„ხვიჩას ისე უყვარს ფეხბურთი, ვერაფერი შეცვლის!“ (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

„ხვიჩას ისე უყვარს ფეხბურთი, ვერაფერი შეცვლის!“ (ექსკლუზივი)

"იტალიაში გადაბარგებიდან 9 თვის შემდეგაც ხვიჩა კვარაცხელიას არ ეტყობა­ ისეთი ცვლილებები, რაც ამომავალ ვარსკვ­ლავებს ახასიათებთ. ისევ ძველებურად მორიდებულია. არც ვარცხნილობა შეუცვლია. იმიტომ კი არა, რომ ვინმემ ურჩია, თვითონ არ შეცვლილა ამ 9 თვის განმავლობაში",­ - ნათქვამია The New York Times­-ის სტატიაში.­ ეთანხმებით ამერიკელი ჟურნალისტის შეფასებას? ვკითხე ბადრი კვარაცხელიას. "ის ნამდვილად ვიცი, რომ აქამდე ხვიჩა იყო ბადრის შვილი, ახლა მე ვარ ხვიჩა კვარაცხელიას მამა!" - მიპასუხა სიცილით. ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელის მამას ბათუმში, სანაკრებო მატჩებისას შევხვდი და ექსკლუზიურ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ვილაპარაკეთ:

xvicha2-1681056967.jpg

- მონღოლეთთან მატჩით დავიწყოთ: ხვიჩას თამაშს არც ველოდით და არც იყო საჭიროება, მაგრამ... თქვენმა შვილმა ისე მიგვაჩვია ყოველთვის მნიშვნელოვან როლში ყოფნას, ალბათ, ცოტათი გეხამუშათ კიდეც, ნაკრები მის გარეშე რომ თამაშობდა.

- მნიშვნელობა არა აქვს, ჩემი შვილი შემადგენლობაშია თუ არა, საქართველოს ნაკრების თამაშს ყოველთვის ვუყურებ! სიმართლე გითხრათ, მეგონა, სანიოლი ხვიჩას თამაშის ბოლოს, რამდენიმე წუთით მაინც შეუშვებდა მინდორზე, თუნდაც სტადიონზე მისული გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მთავარი ნორვეგიასთან მატჩი იყო და როგორც ჩანს, მწვრთნელმა გადაწყვიტა,­ არ გაერისკა. მეორე მხრივ, იმ უდიდესი დატვირთვების ფონზე, რასაც ხვიჩა მოედანზე და მის მიღმა განიცდის, დასვენება ნამდვილად სასარგებლო იყო.

- მონღოლეთთან ხვიჩა არც დაგვჭირვებია.­ სამაგიეროდ, ნორვეგიასთან მატჩის საწყისი წუთები გამოდგა ურთულესი...

- მატჩის წინაც ვისაუბრეთ და მაშინაც­ გითხარით, რომ ურთულეს მატჩს ველოდი. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან. სკანდინავიელი მოთამაშეების უმეტესობა ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობს, ვარსკვლავებიც ჰყავთ და ესპანეთთან მატჩმაც კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ნორვეგია­ კარგად ორგანიზებული გუნდია. ისიც ვივარაუდეთ, რომ ჰოლანდის არყოფნაში სოლროთი და ოდეგორი განსაკუთრებულად­ იქნებოდნენ მოტივირებული. საწყის წუთებში მასპინძლები შე­ბოჭილები ჩანდნენ, ბურთიც და უპირა­ტესობაც სტუმრებს დაუთმეს და ნორვეგიელების გოლი ლოგიკური იყო. საბედნიეროდ, მეორე ტაიმს მწვრთნელის ხელი დაეტყო - თამაში გამოვასწორეთ და ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ. სტუმრებს მეორე ტაიმშიც შეეძლოთ გატანა, მაგრამ გიორგი­ მამარდაშვილის ფანტ­ასტიკური თამაშის წყალობით ანგარიში­ აღარ შეცვლილა. შედეგიდან გამომდინარე, მატჩს მაინც დადებითად ვაფასებ, ბიჭებს კი მადლობას ვეუბნები, რომ არ დანებდნენ და ბოლომდე­ იბრძოლეს! მჯერა, რომ ჩვენს ნაკრებს უკეთესი მატჩები წინ აქვს.

- ამის ყველას გვეიმედება! "ის ურჩევნია­ მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!" როდის გააცნობიერეთ, რომ ხვიჩა სჯობდა მამას?

