მწერალი, ბიბლიოთეკარი და მწყემსი...
მკითხველი მას გოდერძი ჩოხელს ამსგავსებს, თუმცა მისი მოთხრობების წაკითხვისას შესაძლოა რევაზ ინანიშვილიც გაგახსენდეთ. ძალიან თავმდაბალი მწერალი იმავდროულად ბიბლიოთეკარიც არის და როგორც მეგობრები ნახევრად ხუმრობით უწოდებენ, მწყემსიც, რასაც სათაკილოდ სულაც არ მიიჩნევს, რადგან ფიქრისთვის დრო აქვს, საფიქრალი კი ბევრია. 29 წლისა მშობლიურ სოფელ დიდთონეთში დაბრუნდა, მიტოვებული ბიბლიოთეკიდან წიგნები მოაგროვა და ქართველი საზოგადოების თანადგომით ვაჟა-ფშაველას სახელობის ახალი ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც მუშაობს კიდეც ბიბლიოთეკარად. თავის სოფელშივე აპირებს იმ დანგრეული შენობის აღდგენას, სადაც 1886-1888 წლებში მასწავლებლად მუშაობდა ვაჟა-ფშაველა.დათია ბადალაშვილთან საუბრის დაწყებამდე გონებაში მისივე ნაწარმოებიდან ერთი სტრიქონი მიტრიალებდა, რომლითაც 90-იან წლებს იხსენებდა და აღწერდა: "გავიზარდე ამასობაში. ახლა ყველაფერია, ხალხი აღარაა ოღონდ. მე მაინც ველოდები სინათლეს, რომელიც მოდის, გზაშია. ჯიუტად, მოთმინებით..."
- დათია, როგორ ფიქრობთ, მოვიდა სინათლე? ხალხი ისევ გზაშია თუ მოაღწია?..
- სანამ ადამიანი ცოცხალია, სულ ელოდება სინათლეს, მთავარია, იცის, რომ რახან გზაზე დგას, აუცილებლად მოვა. მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხშირად ახსენებენ 90-იან წლებს. განსხვავება, ალბათ, ის არის, რომ ერთმანეთს თოფს არ ვესვრით. თუმცა ერთმანეთი ისევ ისე მძაფრად, ღრმა სიძულვილით გვძულს. სანამ იმდროინდელ ფაქტებს თავისი სამართლებრივი სახელი არ დაერქმევა, სულ იქნება იმის საშიშროება, რასაც ძმათაკვლა ჰქვია.
- ამდენწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, ისევ მწვავედ დგება კითხვა - დასავლეთი თუ რუსეთი. როგორ ფიქრობთ, მარტის პირველ დღეებში ახალგაზრდობამ რამდენად დამაჯერებლად გასცა პასუხი ამ კითხვას?..
- რუსეთი ჩემი ქვეყნის მტერია. ისეთი ზიანი, როგორიც მან მოგვაყენა, არც ერთ მტერს არ მოუყენებია. უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს მოსაზღვრე ტერიტორიები მიანგრ-მოანგრიოს... რა ზუსტად აქვს მათ ფილოსოფოს ბერდიაევს ერთ წინადადებაში შეფასებული მთელი რუსული სამყარო - "როსია ჟივიოტ ვო ვრედ სებია ი ნაზლო დრუგიმ". რატომ ვერ აკეთებს ამხელა იმპერია და მისი მოსახლეობა ელემენტარულ დასკვნებს, ამაზე ვერ ვიმსჯელებ. უამრავი იმპერია ახსოვს მსოფლიო ისტორიას, რომის იმპერია იქნება თუ დიდი ბრიტანეთის, მაგრამ ყველამ რაღაც დასკვნა გააკეთა, რადგან გააცნობიერა, რომ ძველებურად გაგრძელება არ შეიძლებოდა და საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, მომავალს შემოუბრუნდა. რუსეთში კი ათეული წლებია არაფერი იცვლება, მზე აღარ ამოდის, მცირედი ნაწილი, ვინც არსებულ რეჟიმს აპროტესტებს, ამინდს ვერ ქმნის, ისევ ბნელა, ყინვაში, ზიზღსა და სიძულვილში ცხოვრობენ. რუსეთს პატარა საქართველოსი ყველაფერი შურს და სურს ისევ ბნელეთში დააბრუნოს, პერიოდულად გველეშაპივით კუდი მოიქნიოს და აქაურობა მიანგრ-მოანგრიოს, რათა მისი არსებობა არასდროს დაგვავიწყდეს. სურს წინ გახედვის სტიმული ჩაგვიკლას, მაგრამ მაინც ვახერხებთ წინსვლას ხან ერთი, ხანაც ნახევარი ნაბიჯით. იმედი მაქვს, მოვესწრები მის დაშლას, ისე, რომ რუსეთის საზღვარმა მოსკოვიდან 50 კილომეტრში გაიაროს.
