კრისტიან შულერი გვიამბობს:
- რუმინეთში დავიბადე, მაგრამ გერმანიაში გავიზარდე. იქ შევისწავლე მოდის დიზაინი და ფოტოგრაფია. მოდას ვივიენ ვესტვუდი მასწავლიდა, ფოტოგრაფიას კი ეფ სი ფუნდლაჰი, 1950-70 წლების სახელოვანი ფოტოგრაფი.
- ვივიენზე ამბობენ, მკაცრი იყოო.
- ვივიენი დიდი პროფესორი და ჩვენი პროფესიონალურ სამყაროსთან დამაკავშირებელი იყო. მას სწავლების თავისი მეთოდი ჰქონდა. საინტერესო იყო მისი დიზაინის აღქმის უნარი. ჩემთვის ფანტასტიკური შესაძლებლობა იყო მის ჯგუფში ყოფნა.
- ცხოვრებაში არაორდინარული, მასწავლებელიც ასეთივე იყო?
- ვივიენი ძლიერი პიროვნება იყო. თავდაპირველად მეუღლესთან, მალკოლმ მაკლარენთან ერთად ქმნიდა სამოსს, მერე დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ კრეატიულობა მუხლჩაუხრელი შრომით მოდის. მკაფიო ხედვა ჰქონდა ყველაფერზე, მიუხედავად მისი ეპატაჟური სტილისა, იყო ადამიანის უფლებებისა და გარემოს თავგამოდებული დამცველი. მისი ფრაზაც: "კრეატიულობა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია" - უმნიშვნელოვანესი ლოზუნგი იყო სტუდენტებისთვის. ვივიენი ცოტა ხისტიც იყო, არ მოერიდებოდა აზრის გამოხატვა თუ არ მოსწონდა რამე, ვთქვათ, შენი ჩაცმულობა, მაშინვე გეტყოდა, თუ შენ ქმნი მოდას, რატომ არ შეგიძლია უფრო საინტერესოდ შემოსილმა იაროო?
- თავიდან მოდის დიზაინერი გინდოდათ გამხდარიყავით.
- 11 წლის ასაკიდან მოყოლებული მომწონდა ორივე - მოდის შექმნა და ფოტოს გადაღებაც. ქალს სამოსი ალამაზებს, ისევე როგორც ლამაზი ფოტო. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მოდა თუ ფოტოგრაფია, ვერ გეტყვით, რადგან არ არსებობს მოდა ფოტოგრაფიის გარეშე. მოდა უფრო დეტალებზეა აგებული, ამიტომ მე უფრო ფოტოგრაფი ვარ, მიყვარს თხრობა, მუშაობა სხვადასხვა გარემოში.
- გახსოვთ პირველი ემოცია, როდესაც ფოტოგრაფობა გადაწყვიტეთ?
- 1950-იანი წლების ფოტო მახსოვს - ქუჩა და ჩრდილში ქალის სილუეტი. საათობით შემეძლო ამ ფოტოს ცქერა და ფიქრი, ვინ იყო, საიდან მოდიოდა ან სად მიდიოდა. კიდევ ერთი ფოტო მახსოვს იმავე პერიოდის ჟურნალიდან - ქალი იდგა და ქარი უწეწავდა თმას. ეს იყო ულამაზესი კადრი, ჩემი მუზა, ფოტოზე ჩანდა ქალის იდუმალება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭი ვიყავი, ძალიან მიმიზიდა იმ ფოტოს სიუჟეტმა. 12-13 წლის ასაკში განცდილმა ყველა დიდმა ემოციამ შემდგომში ჩემს ცხოვრებაზე იქონია გავლენა.
- იდუმალება იგრძნობა თქვენს ფოტოებში.
- ცოტა მომბეზრდა მკვეთრი ფორმები. მე მომწონს ჩრდილებით, დაბინდული სილუეტით თამაში, მიყვარს წარსულში მოგზაურობა და კითხვების დასმა, ვიდრე ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, ყველაფრის ლამაზად წარმოჩენა.
- აქვს სილამაზეს სტანდარტები?
- არა, სილამაზე საზოგადოების თანხმობაა, ვალდებულებას ჰგავს. რაზეც ახლა მე და შენ ვფიქრობთ, რომ ლამაზია, 50 წლის წინ განსხვავებულად ფიქრობდნენ, 100 წლის წინ კიდევ უფრო განსხვავებულად. ეს რაღაცით ქალის და კაცის თამაშს, ფლირტს ჰგავს. რუბენსის ფერხორციანი ქალი ძალიან ლამაზად მიიჩნეოდა იმ ეპოქაში. მაშინ გამხდარი ქალი სიღარიბესთან, დაბალ სოციალურ სტატუსთან ასოცირდებოდა. ძალიან ლამაზიც რომ არ ყოფილიყო, თუ ფერხორციანი იყო, მაინც მიიზიდავდა მამაკაცს. მაშინდელ მამაკაცებს ახლანდელი მოდელები რომ ენახათ, სიკვდილის პირას არისო, იტყოდნენ. Aასე რომ, ვისზეც ამბობ, რომ ლამაზია, ან ვინც შენ გელამაზება, ეს შენი რეაქციაა იმ სუბიექტზე. ასეა ჩემს სფეროშიც. მე მომწონს, როცა იდეას, რომელიც მომწონს, რეალობად ვაქცევ, როცა ჩრდილებს ვქმნი. იდეალური შტრიხები მომბეზრდა.