- ნაკრების თამაშზე ვართ ჩამოსული­ და ასე ვიტყვი: რაც მე ვერ გავაკეთე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, იმას აკეთებს ხვიჩა. რასაც ხვიჩა ვერ შეძლებს, მისი უმცროსი ძმა - თორნიკე ხომ მაინც მიაღწევს? მიხარია, რომ ჩემს შვილს შეუძლია გუნდი აიყოლიოს, გუნდური თამაშით მიაღწიონ შედეგს. უკან არასდროს დაუხევია, არც თავი დაუზოგავს ოდესმე.­ ასე იქნება ყოველთვის, სანამ ნაკრებშია.

- ბავშვობიდან მიზანდასახული­ იყო?­

- თავიდანვე ჰქონდა დიდი მოტივაცია,­ გამარჯვების ჟინი, ეზოში თამაშის დროსაც კი ასეთი "ჟილკით" თამაშობდა. ჯერ არაფრისთვის მიუღწევია, თავისი­ სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ მისი ხასიათი და შრომისმოყვარეობა რომ ვიცი, ეჭვი არ მეპარება, დასახულ მიზნებს მიაღწევს! მხოლოდ კლუბში კი არა, "სათქმელი" ეროვნულ ნაკრებშიც უნდა თქვას, თანაგუნდელებთან ერთად. ამ თაობამ მაინც უნდა მიაღწიოს იმას, რაც წინამორბედებმა, ძალიან ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს.

- ხვიჩამ და მისმა თანაგუნდელებმა მართლაც­ გამოაცოცხლეს ქართული ფეხბურთი. ეროვნული ჩემპიონატის და ნაკრების მიმართ ყურადღება თვალში საცემად არის გაზრდილი!

- ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა იქნება სიხარული და ინტერესი, ქართული კლუბი ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდეს? ფეხბურთი ხალხს დროებით მაინც დაავიწყებს პრობლემებს, იმედს გაუჩენს... ხომ ვხედავთ, რამდენი ადამიანი ჩადის ნეაპოლში ხვიჩას თამაშის სანახავად, რამდენი ჩადიოდა კალაძის, არველაძეების, სხვა ქართველების თამაშზე დასასწრებად? ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი საფეხბურთო ტრადიციის მქონე არაერთი კლუბი გვყავს და რატომ არ შეიძლება ერთი მაინც გაძლიერდეს ისე, რეალურად რომ იბრძოლოს ევროთასზე წარმატებით გამოსვლისთვის? მივიდნენ თუ არა ბათუმში ხვიჩა, ზუკა, სხვა კარგი ფეხბურთელები, მაშინვე გაივსო ტრიბუნები! გულშემატკივარი მონატრებულია წარმატებას, ლამაზ, შედეგიან თამაშს. რაც უფრო მეტი დრო დაეთმობა ფეხბურთს, უფრო ნაკლებს ვიფიქრებთ­ პრობლემებზე, ნეგატივზე, პოლიტიკაზე.

- ხვიჩას პატარა ასაკიდან ეტყობოდა ფეხბურთის სიყვარული?

- რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის,­ მურთაზ შელიას ქალიშვილმა ანამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს 2-3 წლის ხვიჩა, რომელიც ლოგინშია და დასაძინებლად ემზადება. ანა ოთახში შედის, ხვიჩა კი ბურთს ესვრის და ყვირის, გოლ, გოლი გავიტანეო! ეს ვიდეო შემთხვევითი არ არის - მართლაც ბურთთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. როცა ჩვენი ოჯახი ქალაქგარეთ გადიოდა, დიღმის მასივის მეორე კვარტალის ეზოში სიწყნარე იყო, ბავშვებიც არსად ჩანდნენ... მაგრამ დავბრუნდებოდით თუ არა, ხვიჩა მაშინვე ეზოში გარბოდა, მეზობლის ბავშვებს შეკრებდა და იწყებოდა ფეხბურთის თამაში, ჟივილ-ხივილი. თუ ვინმე იკითხავდა, რა ხდებაო? უპასუხებდნენ, ალბათ, კვარაცხელიები დაბრუნდნენო...

- გამოდის, ბავშვობაში ხვიჩა დიღმის მასივს "აღვიძებდა" ხოლმე, ახლა ქართული ფეხბურთი გამოაცოცხლა! ის თვისებები, რაც აქვს, ის ტექნიკა და სილაღე, თანდაყოლილია?