ხშირად ვფიქრობ, რა არის ევროპა ჩემთვის, ქართველი ხალხისთვის. ევროპა ჩვენი სახლია, ადგილი, სადაც უნდა დავბრუნდეთ, სადაც ჩვენს შვილებს უკეთესი ჯანდაცვისა და სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. მარტის პირველ რიცხვებში ვნახეთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ჩვენს მისწრაფებას ხელს შეუშლის, პასუხს აგებს ისტორიისა და ხალხის წინაშე. მეც ვიყავი იმ აქციებზე და ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, იმიტომ, რომ იქ ვნახე ბავშვები, ახალგაზრდები, რომლებიც ჩემს თაობაზე უკეთესი არიან. ჩემი თაობა რაღაცნაირად გაუბედაობით დაღდასმული იყო, სულ ვიღაცის შიშს ან რიდს გვინერგავდნენ. ესენი კი ლაღები, თავისუფლები არიან. ზუსტად იციან, რაც უნდათ და სურვილზე ტკბილი სიტყვით კი არა, თოფითაც ვერ ათქმევინებ უარს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ის დაფრთხა, მანამდე კი ეგონა, ამას გადავყლაპავდით. აქციაზე ხელისუფლების მომხრეებიც დავინახე. ვფიქრობ, მათი უკანდახევა ამანაც განაპირობა. თუმცა მათი ქმედება დიპლომატიურ უკანდახევას კი არა, სოროში თავქუდმოგლეჯით შევარდნას ჰგავდა. გაბრაზებული ხალხის ენერგიის გამოყენებას ყველა სათავისოდ ეცდება, თუმცა მჯერა, რომ ხალხი ბევრად ჭკვიანია და თავს არავის გამოაყენებინებს.
- ახლა აქტუალურია ხელოვნების სფეროს, მწერლების "თავისიანებად" და "სხვისიანებად" დაყოფა... ზოგს ამ პროცესებზე აკაკი ბაქრაძის "მწერლობის მოთვინიერებაც" ახსენდება.
- დიახ, მაგრამ მისი ავტორი შესავალში წერს, როცა "მწერლობის მოთვინიერებას" ვწერდი, მიზნად არ მქონდა ვისიმე საყვედური-დამუნათება, იმიტომ, რომ არ ვიცი, თავად როგორ მოვიქცეოდი, იმათ მდგომარეობაში რომ ჩავვარდნილიყავი. წინასწარ არავინ უწყის, ვინ რას ჩაიდენს, როცა ყურში ნემსს გაუყრიან, როცა ფეხებით თავდაყირა დაკიდებენ, რკინის კეტებით ძვლებს დაუმტვრევენ... თუ ყველაფერი ეს გადაგიტანია და არ გატეხილხარ, მაშინ გაქვს უფლება შეხედო სხვას საყვედურიანი და მპატიებელი თვალებით. მაგრამ როცა არაფერი გემუქრება და არხეინად ნავარდობ, მაშინ იოლია სხვათა განკითხვა და პატიოსნების თამაშიო...
