"ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა ესაქმება ამერიკას საქართველოს შიდა საქმეებშიო, მაგრამ...ეს არის აშშ-ის კონკრეტული პოლიტიკური აქტი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში გაჩენილი ბზარის შედეგია"
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30-წლიან პერიოდში უპრეცედენტო რამ მოხდა - 5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა სამ მოქმედ ქართველ მოსამართლეს და ერთსაც - ყოფილს. ამის თაობაზე სპეციალური განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა. სანქციები დაუწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს. სანქცია შეეხება არა მარტო ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განმარტებით, სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედ თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში და ამ კორუფციული ქმედებებით აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მტკიცებულებებს ითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს წერილით მიმართა. როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. ბევრი შიშობს, რომ ამერიკის სანქციებს მალე ევროკავშირი შეუერთდება და ეს ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, რის თაობაზეც ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. ამ პროცესებს ჩვენთან ინტერვიუში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე აფასებს:
- ეს არის აშშ-ის კონკრეტული პოლიტიკური აქტი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში გაჩენილი ბზარის შედეგია. ვიყოთ ობიექტური და ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიისთვის სასამართლო სისტემა კვლავ აქილევსის ქუსლია. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი რეალობის პრობლემა, ის არსებობდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული. ამერიკა წინას თუ დღევანდელ ხელისუფლებას მუდმივად მიუთითებდა სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე. მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესისთვის უნდა გადაეხედათ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა ესაქმება ამერიკას საქართველოს შიდა საქმეებშიო, მაგრამ ამ 20 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამერიკას დიდძალი ინვესტიცია აქვს ჩადებული. იგულისხმება არა მარტო დაფინანსება, არამედ უამრავი სხვა რამ, მაგალითად, გამოცდილების გაზიარება, საჯარო მოხელეების გადამზადება, უმნიშვნელოვანესი სასწავლო პროგრამები... ბოლოს და ბოლოს, ამერიკა საქართველოს განიხილავდა მოკავშირედ და დემოკრატიის დასაყრდენად კავკასიაში. აქედან გამომდინარე, ის ანტიდასავლური რიტორიკა, რაც არა მარტო სასამართლოს უკავშირდებოდა, სრულიად მიუღებელი გახდა არა მარტო აშშ-ისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც.
შექმნილ ვითარებას ორი მხარე აქვს; ერთია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, რომელსაც მარტო ამერიკელები კი არა, უპირველესად ქართველი მოსახლეობა გრძნობდა, მეორე კი ის პოლიტიკური პროცესები, რაც ბოლო ხანს ხელისუფლებისგან ვიხილეთ და რაც აშკარად აშშ-სთან დაპირისპირება იყო - ირიბად თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ თურმე ე.წ. ომის პარტიასთან კავშირი ჰქონდა მთლიანად ამერიკას თუ მის წარმომადგენლებს, სულ ცოტა, რამდენიმე სენატორს მაინც... ამ ძალიან ნეგატიურმა პროცესებმა განაპირობა ბზარის გაჩენა ურთიერთობაში, ხიდჩატეხილობა, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს არაერთი შეუსრულებელი დაპირება. გასაოცარი იყო ხელისუფლების წევრების ენის მოჩლექით საუბარი რუსეთთან და იმავდროულად, დიდგულა და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც სტრატეგიული პარტნიორის შესახებ. მოკლედ, ამ პროცესების ლოგიკური შედეგია ის, რაც მივიღეთ.
ჩემი აზრით, მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება უპირველესად ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობის გაგრძელებაა. ისიც კი, ვინც ხელისუფლების მომხრეა, დიდწილად დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემა არაჯანსაღად, პოლიტიკური ზეგავლენების მიხედვით იმართება. ეს არ არის ახალი ამბავი, ასეთივე განწყობა იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ასეთივეა ახლაც. ამ ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები გადმოიბარა. ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოკითხვა ცხადყოფდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში სასამართლოს რეიტინგი უკიდურესად დაბალია, რომ სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის, სანდოობა არ არსებობს. გვარებით იყო დასახელებული სასამართლოს სხვადასხვა კლანური წარმომადგენლობა. დარწმუნებული ვარ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება სწორედ საზოგადოებრივ განწყობებზე დაკვირვებით მიიღო. ვიმეორებ - ეს არის პოლიტიკური აქტი, რასაც შესაძლოა სხვა ჩვენთვის არასახარბიელო გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს.
- ფიქრობთ, რომ სანქცირებულთა სია შეიძლება გაიზარდოს?