- ეს უფლისგან ნაჩუქარი თვისებებია, ასეთ რაღაცას ვერ ისწავლი... რაც "ატალანტასთან" გააკეთა, თანდაყოლილი, ინტუიციური ნიჭია. ასეთ დროს წამის მეასედში, ინსტინქტურად ხდება ბურთის გადატანა, ფეხის ან მთლიანი სხეულის მიმართულების შეცვლა... ხშირად ბურთის მიღებამდეც იცის ხოლმე, რა უნდა გააკეთოს.­ ოღონდ თავდაუზოგავი შრომის გარეშე­ ნიჭი მხოლოდ ნიჭად დარჩება. ნიჭიერი ადამიანების უმეტესობა ზარმაცია და მიხარია, რომ ხვიჩა იშვიათი გამონაკლისია. ნიჭი არც მე მაკლდა, მაგრამ ზარმაცი ვიყავი, ზოგი ჩემი თანაგუნდელი რომ ვარჯიშობდა, მე მეძინა... თამაშის დროს შეიძლება მაინც მასზე მეტი გამეკეთებინა, მაგრამ ბევრი რომ მევარჯიშა, გაცილებით მეტს არ მივაღწევდი?! ხვიჩას კი არასდროს ეზარებოდა ვარჯიში. დედაც ხელს უწყობდა: მე არასდროს მეცალა და დარი იყო, წვიმა თუ თოვლი, ვარჯიშზე თითქმის სულ დედას დაჰყავდა. ხვიჩა დილით ადრე მიდიოდა "დინამოს" ბაზაზე, ვარჯიშის შემდეგ დაიბანდა, ისაუზმებდა და სკოლას მიაშურებდა.

- "ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტმა დაწერა: ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავის სტატუსმაც ვერაფერი დააკლო, ისეთივეა, როგორიც იტალიაში ჩასვლამდე იყოო. ეთანხმებით?

- ხვიჩას ისე უყვარს ფეხბურთი, ვერაფერი შეცვლის! ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობს. ოღონდ ახლა გაცილებით დინჯია, უფრო ძლიერი, თავდაჯერებული... მოთმინების უნარიც ბევრად მეტი აქვს! იმდენად დიდი, რომ ხშირად შემცოდებია კიდეც - ხანდახან მაინც გადააწყდება ბოღმით სავსე ადამიანების (აღარ მინდა მათი გვარები ვახსენო და რეკლამა გავუკეთო) შეფასებებს და აქეთ მე მაწყნარებს, ნუ ნერვიულობო! სამწუხაროა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი გინებით იკეთებენ "რეკლამას", ამ გზით ცდილობენ ყურადღების მიქცევას... გულწრფელად გეტყვით - განვიცდი, როცა ჩემს შვილზე ვკითხულობ ისეთ რაღაცებს, რაც არც სიმართლეა და არც დაუმსახურებია. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გვაბრალებენ ათას სისულელეს, მიმაჩნია, რომ ასეთი სიბინძურის, ბოღმის მატარებელი ადამიანები, ყველაფერი კარგი და წმინდა რომ აღიზიანებთ, პირდაპირ რომ ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას, ერისთვის არიან სახიფათო, რუსეთზე საშიშები არიან ჩვენი ქვეყნისთვის! როგორი მწერალი, ჟურნალისტი თუ "ფილოსოფოსი" ხარ, შენი ქვეყანა თუ არ გიყვარს, ქართველების წარმატება თუ არ გიხარია?! ხვიჩა კი მაწყნარებს ხოლმე, შენ ნუ ნერვიულობ, ასეთი რაღაცები უფრო მაძლიერებსო, მაგრამ... მაინც ძალიან რთულია. მით უმეტეს, ფაქტობრივად, ვერ გამოდის სახლიდან.­ მარტო არასდროს ვტოვებთ: თითქმის სულ მის გვერდით არიან ნიცა (ხვიჩას საცოლე ნიცა თავაძე - რ.შ.) ხვიჩას მეგობრები, დეიდაშვილი, ფიზიოთერაპევტი, ჩვენც ხშირად ჩავდივართ ნეაპოლში.­ ვცდილობთ სულ ოჯახურ სიტუაციაში გრძნობდეს თავს, რადგან გარეთ ვერ გადის. ნეაპოლის ქუჩებში მისი გასვლის შანსი არ არის!

xvicha3-1681056967.jpg

- "როცა ხვიჩა არ თამაშობს, საქართველო მოწყენილია!" - ეს ფრაზა 100%-იანი სიზუსტით გამოხატავს იმ რეალობას, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება ჩვენ გარშემო... თქვენმა შვილმა მოკლე პერიოდში მოახერხა და ქართველების უდიდეს ნაწილს მისი თამაშიდან თამაშამდე "აცხოვრებს"! საქართველო მისი თამაშის გარეშეა მოწყენილი, მაგრამ თვითონ ხვიჩა როდის არის ხოლმე უხასიათოდ, რამ შეიძლება გაუფუჭოს გუნება?

