„ჩვენ საქართველოში ქალებს რატომ ვაფასებთ და რატომ აფასებდნენ ჩვენი წინაპრები? იმიტომ, რომ საოცარი გული აქვთ ქალებს, არ უღალატეს ქრისტეს" - კვირის პალიტრა

„ჩვენ საქართველოში ქალებს რატომ ვაფასებთ და რატომ აფასებდნენ ჩვენი წინაპრები? იმიტომ, რომ საოცარი გული აქვთ ქალებს, არ უღალატეს ქრისტეს"

ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია, სადაც ღმერთს და ქართველ ხალხს სჭირდება. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, იცოდნენ! ჩვენ ერთობას ვერ დაარღვევენ და არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხება, გარე ხალხს არ ველაპარაკები, ჩვენთან ვეუბნები აბსოლუტურად ყველას, ვინც ეკლესიის წინააღმდეგაა, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქართველები რომ არიან. ჩვენ შეგვიძლია ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ იმიტომ, რომ პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს ბარაბები, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მან ისაუბრა იმაზე, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს ქრისტესთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ან იუდა ისკარიოტელის ბედი ელის ან ბარაბას გზას დაადგება.

მაცხოვართან დგომისა და ზოგადად თანადგომის კონტექსტში, მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა როლი აქვთ ქალებს, მათ შორის საქართველოში.

„ჩვენ საქართველოში ქალებს რატომ ვაფასებთ და რატომ აფასებდნენ ჩვენი წინაპრები? იმიტომ, რომ საოცარი გული აქვთ ქალებს, არ უღალატეს[ქრისტეს] და იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მაცხოვართან იყვნენ სულ და ღმერთმა, ჩვენ ერსაც მისცეს იმის ნიჭი და ძალა, რომ არ მიგვეტოვებინოს მაცხოვარი, თორემ შეხედეთ იუდას, რა დაემართა. 30 ვერცხლი უნდოდა, ფული უნდოდა? არა, მერე გადაყარა, უკან არც გამოართვეს. რა უნდოდა? უნდოდა, რომ თვითონ ემართათ მთელი მსოფლიო და როცა გაარკვია აქაური მეუფეობისთვის არიყო მოსული, მიწიერმა თანამდებობამ, თუ რაღაცამ გააგიჟა, გააცოფა და რით დაამთავრა? გამყიდველი გახდა. მერე შეინანა, მაგრამ უკვე ის სულიერი ძალაც არ ჰქონდა, რომ ღმერთი ერწმუნა, თავისი საქციელი არ მოეწონა და ყოვლადმოწყალე ღმერთს შენდობა კი არ სთხოვა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მაცხოვარსაც კი არ შეუძლია მისი ცხონება, ისეთი რამ ჩაიდინა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას და აღნიშნა, რომ „ჩვენ თუ რამე შეცდომას ჩავიდენთ, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ღვთის წინაშე. შენდობის თხოვნა ერთმანეთთანაც არ უნდა მოგვერიდოს და ალბათ, ბევრ რამეს გადავრჩებით“.

მისი თქმით, დღევანდელი დღესასწაული გვასწავლის იმას, რომ ცხოვრების ყოველ წამს უფალთან უნდა ვიყოთ.