ყველა ხელისუფლება ცდილობს ჰყავდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პანეგირიკებს მიუძღვნის. ჰყავს კიდეც, მაგრამ როგორი საცოდავები ჩანან ხოლმე, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. თუნდაც საბჭოთა კავშირის დროინდელი პროლეტარი მწერლები ავიღოთ. მათ სწორედ ამ ქებით ედგათ სული და დღეს მათ ტექსტს ერთი კაციც ვერ გაიხსენებს. ერთია, კეტის ქვეშ, ძალით რომ გადიდებინებენ ვინმეს და სხვა არის, როდესაც ერთი ლუკმის გამო ადიდებ, მით უმეტეს, ამ დროს, როცა ავად თუ კარგად, მაინც შეგვიძლია ის ვილაპარაკოთ, რასაც ვფიქრობთ. მწერლისთვის მთავარი ის არის, თავისი დროის ამბები სწორად დაინახოს და შეულამაზებლად მოჰყვეს. მე, როგორც ისტორიის მასწავლებელს, ბევრი წამიკითხავს გულაგებზე, თუმცა მისი შემზარავი სახე სწორედ მწერალმა შალამოვმა დამანახა... ჩემი აზრით, საერთოდ არ შეიძლება მწერალი მხარე იყოს.
- "ცოცხალი წიგნების" მოგზაურობაზეც გკითხავთ. რა განცდას გიტოვებთ ახალგაზრდებთან შეხვედრები, იმედს?.. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრი ფიქრობს ქვეყნიდან წასვლაზე, რადგან აქ პერსპექტივას ვერ ხედავს...
- ადამიანები იმედით ვცოცხლობთ. ჩემს მოსწავლეებს სულ იმას ვეუბნები, რომ ეს ქვეყანა მათია და მათ უნდა მოუარონ. შეიძლება ამ გადმოსახედიდან მიამიტურად ისმის, მაგრამ მჯერა, რომ მომავალი უკეთესი იქნება. ამაზე უარესი ორმოდანაც ამოვმძვრალვართ. გული მტკივა, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი, ჩემი თანატოლები, უფროსები, უმცროსები, ქვეყნიდან გარბიან. სოფლიდან, სადაც მე ვცხოვრობ, ნახევარი წასულია, ზოგი ალკოჰოლს ეძალება, დეპრესიით იხრჩობა... ვოცნებობ, აქაურობა ისეთივე ცოცხალი და ხალხმრავალი იყოს, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო. მინდა აქაურ ახალგაზრდებს დასაქმების საშუალება ჰქონდეთ და გაქცევამ არ მოუწიოთ. თუმცა უამრავია ისეთი, ვისაც კითხვა უყვარს. ერთხანს სოფლის ბიბლიოთეკის გადარჩენილი წიგნები შინ რომ მქონდა, მოზარდები ეზიდებოდნენ, კითხულობდნენ. სია მქონდა ჩამოწერილი, ვინ რა წაიღო, რომ არ დამკარგვოდა. ახალი თაობა დიდი ინტერესით კითხულობს ლიტერატურას, რაც ძალიან დიდ იმედს და სტიმულს მაძლევს, რომ მომავალი მათია. სოფელში ძნელია წიგნის კითხვას ბევრი დრო დაუთმო, აქ სულ არის საქმე, დასაბარი, გასათოხნი, გასამარგლი... ამ პირობებშიც არ სწყდებიან წიგნს. ეს ბედნიერებას მანიჭებს და ჩემი პატარა წვლილის შეტანას ვცდილობ.
- 29 წლისა სოფელში გადასახლდით, სადაც ბიბლიოთეკაც გახსენით...