- თუ არ ვარჯიშობს, თამაშისთვის არ ემზადება, ვერ დაელაპარაკები! არასდროს დამავიწყდება, როგორ მდგომარეობაში იყო 2020 წელს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული მატჩის წინ, როცა "კოვიდ-19" დაუდასტურდა... ოჯახის დანა­რჩენი წევრები ჩემს უფროს ვაჟთან გადავბარგდით, ხვიჩა კი მარტო იყო სახლში. საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე ისე ინერვიულა, ტელეფონითაც კი არ გველაპარაკებოდა... როცა ვარჯიშის და თამაშის შესაძლებლობა არა აქვს, მაშინ არის ყველაზე ცუდად. ეს არის მისი "მოწყენილობა".

- ფანტასტიკური საფეხბურთო მონაცემების გარდა, ხვიჩას ჰქონია იშვიათი უნარიც­ - ყურადღება არ მიაქციოს მის გარშემო ატეხილ უდიდეს აჟიოტაჟს... როგორ უმკლავდება საყოველთაო ყურადღებას?

- ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით! ხვიჩასთვის პირველ პლანზე არის ფეხბურთი და შემდეგ ყველაფერი სხვა. უფრო სწორად, ჯერ სიყვარულისა­ და თანაგრძნობის უნარი, შემდეგ კი - ფეხბურთი­ და სხვა დანარჩენი. ამდენი უსაფუძვლო კრიტიკის შემდეგ კიდევ ჩვენზე­ ფიქრობს. დედას ურეკავს ხოლმე: შენ და მამამ არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებსო. არადა, როგორი გასაძლებია, რაც "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ ხდებოდა?! გვირეკავდნენ, მოგონილ ნიუსებს ავრცელებდნენ სათაურებით: "ხვიჩას ბებია გარდაიცვალა", "ტრაგედია ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში" და ა.შ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის. ვერ აიტანეს, რომ უამრავი პრობლემით დამძიმებული ხალხი იმედით აავსო ფეხბურთში მიღწეულმა მცირე წარმატებებმა. ასეთ ხალხს არც მივიჩნევ ქართველებად: თავისი ქვეყნის, თავისიანის წარმატება რომ არ უხარია და ბოღმით ივსება, რაღა ქართველია? სამიზნე მხოლოდ ხვიჩა და ჩემი ოჯახი რომ იყოს, ჩვენ კი მოვითმენთ, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას აყენებენ შეურაცხყოფას, იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო... თურმე მათ უნდა შევუთანხმოთ, ჩემი შვილი პატრიარქს ესტუმროს თუ არა. ნეტავ ამაზე მეტი საგინებელი არ ჰქონდეს ჩემს ოჯახს, გვარს და სანათესაოს! ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, როცა საქართველოში წარმოებულ პრეზერვატივზე კათოლიკოს-პატრიარქი და თამარ მეფე დახატეს?! თუმცა ჩემი შვილი იმდენ ხალხს უყვარს, რამდენიმე ღვარძლიანი ადამიანის კრიტიკას როგორმე ავიტანთ.

- კრიტიკა შესაძლოა მართლაც აძლიერებდეს, მაგრამ ასეთ პატარა ასაკში რთული არ არის გაუძლო და "თავში არ აგივარდეს" ამდენი პოპულარობა, სიყვარული, ფული?

- ხვიჩასთვის მთავარია, ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეს. ფული არც აინტერესებს და ფინანსურ ნაწილში არც ერევა, ასეთ საკითხებს მე და მისი მენეჯერი მამუკა ჯუღელი ვაგვარებთ. ფინანსებს თქვენ მიაქციეთ ყურადღება, მე ფეხბურთი მათამაშეთო. არც პოპულარობა აუვარდება თავში, რადგან ფეხბურთი ყველაფერზე მეტად უყვარს. იმდენ რამეს გაუძლო, არა მგონია, ახლა "გატეხოს" რამემ.

- თანამედროვე ფეხბურთში, სადაც დაცვა ლამის შეტევაზე მნიშვნელოვანი გახდა, ხვიჩასნაირი არასტანდარტული მოთამაშეები იშვიათია­ და ამიტომაც მოახდინა ფურორი! მწვრთნელს­ აქვს თავისი ტაქტიკა, სადაც თითოეულ მოთამაშეს კონკრეტული როლი აქვს, მაგრამ... ზოგჯერ მეჩვენება, რომ კვარა ბოლომდე თავისუფლად მაინც ვერ გრძნობს თავს, რადგან იძულებულია მწვრთნელის დავალება შეასრულოს და მარცხენა ფლანგს "მიეჯაჭვოს"... ამის გამო, გარკვეულწილად, ქვეცნობიერად მაინც ხომ არ არის შებოჭილი?