- სანქციებს არავინ განიხილავს პანაცეად და არ ელის, რომ მათი დაწესების შემდეგ ყველაფერი მყისიერად გამოსწორდება. სანქციები საფეხურებრივი და გრძელვადიანი პროცესია. გავიხსენოთ, როგორ ხდებოდა რუსეთში, ირანში თუ ჩრდილოეთ კორეაში. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, დაფიქრდება, გააანალიზებს პრობლემას და ადეკვატურად მოიქცევა. ჯერჯერობით, როგორც ქალბატონმა ელჩმა კელი დეგნანმაც ბრძანა, მათ ძალიან ემოციურად მიიღეს ეს სანქციები და არასერიოზული და, ცოტა არ იყოს, ბავშვური განცხადებებიც კი გააკეთეს, რაც სახელმწიფოს პარტნიორს არ ეკადრება. თუ ვინმე იტყვის, რომ პარტნიორები ერთმანეთში სანქციებით არ საუბრობენო, დავეთანხმები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ გატეხილი პირობებისა და არაერთი "გადაგდების" შემდეგ, აშშ-ს, ფაქტობრივად, სხვა გზა აღარ დაუტოვა. ჩემი აზრით, ხელისუფლებაში კი გაბრაზდნენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დიდად მოულოდნელი არ ყოფილა. მათ განცხადებებში დასავლეთისა და აშშ-ის ნეგატიურად მოხსენიება იშვიათი არ ყოფილა. ბოლო დროს მიზანმიმართულად ნერგავდნენ ამ რიტორიკას და წესით, შედეგიც უნდა გაეთვალათ.
- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სანქცირების თაობაზე ბრძანა: "ვშიშობ, ამერიკის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების, არც სიხარულის და არც თავის მართლების დროა. თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები". თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ეს "ქმედითი ნაბიჯები"?
- რაც უფრო დიდი ხანი გავა და გაჭიანურდება პროცესები, უფრო რთული იქნება ისეთი რამის გაკეთება, რასაც დადებითი შედეგი მოჰყვება. თუ გავიდა 6 თვე და არაფერი შეიცვალა ხელისუფლების მოქმედებებში, დარჩა იგივე რიტორიკა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ დასავლეთმა სანქციები გაზარდოს. ვგულისხმობ პერსონალურ სანქციებს. ახლა ყველაზე ჯანსაღი და მარტივი ნაბიჯი შეიძლება იყოს სანქცირებული მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება, მათი საქმეების საჯარო სივრცეში გამოტანა და შესწავლა. თუ ხელისუფლებას სურს საკუთარი თავის გაჯანსაღება, მაშინ ეს უნდა გააკეთოს. ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს: საშინაო და საგარეო. საგარეო თვალსაზრისით, ბევრად უფრო რთული იქნება გაჯანსაღება, ქვეყანაშიც სულ უფრო ეწურება ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ძლიერი პოზიცია დაიბრუნოს როგორც ჯანსაღმა და ფუნქციონირებადმა სისტემამ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, უნდა შეძლოს და აღიაროს შეცდომები. დიახ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაამეტეს ბევრ შემთხვევაში და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. სასამართლო სისტემიდან ერთი ან ორი კაცის წასვლა ხელისუფლების სანდოობას ვერ გაზრდის, უფრო სხვა, ღრმა და სერიოზული პროცესებია საჭირო, რაც შეცდომების აღიარებით უნდა დაიწყოს. უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ქმედებებმაც ეს შეცდომები განაპირობა. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ქმედითი ნაბიჯი.
- ის მოსამართლეები, რომლებზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ლაპარაკი, სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოყოლებული, დღემდე მუდმივად განხილვისა და კრიტიკის ობიექტი იყვნენ და არიან. უამრავი კითხვაა მათი გამოტანილი ვერდიქტებისა თუ ქონების წარმომავლობის თაობაზე. ამიტომ მათთვის სანქციების დაწესება ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უარგუმენტო სულაც არ ჩანს, თუმცა ხელისუფლება მტკიცებულებებს მოითხოვს. აქვს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება?
- სანქციები არის პოლიტიკური აქტი და არა სამართლებრივი სასჯელი. მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ნამდვილად არა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგრამ თუ საჭიროდ მიიჩნევს, ვფიქრობ, არც ეგ გაუჭირდება. სავარაუდოდ, დაინდობენ ჩვენი ხელისუფლების იმიჯს და ამას საჯაროდ არ გააკეთებენ, მაგრამ კულუარულად ამ მტკიცებულებებს გაუზიარებენ, თუ, რა თქმა უნდა, საჭიროდ მიიჩნევენ.
- "ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. დაახლოებით ამგვარი რამ გაიმეორა ერთ-ერთმა სანქცირებულმა მოსამართლემაც.