- ქალაქი არასდროს მიყვარდა. რომ არა განათლების მიღების სურვილი და ინტერესი, სოფლიდან არ წავიდოდი. თუმცა ქალაქში მაინც დიდი ხანი გავატარე, სულ მენატრებოდა ჩემი სახლი და უცებ გადავწყვიტე წამოსვლა. სოფელი დიდთონეთი ქვემო ქართლშია. მის სკოლაში ვაჟა ორი წელი ასწავლიდა. დავბრუნდი, ისევე გავაგრძელე მუშაობა, როგორც ბავშვობის წლებში - მიწას ვამუშავებდი, კარტოფილი მომყავდა, საქონელს ვუვლიდი, ცხვარში დავდიოდი. ბავშვობაში ჩემს სოფელში საყვარელი ადგილი მქონდა - სოფლის ბიბლიოთეკა, რომელიც იმ საბავშვო ბაღის მეორე სართულზე იყო, სადაც დავდიოდი. პირველზე ბაღი იყო და იქ დავყავდი მშობლებს. ხშირად ვიპარებოდი, ეს იყო ჩემი ბავშვობის დიდი მოგზაურობა. ის წიგნებიც კი მახსოვს, რომელიც იმ ბიბლიოთეკიდან მომქონდა - ალექსანდრე კავერინის "ორი კაპიტანი", "დევიდ კოპერფილდი" და სხვები... კითხვა ყოველთვის მიყვარდა, ყველა კითხვაზე პასუხი წიგნებიდან, ლიტერატურიდან მივიღე. სხვაგვარად ჩემი ცხოვრება ვერც წარმომედგინა... სოფელში დაბრუნების შემდეგ დავინტერესდი, რა შეიძლებოდა იმ ადგილას ყოფილიყო, მეორე სართულზე ავედი და ძალიან მძიმე სურათი დამხვდა - თაროები ჩამონგრეული და გადაყირავებული, წიგნები კი ძირს მიმოფანტული. მეგობრებთან, ახალგაზრდებთან ერთად, იქაურობა დავალაგეთ, კარიც დავკეტეთ, უფრო სწორად, ავჭედეთ, ვინმე რომ არ შესულიყო. ფანჯრები ჩამსხვრეული, სახურავი დაზიანებული, კრამიტი ჩანგრეული იყო და წვიმის დროს წყალი ჩადიოდა, წიგნები მეცოდებოდა და გამოსავალზე ვფიქრობდი. გამგეობასთან ვცადე პრობლემაზე საუბარი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ - ჩემს სახლში ერთი ოთახი გამოვათავისუფლე და განადგურების პირას მისული წიგნები ღამღამობით ტომრებით მომქონდა შინ. ღამე იმიტომ, რომ უცხო თვალი მაინც სხვაგვარად აღიქვამს ყველაფერს. მამაჩემი ნერვიულობდა, სახელმწიფო ქონება სახლში რომ მოგაქვს, პრობლემები არ შეგექმნასო. თუმცა არავინ დამკავშირებია. რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო, რასაც ვაკეთებდი, სოფელში ვის რას გამოაპარებ, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს - ხვდებოდნენ, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებდი. წიგნების გადარჩენას ვცდილობდი. შემდეგ თეთრიწყაროს კულტურის სახლის დახმარებით ფართობი გამოგვიყვეს, გავარემონტეთ და წიგნები იქ დავაწყვეთ. სხვებმაც გვაჩუქეს უამრავი წიგნი და ასე გაიხსნა ახალი ბიბლიოთეკა. ძალიან ბევრმა მწერალმა თავად მაჩუქა პირადი კოლექცია, სხვებსაც მოუწოდებდნენ, წიგნებით დაგვხმარებოდნენ. ამაში ლომის წილი აქვს გიორგი კეკელიძეს, რომ არა მისი აქტიურობა, თანადგომა, ბრძოლის ჟინი, ამას ვერ შევძლებდი - ყველა საჭირო ინსტანციასა და უწყებას სწერდა, უკავშირდებოდა და ამ იდეის შესახებ ელაპარაკებოდა.
ადამიანები ერთმანეთის დახმარებით ბევრ რამეს ვაღწევთ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მათი დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. ახლა მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის. უკვე მისი ოფიციალური თანამშრომელი ვარ, მაგრამ სამეურნეო მუშაობას არ ვწყვეტ. სამსახურის მერე და შაბათ-კვირასაც ამით ვცოცხლობ, სხვა ძალას და ენერგიას მაძლევს. უქმე დღეებში ცხვარშიც დავდივარ, მაგრამ ყოველთვის არა. სოფელში თუ საქმეს არ გააკეთებ, შიმშილით მოკვდები. ისედაც, რამდენსაც ვმუშაობთ, იმასთან შედარებით მცირე მოსავალი მოგვყავს. შრომაში სათაკილოს ვერაფერს ვხედავ. მეც ჩემი თანასოფლელებივით გლეხურად ვცხოვრობ, მიწასთან, ბუნებასთან, კეთილ ადამიანებთან ერთად.
- ალბათ, ამიტომ შეგარქვეს ნახევრად ხუმრობით მწერალი, ბიბლიოთეკარი და მწყემსი.