- არ არის შებოჭილი, რადგან ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ფლანგზე თამაშისას მინიმუმ ორი მეტოქე ეთამაშება და თითქმის ყოველთვის ემატება­ მესამეც დაზღვევაზე. ეს დიდი ფუფუ­ნებაა კლუბი­სთვის, ცენტრში და მარჯვნივ დიდი სივრცე თავისუფლდება. "რუბინში" მუშაობისას­ ლეონიდ სლუცკი სივრცეებს ითვისებდა და ამაზე აგებდა თამაშს. როცა ხვიჩა ბურთს იღებდა, ერთი თანაგუნდელი­ ყოველთვის აზღვევდა და ამ ტაქტიკით სლუცკის ბევრი თამაში აქვს მოგებული. ჩემი შვილი "ნაპოლიშიც" იმავეს­ აკეთებს, სპალეტიც ტაქტიკურად იგებს: კვარაზე გადატანილი განსაკუთრებული ყურადღების­ წყალობით "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელებს დიდი სივრცე უთავისუფლდებათ, თუმცა თვითონ ხვიჩას შედარებით ნაკლები თავისუფლება აქვს. ნაქები იტალიური დაცვის­ ფონზე გოლიც ბევრი გააქვს და სარგებლიანობის კოეფიციენტიც ძალიან მაღალია. ესეც ადასტურებს, რომ არ არის შებოჭილი.

- Corriere dello Sport-მა დაწერა: "ხვიჩა ისე თამაშობს, თითქოს ბუენოს-აირესშია დაბადებული, იქ, სადაც მეტოქისთვის ფეხებს შორის­ ბურთის გატარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე­ მოგება". ეთანხმებით ასეთ შედარებას?

- არა. ხვიჩა ეგოისტურად იშვიათად იქცევა, ჯერ გუნდის "სიამოვნებისთვის" თამაშობს და მხოლოდ შემდეგ - თავისთვის. როცა სხვა გზა არ გრჩება, მეტოქეს ფეხებს შორისაც გაუძვრენ ბურთს და თავზეც გადაუგდებ, მაგრამ უმეტესწილად პროფესიულად უდგება საქმეს - ვარჯიშზე ხომ არ არის?! თქვენი ნახსენები "თავში ავარდნა" სწორედ ასეთ საქციელში ვლინდება ხოლმე, მაგრამ, საბედნიეროდ, ხვიჩას არ ეტყობა მსგავსი რაღაცები. ფეხბურთისადმი დამოკიდებულება არც მისცემს უფლებას, თავის თავსა და სიამოვნებაზე იფიქროს და გუნდის საქმე გააფუჭოს. მეორე მხრივ, როცა ეჭვი არ გეპარება, რომ ჩანაფიქრს წარმატებით შეასრულებ, რატომაც არა?! ხალხს სწორედ ეს უყვარს - ფინტი, ტექნიკა, ასეთი რაღაცების გარეშე ფეხბურთი მოსაწყენი გახდება.

- გიხარიათ, როცა თქვენს შვილს ამა თუ იმ ლეგენდარულ მოთამაშეს ადარებენ?

- ხვიჩას თავისი სტილი აქვს, თავისი­ კერპიც ჰყავს, მაგრამ ვინმესთან შედარება­ მაინც არასწორი მგონია. მარადონას რომ ადარებენ, "კვარადონას" ეძახიან, ამაზე დიდი შეფასება რა უნდა იყოს?! ჩემი შვილი ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე რომ თამაშობს, უკვე ეს არის უდიდესი პატივი. ძალიან გამახარა ხვიჩას სიტყვებმა - მადლობა, მარადონას რომ მადარებთ, მაგრამ პირადად მე დიეგოს თავს არასდროს შევადარებ! ვეცდები, კარგი თამაშით ქომაგები გავახარო, მაგრამ შედარებები არასწორი მგონიაო. ბოლო დროს, ხშირად რომ წერენ: დროა, "ნაპოლის" 10-ნომრიანი მაისური ხვიჩამ გადაიბაროსო, შანსი არ არის! მეც არასდროს დავუჭერ მხარს ასეთ რაღაცას - 10 ნომერი მარადონასი იყო და მუდამ მისი იქნება! "ნაპოლიში" ხვიჩა­ არასდროს ჩაიცვამს 10-ნომრიან მაისურს! არც გადავა იტალიის სხვა კლუბში. მაგალითად, "ფიორენტინაში" შეიძლება ჩაიცვას 10 ნომერი, "სასუოლოში" ან "ლაციოში", მაგრამ ნეაპოლში - არასდროს! ხვიჩამ უკვე გააუმჯობესა რამდენიმე რეკორდი, თუმცა დიეგო "ფეხბურთის ღმერთია" და სხვა განზომილებაშია. მარადონამ რაც გააკეთა,­ ნეტავ ხვიჩამ იმის ნახევარს მიაღწიოს.