- ქეით ბლანშეტი გადაიღეთ ახლახან და სწორედ ჩრდილების თამაშია ფოტოებზე.
- მიხარია, რომ შედგა ჩვენი თანამშრომლობა. ასე შეიქმნა ფოტოები, სადაც არის შუქის ელემენტების, ჩრდილების თამაში. ქეითი სუპერპროფესიონალია თავისი ქალური ქარიზმატულობით. შთამბეჭდავი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა - ოთახში შემოვიდა მაღალი ქალი ძალიან მსუბუქი მოძრაობით. ქეითი კარგი დიზაინერიცაა, როგორც ყველა დიდი მსახიობი, მან იცის, რა სურს, რას აკეთებს და რატომ. ქეითს არ აინტერესებს უბრალოდ პოზის დაჭერა ფოტოსთვის, ეს სისულელეა. მისთვის მთავარია ამბის თხრობა, შინაარსი. სურს იცოდეს, რატომ იღებთ, რისთვის, რა არის მიზანი, რისი თქმა გვსურს. გადასაღებ მოედანზე მეგობრული გარემო გვქონდა. ქეითთან იოლია ურთიერთობა. მე ყოველთვის ვამბობ - სახელოვანი ხალხი, ვარსკვლავები, პროფესიონალები, ყველაზე მსუბუქად საურთიერთობო არიან. მათთან თანამშრომლობა იოლია, მაგრამ უნდა იცოდე, ზუსტად რა გინდა. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ქეითისთანა დიდი მსახიობის გადაღება შემომთავაზეს. გადასაღებად მიმავალ გზაზე, თვითმფრინავში კიდევ ერთხელ ვუყურებდი მის ფილმებს, ვკითხულობდი ქეითის შესახებ, რათა მისი სამყარო უფრო კარგად შემეცნო.
- რთულია, როცა უცნობს იღებთ?
- ასეთ დროს თუნდაც 5 წუთით ვრჩებით მარტო და ვსაუბრობთ. ვეცნობით ერთმანეთს. თუ ფოტოგრაფს არ გაქვს იმის უნარი, რომ სწრაფად შეხვიდე ადამიანთან კონტაქტში, ესე იგი, შენ გაქვს პრობლემა.
- როგორც ვიცი, პენელოპა კრუსმა კამპარის კალენდრის გადაღებაზე ფოტოგრაფად თქვენ მოგითხოვათ.
- კი, ასე იყო. ფოტოსესიამ 7 დღეს გასტანა. 25 კაცი იყო ჩართული გადაღებაში. Pროდესაც შევხვდი, მითხრა, მოდი, გავისაუბროთო. პენელოპეს ძალიან ლამაზი თვალები და მომხიბლავი ღიმილი აქვს, ესპანური აქცენტი კი უფრო ალამაზებს. თავიდანვე იცოდა, რა უნდოდა, რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი, როგორ წარმოედგინა გადაღების პროცესი. ეს ძლიერი ადამიანის დამახასიათებელი ნიშანია. დაუფიქრებლად არ მუშაობენ. ასევე იყო, როდესაც შერონ სტოუნთან ვიმუშავე. მაშინ ყველა მაფრთხილებდა, ძალიან რთულია მასთან მუშაობაო. არადა, სულაც არ იყო რთული. მხიარულად გავატარეთ დღე.K კარგი მოდელები ყოველთვის დიდი ინტელექტით გამოირჩევიან, მათ ძლიერი პიროვნული მახასიათებლები აქვთ. ვერ იქნები სულელი და თან კარგი მოდელი ერთდროულად, რადგან სილამაზე სულიდან მოდის, შენი თვალები ვერ იქნება ცოცხალი, თუ მის უკან რაღაც საინტერესო არ იმალება.
- ერთი ფოტოს ისტორია მომიყევით, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ.
- პარაშუტის გადაღება ნადია აუერმანთან ერთად. ეს იყო 10-12 წლის წინ. მაშინ მე ახალგაზრდა ფოტოგრაფი ვიყავი, ის კი - სუპერმოდელი. გადაღება საფრანგეთში დავგეგმეთ. გარეთ ციოდა და ქარი ქროდა. ნადიას გრძელი კაბა ეცვა და ხელში დიდი პარაშუტი ეჭირა. Qგადაღების დროს ქარი გაძლიერდა, ნადია მირბის პარაშუტით, ებრძვის ქარს... იმდენად საოცარი სანახაობა იყო, მომავალი კადრი უმალ გადამეშალა თვალწინ. ჩემი ძმა ნადიას უკან დგას, უბრალოდ, კადრში არ ჩანს. კაბა უჭირავს, რათა ნადია მორეოდა პარაშუტს. ეს იყო ისეთი ურთულესი გადაღება, ვიღებდი და ვფიქრობდი, ნეტავ რა გამომივა-მეთქი. საბოლოოდ ძალიან ლამაზი ფოტოები გამოვიდა.
- ბოლოს რას ეტყვით დამწყებ ფოტოგრაფებს?
- ახალი იდეები ბევრი მუშაობის შედეგად იბადება, ამიტომ არ გაჩერდეთ, მუდმივად იმუშავეთ, ეძიეთ.