- არც მწყემსობაშია სათაკილო არაფერი. ბავშვობაში და შემდეგაც ძალიან მიყვარდა ცხვარში ყოფნა. შემეძლო ოთხი ან ხუთი საათი განმარტოებით ვყოფილიყავი და მეკითხა. ახლა, როდესაც ყველაფრისგან ვიღლები, და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ისეთი დროება გვაქვს, ძალიან მენატრება ის დრო, ბავშვობის წლები, როდესაც "დიდობის პრობლემები" და საზრუნავი არ მაწვა ზურგზე და შემეძლო მთელი არსებით ლიტერატურაში გადავშვებულიყავი. ახლაც სიმშვიდეს მანიჭებს, რადგან ცხვარში ყოფნისას ხშირად ვწერ ცხოვრებაზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ, ამ ცხოვრების ურთულეს გზას მიუყვებიან და სიბერეში გარდაუვალის წინაშე რომ დადგებიან, შეიძლება იმდენწლიან ჯაფაში რამდენიმე დღეც კი არ ჰქონიათ ნათელი, ლაღი და ბედნიერი. ასეთი ადამიანი ჩემ გარშემო უამრავია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმე ვიპოვე.
ჩემთვის გენიალური ვაჟა შეუდარებელია. ახლა ქალების უფლებებზე ძალიან ბევრს საუბრობენ, იბრძვიან მათი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მაგრამ ვაჟა ჯერ კიდევ როდის წერდა, ქალი ხარ, ადამიანი ხარ და ვინც გინდა, ის გიყვარდეს და ვინც გინდა, ის იტირეო... მისი პოემებიდან უამრავი რამის სწავლა შეიძლება, იმისაც კი, რომ შეიძლება მტერიც კი გიყვარდეს, რაც "სტუმარ-მასპინძელში" გენიალურად აქვს აღწერილი. მაინც მგონია, რომ ვაჟას ფასი ჯერ კიდევ არა გვაქვს გაცნობიერებული.
ბედნიერი ვარ, რომ იმ სოფელში ვცხოვრობ, სადაც ვაჟამ ორი წელი გაატარა. ძალიან უყვარდათ თავის მოსწავლეებს. როდესაც რუსი ოფიცრების საქმეზე უჩივლეს და სოფლის დატოვება უწევდა, მის სასარგებლოდ 300-ზე მეტმა ადგილობრივმა მოაწერა ხელი, მათ შორის ჩემმა მოგვარემ, რაც ძალიან მახარებს.
- რატომ უჩივლეს?
- სოფლის დუქანში რუსი ოფიცრები ქეიფობდნენ და როგორც სოფლის სკოლის მასწავლებელი, ვაჟაც მიუპატიჟებიათ, რა დროსაც ერთ რუს ოფიცერს, არ ვიცი, პიროვნულად მისთვის თუ ზოგადად, ქართველი კაცისთვის, ვაჟასთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა, შეურაცხყოფა მიუყენებია, ვაჟა კი, ყველამ იცის, ყმა არ იყო, ვინმესთვის დამცირება შეერჩინა და არც შეარჩინა. რუსი ოფიცრის ცემა კი უკვალოდ არ დარჩებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ მამასახლისთან მიწების გადანაწილებაზე მოსვლია უთანხმოება. გლეხობას ჩაგრავდა, რასაც ვაჟა არ უთმენდა და არაერთხელ ჰყოლია ნაცემი. საბოლოოდ უჩივლეს და სოფლის მოსახლეობის თანადგომის მიუხედავად, აქაურობის დატოვება მოუხდა. ძალა ხომ აღმართს ყოველთვის ხნავს. უბრალო ხალხის გამოსარჩლებისთვის იძულებული გახდა წასულიყო. ამ სოფელში მღვდელ ილია კოტეტიშვილის სახლში დაიბადნენ ძმები ვახტანგ და ილია კოტეტიშვილი. ვახტანგი - ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე ბოლშევიკებმა შეიწირეს, ილია კი ძალიან ნიჭიერი მწერალი და ქართული მედიცინის მკვლევარი იყო. აქაურია საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე... ამ პატარა სოფელმა უამრავი სასიქადულო შვილი აჩუქა ქვეყანას და მე ვინ ვარ, რომ აქ ცხოვრებაზე ვიწუწუნო.