- სხვათა შორის, როცა მარადონას ნეაპოლურ კარიერას ადარებდნენ, ერთ-ერთი ჟურნალისტი წერდა, მოედანზე ნაჩვენები სასწაულების გარდა, დიეგო სტადიონს მიღმაც განსაკუთრებული იყო, ხშირად გადიოდა ნეაპოლის ქუჩებშიო... დარწმუნებული ვარ, ეს ხვიჩასაც ძალიან უნდა, მაგრამ ვინ მისცემს ქუჩაში­ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას!

- ნეაპოლი ულამაზესი, დიდი ისტორიის მქონე ქალაქია. ნეაპოლელებსა და ქართველებს შორის კი უამრავი მსგავსება­. მაგრამ რად გინდა? ხვიჩა გარეთ გასვლას ვერ ახერხებს... იტალიაში 3-4 თვის ჩასული იყო, როცა სახლი გამოიცვალა. ოჯახის წევრები ტელევიზორის საყიდლად წავყევით. ხვიჩამ კეპი დაიფარა, კაპიუშონიც წამოიხურა, სათვალე და პირბადე გაიკეთა - ისე იყო შენიღბული, ქუჩაში რომ შემხვედროდა, მე ვერ ვიცნობდი, მაგრამ არც ამან გვიშველა: შევედით თუ არა მოლში, ვიღაცამ დაიყვირა, ხვიჩაო და, 10 წამში ჩვენ გარშემო იმდენი ხალხი მოგროვდა, იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. წამოვედით, ხვიჩა სახლში დავტოვეთ და ჩვენ ვიყიდეთ ტელევიზორი... ერთადერთხელ მოვახერხეთ ხვიჩასთან ერთად გასეირნება - პომპეი დავათვალიერეთ. ნეაპოლში ვიპოვეთ ერთი მყუდრო რესტორანი, სადაც საღამოობით "შევიპარებით" ხოლმე მთელი ოჯახი, ვვახშმობთ და "კონსპირაციულად" ვბრუნდებით სახლში.

- როცა ნეაპოლში ხვიჩას მანქანა მოიპა­რეს, ყველას ნიკანდრო ქილია გაგვახსენდა, დათა თუთაშხიას რომ ეკითხება, სამეგრელოში­ შენ მოგპარეს რამეო?! ხვიჩაზე როგორ იმოქმედა­ ამ ამბავმა?

- უსიამოვნო იყო. ნეაპოლში არაერთი სახელგანთქმული ფეხბურთელისთვის მოუპარავთ ავტომანქანა, მაგრამ ყველაფერზე მეტად, ჩვენ იმაზე ვნერვიულობდით, მართლაც ქართველი არ ყოფილიყო დამნაშავე...

- ცოტა ხნის წინ ხვიჩამ თავისი საყვარელი მოთამაშისგან - გუტისგან მიიღო საჩუქრად ავტოგრაფიანი მაისური... იქვე თქვა, მეც მაქვს გუტისთვის საჩუქარი და გავუგზავნიო... ხომ არ უთქვამს, რა უნდა აჩუქოს?

- არ გვეუბნება და არც ჩვენ ვეკითხებით. ისე, ხვიჩას სხვების გახარება უფრო უყვარს, ვიდრე საჩუქრების მიღება. ჩვენთვის მთავარი საჩუქარი მაინც ის არის, ნეაპოლის "დიეგო არმანდო მარადონაზე" შეკრებილი 55 ათასი მაყურებელი "კვარაცხელიას" რომ გაჰყვირის.

- უმცროს შვილზე, თორნიკეზეც გკითხავთ: ხომ არ აკომპლექსებს ხვიჩას ამხელა წარმატება? თუ პირიქით, მოტივაციას მატებს?

- თორნიკესთვის უფროსი ძმა საუკეთესო მოტივატორია, ყველაფერში მას ჰბაძავს... ბიჭებიც, მეც და მაკაც ვცდილობთ არსად გავუსვათ ხაზი, რომ ხვიჩას ოჯახის წევრები ვართ. ვინმემ თუ მიცნო, რაღას ვიზამ, ისე კი, გამორიცხულია, ვინმესთან ვილაპარაკო, რომ ხვიჩას მამა ვარ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ხვიჩა იყო ბადრი­ კვარაცხელიას შვილი, ახლა მე ვარ ხვიჩას მამა!