- ეს განცხადებები აშკარად შეიცავს შანტაჟის ნიშნებს. დიპლომატიურ კორპუსთან შანტაჟით ლაპარაკი 1961 წლის ვენის კონვენციის დარღვევაა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და აჩენს ძალიან ბევრ ეჭვს იმ სახელმწიფოზე, რომელიც ასე საუბრობს. იმედია, ამგვარი რიტორიკა შეწყდება. პრეზიდენტის ნათქვამიც რომ გავიხსენოთ, ეს განცხადებები ევროინტეგრაციის თვალსაზრისით დაგვაზარალებსო, მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ უნდა იყოს ამ პროცესებზე პირდაპირ მიბმული. ევროკავშირის დამოკიდებულება უნდა იყოს უფრო ფართო, ჩვენი ხალხის ბრძოლაც უნდა იქნეს გათვალისწინებული. თუ ევროკავშირი ფიქრობს, რომ სტატუსი არის არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის მონაპოვარი, ეს ძალიან სწორი გზავნილი იქნება.
- ხელისუფლება ცდილობს მოსამართლეთა სანქცირების თემაც მიაბას მათივე დამკვიდრებულ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხს, თუმცა მაშინ, როცა საქართველოში იმართება ფორუმები შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს და ილჰამ ალიევთან ახალ სატრანზიტო პროექტებზე ლაპარაკობს, ამიტომაც ლოგიკურია კითხვა, ევროპასა და ამერიკას რაში უნდა სჭირდებოდეთ ჩვენს ქვეყანაში ომი და არეულობა მაშინ, როცა რუსეთის იზოლაციიდან გამომდინარე, საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის უმნიშვნელოვანესი ნაწილია?
- საქართველოს ომში ჩართვაზე ლაპარაკი ძირშივე მცდარია. ამაში რას გულისხმობენ, საქართველო უნდა დაესხას რუსეთს თავს? თუ ფიქრობენ, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გადაწყვეტს სამხედრო მოქმედებების დაწყებას, ეს ომი ვერ იქნება, რადგან საერთაშორისო სამართლის თანახმად, ომის დაწყება ნიშნავს სამხედრო მოქმედებებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველო ომს საკუთარ ტერიტორიაზე ვერ დაიწყებს და არც აპირებს - საქართველოს ხელისუფლებას გასაგებად აქვს გაცხადებული. აქედან გამომდინარე, პრობლემა რაშია, გაუგებარია. ამასთანავე, თუ გიჟურ ფანტაზიაში გავიჭრებით და საქართველოს რუსეთში შეჭრის შესაძლებლობას დავუშვებთ, იმდენად მცირე ძალა გვაქვს, ყველაფერი რამდენიმე დღეში ჩვენი მარცხით დასრულდება. თუ დასავლეთს მართლა სურს რუსეთის დასუსტება საქართველოს ხარჯზე, გამოდის, ან ჩვენ გვაქვს არასწორი ინფორმაცია საკუთარ შესაძლებლობებზე და ბევრად უფრო ძლიერი ვართ, ან დასავლეთს ვგონივართ დევგმირები. მოკლედ, აშკარად ჩანს, რომ ამ თემაზე ინსინუაციები უსაფუძვლო და მცდარია.
რაც შეეხება თქვენს ნახსენებ პოლიტიკურ საკითხს, დასავლეთისთვის რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის დერეფანი დაკეტილია ისევე, როგორც სამხრეთის, ირანზე გამავალი. რჩება მხოლოდ შუა დერეფანი, რომელიც დღეს უალტერნატივოა. შესაბამისად, მისი სტაბილურობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანიც, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომაც ამერიკისა და ევროპისთვის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, მშვიდობა უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ჰიპოთეზურადაც კი წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ მათ აქ ომის გაჩაღება სურთ. გარდა ამისა, დასავლეთმა იმდენად დიდი თანხა ჩადო საქართველოს ინსტიტუციებსა და დემოკრატიული პროცესის განვითარებაში, ნგრევა ნამდვილად არ აწყობს. ამდენი მილიარდი იმიტომ კი არ ჩაყარეს, რომ აქ ახლა ომი გააჩაღონ. ომი დღეს არც დასავლეთის, არც საქართველოს და სავარაუდოდ, არც რუსეთის ინტერესშია. მას თავისი უდიდესი პრობლემები აქვს უკრაინაში. ამიტომაც ამგვარი დადანაშაულება პოლიტიკურადაც და იდეურადაც წარმოუდგენლად მცდარია და ემსახურება რუსეთის პროპაგანდის გაგრძელებას, რომ თურმე "ომის და ძალადობის პარტია არის დასავლეთი", და ასევე ემსახურება ხალხის დაშინებას. მათი გზავნილი ასეთია: თუ "ქართული ოცნება" არ იქნება ხელისუფლებაში, ომი იქნებაო. გააგრძელეთ კითხვა