"და რა გვაჩვენა ამან, იმის გამო, რომ თანამდებობა უნდათ, იმის გამო, რომ ვითომ პატრიოტები არიან ყველამ უნდა ვიცოდეთ, შეხედეთ, რა მოუვიდა მოწაფეს. ასევე, ჩვენ ეპისკოპოსები ვიქნებით, თუ სამღვდელოება, ბერ-მონაზვნობა, მრევლი რაოდენ დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, რომ იგივეში არ ჩავვარდეთ, არ გავხდეთ მოღალატეები, იუდასავით ცოდვის მატარებლები არ გავხდეთ. სკამის გამო ქრისტე არ უნდა გავყიდოთ. აბა, როგორია, ბარაბას რომ გამოარჩევ? დღევანდელ დღეს ქრისტეს გარდა სხვაზე რაზე უნდა იფიქრო? დღეს, ვერც ქართველობას დაამტკიცებ, ბზობაზე ვამბობ, თორემ 9 აპრილს რაც მოხდა ქართველმა ხალხმა ღირსეულად მიიღო ის ტკივილი, ღირსეულად გადავიარეთ ის ამბები და დღეს, 9 აპრილი ჩვენთვის დიდი დღეა, მაგრამ ბზობაზე წინ არაფერი დგას. დღეს, ადამიანს არჩევანი ეძლევა, აირჩიოს ან იუდას, ან ბარაბას გზა ან კიდევ, ღმერთმა რისთვისაც მოუწოდა- იყოს ქრისტესთან! ჩვენთან შეხედეთ, რა ხდება? მე ვახსენე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ეპისკოპოსებიც, სამღვდელოება, ბერ-მონაზვნობა, ასევე მრევლი, ყველა ადამიანი ვისაც უყვარს ღმერთი და საქართველო. ჩვენ რას ვცდილობთ ხოლმე? ავიღოთ მე-18, მე-19 , მე-20 საუკუნე, ასი წლის წინანდელი საქართველო ავიღოთ და მაშინაც როგორ იყო, კომუნისტები რომ მოვიდნენ, სისხლით რომ შემოვიდნენ საქართველოში ვიღაცები ერთმანეთს ასწრებდნენ, კომუნისტებთან რომ დამდგარიყვნენ. ეკლესიებს რა უქნეს, თვითონ ეს მონასტერი ავიღოთ, დედები ფარულად იყვნენ თორემ, რა ხდებოდა აქ. ივერიის ღვთისმშობლის ხატს შევხედოთ ის დასერეს? თავიანთი სულები კი არ დაისერეს, დაამსხვრიეს. ღმერთს რა უნდა უყო, როგორ დაამარცხებ. მაშინ ხალხმა მონობის გზა აირჩია. დღესაც, ძალიან ბევრი რომ ვუყურებ, ებრძვიან ეკლესიას, ჩვენ ტრადიციას. კარგად გადახედეთ, უფალმა დააარსა ჩვენი ეკლესია. თვითონ მაცხოვარმა ბრძანა, „ბჭენი ჯოჯოხეთისანიო“, ვერ მოერევიან. ჯვარი გვწერია, შიგნით თუ რომელიმე ავჯანყდით რამეს ვიზამთ? ეს იქნება სასულიერო პირი თუ ერის ადამიანი?! წარამარა გავიხედავთ, რას გვეტყვიან უცხოეთიდან. იმათ რა ესმით, უცხოეთში რა ესმით იმის, რაც ჩვენ ერს გამოვლილი აქვს. ჩვენ რატომ გვავიწყდება, ვინ ვართ, ვისი გვარისანი ვართ? სულ არ მაინტერესებს, რას იტყვის რუსი, ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი თურქი და ირანელი? ქართველი ვარ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რაც უფალმა მითხრა, მომცა, პასუხისმგებლობაზე მეტი მაქვს. შეხედეთ, დაპყრობილი რომ ვიყავით,ზოგი იმ მონობაში დარჩა და მონობა უხარია და უფალი მოვიდა იმისთვის, რომ თავისუფლები ვიყოთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან მრევლს მიმართა, რომ შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში ბევრ რამ შეეშალოს, მაგრამ უფლის წიაღს უნდა დაუბრუნდეს.

"ერთი რამ იცოდეთ, არ გავხდეთ მონები, პირველ რიგში, ცოდვის მონები და ჩვენი წინაპრები არ შევარცხვინოთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან ამ კონტექსტში გაიხსენა საქართველოს მეფეების ღვაწლი, მათ შორის დავით აღმაშენებელი, რომელსაც ბევრი ისეთი რაღაცის გაკეთება მოუხდა, რომელიც სტკიოდა და აწვალებდა.

მისი თქმით, "გალობანი სინანულისანი“ ეს გამოძახილი იყო დღეს კი ვიღაცების წინაშე კეკლუცობა ხდება.

"დღეს რა არის, ვიღაცების წინაშე რომ ვკეკლუცობთ? ზოგს რუსზე უნდა ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე, ზოგს იმაზე, ზოგს იმაზე, რა! როგორ ვაბედინებთ ვიღაცას, რომ მენტორულად გველაპარაკოს. მითხარით, რომელია დღეს ისეთი ერი მსოფლიოში იმის უფლებას ვაძლევდეთ? წესიერად რომელი ცხოვრობს? სად არ არის არეული სიტუაცია, მითხარით. იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად ვცდილობდეთ, მთელი მსოფლიო რომ ამ ჭირისგან გამოვიდეთ, შეიძლება საქართველო ვიღაცას დავუმონოთ? არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ ღვთის ერი ვართ და ღმერთს ისე ვუყვარდით ჩვენი თავი ღვთისმშობელს ჩააბარა. ალბათ, ასევე სხვებიც ფიქრობენ, რომ ღვთის ერები არიან და თითოეული ისე მოვიქცეთ, როგორც ღვთის ერს შეეფერება. ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია, სადაც ღმერთს და ქართველ ხალხს სჭირდება. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, იცოდნენ. ჩვენ ერთობას ვერ დაარღვევენ და არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხება, გარე ხალხს არ ველაპარაკები, ჩვენთან ვეუბნები აბსოლუტურად ყველას, ვინც ეკლესიის წინააღმდეგაა, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქართველები რომ არიან. ჩვენ შეგვიძლია ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ იმიტომ, რომ პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს ბარაბა, - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

"ინტერპრესნიუსი"