- ვიცი, რომ თორნიკეც ძალიან ნიჭიერია და როგორც მისი მწვრთნელი ამბობს, უფროს ძმაზე არანაკლებ "ჟილკიანი", მუდმივად კარზე "დაგეშილია"...

- თოკოს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, კარგი ფეხბურთელი რომ გაიზარდოს. ვარჯიში "ავაზას" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, ამჟამად "ვიკინგების" წევრია. ხვიჩას ძალიან გაუმართლა - თბილისის "დინამოს" ასაკობრივ გუნდში რომ ვარჯიშობდა­ კარასკოსთან, უამრავ საერთა­შორისო ტურნირში მონაწილეობდნენ და ეს ძალიან დაეხმარა. სამწუხაროდ, ახლა აღარ იმართება იმდენი ბავშვთა ტურნირი და სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევუწყო ხელი თორნიკეს... როცა ხვიჩა მარტის­ სანაკრებო შეკრებისთვის თბილისში ჩამოფ­რინდა, მთელი ოჯახი წავედით აეროპორტში მის დასახვედრად. თორნიკე არ წამოვიდა - ვარჯიში მაქვს და საღამოს ვნახავო! ასე პროფესიულად უდგება საქმეს.

- ცნობილია, რომ ხვიჩას და დედათქვენს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ბებიას გარდაცვალება ძალიან განიცადა?

- ბებია ვის არ უყვარს, მაგრამ მათ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდათ­ - ხვიჩა "დუნიჩკას" ეძახდა... ბებია ყოველდღე ელაპარაკებოდა ტელეფონით, შვილიშვილი კი სულ ეუბნებოდა, ბები, შენ რომ იცი, ისე მითხარიო "გოლუაფირო"­ (მეგრ. "შემოგევლე"). ეს ტკბილი სიტყვა ბავშვობას ახსენებდა, დადებითი ენერგიით ავსებდა. დუნიას მეუღლე, შვილი და შვილიშვილები ფეხბურთელები იყვნენ და რა გასაკვირია, თვითონაც რომ ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი იყო. უშეცდომოდ ჩამოთვლიდა ხოლმე სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელებს... სპეციალურად ჩავურთეთ საფეხბურთო არხი და შვილიშვილის თამაშების გარდა, სხვა საინტერესო მატჩებსაც ადევნებდა თვალს.

- ხვიჩას პირველივე წელს შთამბეჭდავი სეზონი აქვს, მაგრამ... როგორ ფიქრობთ, 22 წლის ბიჭს პირველივე წელს ტიტულ(ებ)ის მოგება "დათვურ სამსახურს" ხომ არ გაუწევს?

- არა მგონია, ხვიჩა რამემ შეცვალოს. ყაზანიდან საქართველოში წამოვიდა, ბათუმიდან ნეაპოლში. ამ ყველაფერმა არ შეცვალა და წარმატება რატომ შეუშლის ხელს?

- როცა ერლინგ ჰოლანდმა ერთ მატჩში 5 ბურთი გაუტანა "ლაიფციგს", გვარდიოლამ 63-ე წუთზე შეცვალა ნორვეგიელი თავდამს­ხმელი და მოგვიანებით, მიზეზიც ახსნა: არ მინდოდა რეკორდი გაეუმჯობესებინა და 22 წლის ასაკში მოტივაცია დაეკარგაო!

- გვარდიოლას როგორ შევედრები,­ მაგრამ ჩემს შვილს რომ ასეთი რაღაც გაუკეთოს მწვრთნელმა, არ მოვუწონებ! ასაკს­ რა მნიშვნელობა აქვს?! პირიქით, მიეცი საშუალება, გააუმჯობესოს რეკორდი­ და მერე თავისივე მიღწევას შეუტიოს!

- ხვიჩას საცოლეზეც გკითხავთ: ნიცა ისედაც სულ ხვიჩას გვერდით იყო, რამდენიმე­ კვირის წინ კი ყველა მათ ნიშნობაზე ალაპარაკდა. ზოგიერთმა ისიც დაწერა, რატომ ჩქარობს ხვიჩა დაოჯახებას, ჯობს, ამ ეტაპზე მთელი ყურადღება საფეხბურთო კარიერას დაუთმოსო...

- ჯერ მხოლოდ დაინიშნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებული, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?! პირიქით... ვარჯიშიდან ხვიჩა ისედაც სახლში­ მოდიოდა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, თავისი გულის სწორი გვერდით ჰყავდეს? დროს თუ გამონახავდნენ, აქამდეც ერთად მიდიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება.

- ხვიჩას მამა რას ფიქრობს: "ნაპოლიში"­ მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი მაინც უნდა დარჩეს­ თუ უკვე არის მზად ევროპის რომელიმე გრანდში სათამაშოდ?

- საჩქარო არაფერია. ვისზე ნაკლებ ფეხბურთს თამაშობს "ნაპოლი"? "სკუდეტო",­ ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ და ლიგაზე­ წარმატებით გამოდიან. ჩემპიონთა­ ლიგის წილისყრაში გაგვიმართლაო, რომ ამბობენ, სხვებსაც არანაკლებ გაუმა­რთლათ, "ნაპოლი" რომ არ შეხვდათ! ვიმეორებ: საჩქარო არაფერია, მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი ხვიჩა ნეაპოლში უნდა დარჩეს და როცა გუნდის შეცვლას გადაწყვეტს, სტაბილური კლუბი უნდა აარჩიოს. ისეთი, სადაც მწვრთნელები თვეში ერთხელ არ იცვლებიან, სადაც ნდობა და სათამაშო დრო ექნება. დღეს ხვიჩა არც "რეალზე" ფიქრობს და არც ერთ სხვა კლუბზე, კონცენტრირებულია მხოლოდ "ნაპოლიზე", "სკუდეტოსა" და ჩემპიონთა ლიგაზე! თუ ძალით არ გაყიდიან, ჯერ არსად წასვლას გეგმავს.

- ხვიჩა მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია, თქვენ - "ბარსელონას" ქომაგი. "ელ კლასიკოს" დროს რა ხდება ხოლმე კვარაცხელიების ოჯახში?

- დიდი ამბები (იცინის), რაც ხვიჩა წასულია, ჩემი "მოსისხლე მტრების" რაოდენობა ერთით შემცირდა, თუმცა მაინც საკმაოდ არიან - ჩემ გარდა, კვარაცხელიების ოჯახში ყველა "რეალის" ქომაგია.

- ანდრო ჟორდანიას სიტყვებია: "ფეხბურთის უბედურება ის არის, რომ მას ყველა ვერ თამაშობს, მაგრამ მისი ცოდნის პრეტენზია ყველას აქვს"...

- მე კრუიფის ფრაზა გამახსენდა: "ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ მარტივად თამაშია ძალიან რთული". ანდრო ჟორდანიაც მართალი იყო: საქართველოში ვისაც უნდა დაელაპარაკო, ფეხბურთი და პოლიტიკა ყველამ იცის! მაგრამ მე ამ სიაში არა ვარ - არც ფეხბურთი ვიცი და არც - პოლიტიკა! (იცინის).

- ვაჟა-ფშაველა ამბობს: "ნეტავი იმას, ვისაც კი, მადლიერი ჰყავს ქვეყანა". ხვიჩას "მადლიერი ჰყავს" ქართველების მინიმუმ 99%... ეს დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, მათ შორის, ხვიჩას ოჯახის წევრებისთვისაც!

- მადლიერი? ალბათ, უფრო გახარებული იმით, რომ ხვიჩამ თვალში საცემად გაზარდა ქართული ფეხბურთის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, იმედი გაუჩინა პესიმისტურად განწყობილ ქომაგს... ფეხბურთში ვარჯიშის სურვილიც დღეს გაცილებით მეტ ბავშვს აქვს, ვიდრე აქამდე. თუ ევროპის ჩემპიონატის ნანატრი საგზურიც მოვიპოვეთ, "მადლიერება", ალბათ, მერე უფრო იქნება ადეკვატური შეფასება... ხვიჩას ოჯახის წევრებისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იმედი დააბრუნეს ქართულ ფეხბურთში, გულშემატკივარს 90 წუთით მაინც ავიწყებენ ცხოვრებაში არსებულ უამრავ პრობლემას.

- კათოლიკოს-პატრიარქთან­ შეხვედრა ვისი ინიციატივით შედგა? რას ნიშნავდა­ ეს სტუმრობა ხვიჩასთვის, თქვენი ოჯახისთვის?

- დიდი ხანია გვინდოდა უწმინდესთან შეხვედრა. მთელი ოჯახი ვცდილობთ ეკლესიურად ვიცხოვროთ და კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრობა უდიდესი სიხარული და მადლია ჩვენთვის, მისი დალოცვა ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი მესამე შვილი პატრიარქის ნათლულია და თორნიკეც განსაკუთრებით გახარებული იყო ნათლიასთან შეხვედრით. ჩვენთვის ის დღე ბედნიერი იყო და ვიღაცები თუ გაღიზიანდნენ, ეს მათი პრობლემაა.

ასევე დაგაინტერესებთ: "მისთვის ოცნება იყო საქართველოს ნაკრებში თამაში" - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელიას მამა ფეხბურთელ შვილსა და მის სამომავლო გეგმებზე